ზღვარზე (XXV ნაწილი)
font-large font-small
ზღვარზე (XXV ნაწილი)
ტელეფონი კედელს შევანარცხე და გიჟივით გავვარდი ქუჩაში, ეზოს კარიც კი არ ჩამიკეტავს. ის იყო მანქანის საჭეს მივუჯექი, რომ წინ მდგომი მანქანიდან ლევანი გადმოვიდა. ისე ვიყავი გაგიჟებული, არც შემიმჩნევია, რომ ისევ ჩემი სახლის წინ იდგა მისი მანქანა:
- რას აპირებ, ნია? - მკითხა ისე შეშფოთებულმა, როცა ძალით გამაღებინა მანქანის კარი, მივხვდი იფიქრა, რომ თავის მოკვლას ვაპირებდი.
- აქ რა გინდა, არ წასულხარ? - კითხვა შევუბრუნე.
- წავედი, მაგრამ რაღაც ძალამ არ მომასვენა და მოვბრუნდი. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყავი...
- მართლა არა ვარ კარგად და ახლა რომ მანქანა დავძრა, შეიძლება ავარია მოვახდინო. დამირეკეს და მითხრეს, რომ მელისა უპოვნიათ გაზით გაგუდული სახლში...
- არ გამაგიჟო! - ალალად შეწუხდა კაცი.
- წამიყვანე...
ლევანმა ჯერ ჭიშკარი ჩაკეტა, მერე ჩემი მანქანა და მელისას სახლში მისი ავტომობილით წავედით...
ვინც დამირეკა, გამომძიებელი ყოფილა და ეზოში დამხვდა შეკრებილ მეზობლებთან ერთად. ლევანის ახლო მეგობარი აღმოჩნდა და ადვილად მოგვიგვარა ყველაფერი. გაირკვა, რომ სადარბაზოში გამოუღწევია გაზის სუნს და დაეჭვებულ მეზობლებს გამოუძახებიათ სამაშველო სამსახური. ექიმების დასკვნით, მელისა წინა დღის გარდაცვლილი იყო...
- სანამ პროზექტურაში გადავიტანთ გვამს, იქნებ გვითხრათ, ვინ ჰყავს ჭირისუფალი და ვინ უნდა უპატრონოს? - მორიდებით მითხრა პოლიციელმა.
- მიუხედავად იმისა, რომ შვილი ჰყავს, მე ვარ მისი დიდი ჭირისუფალი! - ვუთხარი მოკლედ და ვთხოვე, ჩემი საბრალო მეგობრის ნახვის ნება მოეცათ...
მშვიდი სახე ჰქონდა. როგორც ჩანს, ისე მოკვდა, ვერც მიხვდა, რაც მის თავს მოხდა...
ღმერთო ჩემო, როგორ წარმოვიდგენდი, რომ სიცოცხლითა და ჯან-ღონით სავსე მელისა ჩემზე ადრე დატოვებდა წუთისოფელს?
ვერ ვიტირე, მიუხედავად იმისა, რომ მენანებოდა სიკვდილისთვის სიცოცხლის მოყვარული ქალი...
ყველა საჭირო საბუთს ხელი მოვაწერე...
- წამიყვან მელისას ქმარყოფილის სახლში? - ვკითხე ლევანს.
- რა თქმა უნდა! - აიჩეჩა მხრები.
მელისას შვილი - გიო ოც წელს გადაცილებული ბიჭია. ბებიამ გაზარდა, მამის დედამ და დედადაც ყოველთვის ის მიაჩნდა. მაინც არ ველოდი იმ გულგრილობას, რითაც ის დედის გარდაცვალების ამბავს შეხვდა.
- აუ-უ, რამდენი რამე უნდა მკვდრის პატრონობას! - ისე დაიწუწუნა, ზოგი ძაღლს უფრო შეიცოდებდა სიკვდილისთვის. გული დამწყდა, რადგან მართალია მელისას არ გაუზრდია შვილი, მაგრამ სხვა მხრივ არაფერი მოუკლია მისთვის და რასაც შოულობდა, 70 %-ს მას ახარჯავდა. ზიზღიც კი ვიგრძენი მეგობრის შვილისადმი, მაგრამ ენას კბილი დავაჭირე, რადგან საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არ მქონდა მისთვის მორალის კითხვის უფლება...
- მელისას არაფერი სჭირს სხვისი საპატრონო! - ვთქვი, რაც შეიძლებოდა მშვიდად. - ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ შემეტყობინებინა დედის გარდაცვალება და თუ გინდა, ნუ მოხვალ დაკრძალვაზე, მე ვუპატრონებ! - ავდექი და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ მელისას ქმარყოფილმა მახომ შემაჩერა:
- შენზე უკეთ არავინ იცის, ნია, ჩვენი ურთიერთობების შესახებ და შენ ყველაზე ნაკლებად გაქვს ჩვენი განსჯის უფლება. მელისას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ჩვენგან თანაგრძნობა და სიყვარული დაემსახურებინა, მაგრამ მკვდარს უპატრონოდ არ დავაგდებთ. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილის დედაა და გიოს გამო ვარ ვალდებული ღირსეულად გავაცილო ბოლო გზაზე...
- არ შევკამათებივარ. კი გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და ლამის ვიყვირე: - მიცვალებულს არ გაგაკარებთ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, არავინ ვიყავი იმ სიტუაციაში, თუნდაც ქმარყოფილთან და გულგრილ შვილთან შედარებით...
- მე უარესი დამემართება. ჩემი შვილი დაკრძალვაზე მოსვლასაც არ იკადრებს! - ვუთხარი ლევანს, როცა წამოვედით და მანქანაში ჩავსხედით.
- ივანი კარგი ბიჭია და ეს მისი გამზრდელების დამსახურებაა. ისე გაზარდეს ბიჭი, რომ მისთვის დედა არ შეუძულებიათ. ეუბნებოდნენ, რომ ავად იყავი და საზღვარგარეთ გჭირდებოდა მკურნალობა. შენი სახელით წერილებსაც კი სწერდნენ თურმე ბავშვს და დღემდე სჯერა, რომ ძალიან გიყვარს და ადრე თუ გვიან დაუბრუნდები...
- ივანი ჰქვია? - გაუაზრებლად დავსვი კითხვა.
- ჰო, ისევე, როგორც მის გამზრდელ მამას. ზღაპარში აცხოვრეს ბავშვი და ყველაფერი გააკეთეს, რომ არ გაბოროტებულიყო... თუ ნახე სურათები, დამეთანხმები, რომ ძალიან გვგავს მეც და თავის და-ძმასაც. მაშინვე მიხვდა და დაიჯერა, რომ მამამისი ვიყავი. დავპირდი, რომ აუცილებლად ჩამოვიყვან საქართველოში უახლოეს ხანებში...
- ჩემზე რა უთხარი?
- ის, რომ ძალიან გიყვარს და ოცნებობ მასთან შეხვედრაზე. გამზრდელებმა ლამაზ ზღაპარში აცხოვრეს ბავშვი და მე ხომ არ დავამხობდი თავზე ერთბაშად იმ ლამაზ სამყაროს... შენი სურათი მთხოვა და კიდევ კარგი, ტელეფონში მქონდა რამდენიმე. ამოვუბეჭდე და დავუტოვე... ძალიან ლამაზი დედიკო მყოლიაო! - გაუხარდა და ყველას იმ სურათებს აჩვენებდა.
- არ დამიმსახურებია ასეთი სიყვარული! - ამიჩუყდა გული და ტირილი ისევ მომინდა.
ლევანმა მანქანა გვერდზე გადააყენა და გააჩერა. მერე ჩემკენ მოტრიალდა და შემეხვეწა:
- ცხოვრება ახალ შანსს გაძლევს, რომ შეიცვალო და შენზე შეყვარებულ ადამიანებსაც სიხარული აჩუქო წყენისა და ტკივილების სანაცვლოდ. ყველაფერი ცუდი წარსულში დატოვე და მომავალზე იფიქრე...
- რომელ მომავალზე, ნუ გამაგიჟე! - შევაწყვეტინე ლაპარაკი.
- მომავალი ყველასა აქვს, მათ შორის შენც... არავინ იცის ეგ შენი ავადმყოფობა რამდენად საშიშია. იქნებ ბევრი წელიწადი გაქვს წინ და არ გინდა, მოასწრო სიხარულის შეცნობა?
- ახლა მხოლოდ ცუდზე ვფიქრობ, ლევან და ასე მგონია, ყველაფერი ლპება, იხრწნება და კვდება ჩემს ირგვლივ... დრო მომეცი, რომ დავფიქრდე და კარგად გავაანალიზო ბევრი რამ, რაც ჩემს თავს ხდება... სახლში მიმიყვანე...

მელისას სიკვდილმა გამტეხა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ სულ მარტო დავრჩი უზარმაზარ დედამიწაზე და აღარც ჩემს სიცოცხლეს ჰქონდა აზრი...
გასვენებაში იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, წარმოდგენა რომ არ შემეძლო, თუ ამდენი ნაცნობი და გულშემატკივარი ჰყავდა ჩემს მეგობარს. ბევრი ალბათ, "სეირისთვისაც" იყო მოსული, მაგრამ უმრავლესობა ალალად დასტიროდა...
ვერც გასვენებაში ვიტირე, ვერც იმ ღამეს, როცა გავაცნობიერე, რომ ჩემი მეგობარი პირველ ღამეს "ათევდა" ცივ სამარეში. არადა, როგორ არ უყვარდა სიკვდილის ხსენებაც კი...
მეორე დღეს ტირილი ამივარდა, როცა სასაფლაოზე მივედი და მისი საფლავის ბორცვი დავინახე ჯერ კიდევ ჭკნობაშერეული ყვავილების თაიგულების სიმძიმის ქვეშ საბრალოდ ჩაზნექილი... გადავწყვიტე, თავად მეზრუნა მელისას საფლავის მოწყობაზე. იმავე დღეს ვნახე მუშები და ავუხსენი რისი გაკეთებაც მსურდა. ყველაფერი დაიანგარიშეს და თანხა დამისახელეს. დიდი ფული იყო, მაგრამ ჩემი ერთადერთი მეგობრის ხსოვნა მეტიც მიღირდა. თანაც, მისი თანამშრომლებიც შემეშველნენ, სოლიდური თანხა აუკრებიათ, საფლავზე დასადგამი ქვაც მათ იყიდეს. მელისას ქმარ-შვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც კი დაინტერესდნენ როგორ და რის გაკეთებას ვაპირებდით...

მამა იოანეს იმ დღეს მივაკითხე, როცა მელისას გარდაცვალებიდან ორმოცი დღე გავიდა და მინდოდა, მისთვის პანაშვიდი გადაეხადა, საფლავიც ეკურთხებინა. გამომყვა და ყველაფერი გააკეთა, რაც მიცვალებულის სულის ცხონებისთვის იყო საჭირო და აუცილებელი. როცა უკან, ეკლესიაში მივიყვანე და ვემშვიდობებოდი, გულდაწყვეტილმა მითხრა:
- საკუთარი სულის ხსნისთვის არაფერი გინდა გააკეთო, ნია?
- ძალიან ცუდად ვარ, მამაო. ასე მგონია, უფალი არ მიშვებს თავისთან...
- ცოდვას ნუ ამბობ... უფალი ყველას მიმართ მოწყალეა.
აღარაფერი ვუპასუხე, დამშვიდობების ნიშნად, მოძღვარს თავი დავუკარი და წამოვედი...

გაგარძელებ იქნება

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
13.07.2015
ნეტა თავის დროზე დაამატოთ თავები რა...................... :@
უფ...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცოტა ხანში ბექა ცუდად გახდა. გამოკვლევები რომ ჩაუტარეს, ნინო ნებიერიძემ გულდაწყვეტილმა მითხრა:
- ღვიძლი თითქმის დაშლილია...
- არ შეიძლება შველა? - ისე შევეხვეწე ნინოს, თითქოს რიგითი ექიმი კი არა, სასწაულმოქმედი ყოფილიყო.
ავზი ბენზინით ავავსე და როცა ისევ ავამუშავე ძრავა, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ მანქანით წყალში ხიდიდან გადავშვებულიყავი და ასე დამესრულებინა ყველაფერი, მაგრამ ვანიკოზე ფიქრმა შემაკავა.
ახლა, რა თქმა უნდა, არც მეგობრობის დღიურის შემოღებას ვაპირებ (ან კი სად მყავს მეგობრები?), არც სხვათა ბრძნული აზრების ჩანიშვნა-შეკრებას, მაგრამ პირადი დღიურისა და ჩანაწერების კეთების სურვილი კი გამიჩნდა - ჩემი ცხოვრების ბოლოდროინდელ ამბებზე, წარსულზე...
რეანიმაციაში მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლა შეიძლებოდა და ლევანმა დამითმო პირველობა, მაგრამ ვერ გავბედე შვილთან მარტო შესვლა. ექიმს ლამის მუხლებში ჩავუვარდი, რომ ლევანიც შემოეშვა ჩემთან ერთად...
დაბინტული ბავშვის დანახვაზე მუხლი მომეკვეთა და ლევანს რომ არ შეეშველებინა ხელი, ალბათ იატაკზე გავიშხლართებოდი...
გამაღიმა ნინოს გულახდილობამ და უცებ ისიც კი მომეჩვენა, რომ ცხოვრება არც ისე საშინელია, როგორიც აქამდე მეგონა:
- თავად რას იტყვი პირად ცხოვრებაზე?
- დამიჯერებ, რომ ამის შესახებ დღემდე არავისთან მილაპარაკია? - ტკივილი გაუკრთა თვალებში.
- თუ გაჩუმდებოდი, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა! - ვცადე საყვედური მეთქვა, მაგრამ შემაწყვეტინა:
- ის ძმა იყო ჩემი... დაც რომ ყოფილიყო, მაინც შევიძულებდი, თუ საწოლში ჩამიწვებოდა, როგორც გათახსირებული კახპა. თქვენ გეყვარებოდათ ძმასთან ინტიმის მოსურვე ადამიანი?
- მორწმუნე როდის შემდეგ გახდი? - ესეც სიახლე იყო ლევანისთვის.
- მას შემდეგ ალბათ, რაც ავად გავხდი... მეშინია იმ ჯოჯოხეთის, გარდაცვალების შემდეგ რომ მელოდება, თუმცა საკუთარი ცხოვრება სიცოცხლეშივე ვაქციე ჯოჯოხეთად... მინდა, ყველას წინაშე მართალი ვიყო.
შემეძლო ბექასთვის მეთხოვა თავის მოძღვართან მივეყვანე, მაგრამ ის მღვდელი გამახსენდა, იმ დღეს შემთხვევით ეკლესიაში შესული რომ შემამჩნია, შიდსის დიაგნოზით გაოგნებული და თავგზააბნეული რომ "მივეახლე" ტაძარს. არც სახელი ვიცოდი მისი და არც სხვა რამ, მაგრამ გარეგნობა მახსოვდა მკაფიოდ...
- შიდსის დიაგნოზი სულაც არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს. უამრავი საშუალება არსებობს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ეგეც რომ არ იყოს, მეცნიერები განუწყვეტლივ მუშაობენ, რომ საჭირო წამალს მიაგნონ და წინსვლაც აქვთ...
- ვერ მიცანი, დედა? - ვუთხარი ცივად. ის ამ სიტყვების გაგონებაზე ისე გაფითრდა, თითქოს დანა გამომესვას მისთვის ყელში. წამოიკივლა და ხელი რომ არ შემეშველებინა, ჩემს ფეხებთან გაიშოტებოდა.
იქვე მდგომი კაცი მომეშველა და მის მანქანაში ჩავსვით, წყალიც მოარბენინა, კრიჭა რომ გაგვეხსნა მისთვის...
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.