ზღვარზე (XXVII ნაწილი)
font-large font-small
ზღვარზე (XXVII ნაწილი)
რეანიმაციაში მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლა შეიძლებოდა და ლევანმა დამითმო პირველობა, მაგრამ ვერ გავბედე შვილთან მარტო შესვლა. ექიმს ლამის მუხლებში ჩავუვარდი, რომ ლევანიც შემოეშვა ჩემთან ერთად...
დაბინტული ბავშვის დანახვაზე მუხლი მომეკვეთა და ლევანს რომ არ შეეშველებინა ხელი, ალბათ იატაკზე გავიშხლართებოდი...
როგორც იქნა, მივლასლასდი ბავშვის საწოლამდე და დავიხრიალე:
- მაპატიე, შვილო!
სახე თითქმის არ უჩანდა... მასზე რომ ვთქვი უარი, იმიტომაც ჩამითრია ჯოჯოხეთის ჭაობმა...
ორი კვირის განმავლობაში არაფერი შეცვლილა და ერთხელაც ვერ გამიყვანეს რამაზმა და მისმა ცოლმა საავადმყოფოდან. როცა ბავშვის გვერდით არ მაჩერებდნენ, საავადმყოფოს პატარა სამლოცველოში ვიჯექი...
სამი კვირის შემდეგ ვანიკო ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო. ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს და საშუალება მომეცა, მენახა. პირველი მისვლისას, მძინარე დამხვდა. მის გვერდით სკამზე ჩამოვჯექი და ცოტა ხანში, ღამენათევს, მეც ჩამთვლიმა. თავზე ხელის შეხებამ გამომარკვია. თავი ავწიე და ბავშვს გავხედე. თვალგაფართოებული შემომცქეროდა. მონუსხულივით გაშეშებული ვუყურებდი, მთელი სხეული დამიმძიმდა. ისევ პატარამ მაჯობა - გამიღიმა და სუსტი ხმით, რუსულად მკითხა:
- შენ დედაჩემი ხარ?
მის ხელს დავწვდი და ვაკოცე. ხმის დამორჩილება არ შემეძლო და რაღაცით ხომ უნდა გამომეხატა ემოცია!
- ჩამოხვედი, დედა? ნეტავ, იცოდე, ამაზე როგორ ვოცნებობდი... ძალიან მიყვარხარ... მიყვარს დედა სვეტაც... არასდროს აღარ მიმატოვებ, ხომ?
- არ მიგატოვებ, საყვარელო... სანამ ცოცხალი ვიქნები, ერთმანეთს არავინ და არაფერი დაგვაცილებს! - როგორც იქნა, ენა ამოვიდგი და ავქვითინდი.
ექიმმა შემოგვისწრო და გონს მოსული ბავშვი რომ დაინახა, გამაფრთხილა, რომ მისი ემოციებით გადატვირთვა არ შეიძლებოდა...
იმ დღეს საბოლოოდ დადგინდა - ბავშვი სიკვდილსაც გადაურჩა და ინვალიდობასაც.
საავადმყოფოდან პირდაპირ ეკლესიაში წავედი.
ანთებული სანთლით ხელში, მაცხოვრის ხატის წინ მუხლებზე დავემხე და პატიება ვთხოვე:
- გმადლობთ, უფალო, შვილი რომ შემინარჩუნე! ოღონდ ის იყოს კარგად და ყველაფრისთვის მზად ვარ...
მერე ღვთისმშობლის წინაშე მოვიყარე მუხლი და თითიდან ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მოვიძრე, ხატის წინ დავდე.
- ეს ყველაზე მცირეა, დედაო, რაც ამწუთას შემიძლია გავაკეთო! - ხმამაღლა ვთქვი.
- მთავარია, სულში დააგროვო "ბრილიანტები", შვილო! - მომესმა ზურგს უკან ხმა და გაოცებული მივბრუნდი: არ ველოდი რუსულ ეკლესიაში ქართველ მოძღვარს და არც იმას, რომ ქართული ლოცვა აღევლინებოდა იქაურ ტაძარში...
- ვეცდები, მამაო! - ხელზე ვეამბორე მოძღვარს, რომელმაც დამლოცა და დამშვიდებული გამომიშვა...

ყოველდღე უფრო და უფრო კარგად ხდებოდა ჩვენი შვილი. ერთხელაც გამზრდელები მოიკითხა. თავიდან ვატყუებდით, რომ მძიმედ დაშავებულები საავადმყოფოში იწვნენ და ადგომა არ შეეძლოთ. მათთან მიყვანა რომ გვთხოვა და უარი ვუთხარით, დაეჭვებულმა შემოგვხედა:
- დაიღუპნენ, ხომ?
მივხვდით, რომ ტყუილს ვეღარ ვეტყოდით:
- არ ინერვიულო, შვილო, ახლა ისინი სამოთხეში არიან და იქიდან გმფარველობენ. არ ინერვიულო, არასდროს მიგატოვებენ!..
ვანიკო კედლისკენ გადაბრუნდა და ისე აუცახცახდა მხრები, მივხვდი, ტიროდა. მინდოდა, დამემშვიდებინა, მაგრამ ლევანმა არ დამანება - ყურში ჩამჩურჩულა:
- იტიროს. ასე უფრო მოეშვება...
იმ დღეს ჩვენთვის ხმა არ გაუცია, არც არაფერი უჭამია... მერე კი, როცა საავადმყოფოდან გამოწერეს, პირველ რიგში, დედობილ-მამობილის საფლავზე წაყვანა მოგვთხოვა.
საფლავებს შუა დაიჩოქა და ატირდა:
- მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!
მეც მიყვარდა ის წყვილი, რომელმაც ჩემი შვილი ასეთ კარგ ადამიანად აღზარდა და ისეთი უღირსი დედაც კი არ დაუკარგა, როგორიც მე ვიყავი...
ივანის დაბადების მოწმობაში დედად მე ვიყავი გაფორმებული, ივანი და სვეტლანა კი მხოლოდ მეურვეებად ჩაეწერათ, ამიტომ კანონთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგვქმნია. ყველა საჭირო საბუთი გავაფორმეთ და შვილის საქართველოში წამოყვანის უფლება მოვიპოვეთ.
მანამდე რამდენიმე თვე ვიცხოვრე კიევში. ვანიკომ მეოთხე კლასი დაამთავრა და ნელ-ნელა შეეჩვია იმ აზრს, რომ სულ სხვა გარემოში მოუწევდა სწავლისა და ცხოვრების გაგრძელება. საზაფხულო არდადეგებს გამოვიყენებდით ადაპტაციისთვის და იმის გასარკვევად, შეძლებდა თუ არა პატარა ბიჭი ახალ რეალობაში ცხოვრებას და თუ გაუჭირდებოდა, მზად ვიყავი, დამეთმო ყველაფერი საქართველოში და შვილთან ერთად, კიევში გადავსულიყავი, თუ ჯანმრთელობა ამის საშუალებას მომცემდა...

საქართველოში ჩამოვედით თუ არა, შვილი მამა იოანესთან მივიყვანე და მოვუყევი, რა განსაცდელიც გადავიტანეთ...
მოძღვარმა ჯერ ჩემი შვილი ჩაიკრა გულში და მერე მე მომიბრუნდა:
- კიდევ იტყვი, ნია, რომ ღმერთი არ გწყალობს?..
დარცხვენილმა ჩავახველე და ვერაფერი ვთქვი იმიტომ, რომ ყელში ბურთი გამეჩხირა...
ვანიკოსთან ერთად, ჩემს სახლში დავბინავდი და ლევანიც ჩვენთან გადმოვიდა. მართალია, ჩვენ შორის ინტიმური ურთიერთობა აღარ ყოფილა, მაგრამ გარეგნულად ბედნიერ ოჯახს ვგავდით და ასეც იყო - პატარა ვანიკომ შეძლო, დროებით მაინც დაევიწყებინა ჩვენთვის ყველაფერი, ისიც კი, რომ ჯანმრთელობისთვის უნდა მიმეხედა.
ნინო ნებიერიძის დაჟინებული მოთხოვნით, მორიგ გამოკვლევაზე მივედი და სამწუხაროდ, ანალიზებმა უჩვენა, რომ ჩემი მდგომარეობა დამძიმებულიყო, რაც გასაკვირი არ იყო - კიევში ყოფნისას წამლების მიღებაც კი შევწყვიტე...
- არ მომატყუო, ნინო, სიმართლე უნდა ვიცოდე: რა მელის? - ვთხოვე მეგობრად ქცეულ ექიმს, რომელმაც თავისი პროფესიიდან გამომდინარე, კარგად იცოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და როგორი განვითარება ექნებოდა ჩემს დამძიმებულ მდგომარეობას.
- ტყუილებისა და სიმშვიდის დრო, სამწუხაროდ, არ გვაქვს! - შემომხედა შეშფოთებულმა. - იმის გამო, რომ აღარ მკურნალობდი და თან, სტრესულ სიტუაციაში ყოფნა მოგიხდა, შენმა იმუნურმა სისტემამ საერთოდ დაკარგა ბრძოლისუნარიანობა და ალბათ ყოველდღე იგრძნობ, როგორ სუსტდები. მერე კი ტკივილები დაიწყება, სახსრების დამორჩილება გაგიჭირდება...
- აღარ გააგრძელო! - შევაწყვეტინე შეძრწუნებულმა. - მაპატიე, მაგრამ ახლა მარტოობა მჭირდება! - წამოვდექი და ისე დავტოვე კაბინეტი, დამშვიდობებაც დამავიწყდა.
- მკურნალობის ახალი კურსი დაგინიშნეს და დღესვე წაიღე წამლები! - მომაძახა ნინომ, მაგრამ უკან აღარ მიმიხედავს...
მანქანის საჭეს მივუჯექი და არც კი ვიცი, ქალაქს რამდენი წრე დავარტყი. ბენზინი რომ არ გამომლეოდა, შეიძლება, უსასრულოდ გამეგრძელებინა ეს "რბოლა", რადგან არსად მისვლა არ მინდოდა, არც ვინმეს ნახვა, მათ შორის, შვილისაც, რომელიც კვირაზე მეტი ხანი იყო, ლევანს თავის ოჯახში წაეყვანა და და-ძმასთან ურთიერთობის სიხარულით ტკბებოდა... ვერც შვილებს და ვერც ცოლყოფილს ლევანისთვის ვერ გაებედათ, სხვა ქალთან გაჩენილი შვილის გამო ესაყვედურათ. ახლა უფრო დავაფასე ლევანი: მივხვდი, რომ ღმერთმა ნამდვილი მამაკაცი მარგუნა მეწყვილედ, იმაზე კარგი, ვიდრე ამას ჩემი ცხოვრებით ვიმსახურებდი. მე კი თავის დროზე ვერც მისი სიკარგე შევნიშნე და ვერც ბედნიერებად მივიჩნიე. ის ჩემზე გაცილებით სუფთა სულის ადამიანი იყო...
იქნებ მამის გენეტიკის ბრალია ყველაფერი, რაც ჩემში ცუდია - მისი მოწამლული სისხლისა და გენების შედეგი?.. დედამაც იმ დროს მიმატოვა, როცა სიყვარული და სხვათა თანადგომის ფასი უნდა ესწავლებინა ჩემთვის. მერე კი იმდენად გვიან დამიბრუნდა, რომ უბრალოდ, აღარ მჭირდებოდა...
არც ჩემს შვილს გაუჭირდება ალბათ უჩემობა. იმ ხნის განმავლობაში, რაც ერთად გავატარეთ, ცდილობდა, ჩემთვის თავისი სიყვარული ესწავლებინა და ჩემშიც დაენახა საპასუხო გრძნობა, მაგრამ... რაც არ გამაჩნია, იმის დანახვას როგორ შეძლებდა, და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარაა მასთან დიდ გრძნობებზე სალაპარაკოდ, მაინც ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის გარკვეული დისტანცია გაჩნდა და ლევანთან ბევრად უკეთ გრძნობდა თავს, ვიდრე ჩემთან. არადა, ყველა სურვილს დაუყოვნებლივ ვუსრულებდი და ვცდილობდი, გამენებივრებინა - რადგან სიყვარულს ვერ ვაძლევდი, არ მინდოდა, მატერიალურიდან მაინც არ მომეკლო მისთვის რაიმე...

გაგრძელება იქნება

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცოტა ხანში ბექა ცუდად გახდა. გამოკვლევები რომ ჩაუტარეს, ნინო ნებიერიძემ გულდაწყვეტილმა მითხრა:
- ღვიძლი თითქმის დაშლილია...
- არ შეიძლება შველა? - ისე შევეხვეწე ნინოს, თითქოს რიგითი ექიმი კი არა, სასწაულმოქმედი ყოფილიყო.
ავზი ბენზინით ავავსე და როცა ისევ ავამუშავე ძრავა, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ მანქანით წყალში ხიდიდან გადავშვებულიყავი და ასე დამესრულებინა ყველაფერი, მაგრამ ვანიკოზე ფიქრმა შემაკავა.
ახლა, რა თქმა უნდა, არც მეგობრობის დღიურის შემოღებას ვაპირებ (ან კი სად მყავს მეგობრები?), არც სხვათა ბრძნული აზრების ჩანიშვნა-შეკრებას, მაგრამ პირადი დღიურისა და ჩანაწერების კეთების სურვილი კი გამიჩნდა - ჩემი ცხოვრების ბოლოდროინდელ ამბებზე, წარსულზე...
ტელეფონი კედელს შევანარცხე და გიჟივით გავვარდი ქუჩაში, ეზოს კარიც კი არ ჩამიკეტავს. ის იყო მანქანის საჭეს მივუჯექი, რომ წინ მდგომი მანქანიდან ლევანი გადმოვიდა. ისე ვიყავი გაგიჟებული, არც შემიმჩნევია, რომ ისევ ჩემი სახლის წინ იდგა მისი მანქანა:
- რას აპირებ, ნია? - მკითხა ისე შეშფოთებულმა, როცა ძალით გამაღებინა მანქანის კარი, მივხვდი იფიქრა, რომ თავის მოკვლას ვაპირებდი.
გამაღიმა ნინოს გულახდილობამ და უცებ ისიც კი მომეჩვენა, რომ ცხოვრება არც ისე საშინელია, როგორიც აქამდე მეგონა:
- თავად რას იტყვი პირად ცხოვრებაზე?
- დამიჯერებ, რომ ამის შესახებ დღემდე არავისთან მილაპარაკია? - ტკივილი გაუკრთა თვალებში.
- თუ გაჩუმდებოდი, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა! - ვცადე საყვედური მეთქვა, მაგრამ შემაწყვეტინა:
- ის ძმა იყო ჩემი... დაც რომ ყოფილიყო, მაინც შევიძულებდი, თუ საწოლში ჩამიწვებოდა, როგორც გათახსირებული კახპა. თქვენ გეყვარებოდათ ძმასთან ინტიმის მოსურვე ადამიანი?
- მორწმუნე როდის შემდეგ გახდი? - ესეც სიახლე იყო ლევანისთვის.
- მას შემდეგ ალბათ, რაც ავად გავხდი... მეშინია იმ ჯოჯოხეთის, გარდაცვალების შემდეგ რომ მელოდება, თუმცა საკუთარი ცხოვრება სიცოცხლეშივე ვაქციე ჯოჯოხეთად... მინდა, ყველას წინაშე მართალი ვიყო.
შემეძლო ბექასთვის მეთხოვა თავის მოძღვართან მივეყვანე, მაგრამ ის მღვდელი გამახსენდა, იმ დღეს შემთხვევით ეკლესიაში შესული რომ შემამჩნია, შიდსის დიაგნოზით გაოგნებული და თავგზააბნეული რომ "მივეახლე" ტაძარს. არც სახელი ვიცოდი მისი და არც სხვა რამ, მაგრამ გარეგნობა მახსოვდა მკაფიოდ...
- შიდსის დიაგნოზი სულაც არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს. უამრავი საშუალება არსებობს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ეგეც რომ არ იყოს, მეცნიერები განუწყვეტლივ მუშაობენ, რომ საჭირო წამალს მიაგნონ და წინსვლაც აქვთ...
- ვერ მიცანი, დედა? - ვუთხარი ცივად. ის ამ სიტყვების გაგონებაზე ისე გაფითრდა, თითქოს დანა გამომესვას მისთვის ყელში. წამოიკივლა და ხელი რომ არ შემეშველებინა, ჩემს ფეხებთან გაიშოტებოდა.
იქვე მდგომი კაცი მომეშველა და მის მანქანაში ჩავსვით, წყალიც მოარბენინა, კრიჭა რომ გაგვეხსნა მისთვის...
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.