გიორგი მღებრიშვილის პირადი ცხოვრება და ჩაშლილი საქორწინო მოგზაურობა - გზაპრესი

გიორგი მღებრიშვილის პირადი ცხოვრება და ჩაშლილი საქორწინო მოგზაურობა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამ დრომდე გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტს იკავებდა.

გიორგი მღებრიშვილი 1970 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა. 1990-1996 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა. მან კარიერა 1997 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სტაჟიორად დაიწყო. ამის შემდეგ გიორგი მღებრიშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. 2014 წლიდან დღემდე იგი იკავებდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტს.

კარიერულ წინსვლასთან ერთად, სასიხარულო ცვლილებები ოჯახშიც ჰქონდა: 6 ოქტომბერს მისი გვარის გამგრძელებელი, პატარა ბუჩა მღებრიშვილი გაჩნდა და ახლა იგი ქალ-ვაჟის მამაა. 44 წლის მინისტრი მეუღლესა და შვილებთან ერთად საბურთალოზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. "გზამ" მინისტრთან ინტერვიუ წლის დასაწყისში ჩაწერა. გთავზობთ ამ ინტერვიუს.

კარი მისმა მეუღლემ - ნინო გედევანიშვილმა გაგვიღო. ოთახში ლამაზად მორთული ნაძვის ხე იდგა. მის მორთვაში დედას 3 წლის ელენე ეხმარებოდა. რა თქმა უნდა, თოვლის პაპასაც დიდი წერილი მისწერა. ულამაზესი გოგონა ახალი გაღვიძებული იყო, ამიტომ მორცხვობდა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ თოვლის პაპას ბევრი სურვილის ასრულება სთხოვა. შარშანაც აუსრულდა სურვილები. ნაძვის ხის ქვეშ უამრავი საჩუქარი დახვდა. იქვე ეძინა პატარა ბუჩას, რომელიც მამას ძალიან ჰგავს.

გიორგი მღებრიშვილი:

- 2014 წელს ახალი წევრი შემოგვემატა. უკვე ოთხნი ვართ და ძალიან ბედნიერები გახლავართ. ბუჩას დაბადება დიდი სიხარულია ჩვენთვის. 6 ოქტომბერს დაიბადა, 53 სმ, 4 კგ და 100 გრამი იყო. მეგობრები მეხუმრებიან, ბავშვის წონა პარტიის ციფრს დაამთხვიეო.

- სახელი თქვენ დაარქვით?

GzaPress- ეს სახელი ჩემი გარდაცვლილი მამიდაშვილის პატივსაცემად დავარქვი, რომელიც ძმასავით მიყვარდა... ძალიან მშვიდი და ლამაზთვალება ბიჭი მყავს. ასევე მყავს ულამაზესი ელენიკო, მამას სიცოცხლე. მას ბებიის - ნინოს დედის სახელი დავარქვით.

- მეუღლის მშობიარობას ხომ არ ესწრებოდით?

- არც ერთის დაბადებას არ დავსწრებივარ. ჩემი მეუღლე პროფესიონალი ექიმების ხელში იყო. მალე იმშობიარა და ნახევარ საათში ვნახე ჩემი პატარა.

- ბატონო გიორგი, შარშან წარმატებული წელი გქონდათ. ალბათ კარგი მეკვლე გყავდათ, წელსაც ის დაპატიჟეთ?

- დიდ ყურადღებას არ ვაქცევ მეკვლეობას. საერთოდ არ მახსოვს, შარშან ვინ იყო ჩვენი მეკვლე. კარგი წელი ნამდვილად გვქონდა.

- ახალ წელს რა ტრადიცია გაქვთ ოჯახში?

- შინ ვხვდებით, მერე მივდივართ მეგობრის სახლში. ჩემი მეგობრის, აჩიკოს მეკვლე ჩემი ელენეა. ბოლო 4 წელია, ახლო მეგობრები მასთან ვხვდებით და ამ ტრადიციას არ ვარღვევთ. მისი შვილის ნათლიაც ვარ.

- გასულ წელს გუბერნატორობიდან მინისტრად გადაგიყვანეს. იქნებ თქვენს განვლილ გზაზეც გვიამბოთ.

- პროფესიით იურისტი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სტაჟიორად დავიწყე მუშაობდა, მერე გამომძიებელი ვიყავი. 1997-დან 2004 წლამდე სულ საგამოძიებო განხრით ვიმუშავე. მერე 3 წელი ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლად ვიმუშავე. ამის შემდეგ დაიწყო კარიერული ზრდა. საბაჟოს უფროსად გადავედი... 2013 წლის დეკემბერში ქვემო ქართლის გუბერნატორად დამნიშნეს. ეს შოკი იყო ჩემთვის. თავიდან ცოტა დისკომფორტი მქონდა - აბსოლუტურად სხვა სპეციფიკით მიწევდა მუშაობა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო საქმე იყო. როცა ადამიანებს პრობლემებს უგვარებ, კარგ საქმეს აკეთებ და ამით გახარებულ და კმაყოფილ ხალხს ხედავ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოულოდნელობა იყო ჩემთვის, სასჯელაღსრულების მინისტრად მუშაობის შემოთავაზება. არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება კარიერულ წინსვლას ცდილობენ და ვიღაცები ეხმარებიან. მე არასდროს არავინ შემიწუხებია, გარდა იმისა, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ ვითხოვე, რეკომენდაცია გაეწიათ. მინისტრობა დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, სასჯელაღსრულების მინისტრობა, ამიტომ დანიშვნამდე ძალიან ვღელავდი.

- ადვილად დათანხმდით პრემიერის შეთავაზებას?

- ეს დავალებად მივიღე. როცა პრემიერის ნდობა გაქვს, ეს გაძლიერებს, გმატებს იმის ძალას, რომ უფრო მოტივირებული იყო. ამხელა ნდობას რომ გიცხადებენ და ასეთ რთულ სამინისტროს გაბარებენ, უარის თქმა და გვერდზე გაწევა ჩემთვის მიუღებელია, ეს ჩემს ხასიათში არ ზის.

- ამბობენ, პრემიერ ღარიბაშვილთან მეგობრობთ და ეს ფაქტორიც იყო გამსაზღვრელი დანიშვნისას. ასეა?

- მეგობრული ურთიერთობა პრემიერთან დღეს ნამდვილად მაქვს. მას ამ ნიშნით მაშინ არ შევურჩევივარ. გუბერნატორად ჩემი დანიშვნის შემდეგ დაიწყო ჩვენი ხშირი ურთიერთობა.

- რა შეიცვალა თქვენი გამინისტრების შემდეგ?

- ამან თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. ძალიან ცოტა დრო მრჩება ჩემი თავისთვის და ოჯახისთვის. ელენე სულ წუწუნებს. მირეკავს და სულ იმას მეკითხება, როდის მოხვალ, მამიკო, სახლში? მალე მოდიო. მერე "ვაიბერით" ფოტოებს და ბევრ კოცნას მიგზავნის. ვხედავ, ბავშვი როგორ განიცდის და ამიტომ ვცდილობ გამოვიქცე ცოტა ხნით. ვცდილობ, შვილებთან ურთიერთობისთვის დრო გამოვნახო.

ნინო გედევანიშვილი:

- გოგა გვიან მოდის სახლში და ამას განვიცდით. როცა მოდის, ბავშვებს სძინავთ; რომ მიდის, მაშინაც სძინავთ. ამას ელენე აპროტესტებს. მამა ძალიან ენატრება. როდის მოვა? დაურეკეო, - სულ ამას მეუბნება. ცდილობს, დაელოდოს მის მოსვლას, მაგრამ ამ ლოდინში ეძინება ხოლმე. მეორე ჯერ მხოლოდ ორი თვისაა... ისე, პატარები ძალიან ჰგვანან მამას გარეგნულად. ელენიკო ხასიათითაც ჰგავს. გოგა ყურადღებიანი და მზრუნველი მამაა, ცდილობს, ყველაფერი გაუკეთოს შვილებს. თუ დრო აქვს, სასეირნოდ კუს ტბაზე ავდივართ ხოლმე.

გოგას გამინისტრება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. სამსახურში ვიყავი და თანამშრომლებმა დამიძახეს, დროზე მოდი, შენს ქმარს აჩვენებენო. ტელევიზიით გავიგე მისი დანიშვნა, ეს სიურპრიზი იყო. თუმცა, წინადღეს ვატყობდი, რაღაცის გამო ნერვიულობდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

გიორგი:

- არც მეუღლისთვის მითქვამს და არც სხვებისთვის, ისე წავედი.

ნინო:

- ვატყობდი, რაღაცას განიცდიდა, მაგრამ საერთოდ, არ უყვარს საქმეზე საუბარი და ამიტომ არ ჩავძიებივარ.

- თქვენი სიყვარულის ამბავი მოგვიყევით. როგორ გაიცანით ერთმანეთი?

გიორგი:

- ერთმანეთი ჩემი მეგობრის სახლში, სუფრასთან გავიცანით. ნინო ჩემი მეგობრის მეუღლის დეიდაშვილია. იქ მომეწონა. დიდხანს არ გაგრძელებულა ჩვენი პაემნები. გაცნობიდან ძალიან მალე - ორ თვეში შევუღლდით. ტრადიციის დაცვით მოხდა ყველაფერი: მივედი ნინოს სახლში და ოჯახს ხელი ვთხოვე. მეც არ ვიყავი პატარა ბიჭი. ნინო 15 წლით ჩემზე უმცროსია. ბედნიერები ვართ. ქორწილი 2010 წლის აპრილში გვქონდა. არ მიყვარს დიდი ქორწილები. ვიწრო წრეში აღვნიშნეთ. სულ 50-კაციანი, ლამაზი ქორწილი გვქონდა. საერთოდ, სიმშვიდე მიყვარს.

ნინო:

- პირველივე დღეს მიიქცია გოგამ ჩემი ყურადღება და მომეწონა. დამპატიჟეს, იქნებ სუფრაზე მოხვიდეო. სამსახურიდან გვიან გამოვედი და არ ვაპირებდი მისვლას, მაგრამ ბოლოს მაინც მივედი. პირველივე შეხვედრაზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან თბილი ადამიანია, მზრუნველი და მოსიყვარულე. კიდევ ერთი-ორი შეხვედრა იყო ასეთ გარემოში და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ხშირი შეხვედრა, რაც ქორწინებით დასრულდა.

გიორგი:

- მომხიბლა ნინომ. მაშინ ფოთში ვმუშაობდი. იქიდან პარასკევს მოვრბოდი ნინოსთან შესახვედრად. შაბათ-კვირას ვხვდებოდით ერთმანეთს. დაქორწინების შემდეგაც ცოტა ხანი ცალ-ცალკე ვიყავით: მე - ფოთში, ნინო - ჩემიანებთან.

ნინო:

- მეც ვმუშაობდი და ვიტანდი მარტო ყოფნას, მაგრამ მიჭირდა მის გარეშე.

- ალბათ სიურპრიზს ხშირად გიწყობთ მეუღლე, არა?

- სიურპრიზები გამოსდის და ეს მომწონს.

- რა იყო მისი პირველი საჩუქარი?

- ლამაზი საყურე, ვარდებთან ერთად, 8 მარტს მაჩუქა. ამ დროს შეყვარებულები ვიყავით და ჩემმა ოჯახმაც არ იცოდა მის შესახებ. მერე გავაცანი ჩემებს, სახლში მოვიდა. 15 წლით უფროსია ჩემზე, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში ასაკობრივი სხვაობა ნამდვილად არ იგრძნობა. გოგა ძალიან თბილი ადამიანია. ძალიან მხიარულია, სამსახურის დაძაბულობა შინ არ მოაქვს. ოჯახში სულ სხვანაირია.

- სამოგზაუროდ თუ იყავით წასულები?

გიორგი:

- ეს არ გამახსენოთ... ბილეთები ნაყიდი გვქონდა. სამეგობრომ გადავწყვიტეთ, ერთად წავსულიყავით პრაღაში. ჩემოდანი ჩალაგებული გვქონდა და ყველაფერი ჩაიშალა: 3 საათი იყო დარჩენილი გაფრენამდე, დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი მეჯვარე, ჩემი უახლოესი მეგობარი დააკავეს. ისიც უნდა წამოსულიყო ჩვენთან ერთად. თავიდან ხუმრობა მეგონა. ამოვალაგეთ ჩანთები და დავრჩით თბილისში. გადავერთე მთლიანად მისი პრობლემის მოგვარებაზე. ის წარმატებული ბიზნესმენი იყო. ციხეში 20 დღე გაატარა. წაართვეს, რაც ჰქონდა, საკმაოდ სოლიდური თანხა გადაახდევინეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ასე ჩაიშალა ჩვენი საქორწინო მოგზაურობა. თუმცა, ჩემი მეუღლე გაგებით შეხვდა ამას. მეგობარს განსაცდელში ვერ მივატოვებდი.

- ბატონო გიორგი, საოჯახო საქმეები გეხერხებათ?

- ნებისმიერი რამის კეთება შემიძლია, კერძების მომზადებაც. დრო როცა მაქვს, ვაკეთებ კიდეც, მაგრამ ახლა დრო აღარ მაქვს. მთელი ენერგია მიმართულია სამსახურზე. წელს მარტოს მოუწია ნინოს ყველაფრის მოგვარებამ. საახალწლო საყიდლებზე მარტო წავიდა. კარგი დიასახლისია. რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი გამოსდის. ყველაფერს მარტო აკეთებს. ორი პატარა გვყავს, ვეუბნები, ძიძა მოვიყვანოთ-მეთქი, მაგრამ უარს ამბობს, - მე გავზრდი ჩემს შვილებსო. გემრიელ კერძებს ამზადებს. ისედაც არ უყვარს სამზარეულოში სხვისი დახმარება. ყველაფერი თვითონ მოამზადა. საახალწლო სუფრა ყველა ოჯახში ერთნაირად იშლება. საცივი და გოჭი ყველა ოჯახშია, სადაც უნდა მიხვიდე. წელს გადავწყვიტეთ, უფრო სალათები და თევზეული გაგვეკეთებინა.

ნინო:

- საჭმლის გამორჩევა არ იცის, მაგრამ ჩემი მომზადებული უზბეკური ფლავი და ნამცხვარი "პრაღა" მოსწონს განსაკუთრებით.

- ელენიკოს ყველა სურვილი აუსრულა თოვლის ბაბუამ. თქვენთან რა საჩუქრები მოჰქონდა ბავშვობაში?

გიორგი:

GzaPress- ჩემთან ტკბილეული და ტანსაცმელი მოჰქონდა. ვცდილობდი, მისი არსებობა დიდხანს დამეჯერებინა. ჩემს ბავშვობაში ჩოხიანი თოვლის პაპა მოდიოდა და ეს ძალიან მომწონდა. ახლა სანტა-კლაუსები დადიან პატარებთან. როგორც ელენიკოს დახვდა, ისე მხვდებოდა მეც ახალი წლის ღამეს ნაძვის ხის ქვეშ საჩუქარი. ერთ ახალ წელს კი იმხელა ცეცხლი გავაჩინე სახლში, ძლივს გადავრჩით. 10 წლის ვიყავი მაშინ. ერთოთახიან ბინაში, დიღმის მასივში ვცხოვრობდი მშობლებსა და ძმასთან ერთად. ნაძვის ხის ძირებს ბამბით რთავდნენ ხოლმე. შუშხუნა მივიტანე ნაძვის ხესთან და ცეცხლი წაეკიდა. მთელ ოჯახს ახალი წელი ჩავუშხამე, იმხელა ხანძარი გაჩნდა წამებში. დედამ სახლი დაწვას ძლივს გადაარჩინა - წყალი მიასხა და ჩააქრო. ის დღე მწარედ მახსოვს.

- ერთ კითხვას სამსახურთან დაკავშირებითაც დაგისვამთ: რა ცვლილებები იგეგმება სასჯელაღსრულების სისტემაში?

- ბევრ ცვლილებას გვეგმავთ. ადრე არავინ იცოდა, ვინ სად ინიშნებოდა. ძირითადად, მომხრე ვარ გამჭვირვალობის. მინდა, არსებული სტერეოტიპი დავანგრიო და შევცვალო მიდგომები. რეფორმას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ძალიან არ მომწონს, რომ პატიმრები დროს უსაქმოდ ატარებენ. ინფრასტრუქტურა არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ სამკერვალოები და სხვა საწარმოები ყველა დაწესებულებაში გავხსნათ და დასაქმდნენ. ვცდილობთ, აქეთკენ წავიყვანოთ სისტემა, რომ პატიმრების რესოციალიზაცია მოხდეს. უსაქმურობა არის ყველაზე დამღლელი ადამიანისთვის. დახურულ სივრცეში როცა ადამიანს არ ეძლევა თვითრეალიზაციის საშუალება, გამოკეტილია ოთხ კედელში და ზოგჯერ სუიციდამდეც მიდის.

- საკადრო ცვლილებები მოხდება?

- საკადრო ცვლილებები იქნება ქვედა რგოლებში. ციხის დირექტორები შეიცვლებიან. დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი ხარისხი ჰქონდა ამ დეპარტამენტს. თვითონ განკარგავდა მთელ ბიუჯეტს. 123 მილიონი იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბიუჯეტი, ხოლო სამინისტროს ბიუჯეტი - 5 მილიონი.

- ალბათ ამიტომ გამოიწერეს ისეთი კოლოსალური პრემიები დეპარტამენტის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა...

- დღემდე შავ ლაქად რჩება პრემიების საკითხი. როგორი სირთულის სისტემაც უნდა იყოს, ამხელა პრემია მიუღებელია. ბევრი ცვლილება იგეგმება.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გილოცავთ შობა-ახალ წელს და წარმატებებს გისურვებთ!

- მეც ვულოცავ თქვენს რედაქციას და მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით, მთელ საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი, ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა.

თეა ხურცილავა