ქუდბედიანი, ჯიუტი და რომანტიკული ცნობილი თხები - გზაპრესი

ქუდბედიანი, ჯიუტი და რომანტიკული ცნობილი თხები

"ქუდბედიანი და ხშირად, ძალიან რომანტიკული პარტნიორია. სჭირდება ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს და თავდაჯერებულობის ამაღლებაში დაეხმარება. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მორიდებულობის გამო, ხშირად თავს უსუსურ ადამიანადაც გრძნობს. თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, სტიქიასავით დაუნდობელია და გზად შემხვედრს ყველაფერს ანადგურებს. აქვს პესიმიზმისკენ მიდრეკილება, ჯიუტი და გემოვნებიანია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ ადამიანებს.

კოტე თოლორდავა, მსახიობი:

- ყოველ ახალ წელს დიდი სიხარულით ვეგებები, 2015-ს კი მოუთმენლად ველი, რადგან ჩემი წელი იწყება და ეს ბედნიერების, სიხარულის მოლოდინს მიმძაფრებს. ასტროლოგიაში კარგად არ ვერკვევი, მაგრამ მაინტერესებს.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ თხის წელში დაბადებული ადამიანები ქუდბედიანები არიან.

- არ შემიძლია, მათ არ დავეთანხმო. უფალს ვუყვარვარ და არ მწირავს. ბევრჯერ დავცემულვარ, მაგრამ წამოდგომაც მომიხერხებია. იმედია, აღარ წავიქცევი. წარსულში კარგი გაკვეთილები მივიღე. მერე უფალმა განო გამომიგზავნა. ეს მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება.

- "ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მორიდებულობის გამო ხშირად, თავს უსუსურ ადამიანადაც გრძნობს..."

- სიმორცხვე და მორიდებულობა ნამდვილად არის ჩემს ხასიათში. ზოგჯერ საჭიროა, ამ თვისებებს ებრძოლო. თავმდაბალი ადამიანები მიყვარს, მაგრამ საკუთარი თავის წარდგენაც უნდა შეგეძლოს.

- "გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება გიჭირს?

- შეიძლება, ასეც ითქვას. გვერდით მყავს ადამიანი, რომლის დახმარებითაც სწორ არჩევანს ვაკეთებ ხოლმე. ისე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლადაც მიმიღია.

- პესიმიზმისკენ მიდრეკილი ხარ?

- პესიმიზმის შემოტევები მაშინ მეწყება, როცა რაღაცები არ მაკმაყოფილებს, მაგრამ მალევე ვხვდები - ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ პროგრესი განვიცადო. ჰოდა, მერე ოპტიმისტი ვხდები... რეალისტი ვარ, მიწაზე მყარად ვდგავარ.

- "ის ხშირად ძალიან რომანტიკული პარტნიორია. სჭირდება ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს და თავდაჯერებულობის ამაღლებაში დაეხმარება".

- რომანტიზმი ჩემს ცხოვრებას აფერადებს.

- შენს რომანტიზმზე ლეგენდები დადის...

- მაგრამ ბოლო დროს გრანდიოზულ სიურპრიზებს ვერ ვუწყობ საყვარელ ადამიანს. მე და განო ძალიან დაკავებულები ვართ, 3-4 ადგილზე ვმუშაობთ და ამიტომაც, მხოლოდ პატარ-პატარა სიურპრიზებით შემოვიფარგლებით - კედელზე დატოვებულ წარწერებს ვგულისხმობ.

- ბოლოს რა დაუწერე?

- "გაკო, მიყვარხარ სამუდამოდ".

- ბოლოს მან რით გაგაოცა?

- თვალსა და ხელს შუა გაიზარდა. ცოლად პატარა "ფილინა", "ფითქინა" გოგო მოვიყვანე. დღეს ეს გოგო უკვე საქმიანი ქალია, რაღაცებს ხელმძღვანელობს, მართავს...

- "გაკოების" ახალი წელი როგორია?

- მართალია, 31 დეკემბერს ორივე ვმუშაობთ, მაგრამ დილით ნაძვის ხის მორთვას ვასწრებთ. ამ საქმეში ტასო და თარაშიც დიდი სიხარულით ერთვებიან. სხვათა შორის, წელს თარაშისთვის პირველი გააზრებული ახალი წელია, თებერვალში 3 წლის გახდება. ჩვენთან ასევე, ყოველთვის მოდის ბუკა - ჩემი უფროსი შვილი.

- ბავშვებმა თოვლის ბაბუას წერილები უკვე მისწერეს?

- ტასომ ჯერ თავად დაწერა, მერე თარაშს დაეხმარა. მოკლედ, ახალ წელს დამატებით, კიდევ ერთი როლის მორგება მომიწევს.

- სიჯიუტე შენი თვისებაა?

- ჯიუტიც ვარ? არ ვიცი, რა გიპასუხო.

- შენი სიჯიუტის გამო წაგიგია?

- ეს ისეთი თვისებაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, წაგებულს გტოვებს. ზოგჯერ სულელური გაჯიუტებაც მჩვევია.

- "ოჯახისა და მეგობრებისადმი მისი ერთგულება უსაზღვროა".

- ჩემს მეგობრებზე ვგიჟდები. ძალიან განვიცდი, რომ საქმის გამო, ზოგჯერ მათ საკმარისად ვერ ვესიყვარულები, მაგრამ მინდა იცოდნენ, რომ მთელი ცხოვრება ამ ადამიანების ერთგული ვიქნები.

- შეგიძლია, დაუვიწყარი ახალი წელი გაიხსენო?

- (პაუზის შემდეგ) დარწმუნებული ვარ, ასეთი ახალი წელი წინ მელოდება.

მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარი თხის წელში დაბადებული კირჩხიბია. ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელიც გამორჩეულად უყვარს:

GzaPress- დღეს წავიკითხე, ამ წელში დაბადებული ადამიანებისთვის 2015 გამორჩეულად წარმატებული წელი იქნებაო. მომიახლოვდა თუ არა, უკვე წარმატების ძალას ვგრძნობ.

- "თხები" სიჯიუტით გამოირჩევიანო. ეს თვისება გაქვს?

- მაქვს, მაგრამ ადამიანს და სიტუაციას გააჩნია. თბილი, ტკბილი სიტყვით შეიძლება, დამიყოლიო. განსაკუთრებით მაშინ ვჯიუტდები, როცა ამ სიჯიუტეს მეორე მხრიდან ვგრძნობ.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ გონებით უფრო ხშირად მოქმედებ, ვიდრე - გულით.

- ზოგჯერ ცივი გონებით უფრო სწორი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, მაგრამ მე გულის კარნახით ვმოქმედებ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამის გამო ვზარალდები. ისე, კარგი ინტუიცია მაქვს.

- მელანქოლიური ხარ?

- არა. უხასიათოდ მაშინ ვარ, როცა ჩემთვის საყვარელი ადამიანი გულს მტკენს ან ძალიან გადაღლილი ვარ. წყენა რთულად გადამაქვს. გავაცნობიერე, რომ თუ სუსტი ხარ, შენი ადგილი სპორტში არ არის. ამ სფეროში აუცილებლად ძლიერი უნდა იყო. იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული და საკუთარ თავს შთავაგონებ ხოლმე, რომ პრობლემებმა არ უნდა დამასუსტოს.

- "კირჩხიბს შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, მათი საიდუმლოებების შენახვა, მაგრამ არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება".

- ზედმეტი კითხვების დასმა არ მჩვევია. თუ მეგობარი საჭიროდ ჩათვლის, რომ გული გადამიშალოს, ყურადღებით მოვუსმენ და თუ დავჭირდები, მხარში ამოდგომაც შემიძლია. სამაგიეროდ, თავად პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს.

- შენი საახალწლო ტრადიცია როგორია?

- დამდეგს ყოველთვის სახლში ვხვდები, მერე მეგობრებთან მივდივარ. შარშან, მაგალითად, ყაზბეგში წავედი. ახალი წელი ის ზღაპარია, რომელიც ძალიან მიყვარს. იმედია, 2015 განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი წელი იქნება ჩემთვის.

მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილი თხის წელში დაბადებული ვერძია:

GzaPress- განსხვავებული, პოზიტიური, ამაღლებული განწყობა მაქვს. ბევრი კარგი ამბის მოლოდინში ვარ და თუ ყველაფერი გამოვა, თხას დავაბრალებ (იცინის).

- "თუ რამე ირწმუნა, მისი გადარწმუნება შეუძლებელია, მასში დონ-კიხოტის სული ცხოვრობს".

- თუ მართლა მწამს, ვერავინ გადამარწმუნებს, სულ რომ არგუმენტები და საბუთები დამიყაროს.

- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".

- ასეა, ტყუილს ვერ ვიტან, მით უმეტეს - უსამართლობას. ადამიანების უკანონო ჩაგვრას არაერთხელ შევსწრებივარ და ჩავრეულვარ, რის გამოც პრობლემები შემქმნია. საშინლად ფიცხი ვარ.

- ჯიუტი?

- ჯიუტიც!

- ბავშვური გულუბრყვილობაც გჩვევია?

- შეიძლება, ასეც ითქვას. ალბათ, ჩემი პროფესიის ბრალია, რომ ყველაფერი გულთან მიმაქვს.

- ხიფათიანი ხარ?

- ყველაფერი მე მემართება. შარს კი არ ვეძებ, ის ჩემთან თავად მოდის.

- დარწმუნებული ხარ?

- (იცინის) თავგადასავლები მიყვარს და შეიძლება, მეც ვეძებ.

- "კრახისა და ფიასკოს შემდეგ ფეხზე წამოდგომის უნარი აქვს".

- უსამართლოდ არასდროს ვიქცევი. აქედან გამომდინარე, წამოდგომა და პასუხის გაცემა არ მიჭირს.

თხის წელში დაბადებული კირჩხიბია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:

- ასტროლოგიის მჯერა. მინდა, მადლობა გადავუხადო ცხენის წელს, რომელმაც ეს ქვეყანა ასე აჯირითა. 2014 ჩემთვის ცუდი წელი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ვინაიდან 2015 ჩემი წელია, მოლოდინიც მეტი მაქვს.

- "ის არასდროს არის საკუთარი ბედითა და ცხოვრებით კმაყოფილი".

- ტყუილია! როგორ შეიძლება, ჩემი ბედით კმაყოფილი არ ვიყო? მყავს ჯანმრთელი მშობლები, შვილები, მეუღლე და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს.

- "დამთმობია, მაგრამ არც იმდენად, რომ ვინმემ მისი მართვა შეძლოს".

- მთლად დამთმობიც არ ვარ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთა გავლენის ქვეშ ვექცევი ხოლმე და მათ სიძლიერეს ვაღიარებ.

- მაგალითად?

GzaPress- სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩემი დაყოლიება არ უჭირს დათო ლაბაძეს. ის რაღაცას რომ იტყვის, ვეღარ ვეწინააღმდეგები. ჩემი დაყოლიება არ უჭირს გიგა ბოკერიას, ძალიან ზუსტი და არგუმენტირებული წინადადებების წყალობით... აღარაფერს ვამბობ კახა ბენდუქიძეზე, რომელსაც ვერც კი ვეკამათებოდი, საკუთარი პოზიციის სიზუსტეში ისე ადვილად მარწმუნებდა.

- "კომუნიკაბელურია..."

- (მაწყვეტინებს) ...ზედმეტად კომუნიკაბელური ვარ.

- "აქვს ლავირების უნარი, რის გამოც მშვენივრად ახერხებს, ცხოვრება კომფორტულად მოიწყოს".

- ლავირების უნარი ნაკლებად მაქვს. ვფიქრობ, ვისაც ლავირება შეუძლია, ის საკუთარ აზრებს პირდაპირ და დაუფარავად ნაკლებად გამოხატავს.

- ახალ წელს სად შეხვდები?

- იმ მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, რომელიც ახლახან ჩემზე გავრცელდა, თბილისში ამ წუთშიც არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ აქ ვარ. დაიწერა, - ნანუკა ჟორჟოლიანი 30 "ნაციონალ" ჟურნალისტთან ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრება, ბინა იყიდაო და ა.შ. ძალიან მაინტერესებს იმ 30 ჟურნალისტის სია და იქნებ ვინმემ მომაწოდოს... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტყუილია. სავარაუდოდ, 31 დეკემბერს მეუღლესთან წავალ. საბა უკვე მასთან არის და ახალ წელს ერთად შევხვდებით.

- ბედნიერ 2015 წელს გისურვებ!

- მადლობა. შენ წარმატებები, "გზას" - ბევრი მკითხველი.

თამუნა კვინიკაძე