წუნია მსახიობი მომავალი მეორე ნახევრის გამოჩენას ელოდება
font-large font-small
წუნია მსახიობი მომავალი მეორე ნახევრის გამოჩენას ელოდება
მისი პერსონაჟი - ელისო "ჩემი ცოლის დაქალებს" ცოტა ხნის წინ შეემატა, რამაც ძალიან შეცვალა და გაახალისა გვანცა გიორგობიანის ცხოვრება.
ის პროფესიით მსახიობია, რამდენიმე თეატრში უმუშავია და ფილმებშიც გადაუღიათ, მაგრამ ამჟამად საავიაციო უშიშროების თანამშრომელი გახლავთ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობს...

- მსახიობმა ეკა მჟავანაძემ, რომელიც სერიალის კასტინგის რეჟისორია, დამირეკა და მითხრა, - მეექვსე სეზონი იწყება, ახალი პერსონაჟები ემატება და სინჯებზე უნდა მოხვიდე, დაგირეკავენო. მართლაც დამირეკეს, წავედი, მეორე დღეს კი შემატყობინეს: - გილოცავთ, როლზე დამტკიცებული ხართო! თითქმის ყველა ქართულ სერიალში მითამაშია, მაგრამ - ეპიზოდურ როლებში. ამჯერად მომცეს როლი, რომელშიც შემიძლია, ჩემი მსახიობური მონაცემები უფრო მეტად გამოვავლინო, რაც მახარებს.

- ელისო წესიერი, გაუთხოვარი, მორწმუნე გოგოა თავისებური ხასიათით...
- მისი მსგავსი ადამიანები რეალურ ცხოვრებაში ბევრნი არიან. ეს არის ქალბატონი შინაბერობის პერსპექტივით და სცენარისტმა - ქეთი დევდარიანმა ის შემთხვევით არ გამოიგონა. ბევრი ქალბატონი ელისოში საკუთარ თავსა და ტკივილს დაინახავს. ყველა ქალს აქვს სურვილი, გათხოვდეს, ოჯახი შექმნას, გახდეს დედა. ელისოც ცდილობს, იყოს ბედნიერი. ხალხის რეაქციებიდან ვხვდები, რომ ეს როლი ჩემთვის კარიერული წარმატების დასაწყისია. აეროპორტში, სადაც ასობით ადამიანი მუშაობს, ყველა "ელისოს" მეძახის, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიალს უყურებენ. აეროპორტში საკმაოდ სერიოზული სამსახური მაქვს და როცა მგზავრებს უსაფრთხოების დაცვის მიზნით ვჩხრეკთ, ჩემი დანახვისას ავიწყდებათ, სად მიფრინავენ და მეკითხებიან: - "ვაიმე, ელისო, აქ რა გინდა? რას აკეთებ?" ზოგი მეუბნება, - ის გოგო, სერიალში რომ არის, შენი ტყუპის ცალიაო?

- პროფესიით მსახიობი როგორ აღმოჩნდი ასეთ სამსახურში?
GzaPress- იმის შემდეგ, რაც თეატრიდან წამოვედი, ერთ-ერთმა მეგობარმა რეკომენდაცია გამიწია და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა სულ სხვა პოზიციაზე დავიწყე: კონსულტანტი ვიყავი და თბილისში ჩამობრძანებულ უცხოელ ტურისტებს მეგობართან ერთად ვაკვალიანებდი. რაღაც პერიოდის შემდეგ ის სამსახური დაიხურა და უმუშევარი დავრჩი. მოგვიანებით, ბედი საავიაციო უშიშროებაში ვცადე, მანამდე კი სერიოზული გამოცდების ჩაბარებამ მომიწია. პოლიციის აკადემიაში სპეციალური კურსები წარმატებით დავამთავრე. მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და შენახვის უფლება. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ როცა გამოცდა იარაღიდან სროლაში ჩავაბარე, ჯგუფში ყველა მამაკაცს ვაჯობე... მას მერე 5 წელი გავიდა. ახლა კოლეგები მეუბნებიან, - გატყობთ, რომ თეატრი გენატრება, ხანდახან აქაც თამაშობ: ხან ძალიან მკაცრი, მომთხოვნი პოლიციელი ხარ, ხანდახან - ჩვეულებრივი თბილი და ტკბილი გვანცაო. სიმართლეს ამბობენ: მენატრება თეატრი, სცენა, აპლოდისმენტები...

- მუშაობდი "თავისუფალ თეატრში", "თეატრალურ სარდაფში" და კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატულ თეატრში. როგორც გავიგე, სოხუმის თეატრიდან ინტრიგების გამო წამოსულხარ. ასეა?
- სოხუმის თეატრში გიზო ჟორდანიამ რადინსკის "ქალი ყვავილით" დადგა, სადაც ლესბოსელი ქალის როლი მქონდა. სპექტაკლზე რობერტ სტურუა მოვიწვიეთ. პრემიერიდან მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, ბატონი რობერტი გიბარებსო. რეჟისორმა მითხრა, რომ ძალიან მოვეწონე, აღფრთოვანებული იყო ჩემი ნიჭით. თან, მომილოცა, - სექტემბრიდან ჩვენი დასის წევრი იქნებიო. რუსთაველის თეატრში თამაში ჩემი ოცნება იყო და გულისფანცქალით ველოდი სექტემბრის დადგომას, მაგრამ მან დანაპირები არ შეასრულა. მერე მითხრეს, რომ ამ საქმის ჩასაშლელად ჩემმა კოლეგებმა (სოხუმის თეატრიდან) ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, ინტრიგები ხლართეს... ამის გამო იმდენად მეტკინა გული, რომ მათ გვერდით ვეღარ დავრჩებოდი. არ ვარ მლიქვნელი და სურვილიც აღარ მქონდა, მათთან ერთად სცენაზე ვმდგარიყავი.

- თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას შენი კურსელები და ჯგუფელები დღეს საკმაოდ ცნობილი მსახიობები არიან. იქნებ გაიხსენო ის პერიოდი.
- თამუნა ნიკოლაძე, ვასიკო ოდიშვილი, ვახო ჩაჩანიძე - ჩემი ჯგუფელები იყვნენ. კურსელები კი გახლდნენ: პაატა გულიაშვილი, მაკა შალიკაშვილი, მაია დობორჯგინიძე და კიდევ სხვები...

- როგორები იყვნენ წლების წინ დღეს უკვე შემდგარი მსახიობები?
- ძალიან მიხარია, რომ ჯგუფიდან ამდენი ადამიანი ასეთი პოპულარული და წარმატებულია. მართლა შეკრული ჯგუფი იყო. თავიდან, ერთი წელიწადი ნუკრი ქანთარიამ აგვიყვანა, მერე წავიდა და გიორგი შალუტაშვილს გადააბარა ჩვენი თავი. გიორგი ჩვენი საყვარელი პედაგოგი გახლდათ, ხოლო მისი ასისტენტი ალეკო მახარობლიშვილი იყო. ყოველთვის ვამბობ და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ თეატრალურში გატარებული 4 წელიწადი ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი და ყველაზე ბედნიერი იყო. პედაგოგებში ძალიან გამიმართლა: ყველა ყურადღებიანი, მოსიყვარულე და თბილი იყო. გიორგი შალუტაშვილმა რომ იცოდა, აფხაზეთიდან დევნილი ვიყავი, განსაკუთრებულად მეფერებოდა. ის ჩემს ჩუმ ტკივილს ხედავდა, გრძნობდა... მოკლედ, ყველამ თბილად მიმიღო, დიდი სითბო და სიყვარული მაჩუქეს... ჯგუფელებიც დამეთანხმებიან: მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სახლი არ მქონდა (საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი), ჩემი საცხოვრებელი ჩემი ჯგუფელების თავშეყრის ადგილი იყო. ყოველ მეორე დღეს ვიკრიბებოდით და ქეიფი ბოლოს მაგიდაზე ცეკვით მთავრდებოდა. ხშირად გოგონები ჩემთან რჩებოდნენ და კარგადაც ვხალისობდით. მაშინ 16-17 წლისები ვიყავით, გიჟი პირველკურსელები...

- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?
- კონტაქტი არ გაგვიწყვეტია. განსაკუთრებით ხშირად მე და თამუნა ნიკოლაძე ვხვდებით ერთმანეთს, მის პრემიერას აუცილებლად ვესწრები ხოლმე.

- მინდა, წარმოდგენაზე - "სექსუალური რევოლუცია" გკითხო, რომელიც "თეატრალურ სარდაფში" დაიდგა და სკანდალურიც აღმოჩნდა. წლების შემდეგ როგორ გაიხსენებ ამ სპექტაკლში შენს პერსონაჟს?
- იმ სპექტაკლმა პირველი წარმატება მომიტანა. ნინო ბასილიამ ოთხი მსახიობი: ნინო ხომასურიძე, ნინო ლეჟავა, მაია ლომიძე და მე შეგვკრიბა. თქვა კიდეც, რომ დიდი რისკი იყო ჩემი იმ როლზე აყვანა, რადგანაც უნდა მეთამაშა მძიმე ბიოგრაფიის მქონე, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, რომელსაც აღვირახსნილი წარსული ჰქონდა, არადა, თავად გათხოვილი არ ვიყავი და ცხოვრებაში პარტნიორი მამაკაცი არ მყოლია... სპექტაკლი იყო ვერბატიმის ჟანრის. პირველად ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში "გაკეთდა", საქართველოში კი ნინო ბასილიამ მოსინჯა. ეს იყო რეალურ ამბებზე აგებული წარმოდგენა. ნინომ 7 ქალბატონი გამოჰკითხა, მათ შორის - მკვლელიც, სხვადასხვა დანაშაულის მქონე ადამიანი და მათი პრობლემები პიესად აქცია, ცოტა იუმორიც დაამატა, მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო. ჩვენ ვისაუბრეთ სცენიდან სექსუალურ პრობლემებზე. პიესაზე მუშაობისას კარგად მესმოდა, რომ სპექტაკლი რეზონანსული იქნებოდა და არაერთგვაროვანი შეფასებებიც მოჰყვებოდა ანუ კრიტიკისთვისაც მზად ვიყავი.

- საუბრისას ახსენე, რომ აფხაზეთიდან დევნილი ხარ. ეს შენთვის უდიდესი ტკივილია, არა?
- დავიბადე ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. ულამაზესი საკურორტო ზონა გახლდათ, ზღვის პირას ვცხოვრობდით, ნამდვილ სამოთხეში... იქაურობა სულ მენატრება. მიჭირს აფხაზეთზე ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 22 წელიწადი გავიდა, რაც თბილისში ვცხოვრობ... ომის კადრებმა ჩემ თვალწინ გაირბინა, ბევრი ნათესავი და ახლობელი დავკარგეთ - ეს მართლაც, ჩემი დიდი ტკივილია... მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა ღვთის სასწაულის, ამასთან, ისტორიულად, საქართველო ბევრჯერ დანაწევრებულა და შემდეგ დაგვიბრუნებია დაკარგული ტერიტორიები. ჰოდა, ვფიქრობ ხოლმე: ოდესმე აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს სამოთხეს და ქვეყანა გამთლიანდება.

GzaPress


- რამხელა იყავი, როცა აფხაზეთის დატოვება მოგიხდათ?
- 15 წლის ვიყავი. როცა სკოლაში ვსწავლობდი, მეგონა, რომ მეორე მსოფლიო ომი, რომლის მონაწილეც ჩემი ორივე ბაბუა იყო, უკანასკნელი ომი გახლდათ დედამიწაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არა მარტო ომი, არამედ დევნილობის კოშმარიც გამოვცადე... ბაბუა აფხაზებმა მოკლეს, ბიცოლა დაბომბვის შედეგად დაიღუპა...

- საკმაოდ კარგად მღერი და ცოტა ხნის წინ ინტერნეტში წავაწყდი ვიდეომასალას, სადაც დასთან ერთად ასრულებ სიმღერას...
- ჩემი და - მაკა ოჩამჩირის ანსამბლ "ევრიკაში" მღეროდა. ოჩამჩირეს თავისი ტელევიზიაც ჰქონდა და მაკას კლიპები იმ არხზე გადიოდა. საკმაოდ წარმატებული ქართულ-აფხაზური ანსამბლი იყო... მე და ჩემი და კინდღის საბავშვო თეატრის წამყვანი მსახიობები ვიყავით...

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?
- იმედი არ დამიკარგავს, რომ გავთხოვდები (იცინის) და შევქმნი ლამაზ ქართულ ოჯახს, გავხდები დედა და მინდა ვიფიქრო, ეს მალე მოხდება. მოკლედ, ამჟამად ჩემი გული თავისუფალია... ისე, ცოტა წუნია კი ვარ, ამას ვაღიარებ. "ფეისბუკზე" თაყვანისმცემლები ძალიან აქტიურობენ - დღე არ გავა, 10-15-მა ადამიანმა არ დამიმეგობროს. თბილ წერილებს მწერენ, რაც მახარებს... დაბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა გასათხოვარს დამდეგ 2015 წელს გაბედნიერებას ვუსურვებ. დაე, ყველა ქალს ეპოვოს თავისი მეორე ნახევარი! ღმერთმა ბედნიერი ახალი წელი გაუთენოს სრულიად საქართველოს მოსახლეობას! მშვიდობა, ჯანმრთელობა და ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს!
ლალი ფაცია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
ვისთან არ სჭირდება თამაში და ნიღბის ტარება პაატა გულიაშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი