რამდენი ლარი ჰყოფნით ცნობილებს საახალწლო სუფრის გასაწყობად - გზაპრესი

რამდენი ლარი ჰყოფნით ცნობილებს საახალწლო სუფრის გასაწყობად

დაახლოებით რამდენი ლარია საკმარისი საახალწლო სუფრის გასაშლელად და დამდეგთან შესაგებებლად რომელი კერძის მომზადებაა აუცილებელი? - ამ კითხვებზე ცნობილები გვიპასუხებენ.

"საახალწლო სუფრის გასაწყობად 50 ლარი მეყოფა"

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:

GzaPress- საახალწლო სუფრისთვის ყოველთვის თავად ვამზადებ ყველაფერს. თუმცა, გამოგიტყდებით და დიდი სამზადისი არასდროს მაქვს.

- საცივს ამზადებთ?

- არა, რადგან ამ კერძის მომზადება ცოტა არ იყოს, რთულია. ამიტომ საცივის ნაცვლად ბაჟეს ვამზადებ.

- ინდაური და გოჭი თუ ამშვენებს თქვენს საახალწლო სუფრას?

- არა და ბაჟეშიც ქათმის ხორცს ვაწყობ ხოლმე.

- გოზინაყს თუ ამზადებთ?

- კი, გოზინაყს აუცილებლად ვამზადებ, რადგან ოჯახში ყველას გვიყვარს ეს ნუგბარი.

- საახალწლო სუფრის გასაშლელად დაახლოებით რამდენი ლარი გჭირდებათ?

- სულ რაღაც, 50 ლარი საკმარისია იმისთვის, რომ სუფრა გავაწყო. ზოგიერთების მსგავსად, ნაირ-ნაირი კერძების მომზადებაში ბევრ ფულს არასდროს ვხარჯავ. როგორც გითხარით, ვამზადებ ბაჟეს, გოზინაყს და ვყიდულობ ფორთოხალს, მანდარინს, ცოტაოდენ ტკბილეულს.

- შამპანურს არ მიირთმევთ ახალი წლის ღამეს?

- საერთოდ, ალკოჰოლთან ვერ ვმეგობრობ. სხვათა შორის, საახალწლოდ უამრავმა კომპანიამ დამასაჩუქრა ნაირ-ნაირი სასმელით, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ჰოდა, ამ საჩუქრებიდან რომელიმე ავარჩევ და და ახალი წლის მოსალოცად მობრძანებულ სტუმრებს გავუმსაპინძლდები.

- ბევრ სტუმარს ელოდებით?

- წინასწარ არავისთვის მითქვამს, მოდი-მეთქი. ვისაც გავახსენდები, ის მესტუმრება.

- მეკვლე შერჩეული გყავთ?

- მეკვლე ყოველ ახალ წელს მყავს, ოღონდ - ამ საქმისთვის სპეციალურად არასდროს არავის ვეპატიჟები. პირველი სტუმარი ვინც იქნება, ის არის ხოლმე ჩემი მეკვლე.

"გადავწყვიტე, საქმეებისგან დავისვენო"

თინა მახარაძე, მსახიობი:

GzaPress- დამდეგს ახლობელ ადამიანებთან ერთად, ოჯახში შევხვდები. ყოველ ახალ წელს ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, ახლა კი გადავწყვიტე, საქმეებისგან დავისვენო. მიყვარს ახალი წლის დღესასწაული.

- ამ დღეს თქვენს სუფრას ტრადიციულად, რა კერძები ამშვენებს?

- საახალწლო სუფრის მომზადებაზე დედა ზრუნავს, კერძებს ის ამზადებს. სხვებისგან განსხვავებით, საცივი არასდროს გვაქვს, რადგან ეს კერძი არ გვიყვარს.

- გოზინაყი გიყვარს?

- რა თქმა უნდა, გოზინაყი მიყვარს და ტრადიციულად, ახალი წლისთვის ეს ნუგბარი ჩვენს ოჯახშიც მზადდება.

- თავად თუ იცი გოზინაყის მომზადება?

- მომზადება ვიცი, მაგრამ რადგან ყველაფერს დედა ამზადებს, მსგავსი რაღაცებით თავს აღარ ვიწუხებ. მე იმ შეთხვევაში ვტრიალებ სამზარეულოში, როცა მარტო ვარ და ხელს არავინ მიშლის... მართალია, არც საცივს ვამზადებთ და არც გოჭს ვბრაწავთ, მაგრამ საახალწლოდ დედა ბევრნაირ გემრიელ კერძს ამზადებს. დამდეგს ყოველთვის ლაღები, გახარებულები და ბედნიერები ვეგებებით, რაც ჩემი აზრით, ინდაურის საცივისა და შემწვარი გოჭის ჭამაზე ბევრად მნიშვნელოვანია.

- შენი აზრით, საახალწლო სუფრის გასაშლელად დაახლოებით რამდენი ლარია საჭირო?

- ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბაზარში პროდუქტების საყიდლად არასდროს დავდივარ. თუმცა, თუ ლარის დღევანდელ კურსს გავითვალისწინებთ, საახალწლო სუფრის გასაშლელად ცოტა თანხა არ დაგვჭირდება.

- ახალი წლის ღამეს სურვილების ჩაფიქრება თუ გჩვევია?

- სურვილებს არ ვიფიქრებ, უბრალოდ, ჭიქა შამპანურს მივირთმევ ხოლმე. აი, მაშინ, როცა მამა ცოცოხალი იყო, ახალი წლის ღამეს ტრადიციულად, თოფს ვისროდით.

"დამოუკიდებლად არასდროს არაფერი მომიმზადებია, გარდა გოზინაყისა"

თიკა ჯამბურია, მომღერალი:

GzaPress- საახალწლო სუფრისთვის ყველაფერს დედა ამზადებს. დიდი ოჯახი გვაქვს და ამიტომ, ამ სამზადისში მას მეც ვეხმარები. თითქმის ყველაფრის მომზადება ვიცი, მაგრამ დამოუკიდებლად არასდროს არაფერი გამიკეთებია, გარდა გოზინაყისა. ჩვენს საახალწლო სუფრაზე გარდა ამ ნუგბარისა, აუცილებლად არის გოჭიც და ინდაურის საცივიც.

- დაახლოებით რა თანხა გჭირდებათ საახალწლო სუფრის გასაშლელად?

- ვერ გეტყვით, რადგან ბაზარსა და მარკეტებში საახალწლო პროდუქტების შესაძენად არასდროს დავდივარ. თუმცა, ის კი ვიცი, რომ საახალწლოდ ყველაფრის ფასი იმატებს. როცა დაოჯახებული ვიყავი და ყოფილ მეუღლესთან ერთად, მარტო ვცხოვრობდი, მაშინაც კი არ მიწევდა პროდუქტების საყიდლად სიარული.

- მეკვლის ტრადიციას რამდენად აქცევენ შენს ოჯახში ყურადღებას?

- მეკვლე ყოველ წელს გვყავს და მას წინასწარ, საგანგებოდ ვარჩევთ ხოლმე. შარშან ჩემი მეგობარი გვესტუმრა და აღმოჩნდა, რომ "ცუდი ფეხი" არ ჰქონია. სავარაუდოდ, წელსაც ის იქნება ჩემი ოჯახის მეკვლე. ყველას გილოცავთ 2015 წლის შემობრძანებას...

"წელს თავს შევიკავებთ გოჭის ყიდვისგან"

რუსა ჩაჩუა, მოდელი:

- ამ ახალ წელსაც ტრადიციულად, ოჯახში შევხდებით, შემდეგ კი მეუღლისა და ჩემი მშობლებისთვის დამდეგის მისალოცად წავალთ. მოგვიანებით, მეგობრებს შევუერთდებით.

- საახალწლო სუფრის სამზადისში თუ ხარ ჩართული?

GzaPress- ეს დღესასწაული გამორჩეულად მიყვარს და ამიტომაც, არც კერძების კეთება მეზარება... მიმაჩნია, რომ საცივი ყველაზე რთულად მოსამზადებლი კერძია. რომელიმე ინგრედიენტი ოდნავ ზედმეტი ან ნაკლები რომ გაუკეთო, ისეთი გემრიელი არ გამოვა, როგორიც წესით, უნდა იყოს. ამიტომ ამ კერძის მომზადებისგან თავს ვიკავებ (იღიმის)... გოზინაყს და საცივს წელს დედა მომიმზადებს.

- თქვენს საახალწლო სუფრაზე გოჭიც ყოველთვის დევს?

- გოჭის ხორცზე არ ვგიჟდები. მაქსიმუმ შეიძლება, ერთი ნაჭერი მივირთვა და ბავშვებსაც არ ვაჭმევთ. ამიტომ ვფიქრობ, წელს თავს შევიკავებთ გოჭის ყიდვისგან. აი, ინდაურს კი აუცილებლად შევიძენთ. აბა, საცივი ინდაურის გარეშე როგორ იქნება (იცინის)?

- საახალწლოდ პროდუქტების შესაძენად ბაზარში მიდიხარ?

- ბაზარშიც და დიდ მარკეტებშიც.

- როგორ ფიქრობ, დაახალოებით რამდენი ლარი დაგეხარჯებათ საახალწლო სუფრის გასაშლელად?

- შეიძლება, 100 ლარი შემოგვეხარჯოს, შეიძლება - 200 ან უფრო მეტიც. ხომ იცით, ამა თუ იმ დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე, პროდუქტები ძვირდება. თუმცა, პირადად მე, სადღესასწაულო სუფრის გასაშლელად ფული არასდროს მენანება.

- რით იყო 2014 წელი შენთვის გამორჩეული?

- ამ წელს დავოჯახდი და ჯვარი დავიწერე. იმედია, 2015 წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება ჩემი ოჯახისთვის.

- მეკვლეს წინასწარ არჩევთ ხოლმე?

- წელს ჩვენი ოჯახის მეკვლე ჩემი მეუღლე იქნება. ვიდრე 12 საათი შესრულდება, სახლიდან გავა და მერე შინ ტკბილეულით დატვირთული შემობრძანდება.

- თოვლის ბაბუას თუ ელოდებით ახალი წლის ღამეს?

- დიახ, ველოდებით. სავარაუდოდ, ის ნაძვის ხის ქვეშ დატოვებს საჩუქრებს (იცინის). ბედნიერი ახალი წელი გქონოდეთ. მკითხველების სიმრავლეს ვუსურვებ თქვენს ჟურნალს.

"სპეციალურად ჩემთვის სოფლიდან ნატურალური პროდუქტი ჩამოაქვთ"

მარიამ კუბლაშვილი, ადვოკატი:

GzaPress- ახალი წლის სუფრისთვის ყველაფერს თავად ვამზადებ: ტოლმა, საცივი, ღომი და ა.შ.

- გემრიელი საცივი გამოგდით?

- ამბობენ, რომ გემრიელს ვამზადებ. ახალი წლის დღესასწაული ძალიან მიყვარს და დიდი შემართებით ვტრიალებ ხოლმე სამზარეულოში.

- სურსათ-სანოვაგის შესაძენად ბაზარში თავად დადიხართ?

- დიახ. ბაზარში ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვენდობი. ვიცი, არ მომატყუებენ - სპეციალურად ჩემთვის სოფლიდან ნატურალური პროდუქტი ჩამოაქვთ.

- საახალწლო სუფრისთვის ნამცხვრებსაც აცხობთ?

- ნამცხვარს იშვიათად ვაცხობ, ამიტომ მაინცდამაინც კარგი არ გამომდის, საახალწლოდ კი გამზადებულს ვყიდულობ. სამაგიეროდ, არაჩვეულებრივ ხაჭაპურს ვაცხობ (იცინის).

- დაახალოებით რამდენი ლარი დაგეხარჯება საახალწლო კერძების მოსამზადებლად?

- საშუალოდ ალბათ, 1000 ლარი საკმარისია იმისთვის, რომ ახალ წელს სავსე სუფრით შეხვდე.

- მეკვლე შერჩეული გყავს?

- ჩემთან მეკვლედ ყოველთვის მეგობარი მოდის. "კარგი ფეხი" აქვს და წელსაც მას დავაკისრებ ამ მისიას.

- საახალწლო საჩუქრებში ბევრ ფულს ხარჯავ?

- დიახ. ეს ჩემთვის სასიამოვნო პროცესია. მიხარია, როცა ახალი წლის დღესასწაულზე ახლობელ ადამიანებს ვახარებ.

ლიკა ქაჯაია