როდის დაემსხვა თამარ ივერს "სანტა-კლაუსური" ილუზიები - გზაპრესი

როდის დაემსხვა თამარ ივერს "სანტა-კლაუსური" ილუზიები

როგორც თამარი ამბობს, მისთვის 2014 წელი, თუ არ გავითვალისწინებთ წვრილმან უსიამოვნებებს, წარმატებული აღმოჩნდა. სხვა თუ არაფერი, 2014 წლის ივნისში სოპრანო ტყუპის დედა გახდა. "ჩემი კარიერული ცხოვრების მანძილზე ბევრი წარმატებული წელი მქონია, მაგრამ შვილების დაბადებამ ყველა წარმატება დამავიწყა, - ამბობს მომღერალი, რომელიც კიდევ ბევრი მწვერვალის დაპყრობის იმედით ეგებება 2015 წელს.

- ახალ წელს სახლში იშვიათად ვეგებები. ჩემი ცხოვრება სპონტანურობით არის სავსე. ხშირად, ახალ წელს იმ ქვეყანაში ვხვდები, სადაც კონტრაქტით მიწევს ყოფნა. ყოფილა შემთხვევა, როცა 31 დეკემბერს ან პირველ იანვარს უცხოეთში სპექტაკლი ან საახალწლო კონცერტი მქონია.

- ანუ საახალწლო სუფრაზე ზრუნვა თითქმის არასდროს გიწევთ?

GzaPress- ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ამას ნამდვილად ვერ ვახერხებ. გამოგიტყდებით და დღესასწაულისთვის შესაფერისი კერძების მომზადება არც ვიცი. სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს საახალწლო სუფრასთან ჯდომა და გემრიელი კერძების მირთმევა (იღიმის).

- ნაძვის ხე თავად მორთეთ?

- დიახ, ნაძვის ხეს ყოველთვის თავად ვრთავ, ტრადიციულად, ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე და დაახლოებით თებერვლის ბოლოდმე არ ვიღებ... მახსოვს, ბავშვობაში ხის კენწეროში ბებია და ბაბუა მანდარინებს, კანფეტებს ჰკიდებდნენ და შემდეგ რომელი შვილიშვილიც მიწვდებოდა, სასუსნავი იმისი იყო. მახსოვს, მე და ჩემი ბიძაშვილები ერთმანეთს მხრებზე ვადგებოდით, რომ ნაძვის ხის კენწეროს როგორმე მივწვდომოდით.

- ახალი წლის ღამეს მეკვლედ ვინმეს ეპატიჟებით?

- ვერ ვიტყვი, რომ მეკვლეობის ტრადიციის ძალიან მჯერა, მაგრამ მომწონს. ისე, ჩემი პატარა ძაღლი სისიკო ახალი წლის ღამეს სადაც კი "შეიპარა", იმ ოჯახში მთელი წელი ქორწილი და ლხინი ჰქონდათ. მაგალითად, ერთი ახლობლის ოჯახში, რომელმაც პატარა ბიზნესი წამოიწყო, სისიკოს სტუმრობის შემდეგ ყველაფერი კარგად აეწყო. მგონი, მალე რიგი დამიდგება: ძაღლი მეკვლედ ჩვენთან მოიყვანეო... პირადად მე, მეკვლედ წინასწარ არავის ვეპატიჟები. თუ უცხო ქვეყანაში ვარ და ახალი წლის შეხვედრა სასტუმროში მიწევს, თავად გავდივარ გარეთ და ტკბილეულით დატვირთული შევდივარ ჩემს ნომერში. ერთხელ, ასე გამოვაღე სასტუმრო "ილტონში" ღამის 00.05-ზე კარი და კორიდორიდან კანფეტები ჩემს ოთახში შევყარე, თან, წარმოვთქვი: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი". თურმე, უცხოელებმა დამინახეს და მთელი კვირა სასტუმროს კოლიდორში შორიდან მივლიდნენ გვერდს. ალბათ ფიქრობდნენ, - ამ ქალს თავში ყველაფერი რიგზე ვერ აქვსო (იცინის).

- ბავშვობაში თოვლის ბაბუს წერილებს თუ სწერდით?

GzaPress- იმ პერიოდში, როცა ბავშვი ვიყავი, თოვლის ბაბუს წერილს არავინ სწერდა. კომუნისტების დროს ჩვენს ქვეყანაში ზღპრების არავის სჯეროდა. საჩუქრებს კი რა თქმა უნდა, ვიღებდით. მაშIნ ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარი შოკოლადი "დათუნია" იყო.

- ანუ თოვლის ბაბუს არსებობის არასდროს გჯეროდათ?

- ძალიან პატარს მჯეროდა, მაგრამ ერთხელ, როცა ბებიამ და ბაბუამ ბავშვები "ნაძვის ხის ზეიმზე" წაგვიყვანეს, შემთხვევით, საკონცერტო დარბაზის ეზოში დავინახე, თუ როგორ ეწეოდა სიგარეტს "ნაიკის" "ბოტასში" გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც დაუძახეს: მოდი, ჩქარა, შემდეგი სეანსი იწყებაო. იმანაც ჩამოიფხატა ქუდი, რეზინის წვერები მიიკრა და ზეიმზე თოვლის ბაბუს როლში მოგვევლინა. ჰოდა, სწორედ იმ დღეს დამემსხვრა "სანტა-კლაუსური" ილუზიები და როდესაც ბავშვებს გვითხრა, - ბავშვებო, ბავშვებო! მოვიარე მთელი ქვეყანა, ლაპლანდიიდან გეწვიეთ და ა.შ. არც ვაციე, არც - ვაცხელა, მივედი და ვუთხარი: ნუ გვატყუებ. შენ თოვლის ბაბუა არ ხარ, წეღან ეზოში "კოსმოსს" ეწეოდი, მერე კი წვერები მიიკარი. თან, ნამდვილ თოვლის ბაბუას "ბოტასები" არ აცვია-მეთქი. ჩემს სიტყვებზე იქ დამსწრე საზოგადოებამ ბევრი იხალისა... საძაგელი ბავშვი ვიყავი. ფილმებს: "მანანა" და "იმერული ესკიზები" რომ ვუყურებ, ჩემი პატარაობა მახსენდება.

- თქვენს შვილებთან თუ მოვა წელს თოვლის ბაბუა?

- დიახ, აუცილებლად მოვა... ვეცდები, "ბოტასებიანი" თოვლის ბაბუს მიერ გამართულ ზეიმზე შვილები არასდროს წავიყვანო.

- 2015 წელს საქართველოში შეეგებებით, არა?

- დიახ, ამჯერად მაქვს ის იშვიათი ბედნიერება, რომ ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდე ახალ წელს. ჩემი შვილები პირველად იზეიმებენ ახალი წლის დღესასწაულს და მათ ნაცვლად მე და ჩემს მეუღლეს გვიხარია (იღიმის).

- თავად თუ ყოფილხართ ვინმეს მეკვლე?

- ვყოფილვარ და სხვათა შორის, "ცუდი კვალი" არსად დამიტოვებია.

- რით იყო გამორჩეული თქვენთვის 2014 წელი?

- 2014 წელს ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში გარკვეული უარყოფითი ამბები მოხდა, რაზეც ახლა ლაპარაკი არ მსურს, მაგრამ ჩემი ტყუპის დაბადებამ ყველა პრობლემა გადამავიწყა, ამან ყველაფერი ცუდი დაჩრდილა. 2014 წელი კიდევ იმით იყო ჩემთვის კარგი, რომ შევქმენი საქველმოქმედო ფონდი - "დაცული საზოგადოება" და 10 დეკემბერს, ფონდის წარმატება დიდი კონცერტით ვიზეიმეთ.

- ახალი წლის ღამეს სურვილებს იფიქრებთ?

GzaPress- ტრადიციულად, 12 საათის შესრულებას წამები რომ აკლია, სურვილების ჩაფიქრებას ვიწყებ, ფანჯარასთან სანთელს ვანთებ ღამის 23.58 წუთზე და რამდენიმე წუთს ლოცვაში ვატარებ, თან - სურვილებსაც ჩავუთქვამ ხოლმე.

- ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებით თუ ანებივრებთ?

- რა თქმა უნდა! უფრო ხშირად, ერთმანეთს ტბილეულით, ყვავილებითა და საახალწლო სუვენირებით ვახარებთ.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ, პროფესიული თვალსაზრისით რომელი წელი იყო თქვენთვის ყველაზე წარმატებული?

- ყველა წელი გარკვეულწილად, მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო ჩემთვის. ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ადამიანი ვარ. ყოველ წელს მაძლევენ ახალ-ახალ როლებს. გამორჩეული იყო ჯუზეპე ვერდისა და მოცარტის კონკურსებზე გამარჯვება. ასევე, ძალიან გამიხარდა, როცა ვენის შტაატსოპერ-ის მედალი, პრემია და საუკეთესო მომღერლის წოდება მომანიჭეს.... ნიუ-იორკის "მეტროპოლიტან" ოპერაში, მოცარტის "დონ ჟუანში" ჩემი "დონნა ანა" წარმატებული აღმოჩნდა. ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ კრიტიკოსებმა დაწერეს, რომ ჩემი არია წარმოდგენის კულმინაცია იყო. უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ვენის ცნობილი "ოპერნბალ"-ის გახსნის პატივი მე მერგო წილად, ახლახან კი ავსტრალიაში, ვერდის "ბალ-მასკარადში" თამაშის გამო დიდი წარმატება ვიზეიმე და წლის საუკეთესო სოპრანო-შემსრულებლად დამასახელეს "ოსკარის" მსგავს, "Helpmann aWard"-ის დაჯილდოების ცერემონიაზე. თითოეული ჩემი წარმატების დასახელება შორს წაგვიყვანს და ვიმედოვნებ, წინ კიდევ უამრავი სასიხარულო ამბავი მელის. ბოლოს და ბოლოს, ახალი წლის ღამეს სურვილებს ხომ ისევ ჩავიფიქრებ (იღიმის)... ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!

სოფო ჭონიშვილი