თამთა გოგუაძის ახალშექმნილი ოჯახი - გზაპრესი

თამთა გოგუაძის ახალშექმნილი ოჯახი

როგორც თამთამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ბავშვის გამო შემოქმედებითი პაუზა აქვს, მაგრამ მალე საკუთარ ახალ სიმღერას ჩაწერს, რომელიც სიყვარულზეა და ცხადია, მეუღლეს მიუძღვნა.

- გიორგი 4 წლის წინ გავიცანი. ჩვენ ანსამბლ "სამაიას" წევრები ვართ. გიორგი მოცეკვავეა, "ქართულის" სოლისტი, მე კი ამ ანსამბლში ვმღერი. უკვე 7 წელია, "სამაია" საზღვარგარეთ მუშაობს და თითქმის მთელ მსოფლიოს გავაცანით ქართული კულტურა. შარშან აპრილში კი ფილარმონიაშიც გვქონდა სოლო კონცერტი.

- როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ამბავი?

GzaPress- ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, მერე კი სიყვარულში გადაიზარდა. პეტერბურგში ერთ-ერთი გასტროლის დროს მივხვდით, რომ ის გრძნობა, რაც გვაკავშირებდა, მეგობრობაზე მეტი იყო. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ კი დავქორწინდით.

- რით მოგხიბლა გიორგიმ?

- ძალიან უშუალო, ადამიანური და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანია. მასთან თავს კარგად ვგრძნობდი. როცა ერთად არ ვიყავით, სულ მენატრებოდა და მინდოდა, ჩემთან ახლოს ყოფილიყო. გარდა კარგი თვისებებისა, მისმა გარეგნობამაც მომხიბლა... გიო ჩემთან სახლში მოვიდა და ჩემი ხელი ითხოვა. ამას მოჰყვა ნიშნობა, შემდეგ - ქორწილი. ვიდრე დავქორწინდებოდით, ერთი თქვე რუსეთში გასტროლზე ვიყავით და ეს გასტროლი თაფლობის თვესავით გამოვიდა. ულამაზესი ქორწილი გვქონდა. რესტორნის ეზო, სადაც ხელი მოვაწერეთ, ლამაზად იყო მორთული, ჯვარი კი სვეტიცხოველში დავიწერეთ.

- დაქორწინების შემდეგ ერთმანეთის რა თვისებები აღმოაჩინეთ?

GzaPress- ვიდრე ერთ ჭერქვეშ არ იცხოვრებ ადამიანთან, მასზე ყველაფერს ვერ გაიგებ. თავიდან გიოს სახლში ვცხოვრობდით, ახლა კი ბავშვის გამო, ჩემებთან ვართ. ცოლ-ქმარს შორის მთავარი ურთიერთგაგება, ერთმანეთზე ზრუნვის სურვილი, პატივისცემა, ყურადღება და სიყვარულია. შეუღლების შემდეგ ჩვენი ცხოვრება უფრო მეტად გალამაზდა, ვიდრე ეს შეყვარებულობის პერიოდში იყო. წელს ცოლ-ქმრის ამპლუაში ახალ წელს პირველად ვხვდებით ერთად. ისე კი, ორი წლის წინ ჩინეთში ვიყავით გასტროლზე და პირველად ერთად იქ შევეგებეთ დამდეგს. მაშინ ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობა საწყის ეტაპზე იყო. ეს ყველაფერი ახლა ძალიან ტკბილად მახსენდება. 2014 წელი ჩვენი ახალშექმნილი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო - მარიამი 15 ნოემბერს მოევლინა ქვეყანას. მან ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო შეკრა. 2015-ს სიხარულით ვეგებებით. მარიამის დაბადებით ჩემი უფროსი შვილი - ლუკა ძალიან გავახარე. მას ყოველთვის უნდოდა, და ჰყოლოდა და ეს ოცნება აუხდა. ახლა წუთითაც არ შორდება მარიამს, სულ ეფერება.

- დაბოლოს, კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურს?

- ძალიან ბედნიერი ქალი ვარ, რომ გვერდით მყავს ოჯახი და საყვარელი ადამიანები. თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი! ყველას ბედნიერებას, სიკეთეს, სიხარულსა და ჯანმრთელობას ვუსურვებ. ჩემს ოჯახს კი, ასევე თქვენი ჟურნალის საშუალებით, მსურს ვუთხრა: ძალიან მიყვარხართ!

მარეხ ჭონიშვილი