მეტოქეები - ემოციური მზიასა და ჯულიანას გულახდილი ინტერვიუ - გზაპრესი

მეტოქეები - ემოციური მზიასა და ჯულიანას გულახდილი ინტერვიუ

მზია შოუს ფინალში პირველად არ არის: გასულ სეზონზე ის ლევან ჩიჩუასთან (თიელი) ერთად ცეკვავდა და წყვილმა მეორე ადგილიც დაიკავა. ასე თუ ისე, წინასაფინალო ციებ-ცხელება მზიასთვის ნაცნობია, ჯულიანა კი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალისტის მეწყვილე პირველად გახლავთ...

მოცეკვავეებს რეპეტიციაზე ვეწვიე. ისინი მეწყვილეებთან ერთად, დილის 10 საათიდან შრომობენ. ხშირ შემთხვევაში, გამოძინებასაც ვერ ასწრებენ, რადგან დღის ბოლოს, "ვარსკვლავებთან" რეპეტიციების შემდეგ, დილის 3-4 საათამდე გოჩა ჩერტკოევთან ერთად, შოუს გახსნის ცეკვას ამზადებენ ხოლმე.

- ჯულიანა, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალში პირველად ხარ. როგორი განწყობილება გაქვს?

GzaPress- (იცინის) მაგარი შეგრძნებაა! სამეულში (ნახევარფინალში) ვყოფილვარ, მაგრამ ფინალში - არა. სხვათა შორის, სამეულიდან "გავარდნა" ყველაზე ცუდი შეგრძნებაა. მარიამ როინიშვილიც ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ლევან ახვლედიანი - უფრო მეტად, რადგან 5 სეზონის განმავლობაში ამ პროექტში მონაწილეობდა, სამჯერ ნახევარფინალში მოხვდა და ფინალი არ ეღირსა. ვიმედოვნებ, შემდეგ სეზონზე ფინალში იცეკვებს... მართლა არ ველოდი, რომ მე და ნოდიკო ბოლო ტურში აუტსაიდერობის გარეშე გადავიდოდით. მაპატიე, მზიკო, მაგრამ როცა გამოაცხადეს, რომ შენ და ზურა აუტსაიდერი წყვილი იყავით, ემოცია ვერ დავფარე...

მზიკო:

- ჯულიანამ დაიკივლა!

ჯულიანა:

- (იცინის) ნოდიკოს ვეუბნებოდი, - რა ვქნა, შეიძლება, სირცხვილია, მაგრამ ფინალში მოხვედრა ისე გამიხარდა, რომ "მეშვიდე ცაზე" ვიყავი-მეთქი. იმედია, "მეცხრე ცაზე" ფინალში ცეკვის მერე ავალ...

მზიკო:

- ამ სეზონში აბსოლუტურად ყველა წყვილი კარგად ცეკვავდა. ამიტომ არ მეგონა, თუ მე და ზურა აქამდე მოვიდოდით... ფინალში მოხვედრა ისე გამიხარდა, ემოცია მეც ვერ დავფარე და ძლიერად დავიკივლე! მეორე დილით ყელი მტკიოდა... სცენაზე მარიამ როინიშვილს მოვუბოდიშე, მან კი მიპასუხა, - გოგო, სულელი ხარ? რა ბოდიშს მიხდი? ეს ხომ კონკურსია, სხვა არაფერიო! სცენაზე გასვლის წინ ჯულიანას ვეუბნებოდი, - ძალიან მინდა, ფინალში ერთად მოვხვდეთ-მეთქი. მართლაც, ახლა ჩვენს საყვარელ ცეკვას - "პასადობლეს" შევასრულებთ.

ჯულიანა:

- საერთოდ, ასეთი სახასიათო ცეკვა უფრო მიყვარს და მეხერხება. "ტანგო" და "რუმბაც" მომწონს, მაგრამ "პასადობლე" ჩემს ხასიათს შეესაბამება, "მე ვარ"...

- მეტოქეობის შეგრძნება არ გაგიმძაფრდათ?

GzaPress- ვეცდებით, განსხვავებული და საინტერესო ცეკვა შევასრულოთ. საერთოდ, როცა საქმეს ვაკეთებ, იმაზე არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უნდა ვაჯობო. უპირველეს ყოვლისა, მთავარია, საკუთარ თავს და შენ მიერ შესრულებულ წინა სასცენო ნომერს აჯობო. მე და ნოდიკომ წინა ტურზე "ტანგო" შევასრულეთ. საკმაოდ მაგარი ნომერი გამოგვივიდა. ნოდიკოსაც ვუთხარი, - ფინალმა ისე არ გამახარა, როგორც ჟიურის წევრების კომენტარებმა და ხალხის ემოციამ-მეთქი. ჩვენი ცეკვის დროს დარბაზი არ ჩუმდებოდა და ეს დიდ ძალას გვაძლევდა. არ მინდა, "პასადობლე" "ტანგოზე" რაღაცით ნაკლები იყოს. ვცდილობთ, რომ ემოციურადაც და კომპოზიციურადაც საინტერესო ცეკვა შევასრულოთ.

მზიკო:

- წინა ტურისთვის რეპეტიციაზე ნოდიკო ძალიან ნერვიულობდა. ვუთხარი, - შოუს ყველა სეზონის განმავლობაში ეს საუკეთესო ცეკვა იქნება-მეთქი. მართლაც, მაგარი შოუ დადგეს, ასეთი ცეკვა მანამდე არ მინახავს. სხვათა შორის, შემდეგ გოჩა ჩერტკოევმაც აღნიშნა - 5 სეზონის განმავლობაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო და ძლიერი ნომერი იყოო. ჯულიანასა და ნოდიკოს მიერ შესრულებულმა "ტანგოს" ცქერისას დამბურძგლა...

- თქვენს მეწყვილეებზე რას მეტყვით - რეპეტიციებზე ხომ არ ზარმაცობდნენ?

- ნოდიკოზეც და ზურაზეც შემიძლია ვთქვა, რომ თავიდანვე მონდომებულები იყვნენ. მეწყვილით კმაყოფილი ვარ. ფინალში მოსახვედრად ყველაფერს აკეთებდა. ჩემთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს, პირველ ადგილს დავიკავებთ თუ - მეორეს. მთავარია, რომ 5 სეზონის განმავლობაში, მისი ასაკის კონკურსანტი ფინალში პირველად მოხვდა!

ჯულიანა:

- ნოდიკოს ვინც იცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ ნამდვილი პროფესიონალია, რაც მხოლოდ სიმღერაში არ გამოიხატება: რა საქმესაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერს "ათიანზე" ასრულებს. ჩვენი მეწყვილეები პირველი ტურიდანვე თავს არ ზოგავენ და შრომობენ. ასე რომ, ფინალში დამსახურებულად არიან.

- ბუნებრივია, "ვარსკვლავები" ახლა უფრო მონდომებულები იქნებიან. თქვენგანაც კიდევ უფრო მეტ შრომას, მონდომებას ხომ არ ითხოვენ?

მზიკო:

- მართლაც, ძალიან მონდომებულები არიან: ფინალისტებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ ცეკვა არ "გააფუჭონ". მაგალითად, ჩემმა მეწყვილემ უქმე დღეს დამირეკა და მთხოვა, - ვივარჯიშოთო!

ჯულიანა:

- ტური მთავრდება თუ არა, მაშინვე მომდევნო ცეკვაზე ვფიქრობთ. გვსურს, მაყურებლებს შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ცეკვა ვუჩვენოთ.

- მეწყვილეებთან ურთიერთობამ რა გასწავლათ?

- ნოდიკომ მითხრა, - ძალიან გვეხმარება ის ფაქტი, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთო. ფინალამდე რომ "მიდიხარ", სიტუაცია უკვე დაძაბულია, მცირე რაღაცის გამო "ფეთქდები"... ზოგჯერ ნოდიკო მაგრად მებრალება, მაგრამ რა ვქნა? თავს ვერ ვიკავებ. ამას წინათ გენერალურ რეპეტიციაზე რაღაც ილეთი დაავიწყდა და ბოლო ხმაზე ვიკივლე, მივტრიალდი და სცენიდან გავედი. საწყალი ნოდიკო იქ დარჩა... რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ სისულელე ჩავიდინე. როცა ისევ მივედი, ნოდიკოს არაფერი უთქვამს. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ მომკლავდა (იცინის). მოგვიანებით მითხრა: კარგია, რომ ერთმანეთს ვიცნობთ. ხომ ვიცი, შენს გულსა და სულში რა ხდება? ჰოდა, რომ მიკივლე, ვერ გაგებუტე და არც მეწყინაო... ჩემი მეწყვილე გულიანი მეგობარია, მას ძალიან ვაფასებ.

მზიკო:

- ზურამ მასწავლა, რომ მეწყვილის მიმართ თავშეკავებული უნდა ვიყო (იცინის). თავდაპირველად, როცა მეცადინეობა დავიწყეთ, მის მიმართ რატომღაც, აგრესიულად ვიყავი განწყობილი - სულ ვჩხუბობდით...

ჯულიანა:

- უბრალოდ, მზიკო ცოტა ემოციურია და როცა მეწყვილეს ილეთი არ გამოსდის, მაშინვე "ფეთქდება".

მზიკო:

GzaPress- ბოლო დროს ზურამ დამაწყნარა, დამელაპარაკა და მასწავლა, ცოტა მომთმენი როგორ ვყოფილიყავი. ნახევარფინალში ძალიან ვნერვიულობდი. ძლიერ ცეკვებს ვასრულებდით და ცოტათი "ავფეთქდი", მაგრამ მერე ზურას ბოდიში მოვუხადე, რადგან მივხვდი, დამნაშავე ვიყავი. ის ძალიან კარგი ადამიანია. განვიცდიდი, მის წინაშე ხმას რომ ვიმაღლებდი - ბოლოს და ბოლოს, ასაკით უფროსია. ჰოდა, ეს ყოველთვის გულში ხინჯად მქონდა ჩარჩენილი... ახლა თქვენი ჟურნალის მეშვეობით, პატიებას ვთხოვ...

- როგორ ფიქრობთ - გამარჯვებისთვის მხოლოდ კარგად ცეკვა საკმარისია?

- მიმაჩნია, რომ ვინც ფინალურ ტურში ცეკვავს, ყველა გამარჯვებულია. ჩემი აზრით, თუკი ჯულიმ და ნოდიკომ პირველი ადგილი დაიკავეს, ჩვენ კი მეორე, დამარცხებულები არ ვიქნებით... გამარჯვებისთვის კარგად ცეკვა და ბევრი მესიჯია საჭირო. თუ კარგად იცეკვებ, ხალხიც მხარს დაგიჭერს...

ჯულიანა:

- გამარჯვებისთვის თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. ყოველი ტურისთვის ფსიქოლოგიურადაც უნდა მოემზადო. უნდა იშრომო და პოზიტიური განწყობილება არ დაკარგო. როცა შენი სული ცეკვავს, მგონია, სცენაზეც კარგად იცეკვებ.

- გოგონებო, ახალი წლის დღესასწაულს სად ხვდებით?

მზიკო:

- ალბათ - მანქანაში (იცინის). საერთოდ კი, ოჯახთან ერთად ვხვდები ხოლმე.

ჯულიანა:

- შარშან 12 საათს ზუსტად 5 წუთი რომ აკლდა, სახლში მივედი.

- ახალი წლისგან რას ელით?

- სიხარულს, სიყვარულს, გამარჯვებას (მხოლოდ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" კი არა, საერთოდ...).

მზიკო:

- ასევე - ხვავს, ბარაქას (იცინის)... მინდა, ყველაფერი კარგად იყოს.

ჯულიანა:

- სხვათა შორის, 2015 "ჩემი" წელია - ჰოროსკოპით "თხა" ვარ. "თელაში" გიგი ჰოროსკოპს კითხულობდა და მითხრა, - შენთვის ძალიან კარგი წელი იქნებაო.

ეთო ყორღანაშვილი