ზურა ვადაჭკორიას საახალწლო ოინები
font-large font-small
ზურა ვადაჭკორიას საახალწლო ოინები
"ეს შენი ტელეფონია?" - მკითხა ილუზიონისტმა და ვერც კი მივხვდი, რას აპირებდა, როცა უცებ, ტელეფონიდან ელემენტის ფორმის ფილებმა დაიწყო ცვენა, რომლებიც თურმე შოკოლადის ყოფილა და ინტერვიუზე მისული, ზურა ვადაჭკორიამ ასე სასიამოვნოდ "გამაცურა".
ჩვენი ხანგრძლივი საუბარი ახალ წელთან დაკავშირებულ თემებს შეეხო. მართალია, ამ დღის მოსვლა ახლა ისე აღარ ახალისებს, როგორც ბავშვობისას და ჯარში მსახურობისას, მაგრამ ახალი წელი ბაბუის ამპლუაში, რომელსაც წინ ფოკუსების ღამე ელის, უინტერესო არ უნდა იყოს.

- რაზე ოცნებობდა ბავშვობისას და რა სურვილები ჰქონდა ახალ წელს მომავალ ილუზიონისტს?
- სხვათა შორის, ჩემი ბავშვობისას ამდენი რამ არ იყო, რაც ახლაა, სათამაშოებით დაწყებული, ფეიერვერკებითა და ასაფეთქებლებით დამთავრებული. "ხლოპუშკები" გვქონდა, გამოკრავდი და ხმას გამოსცემდა. ნაძვის ხეზე არც ამდენი ნათურა იყო. ბიძაჩემი დიდ ნათურას რომელიმე ფერით შეღებავდა და ცოცხალ ნაძვის ხეზე დაჰკიდებდა. მახსოვს, მაშინ თოვლიც ხშირად მოდიოდა და ძალიან მიხაროდა. ახალი წლის ღამეს ტელევიზიით კარგი გადაცემებიც გადიოდა და მხიარულად აღვნიშნავდით. ჩემი თაობის ხალხს ემახსოვრება, სახლებში ყუთებით რომ გვქონდა შამპანური, ლიმონათი, მინერალური სასმელები... ასეთი მდგომარეობა რომ იყო, ის სისტემა ალბათ ამიტომაც დაინგრა. სტუმრად წასვლაც უხაროდათ და ვინმეს მოსვლაც, ყველა ერთმანეთს ეპატიჟებოდა. სხვათა შორის, ბავშვობისას ასაფეთქებლებს მე თვითონაც ვაკეთებდი ხოლმე, ერთმანეთში რაღაცებს ვურევდი, რომ დიდი ხმა ჰქონოდა და ეს გვიხაროდა. ციგას ხისგან ვაკეთებდით. მაშინ თბილისში ცოტა მანქანა დადიოდა, "პლეხანოვზე" თოვლი რომ იდო და მანქანები რომ გაივლიდნენ, უკან ვეკიდებოდით და "ვკატაობდით".

- ე.წ. "იტალიურ ეზოში" მეზობლები როგორ აღნიშნავდით ამ დღეს?
GzaPress- ერთმანეთს აუცილებლად ეპატიჟებოდნენ. ახლაც ასეა, მაგრამ - ისე აღარ, როგორც მაშინ. ზოგი მეკვლეობას თავს არიდებდა, - რამე რომ მოუვიდეს, მე არ დამბრალდესო, - და ვისზეც იცოდნენ, რომ ადრე კარგი მეკვლე იყო, იმას ელოდებოდნენ ხოლმე. ეზოში ნამდვილ ნაძვს ვრთავდით და როცა თოვლი იყო, ბაბუასაც ვაკეთებდით, თავისი ქუდითა და სტაფილოს ცხვირით. არ ვიცი, მე გავიზარდე და ეს ხალისი დავკარგე, თუ რა ხდება, მაგრამ ის სიხარული თითქოს აღარ იგრძნობა... ახალი წელი გიხარია იმიტომ, რომ ბერდები...

- ვინ იყო თქვენი ფოკუსების პირველი შემფასებელი?
- ბაბუაჩემი და ძალიან უხაროდა ხოლმე. კარგი კაცი იყო ბაბუაჩემი... მაგალითად, შემეძლო, ქაღალდი ამეღო, მისგან პარკი გამეკეთებინა, შიგნით წყალი ჩამესხა და მერე ის წყალი გამექრო. ავიღებდი კანფეტს, გავხსნიდი, ვანახვებდი, რომ ვაშლის კარამელი შიგნით ნამდვილად იდო, შევახვევდი და იქიდან დაქუცმაცებული ქაღალდი გადმოიყრებოდა. ასეთი ბავშვური ფოკუსები მქონდა.

- საინტერესო და უცნაური ნიჭია ილუზიონისტობა. ალბათ თქვენს მეგობრებსაც ხშირად ეხუმრებოდით, არა?
- რა თქმა უნდა. ათას რამეს ვმაიმუნობდი... ერთხელ, საახალწლოდ ერთ სოფელში წაგვიყვანეს. ძალიან ციოდა. ოთახს ორმაგი ფანჯარა ჰქონდა, ასაფეთქებელი გავაკეთეთ და გარეთ რომ ვისროლეთ, უცებ ამ ორ ფანჯარას შორის ჩავარდა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხმა ექნებოდა?! იმ სიცივეში მთელი მინები ჩაილეწა.

- დღესასწაულს ჯარში როგორ აღნიშნავდით ხოლმე?
- როცა ჯარში ვმსახურობდი, ორ ახალ წელს იქ შევხვდი. სალა, ნიორი, შავი პური, "ტუშონკა", დესერტად - ფორთოხალი, თოვლში დამალული არაყი და ლიმონათი გვქონდა. მართალია, ღომი, საცივი, გოჭი და ინდაური არ იყო, მაგრამ ამავე დროს, ყველაფერი გვქონდა და ის ყველაზე მეტად გვეგემრიელებოდა. ბიჭები ვისხედით, ვსვამდით, ერთმანეთს ვადღეგრძელებდით და ვფიქრობდით, როდის ვიქნებოდით "გრაჟდანები" და არა - "სალდატები". სული გვქონდა მდიდარი და თავისუფალი. ჯარში სულ ფოკუსებს ვატარებდი, კლუბის გამგე ვიყავი და "ჩასტებში" (სამხედრო "ნაწილებში". - ავტ.) კონცერტებს ვმართავდი, სულ ჩემს კოლეგებთან ვიყავი. როცა გამიწვიეს, აქ უკვე მსახიობი ვიყავი. ის პერიოდი კარგად მახსენდება. იქ ვისწავლე ის, რომ შენს საქმეს პატიოსნად უნდა ემსახურო და არავის დაკრულზე არ იცეკვო. ზოგი იცით, რას მეუბნება ხოლმე? დღეს მთავრობა მოდის და კარგად უნდა იმუშაოო. ჩემთვის მაყურებელი მაყურებელია, რას მიქვია მთავრობა?! მე ყველასთვის ერთნაირად ვმუშაობ და განსაკუთრებით, იმ ადამიანებისთვის, ვისაც იმ "წინა რიგებში" დაჯდომის საშუალება არ აქვს.

- ამ დღეს ალბათ საზღვარგარეთაც არაერთი შოუ მოგიწყვიათ, არა?
GzaPress- კი, უცხოეთში ბევრჯერ ვყოფილვარ. ერთხელ, "ორერასთან" ერთად, ახალ წელს უნგრეთში შევხვდი. გერმანიაშიც ვიყავი, რუსეთში - არაერთხელ, ჩვენს მოძმე რესპუბლიკებშიც. ახლა, როცა ქალაქგარეთ ან თბილისში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას მთავაზობენ, ჰონორარი თუ მისაღებია, წავალ და ვიმუშავებ და ამას ზოგიერთივით ნამდვილად არ ვმალავ. თუ ჰონორარი არ მაკმაყოფილებს, რომელიმე მოსწავლეს შევთავაზებ, რომელსაც ის თანხა ხალხში გამოჩენად უღირს, უხარია. ახალ წელს სახლში საჭმელ-სასმელი ყველას აქვს, რესტორანში გასართობად მიდიან და თუ გინდა, მათ კარგი პროგრამა შესთავაზო, ერთ მაგიდაში ასობით ლარს რომ ახდევინებ, მონაწილეს შესაბამისი გასამრჯელოც უნდა მისცე. ხალხი ვაჭრობაზეა გადასული, ახლა ამას ბიზნესის კეთება ჰქვია.

- ახალ წელს გასტროლზე ყოფნა საინტერესოა?
- სხვათა შორის, ძნელია. წახვალ, იმუშავებ, რაღაც "ტოჩკებს" მოივლი, კარგ ჰონორარს აიღებ, მიდიხარ ნომერში, დაღლილი, და მარტო ხარ, ფულთან ერთად. ვითომ ყველაფერი გაქვს, მაგრამ ამავე დროს, არაფერიც არ გაქვს. ადამიანი ყველაზე ცოდვა მაშინაა, როცა ფულთან ერთად რჩება მარტო და გრძნობს, რომ რაც შიგნით უნდა ჰქონდეს მდიდარი - სული, ის დამძიმებული აქვს, შეხედავს იმ ქაღალდებს, რისთვისაც იბრძოდა. აი, გაქვს. რა, ახლა? ბედნიერი ხარ? და არ ხარ!

- როგორ აღიქვამს თქვენს ფოკუსებს იქაური მაყურებელი?
- საზღვარგარეთ მაყურებელი დასასვენებლად მოდის, ჩვენი კი - შესამოწმებლად! ქართველი მაყურებელი არასდროს ისვენებს, თეატრშიც, კონცერტზეც, იმიტომ, რომ გარეთ იმდენი პრობლემა აქვს, იქაც მაგაზე ფიქრობს და რა მეკონცერტებაო?! სუფრაზეც ვერ ისვენებენ. სულ დაძაბულები ვართ, ყველგან. როცა ქართველები საკუთარი თავის გვერდიდან დანახვას, ჩვენი საქციელის შეფასებას ვისწავლით, მაშინ გვეშველება. 3 მილიონი კაცი მთავრობას ხმას იმიტომ ვაძლევთ, რომ 5 ათასი იყოს კარგად. 80% 20%-ის გასამდიდრებლად და "საგულაოდ" ვმუშაობთ. თუმცა, ადრე თუ გვიან, ნამუსი ალბათ მათაც გაეღვიძებათ. როგორც ნიჭიერება და უნიჭობაა კეთილთვისებიანი სიმსივნე და სადღაც მაინც ამოხეთქავს, უნამუსობაც კეთილთვისებიანი სიმსივნეა და ისიც ოდესღაც ამოხეთქავს, სასთუმალთან მარტო დარჩენილი, დაფიქრდება ამ ყველაფერზე.

- ახალი წლის დადგომას ოჯახში როგორ ეგებებით? ამ დღესთან დაკავშირებული ცრურწმენები თქვენც გაქვთ?
- არა, ეს არ მახასიათებს. ცრურწმენებს ჩვენ თვითონ ვიგონებთ და ვიღაცის თვალს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ადამიანი სულ მოძრაობაში, რაიმე ახლის შექმნაში, საქმის კეთებაში უნდა იყოს, სიცოცხლე უხაროდეს. ცრურწმენა არა და უბრალოდ, სურვილი მაქვს ხოლმე, ამ დროს ოჯახში ვიყო და თუ სადმე "პაეზდკაში" არ ვარ, ყოველთვის სახლში აღვნიშნავ, "კორპორაციულებზე" კი მერე მივდივარ ხოლმე, რომლებიც ზოგჯერ ჩემი მეგობრებისაა. პატარა შვილიშვილი მყავს და მეკვლედ ის შემოგვყავს ხოლმე. ადრე მე ან ჩემი ბიჭი გავიდოდით გარეთ და მეკვლეებად შემოვდიოდით. მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი აზრით. საერთოდ, როცა რაიმე არასასიამოვნო შემემთხვევა, ყოველთვის საკუთარ თავს ვაბრალებ და მიზეზებს ჩემში ვეძებ, როდის რა შემეშალა.

- როგორც ერთ-ერთ წიგნშია აღნიშნული, პირველი ქართველი ილუზიონისტი ხართ, რომელმაც საქართველოში საილუზიო ხელოვნების კულტურა შემოიტანა და დაამკვიდრა. თქვენი ბავშვობისას ფოკუსებს ცოცხლად ალბათ მხოლოდ ცირკში თუ ნახავდით. ხშირად დადიოდით?
- კი, სულ დავდიოდი და სულ ილუზიონისტებს ვუყურებდი. მაშინ სად იყო ფოკუსების წიგნები ან ვიდეოები?! ბავშვობისას ავიჩემე, რომ აუცილებლად გავაკეთებდი ფოკუსების წიგნს ქართულ ენაზე და მართლაც, ოთხი წიგნი, ფილმები გამოვუშვი, რომ ახალი თაობის ილუზიონისტებმა ანი და ბანი იცოდნენ. მერე, ვადაჭკორია-უმცროსმა ფოკუსების მაღაზია გახსნა, სადაც პატარები ფოკუსებს ყიდულობენ. პირდაპირ ტელეეთერში ოთხი დიდი ტრიუკი შევასრულე. ილუზიონისტობა ჩემი პროფესია კი არ არის, ჩემი სიყვარულია - რაც მიყვარს, იმას ვაკეთებ. ჩემს ჟანრში აფერისტებიც არიან, რომლებმაც 5 ფოკუსის კეთება "დაამუღამეს" და მეტი არაფერი იციან, მაგრამ ენა აქვთ გადმოგდებული და ბევრს ლაპარაკობენ. ილუზიონისტი მაშინ ხარ, როცა ეს შენია, ამით ცხოვრობ, მაყურებელი უნდა გიყვარდეს. როგორ შეიძლება, ვინმე გიყვარდეს და ის მოატყუო? ჩვენი ჟანრი გაოცებაზეა აგებული და არა - ტყუილზე.

- თუ ყოფილა შემთხვევა, სხვისი ფოკუსი ვერ გაგეშიფროთ?
GzaPress- არ არსებობს გაუშიფრავი ფოკუსი, მე კი არა, ჩემი უმცროსი შვილიც კი შიფრავს. როცა ჟიურის წევრი ვარ, ყურადღებას იმას ვაქცევ, ნომერი რამდენად ოსტატურად მიაქვს მაყურებელთან. ილუზიონისტი კარგი ხელოვანი, შემოქმედი, მოაზროვნე უნდა იყოს, ფეხბურთელი - კარგი სპორტსმენი, პოლიციელი - კარგი "ოპერატივნიკი". სულ ვამბობ, საქართველოში რამდენიმე მომღერალია, დანარჩენები - მღერიან. ილუზიონისტი ვარ და დაკვრაც ვიცი, სიმღერაც, ხატვაც, მუსიკის, რიტმის გრძნობაც მაქვს, ფერები და განათება - ჩემს ფოკუსს რა როგორ მოუხდება, ყველაფერი უნდა ვიცოდე, განლაგებაზე როგორ დავდგე - იმიტომ მქვია პროფესიონალი ილუზიონისტი, თორემ ფოკუსებს წიგნითაც აკეთებენ.

- დაბოლოს: ახალი წლის დასაწყისში რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?
- როცა სუფრასთან ვსხედვართ, ჩემს მეგობრებს ასეთ სადღეგრძელოს ვეუბნები: მინდა, ყველა კარგად და ჯანმრთელად იყოთ და პრობლემები არ გქონდეთ-მეთქი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ამ დროს ჩემს თავზე ვფიქრობ: შენ რომ ცუდად იქნები, მე ვინერვიულებ და ცუდად გავხდები-მეთქი. საერთოდ, მსახიობს თუ პოლიტიკოსს ხალხი კი არ უნდა სჭირდებოდეს, უნდა უყვარდეს, მაყურებელი ამას ყოველთვის ხვდება. მე რომ კანონმდებელი ვიყო, დეპუტატობის უფლებას არ მივცემდი ადამიანს მანამ, სანამ ზეპირად და გააზრებულად არ ეცოდინებოდა ილიას "ბედნიერი ერი", "დათა თუთაშხია" და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. კაბინეტში კი ლოცვები უნდა ჰქონდეს გაკრული და კითხულობდეს, ამ პრინციპებით ცხოვრობდეს! ღირსეული ადამიანები დაპირებებს ყოველთვის ასრულებენ და თუ არ გამოსდით, ბოდიშს მაინც იხდიან. ამას მამაჩემი ბავშვობისას მასწავლიდა. ახალი წელი მხოლოდ მათთვის არ უნდა იყოს "საგულაოდ"... მოკლედ, სრულიად საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს და ჯანმრთელობას ვუსურვებ! ახლა იმ 20%-მა იმუშაოს 80%-ისთვის! 5 000-მა კაცმა "იჩალიჩოს", რომ 3 მილიონი იყოს კარგად, ხალხი უყვარდეს და არა - სჭირდებოდეს!
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი