რა მიიღო საჩუქრად მსახიობის შვილმა - გზაპრესი

რა მიიღო საჩუქრად მსახიობის შვილმა

მსახიობ მაკა შალიკაშვილს "პირველი ამბების" გახსენება მოეწონა და გაერთო. მიიჩნევს, რომ ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში პირველად ხდება, მნიშვნელოვანია და გვამახსოვრდება... მაკა ახალი წელს რესტორანში შეხვდა: მსახიობ გიორგი მეგრელიშვილთან ერთად, სადღესასწაულო საღამოს წამყვანი გახლდათ.

- მაკა, პირველი საახალწლო სუფრა გაიხსენეთ, რომლისთვისაც კერძები თავად მოამზადეთ.

GzaPress- ასეთი რამ არ მომხდარა (იცინის). თუმცა, ბავშვობაში ბებია საახალწლო სუფრის სამზადისში ყოველთვის ცდილობდა ჩემს "ჩართვას". როცა პირველად ახალი წლის სადღესასწაულო სუფრის მთავარი "ატრიბუტი" - გოზინაყი მომამზადებინა, უბედნიერესი ვიყავი! მაშინ 7-8 წლის გახლდით. ბებიას გოზინაყის მომზადებაში უბრალოდ, დავეხმარე, მაგრამ რომ მითხრეს, - შენი მომზადებულიაო, გადავირიე - მეგონა, მართლა თავად მოვამზადე. მერე ტრადიციად იქცა, რომ მე და ბებია გოზინაყს ერთად ვაკეთებდით, ხინკალსაც ვახვევდით...

- თქვენს წლევანდელ სადღესასწაულო სუფრაზე ვინ იზრუნა?

- სადღესასწაულო სუფრა არ მქონდა, რადგან შინ არავინ იყო.

- თქვენი გოგონა სად იყო?

- მამიკოსთან, ოჯახში. თინანო, საახალწლო სუფრის მომზადებაში ბებიასა და ბაბუას ეხმარებოდი (შვილს მიმართავს. - ავტ.)? ა, გეზარებოდა? ჰო, ე.ი. დედას ჰგავხარ (იცინის).

- შვილის მიერ თოვლის ბაბუსთვის მიწერილი წერილი პირველად როდის ჩაგივარდათ ხელში?

- წელს. მისწერა, - მობილური ტელეფონი მინდაო. სურვილი თოვლის ბაბუა-მამიკომ აუხდინა. ახლა თინანო ტელეფონის ბატარეას ტენის და ბედნიერია.

- პირველად მეკვლე როდის იყავით?

- არ მახსოვს, ალბათ - ბავშვობაში: სოფელში, ჩემი მეგობრის - სოფო ზაალიშვილის მეკვლე ვიყავი...

- მეკვლესთან დაკავშირებული ცრურწმენის გჯერათ?

- რა თქმა უნდა, რაღაც ენერგეტიკა არსებობს: მჯერა, რომ კარგი ადამიანი მეკვლედაც კარგია და ყოველდღე სანახავადაც.

- თქვენ შესახებ რას ამბობენ, როგორი "ფეხი" აქვსო?

GzaPress- საზოგადოებაში ინტეგრირებული მეკვლე არ ვარ. ამიტომ ჩემს შესახებ გამოკვეთილი აზრი არ არსებობს... არ მინდა, ვინმეს მეკვლე ვიყო და მერე რაღაც დამაბრალონ.

- პირველი დიეტა...

- "გამოკვეთილი" დიეტა არ დამიცავს, ჩემეული მეთოდები მაქვს: შეიძლება, დიეტა ტვინში ვერ "დააწყო" და მაინც გასუქდე. მივაღწიე იმას, რომ შეიძლება, ხაჭაპური ვჭამო და არ გამასუქოს. კვირაში ერთხელ შიმშილი, ორგანიზმის გაწმენდა გამოხდილი წყლით - ამ მეთოდებისთვის მიმიმართავს. ახლა კვების რაციონიდან ხორცი ამოვიღე და მიხარია - თავს კარგად ვგრძნობ. კიდევ, ღამით არ ვჭამ.

- პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხეთ...

- ნამდვილად არ მახსენდება. ალბათ, სასკოლო პროგრამიდან რომელიმე მოთხრობა იყო... სამაგიეროდ, მახსოვს, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა: "ანა კარენინა" რომ წავიკითხე, ბევრი ვიტირე... "ოსტატი და მარგარიტას" კითხვისას კი ოთახში მარტო ვიყავი და ძალიან შემეშინდა, კითხვა შევწყვიტე. მეგონა, სადღაც ახლოს ეშმაკი ვოლანდი დადიოდა.

- ნაწარმოების ბოლომდე წაკითხვა შეძელით?

- კი, კი... მერე კითხვა განვაგრძე, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ის ძლიერი შთაბეჭდილება ახლაც მახსოვს.

- პირველი სიყვარული...

- ეს სკოლაში იყო. კლასელი მომწონდა და მახსოვს, 3-4 წელი არ ველაპარაკებოდი.

- რატომ?

- მოწონებისგან გავებუტე.

- თქვენი ურთიერთობა როგორ განვითარდა?

- მგონი, მეთერთმეტე კლასამდე არ ველაპარაკებოდი ანუ მანამდე, ვიდრე სხვა არ შემიყვარდა. როგორც კი სხვაზე გადავერთე, მან უკვე "ფუნქცია დაკარგა". საერთოდ, სიყვარულის გადავიწყების საუკეთესო წამალი მეორე სიყვარულის პოვნაა...

- პირველი შეხვედრა თოვლის ბაბუსთან...

- რამდენიმე წლის წინ, მთაწმინდის პარკში, თოვლის ბაბუს ამპლუაში ონისე ონიანს შევხვდი და ძალიან გამიხარდა.

- მანამდე არასოდეს გინახავთ, თუნდაც - საბავშვო ბაღში.

- არა...

- პირველი საახალწლო საჩუქარი, რომელიც ვინმეს მიუძღვენით...

- ბავშვობაში ასეთი ტრადიცია არ მქონდა, რომ ახალ წელს ვინმესთვის რამე მეჩუქებინა. ახლა საყვარელ მეგობრებს ვუძღვნი საჩუქრებს...

- საჩუქრებს იოლად არჩევთ?

- რა თქმა უნდა.

- მაკა, სარეცხი პირველად როდის გარეცხეთ?

- ალბათ, 5-6 წლის რომ ვიყავი, მაშინ. სამოსს თოჯინებს ვურეცხავდი.

- პირველი სიგარეტი...

- იგოეთში მოვწიე. ჩემს ბავშვობაში არსებობდა სიგარეტი, რომელსაც ეწერა: "პირველი კლასის მწეველი", "მეორე კლასის მწეველი"... მაშინ პირველ კლასში ვიყავი და მეგონა, ის სიგარეტი პირველკლასელებისთვის იყო განკუთვნილი. ჰოდა, მოვწიე.

- ეს ამბავი როგორ დასრულდა?

GzaPress- ნაფაზს ვერ ვარტყამდი და ძალიან "დავბრუალდი".

- მშობლებმა შეიტყვეს?

- შეიტყვეს, რადგან "გავნაგლდი": მამას სიგარეტის შესანახად შინ ერთი ადგილი ჰქონდა შერჩეული. ღერებს ჩუმად ვიღებდი და ვეწეოდი. ეტყობა, მამა ღერებს თვლიდა. ჰოდა, გამომიჭირა.

- დღესაც ეწევით?

- აღარ.

- სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება არ გაგიჭირდათ?

- არანაირად. 2 წლის წინ დავანებე მოწევას თავი.

- პირველი ინტერვიუ...

- ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა. თან, ჩემი ფოტო გარეკანზე იყო. ჟურნალი სარდაფის თეატრში მივიტანე, მსახიობებმა (ზუკა პაპუაშვილი, ბესო ბარათაშვილი...) კი ხელი მომიწერეს და გამამხნევეს, - აბა, შენ იციო!

- ჟურნალისტის ყურადღება რით მიიქციეთ?

- სპექტაკლებით. მაშინ "ეტ სეტერაში" ვთამაშობდი და "სტრანნად" ვიცვამდი...

- პირველი საახალწლო სურვილი, რომელიც აგიხდათ...

- ალბათ, შვილის შეძენა. ბავშვი მინდოდა და ვამბობდი, - ღმერთო, ნეტავ წელს შვილი მეყოლოს-მეთქი.

ეთო ყორღანაშვილი