"შეიძლება, შოუში ცეკვისგან თავი შევიკავო" - გზაპრესი

"შეიძლება, შოუში ცეკვისგან თავი შევიკავო"

წყვილი ახალი წლის დღესასწაულს წელს უკვე მესამედ შეხვდა ერთად. ლელას და ლევანს 2 მცირეწლოვანი შვილი - ლუკა და ანასტასია ჰყავთ.

ლელა ახვლედიანი:

- "ცეკვავენ ვარსკვლავები" 31 დეკემბერს, 12 საათის შესრულებას 10 წუთი რომ აკლდა, მაშინ დასრულდა. საახალწლო სუფრისთვის სახლში არაფერი მომიმზადებია (იცინის). ახალი წელი მეორე დღეს აღვნიშნეთ.

- საერთოდ, საახალწლო სუფრას თავად ამზადებ?

GzaPress- კი და ლევანიც მეხმარება - ხორციან კერძებს ამზადებს.

- თქვენს საახალწლო სუფრაზე რომელი კერძია ხოლმე აუცილებლად?

- უპირველეს ყოვლისა, გოზინაყი უნდა იდოს სუფრაზე. ვცდილობ, ბევრნაირი კერძი გვქონდეს.

- გოზინაყს თავად ამზადებ?

- ვერ მოგატყუებთ, გოზინაყი არასდროს მომიმზადებია (იცინის). ძირითადად, კერძებს ვამზადებ, გოზინაყს კი ლევანი, მაგრამ წელს ვინაიდან ვერაფერს ვასწრებდით, ეს ნუგბარი დედამისმა გამოგვიგზავნა.

- თქვენს სახლში ნაძვის ხეს ვინ რთავს?

- წინათ მე ვრთავდი, წელს კი ერთად ავაწყვეთ და სათამაშოებიც ერთად შევურჩიეთ.

- პატარებიც დაგეხმარნენ?

- ისინი ნაძვის ხის დაშლაში "გვეხმარებიან" - მეორე დღეს სათამაშოები ტოტებზე აღარ იყო (იცინის).

- ლელა, საახალწლო განწყობილებას ყველაზე მეტად, რა გიქმნის?

- ყველაფერი. ეს დღესასწაული ძალიან მიყვარს. ვცდილობთ, პატარებს ახალი წელი გავუხალისოთ. თოვლის ბაბუს სტუმრობა და საჩუქრები ბავშვებს ძალიან ახარებთ.

- თოვლის ბაბუს როლი ვინ მოირგო?

- ჯერ - არავინ. შარშან ლევანს თოვლის ბაბუს ფორმა ეცვა. როლი ისე შეასრულა, ბავშვებმა ვერ იცნეს. ჩვენს პატარებს ახალი წლის დღესასწაული 14 იანვარს დაუდგებათ და ნაბდიანი თოვლის პაპაც ესტუმრებათ.

- ახალ წელს ტელევიზორს უყურებ ხოლმე?

- როცა საქმეს მოვრჩები, ტელევიზორის საყურებლადაც მოვიცლი ხოლმე. საახალწლო ფილმები ძალიან მიყვარს!

- ყველაზე მეტად, საახალწლო განწყობილებას რომელი ფილმი გიქმნის?

- "სახლში მარტო დარჩენილი". ყოველ წელს ვუყურებ - არ მბეზრდება.

- ლელა, როცა შენ და ლევანმა დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეთ, ბინის ინტერიერის დიზაინზე თავად იზრუნეთ თუ რჩევა პროფესიონალსაც ჰკითხეთ?

- ბინა ჩვენი გემოვნებით მოვაწყვეთ. ორივე დავდიოდით, რაღაცებს ვარჩევდით... მაგალითად, შპალერის ფერის შერჩევისას ბევრი ვიფიქრეთ. საბოლოოდ, შავ-თეთრი ფერები გადავწყვიტეთ. ერთნაირი გემოვნება აღმოგვაჩნდა.

- საერთოდ, თქვენი გემოვნება ერთმანეთს ხშირად ემთხვევა?

- ყველა საკითხში ერთნაირი გემოვნება არ გვაქვს: როცა ტანსაცმელს ვარჩევ, ხანდახან მე სხვა სამოსი მომწონს, ლევანს - სხვა.

- ყოველდღიურად როგორი სტილის ტანსაცმელს იცვამ?

- ადრე სპორტული სტილის სამოსს ვანიჭებდი უპირატესობას, ახლა უკვე გავიზარდე და საკუთარი თავი კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი უფრო მეტად მომწონს. ლევანს თავიდანვე კლასიკური მოსწონდა და მიმანიშნებდა, - ეს სტილი მოგიხდებაო. ცხადია, ყოველდღიურად მაინც სპორტული სამოსის ჩაცმა მიწევს...

- ახალი წლის დღესასწაულისთვის გარეგნობაზე განსაკუთრებულად ზრუნავ?

- რა თქმა უნდა, მეც მინდება ხოლმე, რომ ამ დღეს ლამაზად გამოვიყურებოდე, მაგრამ საამისოდ განსაკუთრებულად არ ვზრუნავ.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში", როცა შენ და ლევანი აუტსაიდერები იყავით, იმ დღეს ვის მიერ შესრულებული ცეკვა ჯობდა?

- ორივე კარგი იყო. ჩემი და თორნიკეს მიერ შესრულებული ჰიპ-ჰოპი ყველას მოეწონა, ლევანმა და მარიამმაც კარგად იცეკვეს.

- რას გრძნობდი, როცა მეუღლეს "დაუპირისპირდი?

GzaPress- პროექტიდან "გავარდნისთვის" ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი, მაგრამ აუტსაიდერად მეუღლესთან ერთად დადგომა არ მინდოდა, გული ამიტომ დამწყდა...

- წიგნების კითხვა გიყვარს?

- კი, მაგრამ არც წასაკითხად მცალია და არც - ტელევიზორის საყურებლად, სულ "გადარბენაზე" ვარ.

- პატარა ლუკას ზღაპრებს არ უკითხავ?

- ძირითადად, ვუყვები. ბევრი წიგნი გვაქვს, მაგრამ ხევს (იცინის). სწორედ ამიტომ ვცდილობ, ზღაპრები კი არ წავუკითხო, ვუამბო.

- ლუკას კიდევ, რა მოსწონს, რა აინტერესებს?

- ძალიან მტირალა ბავშვია (იცინის). თევზებთან ერთად, აკვარიუმში კუც გვყავს. როცა აკვარიუმს ვასუფთავებთ, კუ ამოგვყავს და ლუკა თამაშობს. ერთხელ კუ ტელეფონადაც გამოიყენა: ყურთან მიიდო და "ჩასძახა", - ალოო! პირველად რომ დავინახე, კუ ხელში ეჭირა, კინაღამ გავგიჟდი. თავად ამის გაკეთება არ შემიძლია, მეშინია... ამას წინათ, პოინტერის ჯიშის ლეკვი გვაჩუქეს, მაგრამ შინ მხოლოდ 1 დღე გვყავდა - რატომღაც, ბავშვს ძალიან შეეშინდა. ჰოდა, ლეკვი დროებით, ლევანის ბიძასთან წავიყვანეთ.

- თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?

- არ ვიცი, ეს სხვამ უნდა თქვას... ისე, როცა რაღაც სამოსი "მოდაშია", ძალიანაც რომ მომწონდეს, ვერ ვიცვამ. ყველა რომ ჩაიცვამს, მერე მეც მოვირგებ ხოლმე.

- მოდურ სამოსს თავიდანვე რატომ არ იცვამ?

- არ მინდა, "ვყვიროდე".

- ანუ ჩრდილში ყოფნას ამჯობინებ?

- ჰო, ასეთი ხასიათი მაქვს, მაგრამ ეს ცუდი თვისებაა...

- ასეთ ხასიათს შენს პროფესიაშიც ავლენ?

- არა, ცეკვისას მინდა, კაბაც საუკეთესო მეცვას, მაგრამ ექსტრავაგანტური სამოსის მორგებისას, ვფიქრობ, - "სხვები როგორ შემომხედავენ? რას იტყვიან?" ამიტომ ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან თავს ვიკავებ და ჩვეულებრივად ვიმოსები.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობას ისევ აპირებ?

- ჯერ არ ვიცი.

- ყოყმანის მიზეზი რა არის?

- პროექტში მონაწილეობისას, შვილებთან ყოფნისთვის ნაკლები დრო მქონდა. ამიტომ შეიძლება, შოუში ცეკვისგან თავი შევიკავო.

ეთო ყორღანაშვილი