რის გამო აჩერებს პატრული ბესო ბერულაშვილს - გზაპრესი

რის გამო აჩერებს პატრული ბესო ბერულაშვილს

მერე ახალი წლისა და ნაბახუსევის ამბებს მომიყვა. როგორც ჩანს, სხვებისგან პასუხი ვერ მიიღო და ყოველი შემთხვევისთვის, მკითხა, - შენ ხომ არ იცი, ახალი წელი როდის მთავრდება? არ ვიცი, ამხელა კაცი სად დავემალო, აღარ შემიძლიაო. მოკლედ, იმ დღეს ინტერვიუს ჩაწერაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მომდევნო დღეს თადარიგი ადრიანად დავიჭირე და ვიდრე მორიგ სუფრაზე მიიპატიჟებდნენ, დავურეკე.

- ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდი, მერე მაიას მშობლებთან წავედით. გზად პატრული შემხვდა, ჩვენი პოლიციელები მორიგეობდნენ. მათ, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, გენერლებს, ექიმებს, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ახალ წელს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ვულოცავ! ყველას უნდა, ეს წუთები ახლობლებთან ერთად, შინ გაატაროს, მაგრამ პროფესიას ვერ ღალატობენ. ცუდი მძღოლი არ ვარ, მაგრამ პატრული მაინც ხშირად მაჩერებს. სერიოზული სახით მიახლოვდებიან და როცა უნდა ვკითხო, - "რამე დავაშავე?" მეუბნებიან, - შენი განუბაჟებელი ანეკდოტი სად არისო (იცინის)? ჰოდა, იმას გიყვებოდი, მაიას მშობლებთან მივედით.

GzaPressჩემი სიმამრი ასაკშია, იშვიათად სვამს, მაიას ძმა კი ფიგურას უფრთხილდება. რამდენიმე ჭიქა დავლიე, ახალი წლის შემობრძანება დავლოცე... ერთ დღეს მათთან სახლში მიხოს ამბავს ვყვებოდი. მიხო სიკვდილის წინ ცოლს დაუძახებს და ეტყვის: ერთი ნატვრა შემისრულე. სიკვდილი რომ მოვა, შენ მარჯვენა მხარეს დადექი და დედაშენი მარცხენა მხარეს დააყენე. - ეგ რატომო? - მინდა, ქრისტესავით მოვკვდე 2 ავაზაკს შორისო. მიხოს ამბავი ჩემმა სიდედრმა გააპროტესტა, მე და მაია ავაზაკები ვართო? ის კი არ თქვა, შვილო, ეს ახალგაზრდა ბიჭი რატომ კვდებიო?

- დაბადების თარიღი...

- ...1972 წლის 26 სექტემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ფეხბურთელი. დღესაც ფეხბურთელობა მინდა. ბედის ბორბალი, ჩარხი თუ რაც ჰქვია, რომ დატრიალდეს, აუცილებლად ფეხბურთელი გამოვიდოდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მეგობრები ამბობენ, - მხიარული ადამიანი ხარ, კარგ განწყობაზე გვაყენებ, შენთან ერთად ქეიფი კარგიაო, ოჯახში კი საპირისპიროს მეუბნებიან. ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე. გარეთ იმდენს ვლაპარაკობ, სახლში ლაპარაკის თავი აღარ მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ, ყველას კარგი განწყობა შევუქმნა. ჩემი სიამოვნებისთვის 1 დღეც არ მიცხოვრია.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ყველაფერი უფლის წყალობაა. ძალიან კარგი მშობლები მყავდა. ჩემს კაცად ჩამოყალიბებაში ლომის წილი დას მიუძღვის. მერე ცხოვრებაში არაერთი წესიერი და კარგი ადამიანი შემხვდა. დიდი როლი ითამაშა ეკლესიამ. წლებია, პატრიარქის სტიქაროსანი ვარ. ამ ადამიანით მონუსხული გახლავართ. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ამაგი დავუკარგო. განა შეიძლება, ამ ჩამონათვალში ჯემალ ბაღაშვილი არ ვახსენო? ის არის ჩემი გზაზე დამყენებელი. შემიძლია, მასზე დაუსრულებლად ვილაპარაკო. არასდროს მომბეზრდება იმის გამეორება, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი მეგობრები მყავს. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ორ ადამიანს - ირაკლი ღარიბაშვილსა და კახა კალაძეს მადლობა ვუთხრა. ჩემს ცხოვრებაში იყო შემთხვევა, როცა ორივე ძალიან კაცურად და სამართლიანად მოიქცა. მაგრძნობინეს, რომ მარტო არ ვიყავი და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არ ვიცი, რამდენად მოსაწონია, მაგრამ როცა ვინმე რამეს მთხოვს, უარს ვერ ვეუბნები. ამ თვისების გამო, ხშირად ზიანი საკუთარი თავისთვის მიმიყენებია. რომ გეუბნებიან, - უნდა ითამადოო და ამ დროს ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, უარი უნდა თქვა. ერთი კარგი თვისება მაქვს, მეგობრები უზომოდ მიყვარს. უხერხულია, ჩემს თავზე რეებს მალაპარაკებ? სულ კარგები უნდა ვთქვა? სხვებმა ილაპარაკონ, აჯობებს. ადამიანს თუ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა ძალიან მიყვარს, თუ არა და, ახლოს არ გავიკარებ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...სიზარმაცე და სიტყვები - "ხვალ გავაკეთებ". საქმეების გადადება მჩვევია, ამასაც ზიანი მოაქვს. ბოლო დროს ვცდილობ, ეს თვისება დავძლიო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე თბილ ქვეყანაში, ზღვის სანაპიროზე შორტებით დავრბოდე.

- ვიბნევი, როცა...

GzaPress- ...სახლში ტყუილის თქმა მიწევს. მაგალითად: "არა, არა, კაცო, წვეთი არ დამილევია". არადა, "დაბრედილი" ვარ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...არაპუნქტუალურ ადამიანებს. ეს ცუდი თვისებაა.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ფეხბურთელი; შეუმდგარი მეტალურგიც ვარ - სახლში მეტალურგის დიპლომი მაქვს; შეუმდგარი ეკონომისტიც გახლავართ და ამის დამადასტურებელი დიპლომიც გამაჩნია; შეუმდგარი არტისტი ვარ. საკუთარ თავს არტისტად არ მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სკოლა გავიარე (ჯემალ ბაღაშვილს რომ სკოლა აქვს, ეგეთი დაიტრაბახონ).

- ძალიან მინდა...

- ...ფილმში თამაში. დაწერე ასე და შეურცხვეთ რეჟისორებს თავი, თუ არ მათამაშებენ. კომედია უნდათ, ტრაგედია, თუ რა ჟანრი, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ოჯახით, მეუღლით, შვილით, შვილიშვილით, რჩეული მეგობრებით. ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ 2 იანვარს ერთმანეთს დავბედებოდით (ისე, ბოლო დროს ერთმანეთს ისე ძალიან დავებედეთ, დასანახად ვეღარ ვიტანდით ერთურთს).

- სიყვარული ეს...

- ...ბედნიერებაა. ახლახან ტელევიზორში კახი კალაძის ოჯახზე მომზადებულ სიუჟეტს ვუყურე. ეს ადამიანები ძალიან მიყვარს. ბოლო 2 წელია, ასეთ სიუჟეტებს ამზადებენ და ვფიქრობ, კარგი ტრადიცია დამკვიდრდა, ქვეყნის პირველი პირები მეუღლეებთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულები დადიან. მერე სხვებსაც უჩნდებათ სურვილი, უფრო მეტად დააფასონ საყვარელი ადამიანი. იმას რა სჯობს, როცა ქვეყანაში ერთგულება და პატიოსნება დაფასებულია. მამაჩემი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, გვერდით არ გაუხედავს და თავის დროზე ეს ძალიან გვიკვირდა. სინამდვილეში, ძნელი სულაც არ არის. ქართველი კაცი ბუნებით მოღალატე არ გახლავთ. მხოლოდ, რუსეთი რომ "შემოვიდა" საქართველოში, მაშინ აურიეს ცოტა - გადაფრინდებოდნენ, გააგიჟებდნენ იქაურ ქალებს და გადმოფრინდებოდნენ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...თუ ქება გადამეტებულია, უხერხულობა მექმნება, თუ სიმართლეს ამბობენ, მიხარია. ხათრიანობაც არ არის კარგი თვისება.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...გონებაგაფანტულობის გამო. ჯემალ ბაღაშვილი ჩემზე ამბობს, - ამან სხეულის და გონების კონცენტრაცია რომ მოახდინოს, მთებს გადადგამს, მაგრამ რად გინდა? რეპეტიციაზე არის და სუფრაზე ფიქრობს, ქორწილშია და დაბადების დღეზე ფიქრობს, სამსახურში - რეპეტიციაზე ფიქრობს... გამაგიჟა. ეს ვინ არის, სულ რატომ "დაფრინავსო"?

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რა ვერ ვისწავლე? სახლში დროზე მოსვლა? - არა, არა, ბოლო დროს ესეც ვისწავლე. ჰო, გამახსენდა, ხატვა ვერ ვისწავლე. ძალიან მიკვირს, ადამიანები როგორ ხატავენ?

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ფული კარგი რამეა. დაახლოებით მაინც, რამდენს მაძლევ? ჩვენ რომ ვიცით, იმას რომ აქვს, იმაზე მეტს?

- რამდენიც გინდა.

GzaPress- ...რაც უფრო ბევრი ეგეთი ადამიანი იქნება ქვეყანაში, უკეთესია. პირველი რასაც გავაკეთებდი, იპოთეკარებს, თავზე ბენზინს რომ ისხამენ, პრობლემას მოვუხსნიდი. ერთ დიდ ქალაქს ავაშენებდი და ამ ქვეყანაში ლტოლვილების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდებოდა. ალბათ შენც ხშირად გაგიგონია, რომ ამბობენ: გაიღოს ივანიშვილმა მათთვის თანხა, მისთვის ეს ხომ უმნიშვნელოაო? ასეთი მიდგომა მაღიზიანებს. თქვე დალოცვილებო, შეიძლება, ივანიშვილისოდენი არა, მაგრამ ცოტათი ნაკლები თანხა იცით, რამდენ ქართველს აქვს? თუ არ იცით, ჩემთან მოდით და გვარებს დაგისახელებთ. ბევრი ფული რომ მქონდეს, დიდ თანხას ეკლესიისთვის გავიღებდი და ჩემს ოცნებასაც ავისრულებდი: ერთ ვეებერთელა სახლს ავაშენებდი, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვიცხოვრებდი. ჩვენი შვილები ერთად გაიზრდებოდნენ და ვიქნებოდით ბედნიერები...

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...იმას, რაც ჩემს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, სახელსა და გვარს ზიანს მოუტანს, არაფერს გავაკეთებდი. თუ ჩემს სახელს ზიანს მოუტანს და ქვეყანას სასიკეთოდ გამოადგება, მაშინ გავრისკავდი.

- ვნანობ, რომ...

- ...ჩემი სინანულების დიდი არზა მოძღვართან მიმაქვს ხოლმე.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...უწმინდესის ყოველი ქადაგება დარიგებაა. კარგი იქნება, ყველანი ყურს თუ დავუგდებთ და გავითვალისწინებთ.

- დაბოლოს...

- ...მინდა ჩემს ქართველ ხალხს მშვიდობა ვუსურვო. ნუღარ გავიმეტებთ ერთმანეთს. შენდობის დრო მოვიდა. არც ერთი ქართველი დასაკარგი არ არის. ვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი, კი არ უნდა გაიჯგიმოს, არამედ ბოდიშის მოხდა უნდა ისწავლოს, სინანულში ჩავარდეს. ღმერთმა ყველას შეუნდოს, ვინც წინა წელს მაწყენინა; მეც მომეტევოს, თუ ვინმეს ვაწყენინე და 2015 წლიდან ყველანი ერთად, სიყვარულით ცხოვრებას შევუდგეთ.

თამუნა კვინიკაძე