სვანი რეჟისორი წითელ ხალიჩაზე გასასვლელად ემზადება - გზაპრესი

სვანი რეჟისორი წითელ ხალიჩაზე გასასვლელად ემზადება

მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და რეჟისორმა ოცნებების ნაწილი აიხდინა. ბოლო თვეების განმავლობაში, მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა - "დინოლა" ათამდე სხვადასხვა საერთაშორისო პრიზი მოიპოვა. ახლაც, კიდევ ერთ დიდ პროექტთან აპირებს შეჭიდებას...

GzaPress- იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში წავიკითხე სვანეთის ისტორიის შესახებ ერთი წიგნი და გადაწყვეტილება შევცვალე, ჩავაბარე თეატრალურში და მიხო ბორაშვილის ჯგუფში ვსწავლობდი... საერთოდ, სვანეთში ცხოვრებასა და ტრადიციებზე ყოველთვის უფრო მეტის გაგება მსურდა, ვიდრე ვიცოდი. წინაპრების შესახებ მაინტერესებდა ლიტერატურა, ფილმები. თუმცა, მიხეილ კალატოზიშვილის "ჯიმ შვანთეს" გარდა, ვერაფერი ვნახე და სამწუხაროდ, ვერც ისეთი წიგნი აღმოვაჩინე, რომელიც სვანეთს რეალურად გამაცნობდა. მომავალში სწორედ ისეთი ფილმის გადაღება მაქვს დაგეგმილი, რომელიც ჩემს კუთხეს მრავალმხრივად წარმოაჩენს.

- ვიდრე მომავლის გეგმებზე ვისაუბრებთ, შენი პირველი წარმატება გაიხსენე...

- მეორე კურსზე ვიყავი, როცა ჩემი პირველი ფილმი - "ვერძობა" ტელევიზიაში მივიტანე და "რუსთავი 2"-ის დირექტორს, ვახტანგ მაისურაძეს ვთხოვე, ეთერში გაეშვა. დირექტორმა მითხრა, რომ სტუდენტურ ფილმს ვერ გაუშვებდა. დავიჟინე: დისკს მაინც დავტოვებ, ნახეთ და თუ არ გაუშვებთ, ეს უკვე თქვენი ნებაა-მეთქი. მახსოვს, იმავე საღამოს დამირეკა და მითხრა, რომ ფილმი ორჯერადი ჩვენებით შეისყიდეს; იმავე კვირაში გავიდა ეთერში და ჩემი პირველი ჰონორარი - 200 ლარი გადმომცეს... ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე სტუდენტურ პროექტში "ზაფხულის კინოსკოლა". როცა პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზურა მაღალაშვილმა დამირეკა და მაცნობა, რომ შერჩეულ სტუდენტებს შორის მოვხვდი, ისეთი შოკი მივიღე, ხუთი წუთის განმავლობაში ვერ ვლაპარაკობდი. ამ პროექტმა დიდი გამოცდილება მომცა. სტუდენტებს საშუალება გვქონდა კინოფირზე გადაგვეღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ვმუშაობდით პროფესიონალებთან ერთად. მაშინ გადავიღე ფილმი "ბექნუ". ყველა რეჟისორი ოცნებობს, ფილმი კინოფირზე გადაიღოს და იმედი მაქვს, ამის საშუალება მომავალშიც მომეცემა. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურში არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა, იქ ტექნიკურად ბევრი რამის საშუალება არ იყო, "ზაფხულის კინოსკოლამ" გაცილებით მეტი ცოდნა მომცა.

- მიხო ბორაშვილს ბავშვობიდან იღებდნენ ფილმებში. მასზე რას გვეტყვი?

- ძალიან კარგი ადამიანია. არანაირად არ მზღუდავდა და ჩემი ხედვის შეცვლას არ ცდილობდა. დღემდე, ხშირად ვეკონტაქტები. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ის ჩემთვის მამაა. ყოველთვის კითხულობს ჩემს ამბებს და უხარია ჩემი წარმატება. საერთოდ, ადრე ვფიქრობდი, რომ თუ ნაცნობი და ხელისწამკვრელი არ გყავს, ვერაფერს მიაღწევ-მეთქი, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, ასე არ არის. ადამიანი სურვილის ასახდენად მაქსიმუმს თუ აკეთებ, ყველაფერს მიაღწევ. 2014 წელს კანის კინოფესტივალზე რომ ვიყავით, ქალბატონმა ნანა ჯანელიძემ იხუმრა, - უშგულიდან პირდაპირ წითელ ხალიჩაზე მოხვდიო და ეს მართლაც ასეა.

- 2014 წელს შენი პროექტი "დედე" (სვანური სიტყვაა და "დედას" ნიშნავს) კანში მსოფლიო პავილიონზე მოხვდა...

GzaPress- ასე იყო. ბევრს ეშლება და მინდა განვმარტო, "დინოლა"'ჩემი 15-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია ანუ პროექტ "დედეს" ნაწილი და ის უკვე ნახა საზოგადოებამ. "დედე"'სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება; ვინაიდან დამწყები რეჟისორი ვარ, გადავწყვიტე, ჯერ მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გამეკეთებინა" ("დინოლა") და მერე საბოლოო ვერსია შემექმნა. უწინ სცენარებს არ ვწერდი. ირაკლი სოლომონაშვილს ვთხოვე, ჩემი ათგვერდიანი ჩანახატი სცენარად გადაეკეთებინა და ერთად გვემუშავა. ირაკლიმ მირჩია, თავად მიმეყვანა ჩანაფიქრი ბოლომდე. მისი დამსახურებაა, 80-გვერდიანი სცენარის დაწერა რომ გავბედე. ასევე, ირაკლის უკავშირდება ჩემი კიდევ ერთი წარმატება: მან გამაცნო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა, რომელთანაც ერთადაც დავიწყე მუშაობა და მისივე რჩევით გადავიღე "დინოლა". 2012 წელს კინოსცენარმა "დინოლა" ლიტერატურული პრემია "გალაც" მოიპოვა.

- ვიცი, რომ "დილონას" რეალური ამბავი უდევს საფუძვლად...

- დიახ, ასეა. ადრე სვანეთში ქალი რომ დაქვრივდებოდა, ხელმეორედ ათხოვებდნენ, მაგრამ შვილს ტოვებდა გარდაცვლილი ქმრის ოჯახში, მისი წაყვანის უფლება არ ჰქონდა. ბებიაჩემი ხუთი წლის იყო, როცა მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. დილით რომ გაიღვიძა და დედა საწოლში არ დახვდა, ფეხშიშველი გავარდა გარეთ მის საძებნელად... ბებიამ ეს ამბავი რომ მიამბო, ჩემთვის შოკი იყო. სვანეთში რომ გავიკითხე, ასე იძულებით ბევრ დედას დაუტოვებია თავისი შვილი. მოგვიანებით გადავწყვიტე, ამ თემაზე ფილმი გამეკეთებინა. "დედეში" უფრო მეტად იქნება გაშლილი ეს თემა, სადაც სვანეთში ქალის ცხოვრების ამბები აისახება.

- ბებიას მას მერე დედა არ უნახავს?

- თავის ნახევარძმასთან (მამის მხრიდან) ერთად გაიზარდა. დედას იშვიათად, თითქმის ვეღარ ნახულობდა. ერთხელ, როცა მას შვილი თავისი მეორე ქმრის ოჯახში წაუყვანია, არ ვიცი, მოერიდა ბავშვის სახლში შეყვანა თუ რა იყო, მაგრამ პატარა გარეთ, ჭიშკართან დაუტოვებია. ბებიას ეტყობა, საკმაოდ დიდხანს მოუხდა გარეთ ყოფნა სიცივეში. მერე მიყვებოდა: ღამე იყო და ძალიან მეშინოდა, მგლები არ მოსულიყვნენო. ბებიას რომ ეს ფილმი ვუჩვენე, მკითხა, ეს ბავშვი მე ვარო? და მერე ძალიან ბევრი იტირა. ერთადერთი პრეტენზია ის ჰქონდა, რომ ჩემს ფილმში, იმ სცენაში, სადაც დედას გაეტირება და მისდევს, ბავშვს წინდები აცვია. ბავშვი ვერ გავიმეტე, თოვლში წინდის გარეშე ყოფილიყო. ბებიამ კი მითხრა: წინდები რატომ აცვია? მე დედას ფეხშიშველი მივდევდიო.

საერთოდ, ასეთი ბავშვები იშვიათად ნახულობდნენ დედებს და თუ შეხვდებოდნენ, განშორება უჭირდათ. იყო შემთხვევები, როცა უკვე წამოზრდილი ბავშვი მშობელს ვერც კი ცნობდა. ეს სასტიკი წესი იყო. ფილმის "კეთების" დროს მე არ განვიხილავ ამ ტრადიციებს, არც მინიშნებებს ვაკეთებ, უბრალოდ მინდა, ფირზე აღიბეჭდოს სვანეთის წარსული, წესები, ტრადიციები და არსებული რეალობა... იანვრის მეორე ნახევარში დაგეგმილი მაქვს ორკვირიანი კასტინგი, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - "დედეს" მონაწილეების შესარჩევად, რომლის საპილოტე ვერსია უკვე გაკეთებულია. სიუჟეტი სიყვარულის თემაზეა, მოქმედება სვანეთში ვითარდება და დიალოგები სვანურ ენაზე იქნება. მინდა, მთავარ როლებზე არაპროფესიონალები დავაკავო, თან - მხოლოდ სვანები. ძირითადად, გადაღებები იქნება უშგულში. ასევე, შევარჩევ რამდენიმე სოფელს და მასობრივ სცენებში ადგილობრივებს ვთხოვ მონაწილეობას... ვინც ვერ მოახერხებს კასტინგზე მოსვლას, შეუძლია გადაიღოს 2 ან 5-წუთიანი ვიდეო და ორიოდე სიტყვით მომიყვეს საკუთარ თავზე, წაიკითხოს მონოლოგი და გამომიგზავნოს, დამიკავშირდეს სოციალური ქსელის მეშვეობით.

- სვანობა და სვანურის ცოდნა აუცილებელი კრიტერიუმია?

GzaPress- სვანურის ცოდნა არ არის აუცილებელი. იმხელა ტექსტი არ ექნება, რომ ვერ აითვისოს და ვერ დაძლიოს. ბევრი მეკითხება, - რას ნიშნავს სვანური გარეგნობაო? ვფიქრობ, ეს არის მკაცრი იერი, გამოკვეთილი ნაკვთები. პირდაპირ თქმა რთულია, მაგრამ პირადად მე, სვანებს ვცნობ ქუჩაში. მათ დამახასიათებელი გარეგნობა აქვთ, ისევე, როგორც სხვა კუთხის შვილებსა და უცხოელებს. ასე რომ, კასტინგზე ველოდები სვანური გარეგნობის, 20-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს. ვინაიდან ფილმში ოთხივე სეზონი უნდა წარმოჩინდეს, გადაღებების დაწყება იგეგმება 2015 წლის აგვისტოში.

- ეს ფილმი კორპპროდუქცია იქნება?

- რა თქმა უნდა, ფილმის ნაწილი დააფინანსა საქართველოს კინოცენტრმა და მოვიგეთ გრანტი 250 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენმა სცენარმა კანში წარმატებით გაიარა სელექცია და მას შემდეგ, ამ პროექტით დაინტერესდა რამდენიმე ქვეყანა: პოლონეთი, საფრანგეთი, ნორვეგია და შვეიცარია. თებერვალში ბერლინალეს ფარგლებში გამართულ "ბერლინალე თალენტს 2015"-ზე ვარ მიწვეული, სადაც 7 თებერვალს მივემგზავრები. საერთოდ, კანსა და ბერლინალეზე გამგზავრება, სხვადასხვა ქვეყნის პროდიუსერებთან შეხვედრის საუკეთესო საშუალებაა და მოხარული ვარ, რომ ბერლინალეზე ერთკვირიანი ვიზიტისას, ამის შესაძლებლობა მეც მომეცემა. ბოლო დროს ძალიან ბევრი ქართული ფილმი მოხვდა საერთაშორისო კინოფესტივალებზე და ეს ძალიან მახარებს. კინო საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ შენი ქვეყანა ანდა პატარა კუთხე გააცნო მსოფლიოს. მგონი, კინომ წიგნსაც აჯობა. ეს არის საუკეთესო გზა და დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხელოვნების დარგი მსოფლიოში.

ანა კალანდაძე