"საგვარეულო" 100-დოლარიანი და "გარდიგარდმო" შემწვარი ძეხვი - გზაპრესი

"საგვარეულო" 100-დოლარიანი და "გარდიგარდმო" შემწვარი ძეხვი

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მკითხველსაც მოუწოდებს, მაქსიმალურად შეეცადონ, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შემცველი საკვების მირთმევისგან თავი შეიკავონ. ბეჭედდარტყმული ცხოველ-ფრინველ-კვერცხის ნაცვლად, ოჯახსა და სტუმრებს "ძროხაში ნამყოფი რძითა" და "პატიოსანი საკვებით" უმასპინძლდება.

ძირს გენმოდიფიცირებული, უხარისხო პროდუქტი!

GzaPress- კულინარობა ბავშვობიდან ვისწავლე, სამზარეულოში ტრიალი მიყვარს. თავს შევიქებ და ვიტყვი, რომ კარგი კულინარი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გაკეთებული კერძის გასინჯვის შემდეგ არანაირი გულძმარვა, კუჭის ტკივილი ან აშლილობა არ დაგემართებათ, ამის გარანტიას გაძლევთ, რადგან, შეძლებისდაგვარად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან ვამზადებ. კომუნისტების დროს, უკეთესი პროდუქტი დახლქვეშ ჰქონდათ ხოლმე გადანახული და მეტს იხდიდი. ახლა, სოფლებში ვშოულობ. ბეჭედდარტყმულ კვერცხს არ ვყიდულობ, ვცდილობ, ქათამმა რომ ეს-ესაა დადო და ჯერ არ გაციებულა, ისეთი მივირთვათ. ასევე, მწვანილიც, რაც უფრო ხასხასა და ელექტრიკი ფერი დაჰკრავს, მით უფრო სავსეა ნიტრატებით, გენმოდიფიცირებულია და მისი მავნე რეაქცია როდის იჩენს თავს, არავინ იცის. გგონია, სადაც ახლა ვიმყოფებით, სუფთა ყავას მიირთმევ? სოიოსი ან გენმოდიფიცირებული ყავაა. აქ არავინ შემოგიტანს ისეთს, პლანტაციებიდან ოფლიან ქალებს ზურგზე მოკიდებული რომ მოაქვთ. გენმოდიფიცირებულია ის საკვები, რომელსაც საქართველოს ბარ-რესტორნებში გახარებულები მიირთმევენ და ილუკმებიან. პირადად მე, ვცდილობ, ჩემი ოჯახის წევრები და ჩვენი სტუმრები, ჯანმრთელი და "პატიოსანი" საჭმლით გამოვკვებო, რომ გენმოდიფიცირებულის შედეგი მათ შთამომავლობაზე არ აისახოს.

"ეკო-მარკეტი" გამოძახებით

- იმერეთში, ჩემი ეზო-კარი მეზობელს ჩავაბარე, უვლის და სოფლის კვერცხს, ქათამს, მჭადის ფქვილს, მწვანილს, პრასს, ხახვს, თხილსა და სხვა პროდუქტს ცოტ-ცოტას მიგზავნის ხოლმე. ვანის რაიონში XXI საუკუნის სმოგი ჯერჯერობით არ შესულა და იქაურობა არ წაუბილწავს, შეიძლება შეჭამო და არ მოიწამლები. პატარ-პატარა სოფლები ხომ თბილისის შემოგარენშიცაა, ვუთანხმდები და პროდუქტი სახლში მოაქვთ, XVI სართულზე ვცხოვრობ და სუპერმარკეტი ჩემთან ამოდის ხოლმე - რძე, ყველი, სოფლის კარაქი, მწვანილი, კარტოფილი და ა.შ. ასე უკვე ბევრი ადამიანი იქცევა და სწორიცაა. დიდ მარკეტებში რომ შედიხარ, თვალს მოგჭრის, ისეთი გაფორმებული და ბრჭყვიალა პროდუქტი დევს... ხილი, რომელიც მთელი წელიწადი არ ფუჭდება, როგორაა დამუშავებული, ხომ წარმოგიდგენიათ? თუ კვების სწორი რეჟიმიც არ გაქვს და ღამის სამ საათზე ტაფაზე "გარდიგარდმო" შემწვარ ძეხვს რომ მიირთმევ, ცხიმში რომ ცურავს, პურში რომ ჩადებ, ზემოდან კეტჩუპსა და მაიონეზს მოასხამ, ბურატინოსავით ხახვს მიაჭამ და დაწვები, დილით ან გაიღვიძებ, ან - არა და ვაი, იმ გაღვიძებას.

კვების რეჟიმი და ძროხის ბეწვიანი რძე

- ცოტა ავადმყოფობამ შემაშინა და ჯანსაღად კვება დავიწყე. ჩემი პროფესიიდან, ცეკვა-თამაშებიდან და დიმპიტაური-დამპიტაურიდან გამომდინარე, არეულ-დარეული რეჟიმი მქონდა, ხან მთელი დღე მშიოდა და ღამე ბევრის ჭამა მიწევდა, ერთბაშად მივასკდებოდი, რვა კილო საჭმელს ჩავიტენიდი, რაც დაუშვებელია. დღესდღეობით, ჩემს კვებას ძალიან ვაკონტროლებ. სანამ შენთან მოვიდოდი, სახლში გაკეთებული ხაჭო მივირთვი და ისე წამოვედი. აქაური ფირმების რძე "ძროხაში ნამყოფი" არ არის, ხელოვნურად შექმნილი საშინელებაა. ძროხის ბეწვი რომ შეგხვდება, ე, ისაა ნამდვილი რძე. და მაწონი როგორ კეთდება, იცი? ზოგი "კალცით" ჭრის, მაგრამ ჩვენ ორ ლიტრა რძეში ერთ ქილა სახლის მაწონს ჩავუშვებთ და კარგი გამოდის!

- რომელ კერძს ამზადებთ ყველაზე გემრიელად?

- ბევრი რამის მომზადება ვიცი. მაგალითად, ხინკალი, თავისი მოხვევიან ყველაფრიანად, აჭარული ხაჭაპური, უამრავი სახეობის აჭარული კერძი, მაგალითად - სინორი. ეს არის თხელი ცომის ფირფიტები ნადუღით, ძალიან გემრიელია, მაგრამ ისეთი ცხიმიანია, საჯდომს ასუქებს. ყოველდღე ვერ შეჭამ, მაშინ ბახმაროში ან სადმე მაღალმთიან სოფელში უნდა ცხოვრობდე, სადაც ორგანიზმი საკვებს სხვაგვარად გადაამუშავებს. კარგი აჭარული კერძებია: იახნე, ჩირბული, კვერცხით კეთდება, იგივე, ჩიჟი-ბიჟი; ბორანო, რომელიც აჭარული, ცხიმგამოცლილი, დაწნული ყველისაგან კეთდება.

ბორანო

- აჭარლები კარაქს იაღს ეძახიან, ოჯახის კარაქია. კეცზე რომ მოიწვება, შიგნით წვრილად დაჭრილ აჭარულ ყველს ჩაალაგებ, რომელიც ცოტა მარილიანია, რათა დიდხანს შეინახოს. სანამ არ გადნება, პლაჟზე გამოგდებული მედუზასავით არ გაიტყლარწება და გალღვება, მანამდე ცეცხლზე უნდა იდგეს. სასურველია, ცეცხლზე და არა - გაზის ალზე. რა ჯობია, სოფლად, წიფლის შეშა რომ ტკაცუნობს და იქ ამზადებ? ცხლად უნდა ჭამო, თორემ რომ გაცივდება, "პადოშივითაა" და არ ვარგა.

სინორის მომზადების წესი

GzaPress- დღესდღეობით, სინორი თუ მოგინდა, გამზადებული ცომის ფირფიტები უკვე სუპერმარკეტშიც შეგიძლია შეიძინო, ბათუმში არის, აქ არ მინახავს. ფქვილზე, წყალსა და მცირე რაოდენობის მარილზე მოზელილ ცომს გავაბრტყელებთ, უნდა ვეცადოთ, ქაღალდივით გავასწოროთ და ერთი საათის განმავლობაში ასე გავაჩეროთ. თუ შეგიმჩნევია, ცომს აქვს თვისება, ოდნავ შეხმება ხოლმე, მერე, ამას ზოლებად დავჭრით, დავსერავთ და ხვეულებს გავაკეთებთ. ბევრი უნდა დაამზადო და ღუმელში 1-2 წუთით შედო და როცა გამოიღებ, ნახევარფაბრიკატი გექნება. არც მთლად შემწვარია და არც - უმი. ეს შეგიძლია წლობით შეინახო, არ ფუჭდება, ორცხობილასავითაა. აჭარაში, სოფლებში ასე აქვთ და როცა მოშივდებათ, სახელდახელოდ აკეთებენ. იაღი ან კარაქი უნდა მოვიპოვოთ, გავადნოთ და ცხელ კარაქში ნადუღი ჩავუშვათ. ნერწყვმა დამახრჩო... მოვურევთ, ცოტა ყველს, მაგალითად, სულგუნს ჩავახეხავთ, ცეცხლზე ხომ თუხთუხებს და როცა გამორთავთ, ნიორს მერე მოვახეხავთ, თუ ჩაიხარშა, არ ვარგა. ცალკე დიდ ჯამში ხვეულებს ჩავალაგებთ, კარგად ჩავტენით და ამ მდუღარე მასას თანაბრად გადავასხამთ, მივასწორ-მოვასწორებთ, ათ წუთს გავაჩერებთ და მერე, ჭამეთ, რამდენიც შეგიძლიათ, ძალიან გემრიელია. დღეს, იშვიათად, ასეთი ნოყიერი საჭმელები რომ გავაკეთოთ. როცა ბათუმში ვართ და მოგვინდება, ხულოსკენ ან ქედისკენ კარგი რესტორნებია და იქ მივდივართ ხოლმე, ყველაფერი გემრიელი აქვთ, სად ბებიას დამზადებული საჭმლის გემო და სად - შტრიხკოდიანი მჭადის?! დღეს ყველაფერს შტრიხკოდი აქვს.

აჭარული ნიშნობა

- საპატარძლოს მონახულების რიტუალი აქვთ მაგარი. ბაქლავებით მიდიან, კალათებს ოჯახში დამზადებული ბაქლავებითა და შოკოლადებით ავსებენ, მათგან რომელიმეში ოქროს ბეჭედი დევს და უნდა ეძებო, თან ეს ყველაფერი ძალიან ფრთხილად უნდა მიირთვა, რომ სტუმარს არ გაატანო, შენ უნდა გასკდე ჭამისგან (იცინის). უნდა ნახო, სტუმრები რომ წავლენ, მერე ამ ბაქლავების მტვრევა და ძებნა რომ მიდის ხოლმე.

ოჯახური ტრადიცია და კულინარიული "დუეტები"

- ხინკლის კეთების დღეს მოვიწყობთ ხოლმე და ბავშვები მამას გაკეთებულ ხინკალზე გიჟდებიან. მე ბევრს არ მივირთმევ, მაგრამ მათთვის და სტუმრებისთვის სიამოვნებით ვამზადებ. ჩემი მეუღლე პიცას აკეთებს ხოლმე, ვერ გეტყვი, რომ ცომს ისე აბზრიალებს, როგორც იტალიელები, მაგრამ გემრიელი გამოსდის. თუმცა, მე პიცისტი არ ვარ. იმერულ საჭმელებს რაც შეეხება, ნიგვზიანების ხშირი ჭამა რეკომენდებული არ არის, თუმცა, მშვენივრად გამომდის საცივიც, ბაჟეც და სხვა დანარჩენიც. ნამცხვრის გამოცხობა არ ვიცი, არ მიცდია და ალბათ არც ვცდი. ქალებს უკეთ გამოსდით, თუმცა, მამაკაცებიც მინახავს, რა გემრიელ ბისკვიტებს აცხობენ. ტორტის მორთვის ნერვები არ მაქვს. მირჩევნია, როცა ჩემი მეუღლე აცხობს, გვერდით ვიდგე და თითით კრემი "ვტლაკო". სანამ ცომს აირღუმელში შეაგდებს, აი, ის ტკბილი ცომი მიყვარს, გემრიელია და კიდევ, კიდეებს რომ ჩამოაჭრის, ზემოდან ხომ უნდა მოაყაროს, მაგრამ ვინ აცდის? უცებ შევუჭამ ხოლმე. ჩემი მეუღლეც ბათუმელია და ორივენი ერთი ჭკუის ვართ. თუ ოჯახში საერთოდ რამეზე ვკამათობთ, ეს კულინარიული თემაა, მაგალითად, ხახვი ასე არ უნდა შეიწვას, თავზე უნდა დაახურო, მარილი მერე უნდა მოაყარო და ასე შემდეგ. ზოგჯერ ერთობლივადაც ვამზადებთ, ერთმანეთის გაკეთებული კერძები ძალიან გვიყვარს. სხვათა შორის, შესანიშნავი სამეზობლო გვყავს და კერძებს ერთმანეთს მივუკითხავთ ხოლმე, "სამეზობლო თეფში" გვაქვს და ერთმანეთში ტრიალებს (იცინის). ადრე, ასე გვქონდა საგვარეულო ასდოლარიანი და ვინმესთან ბიჭი რომ გაჩნდებოდა, მივურბენინებდით, მერე ის სხვასთან მიარბენინებდა და ასე დადიოდა, სანამ არ გაიცვითა (იცინის).

"იუმორინელების" კოლექტიური ქეიფი

GzaPress- უფ, გადასარევია! გია ბაღაშვილთან ერთად ქეიფსა და ჭამა-სმას რა ჯობია?! გია რომ სადღეგრძელოს იტყვის და სუფრას წარმართავს, არც უნდა ჭამო - სპექტაკლს, წარმოდგენას უნდა დაესწრო. "ქუჩის მუსიკოსები" ხშირად ვიკრიბებით ხოლმე, ერთმანეთთან სულ მივდი-მოვდივართ, ერთმანეთის შვილების ნათლიებიც ვართ, სცენამ ძალიან დაგვაახლოვა. ჩემი ყველა მეგობარი ჩემი კოლეგაა და როგორც წესი, ახალ წელს ვმუშაობთ ხოლმე და საქეიფოდ ვერ ვიკრიბებით, თუმცა მეორე-მესამე დღეს, რა თქმა უნდა, კარგად მოვილხენთ ხოლმე.

ბათუმური "ვია-გრა"

- ბათუმში რომ ჩახვალ, პირველ რიგში, თევზი უნდა ჭამო. ქალაქის შესასვლელში რომ თევზის ბაზარია, ფაქტობრივად, მანდ "ვცხოვრობ". კეფალს რომ დაატარებენ, არასერიოზული თევზია, არ უნდა შეჭამო. "ხიშნიკი" არაა, ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც ზღვაში კანალიზაცია ჩაედინება, მდინარე უერთდება და ათასი სიბინძურე მოაქვს; ზარმაცი თევზია, რაც პირში მოხვდება, ყველაფერს ჭამს, მერე, მის ორგანიზმში ილექება. ანუ, რასაც ჩვენ კანალიზაციაში ვუშვებთ, კეფალის სახით უკან გვიბრუნდება. ბათუმში თევზი უნდა ჭამო "კატრანი", ამას ე.წ. "ბერეგზე" იჭერენ, ხრტილოვანია, ძვალი არ აქვს და თვალებს უხდება, მასში ბევრი ფოსფორია. კამბალებია კარგი, ზღვის კატას ეძახიან. კიბორჩხალებითა და მიდიებით სავსეა ბათუმი. აქ რომ სუპერმარკეტებში იყიდება და ძვირი ღირს, იქ კილო ორი ლარია. ზოგს მომზადებაც ეზარება და არც იციან, არადა, ადვილია, ქვაბში ჩაყრი, წყალიც არ უნდა, იმიტომ, რომ თავისი სითხე აქვს, მარილს, კამას მოაყრი, ნივრის კბილს ჩააგდებ, თავზე დაახურავ, გახურდება და დუღილს იწყებს. "აჭარულ "ვია-გრას" ეძახიან, პროტეინებითაა სავსე, ისეთ ვიტამინებს შეიცავს, წელს ქვევით ქალსაც უხდება და კაცსაც. ოღონდ "პერედოზიროვკა" არ უნდა დაემართოს. "გზის" მკითხველებო, მოგიწოდებთ, რომ ყველა სუპერმარკეტში ეძებოთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც არაგენმოდიფიცირებული აწერია! თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი შვილები შეგეძინოთ, ჯანსაღი საკვები მიირთვით!

თამთა დადეშელი