ბერა - სტაჟიანი "თოვლის ბაბუა" და... - გზაპრესი

ბერა - სტაჟიანი "თოვლის ბაბუა" და...

სიმღერის ტექსტის ავტორი თავად ბერა და რეპერი - სემ ჰუკი არიან.

პრეზენტაციაზე სახალისო გათამაშებაც გაიმართა და ბერას რამდენიმე გულშემატკივარმა საჩუქარიც მიიღო, მუსიკალური დისკი კი თითქმის ყველა მათგანს შეხვდა. რეპერთან ფოტოების გადაღების მსურველები იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩასაწერად დიდხანს ლოდინი დაგვჭირდა - ფანები თავის კერპს არ "ათავისუფლებდნენ"...

რეპერი საქართველოში ცოტა ხნით იმყოფება. ამჟამად, ახალ მუსიკალურ ალბომზე მუშაობს, მალე კი ისევ ამერიკაში გაემგზვარება...

ბერა:

GzaPress- ოჯახში ასეთი ტრადიცია გვაქვს: სადაც უნდა ვიყოთ და რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ახალი წლის დღესასწაულისთვის ყოველთვის ვიკრიბებით. ალბათ, წელს ჩემი ოჯახის მეკვლე მე ვარ... სხვათა შორის, თოვლის ბაბუის ფუნქციასაც ვითავსებდი ხოლმე: როცა ჩემი უმცროსი ძმა 4-5 წლის იყო, მისი "თოვლის ბაბუა" მე ვიყავი. ახლა გაიზარდა, უკვე მიცნობს, ამიტომ პროფესიონალი გვჭირდება (იცინის). პრინციპში, ამ საქმეში მეც პროფესიონალი ვარ - 3-წლიანი სტაჟი მაქვს...

- თავად გჯეროდათ თოვლის ბაბუის არსებობის?

- მჯეროდა... დედა ზრუნავდა, რომ საოცარი, ლამაზი, "ფერადი" ბავშვობა მქონოდა...

როცა ბერას განსაკუთრებული საახალწლო საჩუქრის გახსენება ვთხოვეთ, გაგვიმხილა:

- 14-15 წლის ვიყავი, როცა რამდენიმე თვის განმავლობაში ერთი გოგონა მომწონდა. მან სიყვარული ახალი წლის ღამეს ამიხსნა...

მამა - ბიძინა ივანიშვილი

- როცა პოლიტიკაში "ჩართული" ვიყავი, მაშინ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა. ამიტომ, საჭირო იყო ჩემი თაობის წარმომადგენელთა გამოფხიზლება... თუკი დღეს ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, ამის ხმამაღლა თქმა და საკუთარი აზრის ბოლომდე გატანა შეუძლია...

მამა ჩემთვის სამაგალითო ადამიანია. გამორიცხულია, რომ შენიშვნა მივცე. რა თქმა უნდა, ოჯახში თავისუფლება გვაქვს - საკუთარ აზრს ყოველთვის ვუზიარებ. როგორც წლების წინ ვამბობდი, დემოკრატიული ოჯახი გვაქვს, მაგრამ მამისგან უამრავი რამ მაქვს სასწავლი საიმისოდ, რომ მას ოდესმე რამე შევუსწორო, შენიშვნა მივცე... მამა ჩემი საუკეთესო მეგობარი, გმირი და ყველაზე "დიდი" ადამიანი გახლავთ... თუ ვინმეს კრიტიკა, აზრი მაინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ჩემი მშობლების: ვიცი, რომ ისინი 100%-ით ობიექტურები იქნებიან, ჩემი სიხარული ჩემზე მეტად გაუხარდებათ, ტკივილი კი ჩემზე მეტად ეტკინებათ...

ბიზნესი და ქველმოქმედება თუ... სიმღერა?

- ამჟამად, 100%-ით ჩემს საქმეზე - სიმღერაზე ვარ გადართული. ვცდილობ, რაც შეიძლება, წარმატებული ვიყო. მომავალში არაფერს გამოვრიცხავ. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, რომ სიმღერის შექმნა-ჩაწერას ვერასოდეს შეველევი. არ ვიცი, 30 წლის შემდეგ საკონცერტო ტურნეები მექნება თუ არა, მაგრამ სიმღერებს 60 წლის ასაკშიც დავწერ!.. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ჯერ მხოლოდ კარიერის დასაწყისში ვარ. საკუთარ თავს რეალიზებულად არ მივიჩნევ. ვოცნებობ, რომ მშობლები ჩემით ყოველთვის ამაყობდნენ, ოჯახი არასოდეს შევარცხვინო.

ვინ არის ბერას საყვარელი ქართველი მომღერალი?

GzaPress- ჩემი უფროსი ძმა საფრანგეთში სწავლობს. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ერთად გავიზარდეთ. ცუდია, რომ დღეს კილომეტრები გვაშორებს: ოჯახის წევრებიდან ყველაზე იშვიათად მას ვხედავ, რადგან მე ამერიკაში ვარ, ის - საფრანგეთში.

ჩემს დას რაც შეეხება, საზოგადოებამ არ იცის, რომ ის ძალიან კარგად მღერის. არადა, ის ჩემი საყვარელი მომღერალია. მას ფართო საზოგადოება აუცილებლად გაიცნობს (შეიძლება - ჩვენი დუეტის სახით)...

"სიყვარულს ვერასოდეს დაგეგმავ, მაგრამ..."

- ჩემი მეორე ნახევარი ქართველი იქნება. რა თქმა უნდა, სიყვარულს ვერასოდეს დაგეგმავ, მაგრამ როცა ოჯახზეა საუბარი, აუცილებელია, წყვილს საერთო ტრადიცია, მენტალიტეტი ჰქონდეს. როგორც ჩემს სიმღერებში ვამბობ, "თავიდან ბოლომდე ქართული ვარ" (იცინის). არა მგონია, გრძელვადიან, ოჯახურ ურთიერთობაში არაქართველს შევეგუო, შევეწყო...

სიყვარულის გარეშე ვერ ვიცოცხლებდით, ვერ ვიარსებებდით. მჯერა, ეს გრძნობა ცხოვრებაში ერთხელ მოდის. ოპტიმისტი ვარ და მგონია, ჯერ სიყვარული არ განმიცდია ანუ - წარსულ ურთიერთობებს მხოლოდ "გატაცებებს" დავარქმევ.

დასვენება და გართობა

- მუსიკასთან, ხმაურთან ხშირი "შეხება" მაქვს. ფაქტობრივად, რასაც სხვები გართობას უწოდებენ, ეს ჩემი პროფესიაა და ამას ამერიკაში "გართობის ბიზნესი" ჰქვია. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად, მშვიდ გარემოში გავატარო...

რიანა და ვაიკლეფი

- რიანას პირველად 4-5 წლის წინ შევხვდი. მაშინ წითელი თმა ჰქონდა. მერე "ფეშენ ვიკზე" ვნახე, ბოლოს კი საქველმოქმედო წვეულებაზე დამპატიჟა... ვერ ვიტყვი, რომ "გადაკლული" მეგობრები ვართ და ყოველდღე ვკონტაქტობთ. ერთმანეთს პატივს ვცემთ. ვაიკლეფს რაც შეეხება, მას ამერიკაში უფროს ძმად მივიჩნევ: ბევრ რჩევას მაძლევს, მეხმარება... მასთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს.

სპორტი

- ყოველდღე ვვარჯიშობ - არც ერთ დღეს არ "ვაგდებ". სიგარეტი ცხოვრებაში არ მომიწევია. ვცდილობ, მეგობრებსაც ვუბიძგო ამ მავნე ჩვევის დაძლევისკენ, მით უმეტეს - მანდილოსნებს. არც ალკოჰოლს ვეტანები... ალბათ, მავნე ჩვევები მეც მაქვს. ახლა ვფიქრობ, ასეთი რა შეიძლება, იყოს?.. თუ თავისუფალი დრო მაქვს, დილით ადრე არ ვდგები - "დილის ძილი" ძალიან მიყვარს...

გულშემატკივრები

- აქ, პრეზენტაციაზე ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც 4-5 წელიწადია, მგულშემატკივრობენ. უმეტესობას სახეზე ვცნობ. ზოგი მათგანი უკვე "გამაღლებულა" (იცინის). თითქოს ერთად გავიზარდეთ. ბევრჯერ მითქვამს, - გულშემატკივრებს დიდი ხნის ნაცნობზე უფრო მეტი რამ გაუკეთებიათ ჩემთვის, თუნდაც - სიყვარულითა და მხარში დგომით-მეთქი. ამერიკაში ყოფნისას წერილებს, ფოტოკოლაჟებს მიგზავნიან, თავს შინ მაგრძნობინებენ...

ბერას გულშემატკივრებს შორის დამწყები რეპერი - თიო შევნიშნე, რომელსაც "გზის" მკითხველი უკვე იცნობს:

- გავიგე, რომ ბერას კლიპის პრეზენტაცია იმართებოდა და მოვედი. გულშემატკივრები ყოველთვის ბერასთან ვართ და ვიქნებით...

- ბერას პირადად შეხვდი?

- კი და მოვიკითხე.

- გიცნო?

GzaPress- როგორ არა (იცინის)! გულშემატკივრები "ფეისბუკზე", "ტვიტერსა" და "ინსტაგრამზე" ბერას ხშირად ვეკონტაქტებით, ამის გაკეთება სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ...

- ახალი კლიპი მოგეწონა?

- ძალიან! რატომღაც, მეორესაც (ამერიკაში გადაღებულს) ველოდი...

- ანუ მეორე კლიპიც აქვს გადაღებული?

- მეორე კი არა, ალბათ, 10 აქვს გადაღებული (იცინის). ამის შესახებ სოციალური ქსელის "პოსტებიდან" ვიცი.

- თიო, შენს შემოქმედებაში რა ხდება?

- "ევროვიზიის" შიდა შესარჩევი კონკურსისთვის მიშა სულუხიას ტექსტი დავუწერე. მიშა ხუთეულში მოხვდა. იმედია, გაიმარჯვებს...

ავადმყოფობის მიუხედავად, ზესტაფონელი 13 წლის მარიამ სხილაძე ბერას კლიპის პრეზენტაციაზე დასასწრებად, კინოთეატრში მოვიდა. გოგონას გაუმართლა და რამდნიმე გულშემატკივართან ერთად, საჩუქრები - აიპოდი და სხვადასხვა სუვენირი მიიღო.

მარიამ სხილაძე:

- პრეზენტაციის შესახებ მეგობარმა - მარიამ დვალმა მითხრა. გაცივებული ვარ, მაგრამ ბერას ნახვა ძალიან მინდოდა და წამოვედი. მისი კლიპის პრეზენტაციაზე პირველად ვარ.

მარიამ დვალი, 16 წლის:

- კლიპის პრეზენტაციაზე მეც პირველად ვარ. ადრე, როცა მსგავსი შეხვედრა გაიმართა, ავად ვიყავი - საავადმყოფოში ვიწექი და პრეზენტაციაზე ვერ მივედი. კიდევ კარგი, ახლა კარგად ვიყავი და სურვილი ამიხდა.

სოფო საზანდრიშვილი, 13 წლის:

- 4 წელია, ბერა მიყვარს და ვგულშემატკივრობ. ის სხვებისგან განსხვავებულია - გარეგნობით, სტილით... თან, მხოლოდ რეპს არ მღერის...

მარიამ სხილაძე:

- მარიამ დვალს მადლობას ვუხდი, რომ პრეზენტაციაზე წამომიყვანა. ამიტომ, მიღებულ საჩუქრებსაც გავუნაწილებ...

ბერა:

- ძალიან ემოციური შეხვედრა იყო. ჩემი გულშემატკივრების ნახვა დიდი ბედნიერებაა! უკვე 4 წელია, ასეთი ტიპის შეხვედრა არ გვქონია. მოხარული ვარ, რომ მათი შეფასებები მოვისმინე, ერთმანეთს ჩავეხუტეთ, მოვეფერეთ... დღეს ბედნიერი ვარ!

ეთო ყორღანაშვილი