იღბლიანი პაატა გულიაშვილი - გზაპრესი

იღბლიანი პაატა გულიაშვილი

ისეთი მრავალმხრივია, წერა საიდან დავიწყო, არც კი ვიცი: პაატა გულიაშვილი თელავში, მსახიობის ოჯახში დაიბადა. სამი წლისა უკვე სცენაზე იდგა, მაგრამ პოპულარული დედაქალაქში გახდა. "იღბალი და ბედისწერა ჩვენს საქმეში მნიშვნელოვანია. ჩემს შემთხვევაში ბევრი რამ ერთმანეთის მიყოლებით ისე დაემთხვა ერთმანეთს, იმდენი კარგიKრამ შემომთავაზა ბედისწერამ, რომ საწუწუნო არაფერი მაქვს. პროფესიაში დიდი გამოცდილება დამიგროვდა. 36 წლის ვარ და აქედან 20 წელიწადი ამ საქმეში პროფესიონალურად ვარ ჩართული," - ამბობს მსახიობი. ბედისწერითა და საკუთარი იღბლით კმაყოფილ პაატას, პროფესიაში ბევრი სანერვიულოც ჰქონია; ისეთი პერიოდებიც ყოფილა მის ცხოვრებაში, როცა მსახიობი ტირილამდეც მისულა.

- უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეტრში გაგანაწილეს?

GzaPress- არა, სამუშაოდ ჯერ თელავის თეატრში წავედი. ისე გამოვიდა, რომ ჩემს ქალაქს, როგორც მსახიობი, ვემსახურე... იმ პერიოდში ვანო იანტბელიძის მეუღლემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა (ის დღეს თელავში კულტურის განყოფილების გამგეა) მონოსპექტაკლი - "დუბლიორი" დამიდგა. წარმოდგენამ გაამართლა და ლევან წულაძეს ვთხოვეთ, "თეატრალურ სარდაფში" ჩვენთვის ერთი დღე დაეთმო. სპექტაკლი რომ ნახა, რეპერტუარში ჩასვა - ეს იყო 2003 წელი...

- საბოლოოდ, როგორ გაიხსნა შენთვის რუსთაველის თეატრის კარი?

- ეს ბედისწერა იყო. ჩვენმა პედაგოგმა - გიორგი შალუტაშვილმა რუსთავის თეატრში დე ფილიპოს "ტყუილი გრძელ ფეხებზე" დადგა და მთხოვა, იქნებ წამოხვიდე და მთავარი როლი ითამაშოო. თან, მაშინ მაღალი ჰონორარს და რუსთავში ჩასასვლელ სამგზავრო ტალონსაც იძლეოდნენ. ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა. ვწვალობდი "თავისუფალში", "თეატრალურ სარდაფში," "სამეფო უბანში," თელავის თეატრში - ყველგან ვირიცხებოდი და პედაგოგის წინადადებასაც დავთანხმდი...

ერთ დღეს გაიხსნა ფარდა და დავინახე, დარბაზში რობერტ სტურუა იჯდა. თურმე, თეატრის სამხატვრო კონსულტანტი ყოფილა, "პრაგონს" დაესწრო... იმ დღიდან დაიწყო ჩემი და მაესტროს ურთიერთობა. მახსოვს, პირველ რეპეტიციებზე რაღაცას ვერ ვაკეთებდი, დიდი რეჟისორის წინაშე მდგომი დაბნეული გახლდით, ძალიან ვღელავდი. შენიშვნა რომ მომცა, როგორც ჩანს, კახურმა გენებმა იმძლავრა და ვუთხარი: ერთი კვირაა, არაფერი დამილევია და ტვინი გამომშრალი მაქვს, ვერ ვაზროვნებ-მეთქი. ტელეფონის ნომერი გამომართვა, ისე, როგორც იცის ხოლმე - ვითომ, არც აინტერესებს. საღამოს "ესემესი" მომივიდა: ამა და ამ რესტორანში, ამა და ამ ბიჭებს უთხარი მოვიდნენ, გელოდებითო...

- რობერტ სტურუას ფაქტობრივად, სუფრასთან გაუცნიხარ...

- რეპეტიციის, სპექტაკლის შემდეგ სუფრასთან შეხვედრები უყვარს, სადაც ბევრ რამეს გეუბნება, მიმართულებას გაძლევს და შენც უფრო მეტად იხსნები... სულ ამბობენ, რომ რობიკო მკაცრი და თავისებური ადამიანიაო. ჯერ ერთი, კაცი ყოველთვის კარგ ხასიათზე ვერ იქნება, მეორეც - მისთვის ხელოვნება უპირველესია და თუ შეძლებ მის დარწმუნებას იმაში, რომ თეატრი გიყვარს, შანსი არ არის, თქვენ შორის რაღაც გაუგებრობა მოხდეს... რამაზ ჩხიკვაძის შემდეგ, აკოფას როლითა და მისი ორი ცნობილი სიმღერით, "ჯადოსნურ ზაღაპარში" მე გამიყვანა. სიმღერებს რომ ვწერდით, ცრემლებიც კი მოერია, რადგან რამაზი გაახსენდა... ეს სპექტაკლი ბავშვებისთვის დაიდგა. კოლაჟურად, ოსტატურადაა გაკთებული და ჩემს როლს დიდი მოწიწებით ვეკიდები.

- გარდა თეატრისა, მუშაობ ტელევიზიაშიც, მონაწილეობ გადაცემებში... ბოლოს და ბოლოს, გვითხარი, - რამდენი ხარ?

- იმდენი ვარ, რამდენიც ჩემს ოჯახს სჭირდება. მსახიობს თავისი პროფესია ერთ ადგილზე ყოფნისა და მოდუნების უფლებას არ აძლევს. ტელევიზიამ საშუალება მომცა, ჩემი უმიკროფონო ანეკდოტები, რომლებსაც მეგობრების წრეში მუდმივად ვყვებოდი, გადაცემად მექცია და ამ საქმეში ხელფასს მიხდის. ამასთან, "პაატას ანეკდოტ-ნიუსს" არნახული რეიტინგი აქვს. კიდევ ერთი ადამიანი, ვინც სატელევიზიო სივრცეში გზის გაკვალვაში დამეხმარა, ნინო არაზაშვილია და მისი მადლიერი ვარ...

- გასაკვირია, რომ სერიალებში - "ჩემი ცოლის დაქალები" და "შუა ქალაქში" არ გითამაშია. არავის მიუწვევიხარ?

- არა, მათ კასტინგზეც არ ვყოფლვარ... თუმცა, ვერც დავმალავ, მეც მინდოდა ამ სერიალებში მონაწილეობა, მაგრამ ყველაფერი არ გამოდის... "რუსთავი 2"-ზეც დაიწყო სერიალი, რომელშიც მიღებენ. თავის დროზე პოპულარულ კომედიურ სერიალში - "ასა" ვმონაწილეობდი, რომელსაც ლაშა ცერიაშვილი იღებდა - აი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში... მერე იყო "27 დრაკონი," ფილმი "ქაღალდის ტყვია"...

- ბოლო დროს ამღერდი კიდეც...

- რამდენიმე წლის წინ მე, ლაშა ღლონტი და დათო არჩვაძე ვქეიფობდით და ჩემი სიმღერა - "ვარდები" გიტარის თანხლებით შევასრულე. მოეწონათ და მითხრეს, - კარგად მღერი, ეს სიმღერა ჩაწერეო. მეც, ჭკუაში დამიჯდა და ჩავწერე. ისე მოხდა, რომ "ვარდები" ერთ-ერთ რადიოში, სიმღერებს შორის პირველ ადგილას იყო და როცა მაჯილდოებდნენ, მარინა ბერიძემ ხუმრობით მითხრა, - შვილო, არ იმღეროო ანუ იგულისხმა: ქართულ მუსიკალურ სცენას შენღა აკლიხარო. არა, არ ვაპირებ მომღერლის კარიერის აწყობას, უბრალოდ, ჩემს ჭიას ვახარებ. მერე იყო "პროფილის" პროვოკაცია, - მე და თაკო აბაშიძემ "გაკოცო ტუჩებში" ჩავწერეთ. მერე საახალწლოდ, კიდევ ერთი დუეტი - "ერთი, ორი, სამი, ოთხი" "გავაკეთეთ" (სოსო პავლიაშვილის სიმღერა. ნებართვა მისგან ავიღე), ინტერნეტსივრცეში განვათავსეთ და ხალხს ძალიან მოეწონა.

- თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც ხარ... რა ხდება დღეს თეატრში?

- დაძაბული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, თეატრის ხელმძღვანელობასაც ვახერხებ. ახლა მაგარი გახარებულები ვართ, რადგან ჩვენმა ბიუჯეტმა მოიმატა - ნახევარი მილიონი გაგვიხდა.

- და რას აპირებ?

- ხელშეკრულებები იდება, თანამშრომლებს ხელფასები 70-80%-მდე გაეზარდათ. თეატრს 65 თანამშრომელი ჰყავს. დასში ახალგაზრდა მსახიობებიც ავიყვანეთ. ბატონი რობიკოც გვეხმარება - უხელფასო სამხატვრო კონსულტანტია. გვაქვს თეტრთან არსებული სტუდია...

- წლების წინ თელავის თეატრი დიდი სკანდალის წინაშე აღმოჩნდა: დუტა სხირტლაძე დასმა ხელმძღვანელად არ მიიღო. ეს აურზაური პირადად თქვენს ოჯახსაც შეეხო, - დასის ერთ-ერთი შეკრებისას, ცხარე კამათი გაიმართა და მამა გარდაგეცვალა... შენ როგორ მიგიღო დასმა?

- მე ამ თეატრში გავიზარდე... ყველამ კარგად იცის, რა ჩავიბარე და რა არის ახლა. თეატრს 49 ათასი ლარი ჰქონდა ვალი და ყადაღა ედო ბილეთის გასაყიდი "საკასო" აპარატების გადასახადის გადაუხდელობის გამო. სექტაკლები არ გვქონდა, ინფრასტრუქტურა გაუმართავი გახლდათ, მსახიობის ხელფასი - 80 ლარი. მოკლედ, ამ თეატრში წასვლას არ ვაპირებდი, რადგან მეგონა, ამ ყველაფრის მოგვარებას ვერ შევძლებდი... მაგრამ შემპირდნენ, ბიუჯეტს გაგიზრდითო და 2012 წელს მმართველი გავხდი.

- ისე, შენზე ამბობდნენ, "ნაციონალებთან" არის შეკრულიო...

GzaPress- კი, ბევრ რამეს ამბობდნენ. ამით იმას უსვამდნენ ხაზს, რომ ვითომ პოლიტიკოსებთან შეკრული ტიპი ვიყავი და ამიტომაც დამნიშნეს ამ თანამდებობაზე. ზოგიერთს დაავიწყდა, რომ ამ თეატრის დარბაზში მამა გარდამეცვალა. ის ამ დაწესებულების სასიკეთო ინტერსებს შეეწირა... ახლა თეატრი მუშაობს, რაშიც ჩემი ქალაქი და ქალაქელებიც დამეხმარნენ. თეატრს ბევრი სპონსორი გამოუჩნდა იმის გამო, რომ იქ მე მივედი და ამას ხმამაღლა ამბობენ. მოკლედ, წინა ხელისუფლების დროს მმართველი ვიყავი, მერე რაღაცები შეიცვალა, სამხატვრო ხელმძღვანელი გავხდი და დასის 100%-იანი მხარდაჭერა მივიღე.

- რაც შეეხება "ნაციონალებთან" მეგობრობას...

- (მაწყვეტინებს) კახეთის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი ჩემი კარგი მეგობარია. კიდევ, კობა სულბელიანის შვილის ნათლია ვარ. კობას შვილის გარდა, 37 ნათლული მყავს. იმ ადამიანს სურვილი გაუჩნდა, რომ მისი შვილი მე მომენათლა და უარი რატომ უნდა მეთქვა? მიუხედავად ყველაფრისა, როცა რუსთაველის თეატრში ხელმოწერები გროვდებოდა რობერტ სტურუას დაბრუნების შესახებ და ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემაზე, ორივე მოთხოვნას ხელი მეც მოვაწერე. "ნაციონალების" კონცერტებიც წამიყვანია, მაგრამ პოლიტიკური განცხადება არასდროს გამიკეთებია და როცა საქმემ მოითხოვა, თეატრის პრობლემების გადასაჭრელად ნოდარ ხადურთანაც მივედი, პრემიერ-მინისტრს კი, როდესაც ის ელისო ვირსალაძის ფესტივალზე ჩვენს თეატრში იყო ჩამოსული, დაველაპარაკე, - გვიჭირს, ჩვენი ბიუჯეტი 200 ათასია და ისიც ხელფასებში მიდის-მეთქი. იანვრიდან გაგეზრდებათო და აასრულა კიდეც დანაპირები. მისი მადლიერი ვარ, რადგან თეატრს დაეხმარა.

- დუტასთან, რომელიც შენამდე ამ თეტარის ხელმძღვანელი იყო, როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ჩვეულებრივი. მასზე ნაწყენი რატომ უნდა ვიყო? როცა მამა გარდაიცვალა, ჩემთან ერთად იღებდა სამძიმარს... მოკლედ, ეგ თემა ამოწურულია... დუტას დასის შეკრებაზე მოადგილესთან შეკამათება მოუვიდა. მამა იმ პერიოდში ავადმყოფობდა, გული აწუხებდა, მაგრამ იმ დღეს თატრში მაინც მივიდა. თურმე, აურზაურისას სხვებს აშოშმინებდა და გული გაუჩერდა... დედაც იქ იყო... იმ ამბის მერე დუტა ჩემთან მოვიდა და კაცურად მითხრა, - მილიონ რამეს გაიგებ, მაგრამ ასე და ასე იყო სინამდვილეში საქმეო. ის კი არა, თურმე, ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა...

- პაატა, დედაქალაქში ბინა ისევ არ გაქვს?

- გახსოვთ ალბათ, წლების წინ ბინა მაჩუქეს, მაგრამ ის კომპანია გაკოტრდა და იმ სახლის დასრულება ვერ მოხერხდა. მერე იმ პიროვნებამ უხერხულად იგრძნო თავი ჩემ წინაშე და გარკვეული თანხა მომცა, რითიც ბინა ვიგირავე. მოკლედ, ფუფუნებაში არ ვცხოვრობ, თეატრში ფულს არ ვიპარავ.

- ორი შვილის მამა ხარ. ბავშვებისთვის თუ პოულობ დროს?

- მაქსიმალურად ვცდილობ, დრო მათთვისაც გამოვნახო. დედაზეც ვდარდობ, რომელიც ახლა თელავში მარტოა (ჩემი და გათხოვდა). თუმცა, იქ კვირაში რამდენჯერმე ჩავდივარ. ახლა მშობლიურ ქალაქში სირპრიზით ვბრუნდები: მსახიობებმა იციან, რომ კარგი ხელფასები ექნებათ. გოჩა კაპანაძესთან, ავთო ვარსიმაშვილთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, რომ რაღაც ახალი, გემრიელი სპექტაკლები დავდგათ. მინდა, თეატრი შემოქმედებითი კუთხითაც საინტერესო გახდეს...

ლალი ფაცია