ბერამ კაცად გარდასახული ფავორიტი ვერ იცნო - გზაპრესი

ბერამ კაცად გარდასახული ფავორიტი ვერ იცნო

მოკლედ, თავს არ ზოგავს, რომ მაყურებლებს "ერთი ერთში" განსახიერებული ნომრები შესთავაზოს... შოუს ლიდერი უკვე სამჯერ - მისი ელიოტის, სილი გრინის და მანანა თოდაძის განსახიერებისას გახდა, გასულ ოთხშაბათს კი ნატალია ქოლად "გადაიქცა".

- სალომე, ნატალია ქოლის ნომრის მომზადებისას სურდო გქონდა...

- პროექტის განმავლობაში სურდოც მქონია და ყელთან დაკავშირებული პრობლემებიც, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, მით უმეტეს - იმ არტისტს, ვისაც ვასახიერებთ (იცინის). მთავარია, სიცოცხლისთვის საშიში არაფერი დაგვემართოს, თორემ სურდოს - არა უშავს... ლოტოტრონში ნატალია ქოლი რომ ამომივიდა, აშკარად ვიცანი, მაგრამ იმ ფოტოზე რაღაც სხვანაირად გამოიყურებოდა (იცინის). გამიხარდა, ეს მომღერალი ჩემთან "ახლოსაა". ის კარგი მამის - ნათ ქინგ ქოლის შვილი გახლავთ. საქართველოშიც ნამყოფია. ძალზე სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს. სიმღერა - თჰის ჭილლ Bე შევარჩიე და ცეკვაც დავდგით...

- შოუში შენი ლიდერობა "ტრადიციად" იქცა. ამ წარმატებას როგორ აღწევ?

- ყველაფერი დიდ შრომასთან, მონდომებასთან არის დაკავშირებული და მეც ბოლომდე ვიხარჯები. შეგრძნებას რაც შეეხება, ყოველ ჯერზე განსხვავებული იყო: როცა ლიდერი პირველად გავხდი, რთული ნომერი შევასრულე - მისი ელიოტი განვასახიერე და გავრეპე. ორიენტირებული ვიყავი, რომ ნომერი კარგი გამოსულიყო, თორემ იმაზე არასოდეს მიფიქრია, ლიდერი გავმხდარიყავი. ყოველთვის ვცდილობ, მაყურებლებს დასამახსოვრებელი და მოსაწონი შოუ შევთავაზო, მთელი კვირის ნაშრომი მაქსიმალურად წარმოვაჩინო, არაფერი შემეშალოს... ადრე არასოდეს გამირეპავს. ამიტომ, მისი ელიოტის განსახიერებისას ლიდერი რომ გავხდი, მაგარი შეგრძნება დამეუფლა; მეორედ "გალიდერებას" არ ველოდი, რადგან მამაკაცის განსახიერება ურთულესია და ამ სეზონზე არ ყოფილა შემთხვევა, რომ კონკურსანტი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი "ვარსკვლავის" როლის მორგებისას ლიდერი გამხდარიყოს; მესამე წარმატება ჩემთვის მოულოდნელი იყო: ქართველი შემსრულებლის როლის მორგება ურთულესია! აღმოჩნდა, რომ რთულ დავალებებს უკეთ ვეჭიდები (იცინის).

- ყველაზე კომფორტულად რომელი "ვარსკვლავის" როლში იგრძენი თავი?

- ყველა ნომერს თავისი სირთულე ახლავს, მაგრამ მთელი კვირა იმისთვის გვაქვს, რომ როლი მოვირგოთ და ნომერი ჩვენთვის კომფორტული გახდეს. ამიტომ, რომელიმე მათგანს ვერ გამოვყოფ.

- და მაინც, ყველაზე მეტად რომელი შემსრულებლის განსახიერება გაგიჭირდა?

GzaPress- ამ მხრივ არეტა ფრანკლინს გამოვარჩევ: ჯერ ერთი იმიტომ, რომ არეტა ფრანკლინია და საოცარ "მოვლენასთან" გვაქვს საქმე (იღიმის). თან, მისი განსახიერება სეზონის პირველ "ლაივზე" მომიხდა, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, აქცენტები რაზე გამეკეთებინა. გარდასახვაც რთული იყო, ვღელავდი... სირთულის მხრივ, კიდევ ერთ ნომერს გამოვყოფ: როცა ფრანგული სიმღერა შევასრულე, ენობრივი ბარიერის გადალახვა მომიხდა.

- შენი ყველაზე აქტიური გულშემატკივარი ვინ არის?

- არ მინდა, ვინმეს გული დავწყვიტო... ფაქტი სახეზეა, უამრავი გულშემატკივარი მყავს და თითქოს რამის დამტკიცება მჭირდება - იმის ამსახველ ფოტოებს მიგზავნიან, თუ როგორ მიმესიჯებენ. ეს ადამიანები ჩემთვის სრულიად უცხოები არიან. იმას ვგულისხმობ, რომ მათთან არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო... ჩემი მეუღლის ოჯახი კონკურსის "ქარცეცხლში" პირველად აღმოჩნდა. ყველანაირად მხარში მიდგანან და მგულშემატკივრობენ. ჩვენი უახლოესი მეგობარი - კახა ნიკოლავა ყოველ "ლაივზე" ისე ნერვიულობს, არ შემეძლო, მისი სახელი თქვენთვის არ მეთქვა (იცინის). ღელავენ ჩემი ოჯახის წევრებიც, მეგობრებიც...

- იცი, რომ ბერა გგულშემატკივრობს?

- ვიცი. ეს ამბავი რომ გავიგე, სიხარულისგან ლამის გავგიჟდი და გადავირიე! იმ "ლაივს" დაესწრო, როცა კაცი "ვიყავი" და "გავლიდერდი". ვერ მიცნო. კინაღამ გაგიჟდა - ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ შენ იქნებოდიო! მას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი...

- ის ფაქტი, რომ ბერა გგულშემატკივრობს, შენი გამარჯვების შემთხვევაში, ალბათ, ჭორების გავრცელების საფუძველი გახდება. ამისთვის მზად ხარ?

- მზად ვარ, მაგრამ გამარჯვებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ამჟამად, კონკურსანტებისთვის უმთავრესია, ყოველი ნომერი კარგი იყოს... სხვათა შორის, ამ პროექტში მონაწილეობის დიდი სურვილი მქონდა. "ერთი ერთში" წინა სეზონებში ჩემი მეგობრები მონაწილეობდნენ და ძალიან მომწონდა. ამიტომ პროექტში თავიდან ბოლომდე "ჩართული" ვიყავი. როცა მონაწილეობა შემომთავაზეს, გამიხარდა. ყოველთვის ვფიქრობდი, მაინტერესებდა და წარმოვიდგენდი ხოლმე, ამა თუ იმ "ვარსკვლავის" განსახიერებისას თავად რას ვიზამდი. მადლობელი ვარ, რომ საკუთარი თავის გამოცდის საშუალება მომეცა.

- შენი აზრით, ჟიურის მოწვეული წევრები და თავად კონკურსანტები პროექტის მონაწილეების შეფასებისას ობიექტურები არიან?

- სხვის ობიექტურობაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ - ალბათ, ეს ჩემგან "ლამაზი" არ იქნება. ჟიურის ყველანაირი შეფასება კონკურსანტისთვის მისაღები უნდა იყოს. დაბალი ქულებიც მიმიღია და მაღალიც... პროექტის მონაწილეებს რაც შეეხება: თითქმის არც ერთი მათგანი ჩემთვის უცხო აღარ არის. თუკი წინათ რომელიმეს პირადად არ ვიცნობდი, ბევრი საერთო მეგობარი მაინც გვყავდა. ახლა კონკურსანტები ძალიან ახლო მეგობრები ვართ, მაგრამ კონკურსია და აქ კონკურენცია-მღელვარებაც ბუნებრივია.

ეთო ყორღანაშვილი