კრისტი ყიფშიძის ადრენალინი და ცეცხლოვანი ფოტოსესია ცივი ყაზბეგიდან - გზაპრესი

კრისტი ყიფშიძის ადრენალინი და ცეცხლოვანი ფოტოსესია ცივი ყაზბეგიდან

"მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია. მისტიკური სილამაზითა და იშვიათი გარეგნობით გამოირჩევა. მოვლენების წინასწარი გათვლა, პროგნოზირება შესანიშნავად ეხერხება. შეუძლია, თანდაყოლილი გამჭრიახობა ინტრიგების დასახლართად ოსტატურად გამოიყენოს. შესწევს უნარი, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს. მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც მის ცხოვრებას ართულებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი მოდელ კრისტი ყიფშიძის ზოდიაქოს ნიშანია. კრისტი ახლახან დასასვენებლად ყაზბეგში იმყოფებოდა: ნაახალწლევს 2 დღით წავიდა, მაგრამ დიდთოვლობის გამო, 10 დღე მოუხდა დარჩენა.

GzaPress- ყაზბეგთან დიდი სიყვარული მაკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ თოვლზე დიდად არ ვგიჟდები. არც ეს გაუთვალისწინებელი ჩარჩენა იყო ცუდი. მე და ჩემი მეგობარი იქ შვილებთან ერთად ვიყავით, სხვა ბავშვებიც გვახლდნენ და კარგად დავისვენეთ. იმის შეგრძნებამ, რომ ყველა გზა ჩაკეტილია, მცირე ხნით უმნიშვნელო კლაუსტროფობია დამმართა. ხალხში პანიკა, დაძაბულობა არ შემინიშნავს. ბოლოს ჩარჩენილი ტურისტები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერტმფრენით გადმოგვიყვანა. მე მფრინავების კაბინაში ვიჯექი. ეს იყო დიდი ადრენალინი და გამაოგნებელი სილამაზე.

- ყაზბეგიდან სოციალურ ქსელში ეროტიკული ფოტოები ატვირთე. თავს ასე ირთობდი?

- მე არ მინახავს და მეგობარმა მითხრა, რომ ეს ფოტოები ერთ-ერთ საიტზე აუტვირთავთ. ძალიან ბუნებრივი ფოტოებია, მაკიაჟიც არ მაქვს. უსაქმურობისგან ცუდად ვიყავი და რა მეკეთებინა, არ ვიცოდი. ის რატომ არ დაწერეს, ჭურჭელს რომ ვრეცხავდი?

- ჭურჭელს სად რეცხავდი?

- სასტუმროს სამზარეულოში ვმუშაობდი და ჭურჭელს ვრეცხავდი. სასტუმრო, სადაც ვისვენებდი, ჩემი მეგობრებისაა. პერსონალს კარგად ვიცნობ, რადგან მათი ხშირი სტუმარი ვარ და გადავწყვიტე, დავხმარებოდი. თან, ეს არის საქმე, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- ჭურჭელს გასამრჯელოს გარეშე რეცხავდი?

- რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ ვიმუშავე. ჩემი მეგობრების კაფეებში ჭურჭელი არაერთხელ გამირეცხავს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. პერსონალს დალაგებაშიც დავხმარებივარ. ჩემი საქციელკი სხვებს უკვირთ, მე კი ის მიკვირს, - რატომ უკვირთ? ამაში სათაკილო რა არის?

- პირადი ჰოროსკოპი შედგენილი გაქვს?

- არა და ძალიან მაინტერესებს. ასტროლოგიის მჯერა. როცა გათხოვილი ვიყავი, ოჯახში უმეტესობა გველები ვიყავით: მე, ჩემი შვილი, გიორგი (კრისტის ყოფილი მეუღლე, მსახიობი გიორგი ყიფშიძე. - ავტ.) და ზურა. ნატაშკა და ზურა გველი ლომები არიან. ჩემი მშობლები ძაღლის წელში არიან დაბადებულები, ჩემი და კი "მაიმუნია".

- ასტროლოგები ამბობენ, რომ გველის წელში დაბადებული სასწორი მისტიკური სილამაზით და იშვიათი გარეგნობით გამოირჩევა.

- (იცინის) შევიფერო? ეს მკითხველმა თავად შეაფასოს.

- "კომუნიკაბელურობა მისთვის საუკეთესო ნიღაბია იმისთვის, რომ დასახულ მიზნამდე მისვლა ფარული გზებით შეძლოს".

- კომუნიკაბელურობა ჩემი ერთ-ერთი კარგი თვისებაა. ბუნებრივია, ეს ბევრ რამეში სასიკეთოთ მადგება, მათ შორის - დასახული მიზნის მიღწევაშიც.

- "მას შესანიშნავად ეხერხება მოვლენების წინასწარ გათვლა, პროგნოზირება".

- ზუსტად ასეა! ზოგჯერ მოვლენებს ტელეპათიურად ვხედავ. ხილვებიც ხშირად მაქვს. ნათელმხილველი არ ვარ, მაგრამ იმდენად კარგი ინტუიცია მაქვს, რამდენჯერმე კონკრეტული ამბავი ვნახე, რომელიც მომავალში ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ჩემს ხილვაში. ოღონდ, ეს ყველაფერი მაგიური და მისტიკური არ არის. ძალიან მგრძნობიარე ვარ და საკმაოდ ჭკვიანიც (ამის თქმა მერიდება). შემიძლია, ბევრი რამ ლოგიკურად გავთვალო. ტელეპათიური ურთიერთობა არაერთხელ მქონია ადამიანთან, რომელთანაც ვმეგობრობ და მისი ხასიათი ვიცი.

- ეს როგორ გავიგო?

GzaPress- ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა ადამიანზე ვფიქრობდი, იმას კი დაურეკავს ან "ესემესი" მოუწერია. თითქოს, მას უხილავად ვაწვდი ინფორმაციას და იმ მომენტში ხაზზე გამოდის. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას არ ვგულისხმობ. სიზმრებსაც ხშირად ვხედავ. ზოგჯერ ნანახი სიზმარი რამდენიმე დღეში ამხდომია.

- "გველს გარშემო მყოფები ბრძენი ადამიანის სახელით იცნობენ".

- ერთხელ რუსმა ასტროლოგმა ბრძენი "კრასავიცა" მიწოდა და მესიამოვნა.

- "მას აქვს უნარი, უშეცდომოდ გამოიცნოს გარშემო მყოფთა ფარული ზრახვები".

- კი, ჩემგან კარგი დეტექტივი გამოვიდოდა. ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვხვდები, ადამიანი როდის მატყუებს.

- გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებ?

- არა, გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მიჭირს. ამ შემთხვევაში, სასწორივით მერყევი ვარ. ჩაცმიდან დაწყებული, ნივთის შეძენით დამთავრებული, ყველაფერზე ვყოყმანობ. ახლა ვცდილობ, გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღება ვისწავლო.

- "გველებს შორის იშვიათად შეხვდები მოლაყბე ან ჭორიკანა ადამიანს. მას აქვს უნარი, თანდაყოლილი გამჭრიახობა ინტრიგების დასახლართად ოსტატურად გამოიყენოს".

- ადამიანებზე ცუდად ჭორაობა არ მიყვარს, მაგრამ ამბების მოყოლა მჩვევია. როცა ვინმეზე ლაპარაკობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ცუდს ამბობ. ჭორაობა (ცუდი გაგებით) არ მჩვევია, საუბრები კი ყველანაირ თემაზე მიყვარს, გარდა - პოლიტიკისა. ინტრიგების ხლართვა არასდროს მიცდია.

- როცა სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დგახარ, გული ერთს გეუბნება და გონება - მეორეს, ამ დროს როგორ იქცევი?

- რისკი არ მიყვარს. ამ დროს ინტუიციასაც ვუხმობ, ზოგჯერ რისკსაც არ ვუფრთხი. ბედისწერის მჯერა. ჩემი ცხოვრებიდან არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, რომ რაც გაწერია, ის მოხდება. ბედისწერა ადამიანებს საჩუქრებს გვიგზავნის, მაგრამ თუ ამ საჩუქრებს დაუდევრად მოეპყრობი, იზარმაცებ, არასდროს არაფერი გექნება. შრომისმოყვარე ვარ და ჩემი ეს თვისება ძალიან მომწონს. არასდროს არაფრის გაკეთება არ მეზარება.

- "დაწყებულ საქმეს ყოველთვის ბოლომდე ამთავრებს".

- საქმის შუა გზაზე მიტოვება არ მჩევევია. მაქსიმალისტი ვარ და პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. თუ ვგრძნობ, რომ რაღაცას ვერ გავაკეთებ, ასეთ საქმეს არც შევეჭიდები.

- "სძულს მარცხი, მაგრამ ბუნებით მშვიდია". მარცხის შემდეგ ზოგიერთი ფეხზე წამოდგომის უნარსაც კი კარგავს, ზოგიერთი - უფრო მეტად ძლიერდება. შენს შემთხვევაში როგორ ხდება?

- შეიძლება, ყველაფერი ის არ გამოვიდეს, როგორც გინდა. ნებისმიერ შედეგს წინასწარ ვეგუები. უაზრო გეგმები არ მიყვარს.

- "მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია". შინაგანად მართლა ასეთი ძლიერი ხარ?

- შინაგანადაც ძლიერი ვარ და ფიზიკურადაც. ზოგჯერ მაქვს განცდა, რომ ჩემს სხეულში ძლიერი მამაკაცი ცხოვრობს. სულიერადაც რკინის ვარ. ეს ყველაფერი ცხოვრებამ, გამოცდილებამ, თვითგადარჩენის ინსტინქტმა მასწავლა. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ბევრი ახლო მეგობარი არ მყავს. ბევრჯერ მქონდა დიდი იმედგაცრუება.

- "არ უყვარს ფულის გასესხება, მაგრამ თუ ვინმე უყვარს, დახმარებაზე უარს არასდროს ეტყვის. ფულის შოვნა არ უჭირს, საჭირო თანხას ყოველთვის ადვილად მოიძიებს".

GzaPress- ჩემთვის ფულის შოვნა პრიორიტეტი არ არის. უფულობის გამო სასოწარკვეთილებაში არასდროს ჩავვარდნილვარ. რაც შეეხება სესხება-გასესხებას - არც მაქვს იმდენი, რომ სხვებს ათასები ვასესხო, მაგრამ ადამიანების დახმარება მიყვარს. შეიძლება, ფულით ვერ დავეხმარო, მაგრამ სადღაც სიტყვა შევაწიო, ოღონდ - მისი ნიჭიერებაში დარწმუნებული უნდა ვიყო. თუ უნიჭოა, ვერ შევაქებ.

- "პარტნიორ მამაკაცს ყოველთვის თავად ირჩევს".

- ამ მხრივ აქტიურობით არ გამოვირჩევი. ვინც არ მომეწონება, მას ჩემთან ურთიერთობის შანსიც არ აქვს. ინიციატივას არასდროს ვიჩენ. ბევრი სასიყვარულო თავგადასავალიც არ მქონია. მგონია, რომ სიყვარული ერთია. შეყვარება თავისითავად ხდება და მერე შეიძლება, ეს გრძნობა ჩაქრეს, მაგრამ არასდროს დაგავიწყდება, ქვეცნობიერში სულ იქნება. მე ეს ბედნიერება ჯერ არ მქონია.

- "მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისდმი, რაც მის ცხოვრებას ართულებს.

- გათხოვილი ერთხელ ვიყავი. მას შემდეგ ოჯახი არ შემიქმნია. ახლა მირჩევნია, მარტო და მშვიდად ვიყო.

- "ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილოა".

- პერიოდულად, ეს თვისებებიც მაქვს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მიამიტი არ ვარ. ადამიანს ყველაფერი ბუმერანგივით უკან უბრუნდება. რა ენერგიასაც გასცემ, სამყაროსგანაც იგივე დაგიბრუნდება, ამაში დარწმუნებული ვარ.

- "მისი გაუბედაობა ხშირად, ყოველგვარ ზღვარს სცდება".

- არ მგონია, მთლად ასე იყოს. ყველა ადამიანს თავისი მორალი და ჩარჩო აქვს. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მინდა, რომ მე გამიკეთონ.

თამუნა კვინიკაძე