რას ურჩევდა ახალგაზრდა მსახიობს დეკანოზი მამა - გზაპრესი

რას ურჩევდა ახალგაზრდა მსახიობს დეკანოზი მამა

ეკაკოს როლს მომხიბვლელი და ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი, თინი გალდავა ასრულებს. როგორ მოხვდა თინი სერიალში, რა საერთო აქვს განსახიერებულ გმირთან, ვინ არის მისი რჩეული და ვის აზრს ითვალისწინებს პროფესიული საქმიანობისას? - ამ ყველაფერზე მსახიობი თავად გვიამბობს.

- ძალიან მოსიყვარულე და თბილი ოჯახი მაქვს. დედა - მარიამ ჟღენტი მხატვარია, მამა - ალექსანდრე გალდავა კი დეკანოზი. მყავს 2 ძმა: ლუკა და ლაზარე.

- როგორ აღმოჩნდი სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები"?

- სერიალში კასტინგის საშუალებით მოვხვდი. მანამდე კამერასთან მუშაობის გამოცდილება არ მქონდა, თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარა რეკლამებს. კასტინგის გავლის შემდეგ, დიდი მოთმინებით ველოდებოდი პასუხს. თან, ეს ის პერიოდი იყო, როცა უნივერსიტეტს ვამთავრებდი და სურვილი მქონდა, პროფესიული საქმიანობა დამეწყო. ძალიან გამიხარდა, ეკაკოს როლზე რომ დამამტკიცეს.

- რამდენი წლის ხარ?

- 22-ის გახლავართ.

- პროფესიით მსახიობი ხარ?

GzaPress- დამთავრებული მაქვს ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. ამ სასწავლების დამთავრებისთანავე ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე. გამიმართლა, რადგან შესანიშნავი ადამიანების: ალექსანდრე ქანთარიასა და ვატო ჯუღელის ჯგუფში მოვხვდი. 4 ნაყოფიერი წელი გავატარე თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც ვდგამდით სპექტაკლებს და საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდით. საინტერესო და შთამბეჭდავი იყო თითოეული რეპეტიცია.

- პირველი როლი რომელ სპექტაკლში გქონდა?

- ჩემი დებიუტი სცენაზე ჩეხოვის "თოლიაში", მაშას როლის შესრულება იყო. სიმართლე გითხრათ, ამ გმირის განსახიერება არ გამჭირვებია. საერთოდ, ჩეხოვის პიესებზე მუშაობა საინტერესო და ამავე დროს, რთულია. თითოეულ პერსონაჟს დაკვირვება სჭირდება. გმირები მარტივად არ იშიფრებიან, თითოეული ძალიან დიდ ტკივილსა და "სიმძიმეს" ატარებს. მოკლედ, მსხიობისთვის ჩეხოვის პიესები კარგი სამუშაო მასალაა. ვფიქრობ, ამ შესანიშნავი დრამატურგის მიერ "დახატული" გმირის როლის მორგებამ დიდი პროფესიული გამოცდილება შემძინა.

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ?

- თხის რქა. თუმცა, თხის რქის დახასიათების კითხვისას, ასტოლოგების მიერ აღწერილ პიროვნებასთან საერთოს ვერაფერს ვპოულობ და ამას გარშემო მყოფებიც აღნიშნავენ. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვარ დაინტერესებული ასტროლოგიით.

- როგორ ფიქრობ, ეკაკოს რით ჰგავხარ?

- ის მიზანდასახული ადამიანია და ძალიან უყვარს თავის საქმე - ამ მხრივ ერთმანეთს ვგავართ. თუმცა, ეკაკოსგან განსხვავებით, საკუთარი თავი პოლიტიკაში ვერ წარმომიდგენია, ეს ჩემთვის უცხო სფეროა.

- შენი გმირი სერიალში სერიოზული გოგოა, შენ კი ძალიან მხიარული ხარ.

- კი, ასეა! მიყვარს იუმორი და მეგობრებთან ერთად გართობა. თუმცა, სახლში ყოფნა და დასვენებაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთვის სულ პატარა მიზეზიც საკმარისია საიმისოდ, რომ კარგ ხასიათზე ვიყო და ბევრი ვიცინო. კიდევ, ემოციური და ზედმეტად მგრძნობიარე ვარ. თუმცა, ასე თუ ისე, ამ მხრივ საკუთარ თავს ვაკონტროლებ ხოლმე. ჩემი ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ ერთგული ადამიანი ვარ.

- წონასწორობას ადვილად კარგავ?

- მიუხედავად იმისა, რომ ემოციური ვარ, წონასწორობას თითქმის ყოველთვის ვინარჩუნებ; ვცდილობ, ემოციები მოვთოკო. ძალიან ვაფასებ მშვიდ ადამიანებს.

- ბუტია ხარ?

- არა, მსგავსი რაღაცები ჩემთვის უცხო ხილია. როცა რაღაც მწყინს, ამას მაშინვე ვამბობ, გულში არაფერს ვიტოვებ. მიჭირს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც ვერ გაიგებ, რა სწყინთ და რა უხარიათ. არ ვარ გულჩათხრობილი.

- რისი კომლექსები გაქვს?

- როგორც ყველა ადამიანს, კომპლექსები მეც მაქვს. ვფიქრობ, მორიდებული ვარ.

- ეს თვისება საქმიანობაში ხელს არ გიშლის?

- ცხოვრებისგან განსხვავებით, სცენაზე თამამი ვარ. თამაშის დროს ჩემს გმირზე ვფიქრობ და იმ მომენტში საკუთარი თავი მავიწყდება, მთლიანად როლში შევდივარ.

- თამამ სცენებში გადაღება რომ შემოგთავზონ, დათანხმდები?

- ჯერ მსაგავსი შემოთავზება არ მიმიღია. კონკრეტულ მომენტში რა გადაწყვეტილებას მივიღებ, ვერ გეტყვით.

- ძალიან მოკლე დროში გახდი პოპულარული გოგო...

- ვერ ვიტყვი, რომ პოპულარობა რთულია, რადგან ამას ჯერ ნამდვილად არ შევუწუხებივარ. პირიქით, სასიამოვნოა, როდესაც ქუჩაში უცხო ადამიანები გიღიმიან და შენ მიმართ სითბოს გამოხატავენ.

- შეყვარებული თუ გყავს?

GzaPress- დიახ, შეყვარებული ვარ ნიკოლოზ ჩხაიძეზე. ერთმანეთი სტუდენტობის დროს გავიცანით, ის ჩემი ჯგუფელი იყო ანუ ნიკოლოზიც მსახიობია და ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ ხოლმე. ახლა ის სერიალში - "შუა ქალაქში" ოთოს როლს ასრულებს.

- ნიკოლოზს თუ მოსწონს შენი როლი "ჩემი ცოლის დაქალებში"? პროფესიულ რჩევებს თუ გაძლევს?

- რა თქმა უნდა, ერთმანეთს რჩევას ხშირად ვაძლევთ და რაღაცებს ვითვალისწინებთ კიდეც. ნიკოლოზი ფიქრობს, რომ ეკაკო ჩემგან განსხვავებული და საინტერესო ადამიანია.

- შეგიძლია გვითხრა, შენი გმირისა და პარლამენტარ ცოტნე ცოტაშვილის ურთიერთობა მომავალში როგორ განვითარდება?

- მსახიობებმა წინასწარ არასდროს ვიცით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ასე რომ, ვერაფერს გეტყვით.

- თეატრი ან კინო - ასეთი არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ, რომელს აირჩევ?

- უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მთლიანად თეატრზე ვიყავი გადართული. როგორც აღვნიშნე, კინოში გადაღების გამოცდილება არ მქონია და ჩემთვის სრულიად უცხო რამ იყო სერიალში მონაწილეობა. შესაბამისად, ორიენტირებული თეატრზე ვიყავი. თუმცა, ახლა კამერის წინ მუშაობაც შემიყვარდა. ვოცნებობ, მქონდეს იმის საშუალება, რომ ერთდროულად, თეატრსა და კინოში ვიმუშაო.

- გარდა სერიალიში მონაწილეობისა, კიდევ, რას საქმიანობ?

- თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრში ვმუშაობ, რომელიც ახლახან, თიკო ქოიავამ ჩამოაყალიბა.

- ამ ქორეოგრაფიულ თეატრში პედაგოგად მუშაობ?

- არა, ვცეკვავ. დამდგმელი ქორეოგრაფი და რეჟისორი თავად თიკოა.

- მშობლებმა როგორ მიიღეს შენი პროფესიული არჩევანი?

- ბავშვობიდან ბალეტზე დავდიოდი. დედას დიდი სურვილი იყო, ბალერინა გავმხდარიყავი. საბალეტო სკოლის დამთავრების შემდეგ, დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება, რომ თეატრალურში უნდა ჩამებარებინა. არადა, მამას სურდა, სამხატრო აკადემიაში მესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გულის კარნახს მივყევი, მშობლები შეძლებისდაგვარად, მხარში ამომიდგნენ და მგულშემატკივრობდნენ.

- როგორ ფიქრობ, რა თვისებებია აუცილებელი იმისთვის, რომ წარმატებულ მსახიობად ჩამოყალიბდე?

- მსახიობობა ძალიან რთული და შრომატევადი პროფესიაა. დიდი ძალისხმევა და დროა საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო. რაც მთავარია, ნებისყოფა და ბრძოლისუნარი უნდა გქონდეს, სხვანაირად არაფერი გამოვა.

სოფო ჭონიშვილი