რომელი პოლიტიკოსის საყვარლობას აბრალებდნენ მარკუს მეტრეველს - გზაპრესი

რომელი პოლიტიკოსის საყვარლობას აბრალებდნენ მარკუს მეტრეველს

ერთ-ერთ მათგანზე ასეთი სათაური ამოვიკითხე, - "არის თუ არა გეორგოს ტიტანი პარლამენტართა საყვარელი?" მარკუს მეტრეველს იმ პერიოდში სწორედ ამ სახელითა და გვარით იცნობდნენ საქართველოში.

- საქართველოში კარიერის აწყობა 16 წლის წინ დავიწყე. მაშინ ძალიან პოპულარული იყო სტუდია "ია", სადაც ქეთი მერკვილაძე წერდა სიმღერებს და ის იყო სტუდიის "სახეც". შემდეგ სახელი შეუცვალეს - დაარქვეს "ჯორჯია". სწორედ ამ სტუდიაში ჩავწერე ჩემი პირველი ალბომი.

- დიდი ხნის წინანდელ ამბებს მიყვები... რამდენი წლის ხარ?

- ასაკს არავის ვუმხელ (იცინის). იმდენი წლის ვარ, როგორც გამოვიყურები... პირველი კლიპი გადავიღე სიმღერაზე - "თავისუფლება" და საკმაოდ სკანდალური გამოვიდა. მისი პრეზენტაცია "რუსთავი 2"-ზე, გადაცემა "კომუნიკატორში" შედგა.

- სერგი გვარჯალაძესთან? ახლა უფრო მაინტერესებს შენი ასაკი.

GzaPress- (იცინის) მაინც ვერ გავამხელ. ეს იყო მაშინ, როცა ქართული შოუბიზნესი თითქმის არ არსებობდა. ორი-სამი მომღერალი იდგა სცენაზე. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელ ამბებს გიყვებით, მაშინ კი საზოგადოება ჩაკეტილი იყო. სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩემთვის მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა, იძულებული გავხდი, საზღვარგარეთ წავსულიყავი. მხოლოდ პოპულარობა არ მინდოდა, მჭირდებოდა სულიერი სიმშვიდეც. ამაში კი ხელს მიშლიდნენ ბნელი და კომპლექსიანი ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გხვდებოდნენ და გირტყამდნენ იმის გამო, რომ მათსავით არ გეცვა, მათსავით არ აზროვნებდი...

- მხოლოდ სასცენო იმიჯით არ გამოირჩევი, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ბევრი ბიჭისგან განსხვავებულად იცვამ. ამის გამო გქონდა პრობლემები?

- კი, მქონდა. მაგალითად, რამდენჯერმე დამხვდნენ ქუჩაში, გამხადეს და დამტოვეს ტანსაცმლის გარეშე. ჰოდა, მომინდა ისეთ ქვეყანაში წასვლა, სადაც თავისუფლად გავიდოდი გარეთ, სადაც თავისუფლად სუნთქვას შევძლებდი. მოგეხსენებათ, საბერძნეთში გავემგზავრე.

- მაშინ გიცნობდნენ როგორც, გეორგოს ტიტანის?

- "გიორგი" ჩემი ნათლობის სახელია. რაც შეეხება გვარს, ეს ჩემი ფსევდონიმი იყო. პირველად საბერძნეთში რომ მომიხდა ჩასვლა, მეოთხეკლასელი ვიყავი, იქ პირველ კლასში დამსვეს და კლასელებთან შედარებით, ტანად ძალიან დიდი ვიყავი. ამიტომაც დამარქვეს ტიტანი, რაც ბერძნულად დიდს, მასშტაბურს ნიშნავს. ისე მომეწონა ეს მეტსახელი, რომ ფსევდონიმად ავიღე.

- "არის თუ არა გეორგოს ტიტანი პარლამენტართა საყვარელი?" - ეს სათაური ერთ-ერთ ძველ ქართულ გაზეთში ამოვიკითხე. რატომ გაჩნდა ასეთი ეჭვი?

- იმ პერიოდში რამდენიმე პოლიტიკოსთან ვმეგობრობდი.

- ვისთან?

- ახლა მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ცოცხლები აღარ არიან.

- ხუმრობ?

- არა.

- მაშ, ახლა ნამდვილად უნდა გაამხილო შენი ასაკი.

- (იცინის) მაგას ისევ პოლიტიკოსების დასახელება მირჩევნია.

- მაშინ გისმენ...

- ესენი იყვნენ ედუარდ შევარდნაძე და ზურაბ ჟვანია... ძმაკაცები, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვართ, მაგრამ ბაბუას წყალობით, რომელიც პოლიტიკაში იყო, ჩვენ ოჯახებით ვიცნობდით ერთმანეთს. იმ პერიოდში პრესა იყო ძალიან არეული, ვულგარული. რამდენჯერმე გვნახეს ერთად და ალაპარაკდნენ. არადა, ჩვეულებრივი საქმიანი შეხვედრა გვქონდა. სხვათა შორის, ბათუმში ერთ-ერთი ჩვენების შემდეგ გავიცანი ასლან და გიორგი აბაშიძეები, ზურაბ ჟვანია და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

- შენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ პრესაში დაბეჭდილ ამ ამბავს?

- ძალიან ცუდად. მეც არ მესიამოვნა ასეთი სათაური.

- ახალი მთავრობის წევრებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? კულტურის მინისტრს, როგორც ვიცი, "ფეისბუკით" მიმართე...

- აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ბოლო დროს საინტერესო გახდა პოლიტიკა ჩემთვის. როგორც ჩანს, კულტურის სამინისტროში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა და მინისტრს საკუთარი კანდიდატურა შევთავაზე - მე ვიცი, როგორ უნდა "გაკეთდეს" შოუბიზნესი. დღეს რაც საქართველოში ხდება, სიგიჟეა. ჩამოჰყავთ უცხოელი მომღერლები, აპიარებენ ჯაზს, ამაში დიდ თანხებს ხარჯავენ და ყურადღებას არ აქცევენ საკუთარ მომღერლებს. მერწმუნეთ, ქართული კულტურა ვერ განვითარდება, თუ პრიორიტეტული იქნება სხვა ქვეყნის მუსიკა.

- სამინისტროდან ვინმე გამოგეხმაურა?

GzaPress- ჯერჯერობით, არავინ. ჩემს კოლეგებსაც გაუკეთებიათ მსგავსი მიმართვები, მაგრამ დაინტერესება არ ჩანს. ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაში ფულის ხარჯვაა, მაგრამ დრო დადგა, ჩვენც მოგვხედონ. არანაკლები "ვარსკვლავები" იბადებიან საქართველოში. ძალიან კარგი ახალი თაობა გვყავს ამ სფეროში და მათ ხელშეწყობა სჭირდებათ.

- გავიგე, მარიტა როხვაძის ცოლად შერთვა გადაგიწყვეტია...

- (იცინის) "ბრავოს" ფინალში ისეთი სექსუალური, მიმზიდველი და გემოვნებიანი იყო, რომ მის უკითხავად გადავწყვიტე, ცოლად შევირთო. რასაკვირველია, ვხუმრობ. სინამდვილეში, მე და მარიტა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მომწონს მისნაირი გამომწვევი, ლამაზი, ოდნავ ვულგარული ქალები, რომლებიც საკუთარ თავს უვლიან. არ მესმის, როცა ქალს ლამაზი ფეხები აქვს, რატომ არ უნდა გამოაჩინოს?

- შენს ცხოვრებაში აქამდე რატომ არ გამოჩნდა ლამაზფეხება ქალი?

- პერიოდულად ჩნდებიან ხოლმე, მაგრამ ახლა პირადი ცხოვრებისთვის ნამდვილად არ მცალია. ახალ პროექტზე ვმუშაობ. მინდა, თბილისში ტანსაცმლის მაღაზია გავხსნა, სადაც იქნება ჩემი კოლექცია. სპონსორი უკვე მყავს; არის ქარხანა, სადაც ტანისამოსი შეიკერება. ჩემთან ერთად ამ ბიზნესში ყოფილი მოდელი, მარიშა მაისურაძე ჩაერთვება... კიდევ, მაიკო კაჭკაჭიშვილმა მე და ხატია სიჭინავას დაგვიწერა დუეტი, ევრო-აზიურ სტილში. ეს იქნება კარგი, საცეკვაო ტრეკი. პრეზენტაცია სულ მალე, რომელიმე შოუში გვექნება.

ნინო მჭედლიშვილი