"გზის" საუკეთესო რესპონდენტები - გზაპრესი

"გზის" საუკეთესო რესპონდენტები

ინტერვიუს განსაკუთრებული ხიბლი აქვს, როცა რესპონდენტებად გამოცდილ კოლეგებს ირჩევ და საუკეთესო რესპონდენტის დასახელებას სთხოვ...

მაშ, ასე: "გზის" ჟურნალისტების დახმარებით, "საუკეთესო რესპონდენტების" გამოვლენას ვაგრძელებთ (დასაწყისი იხ. "გზა", #2).

ლალი ფაცია:

GzaPress- ჟურნალ "გზაში" 9 წელიწადია, ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში ბევრ და საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ - როგორც საზოგადოებისთვის ცნობილს, ასევე - უცნობს. გასულ, 2014 წელს ჩაწერილებს შორის, პირველ რიგში, კინონრეჟისორ ზაზა ურუშაძეს გამოვყოფ, რომელიც ესტონელებთან ერთად გადაღებული ფილმით - "მანდარინები" შეიძლება ითქვას, რომ ზეწარმატებული გახდა. აფხაზეთის ომის დრამა 21 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია და "ოქროს გლობუსზე" იყო წარდგენილი (72 ფილმიდან ხუთ საუკეთესოში მოხვდა!). სამწუხაროა, რომ "ოქროს გლობუსი" არ ერგო, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე წარდგენილ ხუთ ნომინატს შორის მოხვედრაც უდიდესი მიღწევაა. გასულ წელს ზაზა ურუშაძესთან რამდენიმე ინტერვიუ ჩავწერე. მასთან საუბრისას ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი ეპიზოდი იყო, როდესაც რეჟისორმა თქვა: "ადამიანი, რომელიც არასოდეს დამავიწყება, ჩემს ცხოვრებაში რამდენიმეა, მაგრამ მათგან ალბათ, უპირველესად ბაბუას გამოვყოფ... ის დედის მამა - ივანე იმნაძე გახლდათ, 90-იან წლებში გარდაიცვალა... რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ არ მავიწყდება და ყოველდღე მახსოვს იმიტომ, რომ ჩემთვის მაგალითი იყო... მინდა, მას ვგავდე. თუმცა მგონია, რომ ვერ "ვქაჩავ"... ყველა ასპექტში სრულყოფილი, მისაბაძი და ღირსეული პიროვნება გახლდათ. პროფესიით ექიმი იყო... სხვათა შორის, ჩემი ბოლო ფილმის - "მანდარინები" მთავარი გმირი - ივო საოცრად ჰგავს და ამ პერსონაჟის შექმნის ინსპირაციაც ბაბუაჩემის პიროვნების დამსახურებაა, რადგანაც ღრმად არის ჩემში აღბეჭდილი... ივოც ისეთივე ღირსეული კაცია, როგორიც ვანო ბაბუა იყო. როდესაც ფილმს უყურებენ, ვერც კი იჯერებენ, რომ მსგავსი ადამიანები რეალურად არსებობენ, თუმცა, მისით აღფრთოვანებული რჩებიან... იდეალიზებული გმირია. მყარად ატარებს მისთვის მთავარ პრინციპებს და უნდა, ისინი მომავალ თაობასაც გადასცეს... ივო ქართულ მიწაზე მცხოვრები ესტონელია, რომელიც მასთან სახლში მოხვედრილ დაჭრილ ქართველსა და ჩეჩენ მეომარს (მოსისხლე მტრებს) შეარიგებს და დაამეგობრებს! ზნეობის საოცარ მაგალითს აჩვენებს... დიახ, ზუსტად მისნაირი იყო ბაბუა. ბავშვობაში მორალზე, ადამიანის დანიშნულებაზე, მამაკაცისთვის საჭირო და აუცილებელ თვისებებზე მელაპარაკებოდა. თავისი ცხოვრებითაც დაამტკიცა, რომ ამქვეყნად სიკეთით და სიყვარულით უნდა იცხოვრო... რაც სამწუხაროდ, დღეს ადამიანებს ძალიან აკლიათ". დამეთანხმებით, ასეთი მადლიერი შთამომავალი, რომელიც ბაბუას ასე აღმერთებდეს, ჩვენს თანამედროვეობაში ცოტა თუ მეგულება და თანაც - ისე, რომ წინაპრის მიმართ საოცარმა სიყვარულმა ასეთი წარმატებული "ძეგლი" დაადგმევინოს, რომელიც მსოფლიო კინოს მოყვარულებს აოცებს...

სოფო ჭონიშვილი:

GzaPress- ჩემი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში, უამრავი საინტერესო რესპონდენტი მყოლია, მაგრამ როცა მთხოვე, საუკეთესო დამესახელებინა, უცებ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გამახსენდა. მიმაჩნია, რომ მასთან ინტერვიუ ყოველთვის საინტერესო გამოდის. ნანკა უბრალო და გულწრფელი ადამიანია. არც საკუთარი აზრის გამოთქმას ერიდება ხოლმე, როდესაც ამა თუ იმ თემაზე კომენტარისთვის ვუკავშირდები. მასთან პირველი ინტერვიუ წლების წინ ჩავწერე. მაშინ ჟურნალ "გზაში" მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა - ჩემი გვარ-სახელით ჯერ მხოლოდ 2 სტატია იყო დაბეჭდილი. ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი. მახსოვს, მასთან პირველი ინტერვიუ "თეატრალურ სარდაფში" ჩავწერე (იმ პერიოდში, "სარდაფშიც" თამაშობდა). როდესაც ნანკასთან პირისპირ დავჯექი და დიქტოფონი ჩავრთე, დაძაბულობამ გამიარა... ის ძალიან მხიარული ადამიანია. როცა გესაუბრება, გრძნობ, რომ არ გატყუებს, არ თამაშობს. 2014 წლის ბოლოს, ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით მოვამზადე მასალა, რამდენიმე ცნობილ ადამიანს დავუკავშირდი და ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ვთხოვე. მათ შორის ნანკა ყველაზე საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა: საკუთარი აზრი უპრობლემოდ დააფიქსირა, სხვებმა კი ცოტა თავი შეიკავეს და ზედაპირული კომენტარით შემოიფარგლნენ. ნანკა, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც გულწრფელი იყო...

თეა ხურცილავა:

- 15 წელზე მეტია, ჟურნალისტი ვარ. სტატიის მომზადება ძირითადად, სამართლის თემებზე მიწევს. ეს სფერო საკმაოდ რთულია: ყველა წვრილმანი უნდა გათვალო, ყველა მხარეს უნდა მოუსმინო... თითქმის ყველა მკვლელობასა და ტრაგედიას ვაშუქებ, შემთხვევის ადგილზე მივდივარ... ჭირისუფალთან მისვლა და საუბარი ჩემთვის უმძიმესია.... შემთხვევის ადგილიდანაც სიახლე ყოველთვის მომაქვს. ემოციით დატვირთული სახლში რომ ვბრუნდები, ვცდილობ, იმ დღეს მასალა არ მოვამზადო, ყველაფერი ცივი გონებით გავაანალიზო და ამის შემდეგ დავწერო...

GzaPressსაუკეთესო რესპონდენტებს რაც შეეხება, თემქაზე მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებს გამოვყოფ. ჟურნალში ციკლი მოვამზადეთ - "პორტრეტები მოხუცთა თავშესაფრიდან". იქ მცხოვრები ყველა მოხუცი ძალიან საყვარელი და საინტერესო რესპონდენტი იყო. განვლილ, საუკეთესო წლებს სიყვარულით იხსენებდნენ. არასოდეს დამავიწყდება ჭაღარა, სათნო მოხუცი - იუზა ორმოცაძე, რომელიც სარეცელს მიჯაჭვული დამხვდა. სამწუხაროდ, ჩვენი შეხვედრიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. როცა ძალა შესწევდა, თურმე ღამით, ყველა ბინადარი რომ დაიძინებდა, თავისი ინვალიდის ეტლით დერეფანში გამოდიოდა და თვალცრემლიანი კედლებს ეფერებოდა. ქალბატონი იუზა ორმოცაძე მთელი ცხოვრება საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. პროფესიით ინჟინერი იყო. თბილქალაქმშენის ხელმძღვანელიც გახლდათ, პანსიონატის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. ამბობდა, - ვერაფრით წარმოვიდგენდი, სიბერის გატარება ჩემს აგებულ შენობაში თუ მომიწევდა, ამიტომ ახლა აქ, ამ ცივ კედლებს ვეფერები, ჩემთვის ყველა აგური ძვირფასიაო... ბედნიერი წლებიც გაიხსენა. დროდადრო მის ხმაში ბზარი ჩნდებოდა, სევდიანი თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდებოდა ხოლმე... მცირე პაუზის შემდეგ, კეთილი მოხუცი ძველ ამბებზე საუბარს აგრძელებდა. არც ის დაუმალავს, რომ ოჯახურ გარემოში ცხოვრება სწყუროდა. ვაჟი სულ აკითხავდა, მაგრამ მას ოჯახში ყოფნა ენატრებოდა...

აქვე მინდა, ერთი ძალზე საინტერესო რესპონდენტი - საბჭოთა პერიოდის რეპრესიის მსხვერპლი, 86 წლის გიორგი სარალიძე გავიხსენო. იგი სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარში ცხოვრობს. რეპრესირებულმა ცხოვრება დუმილში გაატარა.

GzaPressათეული წლების შემდეგ, მოხუცი პირველად ჟურნალ "გზასთან" ალაპარაკდა. ეს ინტერვიუ ჟურნალში გაგრძელებებით დაიბეჭდა. ბატონმა გიორგიმ უმძიმესი ცხოვრების დეტალები გვიამბო: სტუდენტი ბიჭი უმიზეზოდ გადაასახლეს. იქიდან სოფელში რომ დაბრუნდა, თითქმის 40 წელს მიღწეული იყო. ამბობდა, - ფიცრული სახლი გვქონდა, სარდაფში მიწური გავთხარე, პატარა ფანჯარა დავუტოვე, შუქი რომ შესულიყო და იქ დავსახლდი. გარე სამყაროსთან კონტაქტი გავწყვიტე, საუბარი შევწყვიტე, არავის დანახვა არ მინდოდა. დღემდე კონტაქტი მხოლოდ წერილობით მაქვს და ხმას არ ვიღებო... საინტერესო იყო მისი სიყვარულის ამბავი, თუ როგორ შეაყვარა მასზე გაცილებით პატარა ასაკის გოგონას თავი და ცოლად როგორ შეირთო. მახსოვს, მასთან ინტერვიუს ჩასაწერად შეუთანხმებლად მივედი. მისამართი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" მომცეს... მოხუცს ვუთხარი, - იქნებ ჩვენი ინტერვიუ შედგეს-მეთქი? დაფიქრდა, ხელით სკამისკენ მიმითითა, თვითონ საწერ-კალამი და ფურცელი აიღო და დამიწერა: - თქვენთვის არ უთქვამთ, რომ საერთოდ არ ვსაუბრობ? ციხიდან დაბრუნების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, საუბარი მოვატოვეო. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. შემდეგ (ისევ წერილობით) რამდენიმე შეკითხვა დამისვა, მერე დამიწერა, - მოვიფიქრებ და თუ გადავწყვიტე, ინტერვიუ მოგცე, ისევ შევხვდეთო. რამდენიმე დღეში მოხუცს ისევ ვეწვიე და საოცრება მოხდა: ის ჩემთან ალაპარაკდა და თავისი განვლილი ცხოვრების დეტალები ომახიანი ხმით მიამბო! ამბების გახსენებისას, დროდადრო მოხუცს თვალები ცრემლით ევსებოდა, მაგრამ საუბარს აგრძელებდა. გულისყურით ვუსმენდი და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ მის მოსმენაში სამ საათზე მეტი გასულიყო... - ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, შეიძლება, ჩემმა ნაცნობებმა ცილი დაგწამონ - ჟურნალისტი რაღაცას იგონებს: ამ კაცს წლებია ვიცნობთ, მაგრამ მისი ხმა არავის გაგვიგონიაო, - ასე მითხრა თეთრწვერა მოხუცმა. მართლაც შთამბეჭდავი რესპონდენტი იყო...

ნათია ჟივიძე:

- უკვე მეცამეტე წელია, რაც ჟურნალ "გზაში" ვმუშაობ. ბევრი კარგი რესპონდენტი მყოლია, მაგრამ ამჯერად პაატა გულიაშვილზე მოგიყვებით. მასთან ინტერვიუს ჩაწერა ისე მიყვარს, თუ მის კარიერაში საინტერესო არაფერი ხდება, რაიმე რუბრიკას მივუსადაგებ და მაინც ჩავწერ ხოლმე. ალალი კახელი კაცია, შეკითხვებზე გულღიად და ხალისიანად გვპასუხობს. საოცრად თავმდაბალი და უშუალო ადამიანი გახლავთ. გარდა ამისა, იუმორის ისეთი გრძნობა აქვს, რომ მთელი ინტერვიუს განმავლობაში, სიცილს ვერ ვიკავებ. ჩვენს ერთ-ერთ შეხვედრას გავიხსენებ: ინტერვიუზე შესათანხმებლად რომ დავურეკე, რუსთაველის თეატრში დამიბარა, მაგრამ ისეთი დრო შეარჩია, როცა არ მეცალა. ვთხოვე, - ორსულად ვარ, ზუსტად ამ დროს ექოსკოპიაზე ვარ ჩაწერილი და იქნებ, ერთი საათით გვიან შევხვდეთ-მეთქი... - კი, ბატონო, იმ ერთ საათს თეატრში დაგელოდებიო, - მითხრა... თეატრში შევედი თუ არა, დერეფნის ბოლოდან დამიძახა, - გოგოა თუ ბიჭიო? მთელმა დასმა გაოცებულმა შემომხედა... ინტერვიუმ სიცილის თანხლებით ჩაიარა, უამრავი ანეკდოტი მიამბო. უცებ, მუცელში ბავშვი გაინძრა და ხელი დავიდე. პაატა ფეხზე წამოხტა - ვაიმე, მშობიარობა ხომ არ დაგეწყო, სამშობიაროში მე უნდა წაგიყვანოო? მის რეაქციაზე საკმაოდ ბევრი ვიცინე... კიდევ ბევრი რესპონდენტის გახსენება შეიძლება, მაგრამ დანარჩენ ამბებს მომავალი წლისთვის შევინახავ. იმედია, მანამდე კიდევ არაერთი საინტერესო რესპონდენტი მეყოლება...

თამთა დადეშელი:

- ჩემი აზრით, ჟურნალისტობა ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო პროფესიაა და მასმედიის "მტვერი" ერთხელ მაინც თუ "ჩაყლაპე", ინტერვიუებზე, პრეზენტაციებზე, პრემიერებზე სიარულისა და ინფორმაციების ოპერატიულად წერის (რაც დიდი აზარტია) გარეშე ყოფნა უკვე წარმოუდგენლად გეჩვენება. მით უმეტეს, თუ ეს ის საქმიანობაა, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდი. დედაჩემი ჟურნალისტი და ფილოლოგია (ნათია გურგენიძე), რედაქციაში, რომელიც კოსტავაზე დიდ გამომცემლობაში მდებარეობდა, ხშირად დავყავდი და ვუყურებდი, როგორ წერდნენ სტატიებს, როგორ კითხულობდა ერთი კორექტორი დედნიდან, მეორე კი ნაბეჭდ წერილს ასწორებდა, რომელიც იმ დროს, ტყვიისგან ჩამოსხმული სტრიქონებით სტამბაში ლინოტიპზე იწყობოდა... ალბათ, ამის გავლენაც იყო, რომ ჟურნალისტობის სურვილი ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში გამიჩნდა და სარკის წინ მოკალათებული, მეტიჩრული სახით ხან "პირველი არხის" დიქტორს ვასახიერებდი, ხანაც გადაცემის წამყვანის ამპლუაში "მაყურებელს" უცნაური ფორმის ხილისა და ბოსტნეულისგან სხვადასხვა ფიგურის დამზადებას "ვასწავლიდი". სიმბოლურად ალბათ ესეც ამიხდა, როცა რედაქტორის დავალებით, წერა კულინარიაზეც დავიწყე და მერე, თავი ჟურნალ "გემრიელშიც" ამოვყავი... მართალია, წამყვანი ჯერჯერობით ვერ გავხდი, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე ეს სურვილიც ამიხდება.

GzaPress12-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში, რა თქმა უნდა, უამრავი ინტერვიუ ჩამიწერია და არაერთი საყვარელი რესპონდენტიც მყავს, ყოველთვის ვცდილობ, მათთან კარგი ურთიერთობა დავამყარო, არასდროს ვუწერ ტყუილებს (ისევე, როგორც ჩემი კეთილსინდისიერი კოლეგები) და ისეთ ამბებს, რაც არ მოუყოლიათ, არ ვამახინჯებ მათ მონათხრობს და მიხარია, როცა მადლიერი რესპონდენტები სიმპათიასა და ნდობას გამოხატავენ.

ჩემი საყვარელი რესპონდენტებიდან ყველაზე საყვარელს გამოვარჩევდი. ესენი არიან: გია ხუხაშვილი, რომელსაც ალბათ ყველაზე ხშირად "ვაწუხებ", გელა ჩარკვიანი, რომელთანაც ინტერვიუ არა ერთ თემაზე ჩამიწერია და განუმეორებელი კახი კავსაძე, რომელსაც ასევე ბევრჯერ შევხვედრილვარ, მაგრამ რეპორტაჟი "მოხუცი ჯამბაზებიდან", რომელშიც ჩემი უსაყვარლესი მსახიობები მონაწილეობდნენ, განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. ასევე სოსო ცისკარიშვილი, გია ბუღაძე, ნიკო ლეკიშვილი, თბილისელი კოლორიტი, გიზო ჟორდანია, ზაზა ხუციშვილი, ძალზე პოზიტიურები და საყვარლები - რატი დურგლიშვილი და ლაშა ღლონტი და არ შემიძლია არ აღვნიშნო თამარ ნადირაძე, რომელმაც ბავშვობის ყველა საოცნებო კაბა "ამისრულა" და უკვე არაერთ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა. ისევე, როგორც თეატრის მაყურებელი, რესპონდენტიც გრძნობს, ჟურნალისტი რამდენად სიყვარულით უდგება თავის საქმიანობას და ეს მის ნაწერზეც აისახება. ვისურვებდი, რომ ის სიყვარული, რაც ჩვენი პროფესიის მიმართ გაგვაჩნია, არასდროს გაგვნელებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ პრესის (პატიოსანი) ჟურნალისტებისთვის ეს საქმიანობა მატერიალური სიმდიდრის მომტანი არაა. სამაგიეროდ, ერთგვარ სულიერ საზრდოს გვაძლევს, რაც შემდგომი წარმატების სტიმულს გვიღვიძებს. ბედნიერი ვარ, როცა ის ადამიანები, ვისაც ბავშვობისას მხოლოდ ეკრანზე ვხედავდი და მომწონდა, დღეს სიყვარულით მესალმებიან. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ის წიგნებია, რომლებიც ავტორებმა საკუთარი ავტოგრაფებით მაჩუქეს, განსაკუთრებით კი ირაკლი ჩარკვიანის "მშვიდი ცურვა" გელა ჩარკვიანის წარწერით - "თამთა დადეშელს სიმპათიით და შემდგომი წარმატების სურვილით, გელა ჩარკვიანი, მეფის მამა".

მინდა, ჩემს საყვარელ რესპონდენტებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს შობა-ახალი და ძველი წელი მივულოცო და ჩვენგან ბევრი საინტერესო, სახალისო, პოზიტიური ამბის გაგება და კეთილდღეობა ვუსურვო.

ეთო ყორღანაშვილი