ლომის რა თვისებები აქვს ლიკა ქორქიას - გზაპრესი

ლომის რა თვისებები აქვს ლიკა ქორქიას

ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ ლომს, ეს კი ლიკა ქორქიას ზოდიაქოს ნიშანია.

- რომ ვთქვა, ასტროლოგიით დაინტერესებული ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება. უბრალოდ, ვიცი, რომელია ჩემი მფარველი პლანეტა და ნიშანი, დახასიათებაც წამიკითხავს. სამედიცინოზე რომ ვსწავლობდი, ბიოქიმიას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მასწავლიდა და ამ საკითხებში გამაცნობიერა. ყოველ დილით ასტროლოგიურ პროგნოზს არ ვკითხულობ, რადგან ხშირად, რასაც წაიკითხავ, იმას იჯერებ. უმჯობესია, დილით პოზიტიურ ხასიათზე გაიღვიძო და საკუთარ თავს უთხრა, რომ ყველაფერი გამოგივა.

- "ლომი მართავს ჰოროსკოპის მეხუთე სახლს, რომელიც სიყვარულსა და თეატრს განაგებს".

- ზოგადადად, ხელოვნება მიყვარს, მათ შორის - თეატრიც.

- "ამაყია. თუ მის დამცირებას შეეცდებით, თქვენ წინაშე საშინელი ღრიალა "ცხოველი" აღიმართება".

- ადამიანებთან კომუნიკაციაში აქტიურად არ შევდივარ. განა იმიტომ, რომ ურთიერთობა მიჭირს. უბრალოდ, ბევრნაირი ხასიათის ადამიანი არსებობს და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ის ახალი ნაცნობი ისეთი პიროვნება აღმოჩნდება, როგორიც ჩემთვისაა მისაღები. ზოგჯერ ადამიანები ზღვარს გადადიან. არ ფიქრობენ, რომ მისთვის მისაღები საქციელი შესაძლოა, შენთვის შეურაცხმყოფელი იყოს. იმისთვის, რომ უსიამოვნებებისგან თავი დავიზღვიო, მირჩევნია, ახლობელი ადამიანების წრეში "ვიმოძრაო", ვისთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- ეს თვისება ბავშვობიდან გაქვს? GzaPress- კი. არასდროს ვურთიერთობდი იმ ადამიანებთან, რომლებთანაც თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. ხალხში არასდროს "ვითქვიფებოდი".

- "სხვების მართვა უყვარს. ხშირად ადამიანებს ზემოდან დაჰყურებს".

- არ ვიცი, სხვა ლომებს ეს რამდენად ახასიათებთ, მაგრამ ჩემთვის მსგავსი რამ უცხოა. უბრალოდ, ადამიანთან თუ საერთო ინტერესები არ მაქვს, მასთან ურთიერთობას ვწყვეტ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის.

- იმ შემთხვევაში, როცა გრძნობ, რომ ვიღაც ზემოდან გიყურებს, როგორ იქცევი?

- ჯერ მსგავსი რამ არ მიგრძნია. ხალხის ასეთ კატეგორიასთან ურთიერთობა არ მაქვს. ასეთების საქციელზე რა რეაქცია შეიძლება მქონდეს? გამეღიმება. არც ერთი ადამიანი მეორეზე მეტი არ არის.

- "მას უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, სცადეთ და უთხარით ეს, გაგინაწყენდებათ".

- ვერ ვიტყვი, რომ ამით თავს ვიწუხებ. ყოველთვის, როცა ვინმე რჩევას მკითხავს, ვეუბნები, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდი, მაგრამ არჩევანი მისი გასაკეთებელია. ვცდილობ, სხვების გადაწყვეტილებაში არ ჩავერიო.

- "დროს ფუჭად არასდროს კარგავს".

- მაშინ, როცა საქმეს არ ვაკეთებ, დროს საკუთარი თავის რელაქსაციისთვის ვიყენებ. მსმენია, ლომებს ძილი უყვართო. მე ამ კატეგორიას არ განვეკუთვნები. ვცდილობ, ძილში რაც შეიძლება ნაკლები დრო დავკარგო.

- ახლა რას საქმიანობ?

- ახალ პროექტზე ვმუშაობ. ახალი სეზონიდან ტელევიზიაში დავბრუნდები, მაგრამ რომელ არხზე, ვერ გეტყვი.

- ეს საავტორო გადაცემა იქნება?

- დიახ. ეს იქნება შემეცნებითი გადაცემა.

- თანაწამყვანიც გეყოლება?

- არა.

- "სიყვარულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია".

- ბევრნაირი სიყვარული არსებობს. გიყვარს მშობლები, ახლობლები, მეგობრები. დიახ, სიყვარულის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ამ გრძნობის გარეშე ადამიანი ცარიელია, მარტოა.

- "სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის ხან მზესავით ანათებს, ხან - დარდისგან კვდება".

- დარდზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ მზესავით ვანთებ? - არ ვიცი, ეს ალბათ სხვებს უნდა ჰკითხო. ერთხელ მიხეილ ცაგარელმა სტუდენტებს გვიამბო: ერთი ადამიანი შემხვდა და ხელი ზემოდან ჩამომართვა, რაც ლომებისთვის დამახასიათებელი ჟესტია. ვკითხე, ზოდიაქოთი ვინ იყო და ჩემი ვარაუდი გამართლდაო. ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ, ტიპური ლომი ხარ, მანერებზე გეტყობაო.

- "არ უყვარს, როცა სხვაზეა დამოკიდებული. ხშირად, ადამიანების მიერ გამოთქმულ სურვილს, რომ მას დახმარების ხელი გაუწოდონ, უარით პასუხობს, თავად კი ამას სხვებისთვის სიამოვნებით აკეთებს".

- მუშაობა რომ დავიწყე, 14 წლის ვიყავი. დამოუკიდებლობას შევეჩვიე. მიმძიმს, როცა ვხედავ, ვიღაცას უნდა რაიმე გამიკეთოს. ვცდილობ, ასეთ დროს უარი ვთქვა. წვალებით მოპოვებული უფრო გემრიელია (ეს თავდაჯერებასაც მმატებს), ვიდრე ლანგრით მორთმეული.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- არც შემგროვებელი ვარ და არც მფლანგველი, გონივრულად ვხარჯავ.

- "მას უყვარს ყველაფერი პირველი ხარისხის; გასართობად და სიამოვნების მისაღებად შეუძლია, მთელი ქონება დახარჯოს".

- ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. შეიძლება, მფლანგველები კაცი ლომები არიან.

- "წინააღმდეგობები არ თრგუნავს, გმირული შემართება მისი ხასიათის მთავარი თვისებაა".

- როცა რამეს ვაკეთებ, სიძნელეებს ვეძებ. მგონია, რაღაც მაკლია. ვფიქრობ, რაც ადვილად გამომდის, ისეთი კარგიც არ არის, როგორიც მინდოდა, რომ გამოსულიყო. ბარიერები ძალას მმატებს. პრობლემას რომ ვაწყდები, ფარ-ხმალს არ ვყრი და არც დეპრესია მემართება.

- "საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა".

- არ ვიცი, კარგია თუ ცუდია, მაგრამ როცა ადამიანისგან რაღაც მწყინს, მას ვკარგავ. მეგობარმა უნდა იცოდეს, რა მატკენს გულს და რა გამახარებს. თუ ის გულს გამიზნულად მატკენს, არ მომიფრთხილდება, მეგობრულად არ იზრუნებს ჩემზე, როგორ შეიძლება, მასთან ურთიერთობა გავაგრძელო? მე არ ვიღებ ბოდიშებს. შეიძლება, ვაპატიო, მაგრამ ის ჩემი მეგობარი ვეღარ იქნება. დედამიწაზე ბევრი ადამიანი ცხოვრობს და აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ღირსეულიც.

- მკაცრი ხარ?

- მოწესრიგებული ვარ. ხშირად ვსვამ კითხვას: რატომ? შეიძლება, ეს ჩაძიება სიმკაცრეში გადამდის.

- "ზუსტად იცის, რა დროს უნდა დათმოს და რა დროს გაჯიუტდეს".

- დედა ჩემზე ყოველთვის ამბობდა: ეს ბავშვი საშინლად ჯიუტიაო. საოცარი ის არის, რომ ვერ ვიხსენებ კონკრეტულ ფაქტს, რამე სიჯიუტის გამო არ გამეკეთებინოს.

- შენი სიჯიუტე რაში გამოიხატება?

- როცა რაიმე საკითხზე ჩემი აზრი მაქვს, თუ ძალიან მყარი არგუმენტები არ მოიშველიე, ვერ გადამათქმევინებენ.

- "მასთან ურთიერთობა არც ისე ადვილია. იმდენად კრიტიკულია, ნებისმიერ ხარვეზს ამჩნევს".

- თუ ეს რაღაც მე მეხება, ნებისმიერ ხარვეზს შევამჩნევ, თუ არ მეხება, საერთოდ არ მაინტერესებს.

- "მოთმინების უნარი და რთულ სიტუაციაში საკუთარი თავის ფლობის ძალა შესწევს".

- მართალია, მოთმინების უნარი მაქვს და საკუთარ თავზე კონტროლსაც არ ვკარგავ. ჩემს თავმოყვარეობას არასდროს გადავაბიჯებ.

- "მისი გრძნობები იშვიათად არის ცალმხრივი და თითქმის ყოველთვის ქორწინებით მთავრდება".

- ჯერ ქორწინებაში არ ვყოფილვარ და აბა, რა გითხრა? პრინციპული ადამიანი ვარ. ისეთი პიროვნება უნდა შემხვდეს, რომელიც კარგად გამიგებს. ჩემი და მისი პრინციპულობა ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება.

- ცალმხრივად გყვარებია?

- არასდროს. ადამიანებთან კონტაქტში იშვიათად შევდივარ; არ მინდა გაწბილებული და იმედგაცრუებული დავრჩე. პირად ცხოვრებაში ეს თვისება გამძაფრებულად მაქვს. ჯერ ძალიან დიდხანს ვაკვირდები, ვსწავლობ და მერე გავაბამ ურთიერთობას.

- "ყოველთვის გააჩნია დიდი და მცირე მიზნები, მაგრამ მათ განხორციელებაში წვრილმანი საზრუნავი უშლის ხელს".

- ვერ ვიტყვი, რომ ბევრი წვრილმანი საზრუნავი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დილით ადრე ვდგები და გვიან ვიძინებ, ბევრ რამეს ვერ ვასწრებ.

- "თავისუფლების მოყვარეა. გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა", შეზღუდვები "კლავს", - წერია დრაკონის დახასიათებაში. მართლა ასეა?

- ყოველი დღე დაგეგმილი მაქვს, სპონტანურად არ ვცხოვრობ.

- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია".

- "ჩაკეტილი" ცოტათი გადაჭარბებული ნათქვამია. ყველა პრობლემა, რომელიც მექმნება, ჩემში უნდა დარჩეს და თავად მოვაგვარო. როცა სხვის პრობლემებს ვისმენ, ვითრგუნები. მინდა, ჩემ გამო არასდროს არავინ არ დაითრგუნოს. როცა პრობლემა მაქვს, მირჩევნია, სახლში ვიყო და ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან, ვიდრე ვინმესთან მივიდე, ისიც ვანერვიულო და ვატირო.

- "ნაკლებად მეოჯახეა. შინ გაჩერებას გარეთ ყოფნა ურჩევნია".

- იმდენად ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, საოჯახო საქმეებს ფიზიკურად ვეღარ ვასწრებ. სახლში თავს კომფორტულად ვგრძნობ. როცა შეხვედრებს შორის თავისუფალი დრო მაქვს, კაფეში შესვლას მირჩევნია, სახლში მივიდე, საყვარელ ადამიანებთან ერთად მშვიდად და მყუდროდ დავჯდე, ვისაუბრო. ჩემთვის ოჯახი ყველაზე თბილი ადგილია. თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"