უშედეგო დიეტები, მეორადი ტანსაცმლის მაღაზია და სასწაულები - გზაპრესი

უშედეგო დიეტები, მეორადი ტანსაცმლის მაღაზია და სასწაულები

მოგეხსენებათ, წარმატებული ქართული სერიალი - "შუა ქალაქში" ეკრანს დაუბრუნდა. მასში ის მსახიობები მონაწილეობენ, რომელთა მიერ განსახიერებული პერსონაჟებითაც სერიალი მაყურებელმა თავიდანვე შეიყვარა... სერიალის პირველ რამდენიმე სეზონში, სხვა მსახიობებთან ერთად, ქეთა ლორთქიფანიძეც მონაწილეობდა, მაგრამ განახლებულ - "შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ" არ გამოჩენილა...

GzaPress- ახლახან სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში - "თეთრი ტალღა" მუშაობა დავიწყე. კიდევ, "თავისუფალ თეატრში" სპექტაკლებს ვგეგმავთ და სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს პრემიერა გვექნება...

- სერიალის - "შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ" სეზონის დასრულებამდე, ჩაწერაზე მაყურებლებს შორის შეგნიშნეთ...

- კი, იქ ვიყავი. სერიალის შემოქმედებით გუნდთან დღემდე ვმეგობრობ. ერთად დიდხანს ვიმუშავეთ. სერიალს რაც შეეხება, ჩემი მეგობრების მსგავსად, მასში მონაწილეობა მეც შემომთავაზეს, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ სხვა არხზე ვმუშაობდი. სამომავლოდ არაფერს გამოვრიცხავ და არც ვიწინასწარმეტყველებ...

- ქეთა, პირველი სამსახური გაიხსენეთ...

- ეს ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში იყო: მე და ჩემმა ორმა მეგობარმა მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გავხსენით. ზუსტად არ მახსოვს - რამდენიმე თვე თუ 1 წელიწადი ვიმუშავეთ. ოფიციალურ სამსახურს რაც შეეხება, პირველად მაღაზიაში ვმუშაობდი, სადაც ქსეროქსი, ლამინირება, კომპიუტერული მომსახურება, საკანცელარიო ნივთები იყო და ლიმუზინებიც ქირავდებოდა; მაშინ დაახლოებით 20 წლის ვიყავი.

- ფინანსური საჭიროების გამო მუშაობდით?

- დედა ძალიან ადრე - 19 წლისა გავხდი, ამიტომ მუშაობა აუცილებელიც იყო და ეს მსურდა კიდეც. იმ პერიოდში საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო. თავის გატანა იოლი არ გახლდათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სიამოვნებით ვმუშაობდი.

- პირველი შვილი...

- თომა ათანელიშვილის დაბადება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება გახლდათ. როცა დედა ხდები, ეს ძალიან ემოციური, ამაღელვებელი რამ არის. იმ წუთას თითქოს, ყველა პრობლემა და ტკივილი გავიწყდება. ჩემი პირველი "ქმნილება" - თომა დღეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი გახლავთ - ბატონ ავთო ვარსიმაშვილთან დრამის რეჟისურას სწავლობს.

- პირველი დიეტა...

- 24 წლამდე ჭარბი წონის ვიყავი. ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში დიეტა მუდმივად იყო. პირველი დიეტა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის ასაკში დავიცავი: რადგან ნაღვლის ბუშტი, კუჭი მუდმივად მაწუხებდა, ყოველთვის დიეტურ საკვებს მაჭმევდნენ. მერე თირკმლის პრობლემა მქონდა და მხოლოდ უმარილო, მოხარშულ პროდუქტებს ვჭამდი - ეს დიეტა მწარედ მახსოვს (იცინის).... უკვე მეცხრე კლასიდან წონასთან დაკავშირებულ დიეტას ხშირად ვიცავდი, მაგრამ - უშედეგოდ.

- როგორ მოახერხეთ, რომ დღეს არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ?

GzaPress- რომ ვთქვა, ამისთვის რაიმე განსაკუთრებული მოვიმოქმედე-მეთქი, ტყუილი იქნება. უბრალოდ, ერთხელაც ისე მოხდა, რომ წონაში ძალიან მალე დავიკელი. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი და მესხიშვილის თეატრში ვმუშაობდი. ჰოდა, რეპეტიციების პერიოდში გავხდი. რა თქმა უნდა, ეს ალბათ, ჯანმრთელობის პრობლემის ბრალი უფრო იყო, მაგრამ გამიხარდა, წონა უცებ რომ "დავაგდე" და სტაბილურად შევინარჩუნე კიდეც.

- პირველი ვიზიტი ქუთაისში...

- ქუთაისი ძალიან მიყვარს. ამ ქალაქს თქვენი ჟურნალის საშუალებით მივესალმები. იქ პირველად "გავლით" მოვხვდი, როცა ბათუმში მივემგზავრებოდი და ძალიან კარგად მახსოვს ის ქუჩა (ოპერასთან), რომელზეც გავიარე... შემდეგ ქუთაისში წლების მერე ჩავედი, როცა მამა თეატრის მთავარ რეჟისორად მუშაობდა. იმ პერიოდში მას საკმაოდ ხშირად ვსტუმრობდი... რამდენიმე წელიწადის შემდეგ კი, როცა მეორე შვილი გავაჩინე, ქუთაისის თეატრში აღმოვჩნდი, სადაც მამას დახმარებით მსახიობობა დავიწყე (მოგეხსენებათ, სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე). სცენაზე 2000 წლის ოქტომბერში დავდექი. სპექტაკლში - "წვიმის გამყიდველი" ვმონაწილეობდი. ახლა უკვე ამ სპექტაკლში "თავისუფალი თეატრის" სცენაზე ვთამაშობ.

- პირველი როლი, რომლის შესრულებასაც ნანობთ...

- სინანულის გრძნობა არც ერთ როლთან არ მაკავშირებს. რა თქმა უნდა, იყო როლები, რომლებიც ძალიან ცუდად ვითამაშე - ამას არ უარვყოფ, მაგრამ ძალიან კარგად ნათამაშევი როლებიც მაქვს... ერთი პერიოდი გორის თეატრში ვმუშაობდი, პარალელურად კი "თავისუფალში" ვიყავი.

- პირველი დეპრესია, სტრესი...

- ძალიან ემოციური ბავშვი ვიყავი და დღემდე ასეთი ვარ. მნიშვნელოვანი სტრესი ალბათ, მაშინ მივიღე, როცა ძაღლი დავკარგე. მესამე კლასის მოსწავლე ვიყავი. მეგონა, ცხოვრება დამთავრდა. ძაღლს დაახლოებით 3 თვე ვეძებდი, მაგრამ უშედეგოდ... ჩემი ტოშკა ძალიან საყვარელი იყო. მამიდამ დაბადების დღეზე მაჩუქა და მასთან ერთად საახალწლო სატელევიზიო გადაცემაშიც ვმონაწილეობდი.

- პირველი კრიტიკა, რომელმაც გაგაღიზიანათ...

- კრიტიკა საერთოდ არ მაღიზიანებს.

- მაშინ გაიხსენეთ კრიტიკა, რომელიც მიგაჩნიათ, რომ არ დაგიმსახურებიათ...

- რჩევას, შენიშვნას ვითვალისწინებ ხოლმე. ბევრჯერ გავუკრიტიკებივარ. ეს პირველად ალბათ, იმ პერიოდში მოხდა, როცა სკოლაში ვსწავლობდი... ახლა პირველი რეცენზია გამახსენდა, რის გამოც ნიკა წულუკიძეს ხუმრობით, დღესაც "ვკბენ" ხოლმე: "თავისუფალ თეატრში" (სპექტაკლში - "ვარიაცები პატრიოტულ თემაზე") მეორე თუ მესამე როლი შევასრულე. სპექტაკლის შესახებ ნიკამ რეცენზია დაწერა, რომელშიც გამაკრიტიკა. ეს ამბავი "რბილად" მახსოვს. წულუკიძე ჩემი ახლო მეგობარია.

- პირველი ამაღელვებელი შეხვედრა გულშემატკივრებთან...

- ქუთაისის თეატრში სპექტაკლში - "აქ ერთ დროს ადამიანს უცხოვრია" ვთამაშობდი. პრემიერაზე, სპექტაკლი რომ დასრულდა, ქალთა დიდი გუნდი ჩემთან აცრემლებული მოვიდა. მითხრეს, - შვილო, ცხოვრებაში ხომ მაინც გაქვს უკეთესი ბედიო (იღიმის)? მერე ამ სპექტაკლით იმერეთის რეგიონის ფესტივალში ვმონაწილეობდით, სადაც გრან-პრი ავიღე. კულისებში შემოსული ხალხი იქაც კარგად მახსოვს... მართლა საოცრება ხდებოდა. ეს სცენაზე ჩემი პირველი და შესაბამისად, დაუვიწყარი გამარჯვება იყო!..

- პირველი სიყვარული...

- 3 წლის ვიყავი. რატომღაც, წვერიანი ხალხის მიმართ სიმპათიით განწყობილი გახლდით. ჰოდა, ჩემი მშობლების მეგობარი მსახიობი შემიყვარდა, რომელსაც შავი, ოდნავ ჭაღარაშერეული წვერი ჰქონდა. ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა (იცინის). შემდეგ "შეყვარებულმა" რბილი, ყვითელი დათუნია მაჩუქა. საჩუქარს დიდხანს ვინახავდი.

- პირველი სერიოზული საუბარი შვილებთან...

GzaPress- ჩემს შვილებს თავიდანვე ძალიან სერიოზულად ველაპარაკები. "პატარაა და არ შეუძლია, გაიგოს" - მათთან ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს. ენასაც არასოდეს ვუჩლექ. ამის გაკეთება სხვებისთვისაც კატეგორიულად აკრძალული გვაქვს... შვილებთან სერიოზული საუბრები ყოველთვის მაქვს. ალბათ, ძალიან სერიოზულად მაშინ ვისაუბრეთ, როცა დღის წესრიგში პროფესიის არჩევა დადგა. არასასიამოვნო ლაპარაკს რაც შეეხება: 13-14 წლის ასაკში, თომამ სკოლაში მასწავლებელი გააბრაზა და ყოველდღე დირექტორთან მიბარებდნენ (იღიმის)... თომამ სკოლა კარგად დაამთავრა. საერთოდ, ჭკვიანი, ნიჭიერი ახალგაზრდა გახლავთ. მისით და ასევე, ჩემი ყველა შვილით ვამაყობ.

- ქეთა, სასწაულების გჯერათ?

- კი, მჯერა. უბრალოდ, ამის აღქმა და დანახვა უნდა შეგვეძლოს: ბევრჯერ ვყოფილვარ გამოუვალ მდგომარეობაში, მაგალითად - ვინმე სასწრაფოდ დამჭირვებია, მე კი მისი ტელეფონის ნომერი არ მქონია. ამ დროს იმ ადამიანს შემთხვევით, თავად დაურეკავს. ეს თითქოს არაფერია, მაგრამ ჩემთვის სასწაულია, რადგან ჩემი ცხოვრება ასეთი პატარა სასწაულებისგან შედგება. კიდევ ბევრ სასწაულს ველოდები. მათი დანახვა და აღიარება მიყვარს (იცინის).

- პირველი მოვლენა თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც შეიძლება, "სასწაული" უწოდოთ...

- ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ მოდი, სასწაულად მივიჩნიოთ თუნდაც, ის ფაქტი, რომ სერიალში - "შუა ქალაქში" დიდი კასტინგის შედეგად, 6 თვის ფეხმძიმე მოვხვდი. ამ სერიალმა ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრება შეცვალა, ჩვენს კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო.

ეთო ყორღანაშვილი