როგორი გოგონები აბნევენ თორნიკე ტყემალაძეს - გზაპრესი

როგორი გოგონები აბნევენ თორნიკე ტყემალაძეს

მას შეყვარებული არ ჰყავს. მოსწონს მიზანდასახული და განათლებული გოგონები. "ის ერთადერთი სიყვარული, რომელიც თავს დამაკარგვინებს, ჯერ არ გამოჩენილა, თორემ სამსახურის გარდა, ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ დამოუკიდებლად ვიცხოვრო", - ამბობს თორნიკე ტყემალაძე.

- არაჩვეულებრივი, თბილი და მოსიყვარულე ოჯახის წევრები მყავს. მამა მცირე ბიზნესით არის დაკავებული, დედა - დიასახლისია. ჩემი ძმა აბიტურიენტია და უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ემზადება.

- გარდა იმისა, რომ სამოდელო საქმიანობას ეწევი, კიდევ რა პროფესია გაქვს?

GzaPress- მოდელობა ჩემთვის უბრალოდ, ჰობია, რაც ვფიქრობ, კარგად გამომდის. პროფესიით კი ჟურნალისტი ვარ - სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკისა და პიარის ფაკულტეტი დავამთავრე.

- როცა სამოდელო საქმიანობა დაიწყე, მშობლებს ამაზე როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- სამოდელო საქმიანობა ერთ დღეში არ დამიწყია. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა მშობლებმა ჩემი ჰობის შესახებ გაიგეს და ეს მათთვის სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. ისე, სიმართლე გითხრათ, ძალიან უნდათ, წარმატებას ჩემს პროფესიაშიც მივაღწიო.

- პროფესიით არასდროს გიმუშავია?

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანი "რუსთავი 2"-ში ვმუშაობდი, რაც ვფიქრობ, ჩემი პროფესიული განვითარებისთვის ძალიან კარგი იყო.

- საკუთარი თავის დახასიათება შეგიძლია?

- ეს ყოველთვის მიჭირს. თუმცა, ამ შემთხვევაში შევეცდები, ობიექტური ვიყო (იცინის). რაც მთავარია, სულ ვცდილობ, ყველასთვის - მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის კარგი ბიჭი ვიყო, არავის არაფერი დავუშავო და მხარში ამოვუდგე ლხინშიც, ჭირშიც. დადებით თვისებებთან ერთად, უარყოფითიც მაქვს - ხანდახან ზედმეტად ვენდობი ხოლმე ადამიანებს. ძალიან ბევრი დროა საჭირო იმისთვის, რომ გაიგო, ვინ არის შენთვის კარგი მეგობარი და ვინ - მოჩვენებითი.

- არასდროს გიცდია ამ უარყოფითი თვისების გამოსწორება?

- როგორ არა, ბევრჯერ მიცდია. ბოლო დროს ძალიან ფრთხილი გავხდი. მივხვდი, ყველას ნდობა არ შეიძლება.

- მავნე ჩვევები თუ გაქვს?

GzaPress- ბოლო ერთი თვეა, ვცდილობ, სიგარეტს თავი დავანებო. ჯერ მხოლოდ რაოდენობის შემცირება მოვახერხე და მალე ალბათ, საერთოდ დავანებებ თავს. იმისთვის, რომ ეს სენი საბოლოოდ დავამარცხო, "სპეციალური" გარემო მჭირდება: ირგვლივ არავინ არ უნდა ეწეოდეს. როცა ვხედავ, ვიღაც ეწევა, ცდუნებას ვერ ვუძლებ. დიდად არც ალკოჰოლის მოყვარული ვარ, იშვიათად ვსვამ. თუ მოხდა ისე, რომ დავლიე, ე.ი. ცუდ ხასიათზე გახლავართ. ისე, სიმთვრალეში შარიანი სულაც არ ვარ (იცინის), პირიქით - ალკოჰოლი ჩემზე კარგად მოქმედებს, კარგ ხასიათზე მაყენებს.

- ანუ დეპრესიას ალკოჰოლის მიღებით ებრძვი?

- დეპრესიულ მდგომარეობაში ხშირად არ ვარ. შეიძლება, უბრალოდ, საყვარელი ადამიანის ტყუილმა და ორპირობამ დამაყენოს ცუდ ხასიათზე. ალკოჰოლს ძირითადად, მაშინ ვეტანები, როცა შემოქმედებითი კრიზისი მაქვს. ასეთ დროს ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებული ვარ.

- თავად თუ მოგიტყუებია ახლობელი ადამიანი?

- ზოგადად, ტყუილი ძალიან ცუდია. თუმცა, ხანდახან რეალობა ისეთია, სჯობს, მოიტყუო... ისე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მატყუარა კი არა, გულწრფელი ადამიანი ვარ... ჩემი დეპრესიული მდგომარეობიდან გამოყვანა, საყვარელ ადამიანებს შეუძლიათ; მხოლოდ ისეთებს, ვინც ძალიან მიყვარს.

- დამოუკიდებელი ხარ?

- ბავშვობიდან დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოვყალიბდი - ასე მზრდიდა დედა. ძალიან პატარა ასაკიდან ვცდილობდი, ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს - საკუთარ სახლში გადასვლისა და მარტო ცხოვრების. მინდა, კარგი სამსახური ვიშოვო, რომ მატერიალურად მყარად ვიყო. ვნახოთ, რა გამოვა.

- სახლი ვინ გიყიდა?

- მშობლებმა მიყიდეს, მშენებარე კორპუსში. მშენებლობა უკვე დასრულდა და ვემზადები გადასასვლელად. ჩემი ძმაც მეზობლად მეყოლება. ვოცნებობ მარტო ცხოვრებაზე, მაგრამ ვიცი, როცა იმ ბინაში გადავალ, ცოტა ხანში ისევ მშობლებთან დაბრუნება, მათთან ყოფნა მომინდება. ვერც ჩემს საყვარელ ძაღლს შეველევი. ასე რომ, დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ.

- საოჯახო საქმეების კეთება გეხერხება?

- რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის არის საჭირო, ყველაფერი მეხერხება. გარდა ამისა, მყავს მეგობრები, რომლებიც ვიცი, ძალით ჩამისახლდებიან ბინაში და იმედია, დალაგებაში, სადილების მომზადებაში დამეხმარებიან.

- თავად თუ გეხერხება სადილის მომზადება?

- როცა შინ მარტო ვარ, სადილს ვამზადებ, მაგრამ გემრიელი არასდროს გამომდის. დალაგებაც ვიცი. საკუთარ სამოსსა და ნივთებს ახლაც თავად ვაწესრიგებ, ამით დედას არასდროს ვაწუხებ.

- რამდენი წლის ხარ?

- უკვე 23 წლის ანუ დიდი ბიჭი ვარ.

- შეყვარებული გყავს?

GzaPress- შეყვარებული არ მაყვს, მაგრამ არსებობს ადამიანი, ვისზეც ვფიქრობ (იცინის).

- იმ გოგომ თუ იცის, რომ მასზე ფიქრობ?

- მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ ვგრძნობ, რაღაცებს ხვდება.

- ბევრჯერ გყვარებია?

- ნამდვილი სიყვარული ბევრჯერ ნამდვილად არ მწვევია. თუმცა, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ვფიქრობდი, ესა და ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი, მაგრამ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ვხვდებოდი, რომ ეს გატაცება იყო...

- ოდესმე გოგო სიყვარულში გამოგტყდომია?

- მსგავსი რამ ბევრჯერ მომხდარა (იცინის) და ასეთ დროს თავს უხერხულად ვგრძნობ. ცუდია, როცა მანდილოსანი სიყვარულს გიხსნის, შენ კი მის მიმართ არაფერს გრძნობ.

- მსგავს სიტუაციაში როგორ იქცევი?

- ასეთ დროს უაზრო საუბარს ვიწყებ. მაგალითად, ერთ გოგოს ვუმტკიცებდი, - შენ უბრალოდ მოგწონვარ, სიყვარული არაფერ შუაშია-მეთქი (იცინის)... არ მინდა, ჩემ გამო ვინმეს გული ეტკინოს. ცალმხრივი სიყვარული ჩემთვის მიუღებელია.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- არ მომწონს ზედმეტად მოკრძალებული გოგონები. მირჩევნია, ქალი აქტიური და მიზანდასახული იყოს. შავგვრემან ქალს სხვა ხიბლი აქვს, ქერას - სხვა.

- ქართულ ტრადიციებზე რას გვეტყვი?

- არის რაღაცები, რაც მომწონს, მაგრამ ტრადიციების უმეტესობა მაღიზიანებს. მაგალითად, ვერ ვხვდები, რა საჭიროა ე.წ. ქელეხის გადახდა? ქართული ტრადიციული ქორწილი მომწონს, მაგრამ ისეთი, სადაც "სიკვდილამდე დალევა" არ არის, მერე ერთმანეთს რომ დაერევიან და აგინებენ ხოლმე...

- როგორ ფიქრობ, თავად როგორ ქორწილს გადაიხდი?

- მე უფრო თანამედროვე სტილის, შედარებით მოკრძალებული ქორწილი მექნება. სავარაუდოდ, ღია ცის ქვეშ, ვიწრო წრეში, საყვარელ ადამიანებთან ერთად მოვილხენ. 500 და 1000-კაციანი ქორწილის გადახდას ნამდვილად არ ვგეგმავ.

- შენმა ცოლმა დედაშენს "დედა" უნდა დაუძახოს?

- არც ეს ტრადიცია მომწონს. ვფიქრობ, დაბადებისთანავე სახელს იმიტომ გვარქმევენ, რომ მთელი ცხოვრება ამ სახელით მოგვმართონ.

- პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის შემდეგ უფრო მეტად პოპულარული გახდი, არა?

- გეთანხმებით, ამ პროექტის წყალობით სუპერპოპულარული გავხდი. მიხარია და ბედნიერი ვარ, იმით რომ ქუჩაში ხალხი მცნობს, მესალმება და ჩემ მიმართ სითბოს გამოხატავს. ეს ძალიან კარგ ემოციებს იწვევს ჩემში. რაც შეეხება თაყვანისმცემელ გოგონებს: მათ ნაკლებობას არასდროს განვიცდიდი, მაგრამ ბოლო დროს უფრო მეტი გოგო მწერს. ვფიქრობ, პოპულარობა ხელს შემიწყობს პროფესიულ წინსვლაში.

- ამბობენ, რომ უამრავი პლასტიკური ოპერაცია გაქვს გაკეთებული. ეს სიმართლეა?

- მხოლოდ ერთი პლასტიკური ოპერაცია მაქვს გაკეთებული: ცხვირით სუნთქვა მიჭირდა და ამიტომ მივაკითხე ქირურგს, იქ მისულმა კი ბარემ, მისი ფორმა ოდნავ შევაცვლევინე. მერწმუნეთ, სხვა არაფერი მაქვს გაკეთებული.

- რას აკეთებ იმისთვის, რომ მუდმივად ფორმაში იყო?

- სიმართლე გითხრათ, ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, მხოლოდ ელემენტარულ ჰიგიენას ვიცავ და ვარცხნილობას ვიცვლი ხშირად. ვარჯიშს ყოველთვის ვერ ვახერხებ. ბოლო დროს გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად მივუდგე ამ საკითხს. მინდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონდეს. კიდევ, ძალიან მიყვარს შოპინგი და შემიძლია, ტანსაცმელში ბოლო თეთრები დავხარჯო.

სოფო ჭონიშვილი