ნიჭიერი აკრობატი, რომელმაც მაყურებელი "შეაშინა" - გზაპრესი

ნიჭიერი აკრობატი, რომელმაც მაყურებელი "შეაშინა"

გიორგიმ საფინალო ნომერი შეყვარებულთან, უკრაინელ მოცეკვავე კატერინა ზახრჩენკოსთან ერთად შეასრულა. ამჟამად წყვილი ქუთაისში იმყოფება.

- "ნიჭიერში" მონაწილეობის შემდეგ, უფრო მეტად ცნობილი გავხდი: ქუჩაში რომ გავდივარ, უცხო ხალხი მადლობას მიხდის, განსაკუთრებით - ქუთაისში: ეს ქალაქი ვასახელე და ამით ამაყობენ...

- შეყვარებულთან ერთად სასცენო ნომერი ადრეც შეგისრულებია?

GzaPress- არა. "ნიჭიერისთვის" სპონტანურად, რამდენიმე დღეში დავდგით. ჩემი შეყვარებული ფორმაში არ იყო (კონტრაქტი დაუმთავრდა და თვე-ნახევარი სცენაზე არ უცეკვია) და ნომრის შესრულება ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ მგონი, შევძელით...

- ერთმანეთი სად გაიცანით?

- შარშანწინ გავიცანი, როცა კონტრაქტით ანტალიაში ვმუშაობდით. შოუში ვმონაწილეობდით, რომელიც ყოველდღიურად, სხვადასხვა სასტუმროში იმართებოდა. ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, შემდეგ - დავახლოვდით, ერთმანეთი კარგად გავიცანით და სიყვარული ავუხსენი. უკვე 2 წელია, ერთად ვართ.

- თქვენი ყურადღება რით მიიქცია?

- თვალებით. მოგეხსენებათ, საცეკვაო დარბაზებს სარკეები აქვს. ვარჯიშისას სარკიდან რომ გამომხედა, ჩვენი მზერა ერთმანეთს "შეეჯახა". საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანი გახლავთ და ჩემსავით სერიოზულ ურთიერთობას ეძებდა. მისი გულის მოსაგებად ბევრი შრომა დამჭირდა.

- თქვენს ურთიერთობაზე განშორება როგორ მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, რთულია. მანძილის სიშორემ ჩვენს ურთიერთობაზე უარყოფითად არ იმოქმედა. ახლა ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ერთმანეთს აღარ დავშორდეთ.

- ძირითადად, სად მუშაობთ, კონტრაქტს სად აფორმებთ?

- თურქეთში.

- გიორგი, აკრობატიკით როდის დაინტერესდით?

- 6 წლის ვიყავი, როცა დედამ აკრობატიკაზე შემიყვანა. საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოვეკიდე. დინჯი ბავშვი ვიყავი. 12 წლისა უკვე წარმოდგენაში ვმონაწილეობდი - ქუთაისში საცირკო დასი - "შაპიტო" იყო ჩამოსული და მათთან ერთად თვე-ნახევარი ვიმუშავე, შემდეგ ჰოლანდიაში გავემგზავრე და რუსულ ცირკთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში (ჰოლანდია, ბელგია, გერმანია...) მოგზაურობდა, 2-წლიანი კონტრაქტით ვითანამშრომლე. მერე საქართველოში დავბრუნდი და კანადის ცირკში მოსახვედრად, პარტნიორებთან ერთად, კასტინგში (რომელიც კრასნოდარში ტარდებოდა) მონაწილეობა გადავწყვიტე. სამწუხაროდ, ასაკის გამო დამიწუნეს - 14 წლის ვიყავი. კანადის ცირკიდან 2 წლის შემდეგ შემომეხმიანენ, მაგრამ იმ დროს ამერიკაში ვიყავი და იქიდან წამოსვლა არც მიფიქრია.

- ამერიკაში რას საქმიანობდით?

- პარტნიორებთან ერთად, ცირკში სამუშაოდ გავემგზავრე, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი დასი დაიშალა და სხვა საქმის მოძებნა დამჭირდა: თავდაპირველად, მაღაზიაში დამლაგებლად ვმუშაობდი, შემდეგ - მძღოლი ვიყავი და ამერიკაში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველის კომპანიას ვემსახურებოდი.

- ეს რამდენ ხანს გაგრძელდა?

- 6 წელი..

- ამ ხნის განმავლობაში, აკრობატიკით დაკავებული არ ყოფილხართ?

- სამწუხაროდ - არა.

- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ამ სფეროს როგორ დაუბრუნდით?

GzaPress- საქართველოში დაბრუნებული მივხვდი, რომ სხვა არაფრის კეთება არ შემიძლია და ისევ სპორტს დავუბრუნდი. აკრობატი 1 კვირაც თუ არ ივარჯიშებ, ფორმაში ვეღარ იქნები. შესაბამისად, 6-წლიანი პაუზის მერე, ყველაფრის თავიდან დაწყება რთული გახლდათ, მაგრამ მოვინდომე და შევძელი...

- იმაზე რთული ნომრები თუ შეგისრულებიათ, რაც "ნიჭიერში" გვიჩვენეთ?

- ამ ნომერს უფრო "საშიშს" ვუწოდებდი (იღიმის). რთული იმიტომ იყო, რომ 5 დღეში დავდგით. ვარჯიშისთვის მეტი დრო რომ მქონოდა... კი, პრაქტიკაში ამაზე რთული და საშიში ნომრებიც მქონია. საერთოდ, აკრობატიკა სპორტის ძალიან ლამაზი და ამავდროულად, სახიფათო სახეობაა, რადგან დაზღვევის გარეშე ვმუშაობთ. არსებობს საშიში ტრიუკები, რომლის შესრულებისას, ერთი შეცდომის გამო შეიძლება, ადამიანს ჯანმრთელობა შეერყეს...

- გიორგი, როგორც ვიცი, აფხაზეთში დაიბადეთ...

- დიახ, ქალაქ გუდაუთაში დავიბადე. დედა წარმოშობით ქუთაისიდან გახლავთ. 5 წლამდე ოჯახთან ერთად, აფხაზეთში ვცხოვრობდი. მამა შემორჩენილი ფოტოებით მახსოვს - ის ნაადრევად გარდაიცვალა. ერთი წლით უფროსი და მყავს, ძმა კი ომამდე 1 თვით ადრე დაიბადა. ყველას ქუთაისში გადმოსახლება მოგვიხდა, სადაც დედის მშობლები ცხოვრობდნენ. დღემდე ქუთაისში ვცხოვრობთ. 3 წელია, რაც ბაბუა გარდამეცვალა. მან 20 წლის წინ მხედველობა დაკარა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო... ბებიას ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის. ძალიან მიყვარს და ვაფასებ. დედა კი ჩემთვის გმირია: 3 შვილი ობლობაში გაგვზარდა, ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ სამუშაოდ გაემგზავრა და დღემდე იქ არის. "ნიჭიერის" ფინალისთვის საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავაცილე...

- აფხაზეთი გახსოვთ?

- კი, ჩემი სახლი და ზღვა მახსოვს - ზღვასთან ახლოს ვცხოვრობდით... დანარჩენი რაღაცები ბუნდოვნად მახსენდება.

- თქვენი ოჯახის წევრებიდან აკრობატიკით კიდევ ვინმე არის დაინტერესებული?

- ჩემი ძმაც აკრობატი გახლავთ. მახსოვს, საქართველოდან გამგზავრებამდე მას ვავარჯიშებდი. სპორტისთვის თავი არ დაუნებებია და გარკვეულ წარმატებებს მიაღწია.

- თქვენი სამუშაო რეჟიმი როგორია?

- დღის განმავლობაში, დარბაზში 4-5 საათს ვვარჯიშობ. ბოლო პერიოდში, ძმასთან ერთად ვმუშაობდი და "ნიჭიერისთვის" ნომრის მომზადებაში ის და მეგობრები მეხმარებოდნენ.

- სავარჯიშოდ განსაკუთრებული გარემო გჭირდებათ?

GzaPress- როცა საფინალო ნომერს ვდგამდი, ერთადერთი, სიჩუმე მჭირდებოდა, რადგან ამ ყველაფერს პირველად ვაკეთებდი. დარბაზში დაზღვევა თავიდანვე არ ყოფილა, რომ მევარჯიშა და შემდეგ - დაზღვევა "მომეხსნა". ბალანსზე მუშაობა დამჭირდა, რაც უმთავრესია.

- საფინალო ნომრის იდეაც თქვენ გეკუთვნით?

- დიახ, თავიდან ბოლომდე ჩემი იდეა გახლდათ.

- როცა სცენაზე გახვედით, საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული იყავით?

- კი, დარწმუნებული ვიყავი... თუკი საშუალება მექნება, ქართველ მაყურებლებს კიდევ უფრო ექსტრემალურ და ლამაზ ნომერს ვუჩვენებ.

- საქართველოში რამდენ ხანს ატარებთ ხოლმე?

- ბოლო 5 წელია, თურქეთში სეზონური სამუშაო მაქვს - ზაფხულობით კონტრაქტით მივემგზავრები, დანარჩენ დროს აქ ვატარებ.

- საქართველოში ბევრი აკრობატი გვყავს?

- კი, ჩვენთან საკმაოდ ბევრი სპორტული სკოლაა: ქუთაისში, თბილისში, ბათუმში... სამწუხაროდ, სპორტის ამ სახეობას სათანადო ყურადღება არ ექცევა...

- მოსწავლეები გყავთ?

- ხშირად მწერენ და მეკითხებიან, - თუ შეიძლება, რომ თქვენთან სავარჯიშოდ ბავშვები მოვიყვანოთო? მწვრთნელობას ჯერ არ ვაპირებ, მომავალში კი ვნახოთ, რა იქნება...

- ახლობლებს თქვენი რისკიანი პროფესიის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- დედა შეჩვეულია. ის ყოველთვის ცდილობდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო, მიყურებდა - რას ვაკეთებდი. ძმაც აკრობატია და ჩემი სასცენო ნომრის ნახვა არც მას უჭირს. ბებია და სხვა ახლობლები მეუბნებიან, - როცა შენს გამოსვლას ვუყურებთ, სისხლი გვეყინებაო (იცინის). ცრემლიანი თვალებით შემომყურებენ ხოლმე... რამდენიმე ახლობელმა "ნიჭიერში" ჩემს ნომერს "ლაივში" ვერ უყურა. მოგვიანებით, საფინალო გამოსვლა ერთად ვნახეთ.

- შეყვარებულს როგორი რეაქცია აქვს ხოლმე, როცა სახიფათო ნომერს ასრულებთ?

- მიჩვეულია, მაგრამ "ნიჭიერის" ფინალში ძალიან ნერვიულობდა, განიცდიდა. თან, არ იცოდა, ფინალში სცენაზე გასვლას მასთან ერთად რომ ვაპირებდი. ეს შოუმდე 1 კვირით ადრე, ჩემი ინიციატივით გადაწყდა. შიშისგან კანკალებდა... როცა ერთობლივი გამოსვლა დავასრულეთ, უკვე ჩემ გამო ნერვიულობდა...

- ახლა რას აპირებთ?

- ალბათ, ეს ჩვენი შანსი იყო, რომ ნომერი ერთად შეგვესრულებინა. ერთად მუშაობას განვაგრძობთ. რამდენიმე ქვეყნიდან შემოთავაზება უკვე გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, არა იმ ქვეყნიდან, სადაც ცხოვრება გვინდა - საქართველოს ვგულისხმობ. ალბათ, სხვაგან დაფუძნება მოგვიწევს.

ეთო ყორღანაშვილი