წიგნებზე შეყვარებული ქართველი ქალი რეპერი - გზაპრესი

წიგნებზე შეყვარებული ქართველი ქალი რეპერი

მომხიბვლელმა ქართველმა რეპერმა - მის თიკამ სამსახიობო სფეროშიც მოსინჯა ძალა: ის ქართულ მძაფრსიუჟეტიან ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს... ვიდრე წიგნებზე ვისაუბრებდით, ინტერვიუ თიკას კარიერაში არსებული სიახლეებით დავიწყეთ.

GzaPress- მუსიკალურ ვიდეოკლიპზე მუშაობა ახლახან დავასრულე. კლიპი ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ რეპერთან N-Nikki Slow-სთან ერთად "გავაკეთე". ლამაზი ნამუშევარი გამოგვივიდა. სიმღერა ინგლისურენოვანი გახლავთ, Swag-ისა და Old school-ის ნაზავია ანუ - "ამერიკული მუღამია" (იცინის). ამჟამად, რუსული მუსიკალური არხიდან - MusTV-დან პასუხს ველით. არხმა ნამუშევარი უკვე მოგვიწონა. იმედია, მოვლენები სასარგებლოდ განვითარდება...

- როგორც ვიცი, ფილმშიც გადაგიღეს...

- ქართულ მძაფრსიუჟეტიან ფილმში - Night Stand გადამიღეს, რომლის რეჟისორიც უნიჭიერესი ახალგაზრდა, გიორგი მარკოზაშვილი გახლავთ. პრემიერა რამდენიმე დღის წინ, "კინოს სახლში" გაიმართა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ და სერიული მანიაკის მსხვერპლი ვხდები...

- ჩვენი რუბრიკის მთავარ თემას დავუბრუნდეთ: წიგნს შენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს?

- უპირველეს ყოვლისა, გეტყვით: ჩემთვის სასიამოვნოა, რომ სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მომიწვიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შორის ბევრი მეგობარი მყავს, ჩემი საუკეთესო მეგობარი მაინც, წიგნი გახლავთ. ყოველი ახალი ნაწარმოების წაკითხვით ახალ შეგრძნებებს, ემოციებს, სიბრძნეს, სიყვარულს, ცოდნას, გამოცდილებას ვიძენ და უცხო სამყაროს ვეცნობი.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

GzaPress- სიმართლე გითხრა, ჩემი დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, წიგნი ბოლოს 1 თვის წინ წავიკითხე. ეს იყო მარკესის "მარტოობის ასი წელიწადი", რომელმაც მიჩვენა, რომ ცივილიზაციის ეპოქაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნება საჭიროა, რათა სამყაროს აღსასრულამდე არ მივიდეთ...

- წიგნის წასაკითხად განსაკუთრებული გარემო გჭირდება?

- გააჩნია, რას ვკითხულობ. მაგალითად, მსუბუქი ჟანრის, გასართობი ლიტერატურის წაკითხვა თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია, მაგრამ როცა ფილოსოფიურ ან ფსიქოლოგიურ ნაწარმოებს ვკითხულობ, ცხადია, მირჩევნია, ღამით, სიჩუმეში ვიკითხო...

- შეგიძლია, ყველაზე შთამბეჭდავი ლიტერატურული ნაწარმოები გაიხსენო?

- ძალიან მიყვარს თომას მანის, ჰემინგუეის, ბალზაკის ნაწარმოებები, ქართული ლიტერატურიდან - ნიკო ლორთქიფანიძის ნოველები. მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებიც ძალიან მომწონს... მაგრამ ვინაიდან ყველაზე შთამბეჭდავი უნდა დაგისახელო, ლაო-ძის "დაო დე ძინის" გავიხსენებ, რომლის წაკითხვისას მიღებული შთაბეჭდილება დღემდე არ გამნელებია: ის მკითხველის სულსა და გულს ასაზრდოებს, ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვასა და რეალობის სწორად აღქმას ასწავლის.

- შინ მდიდარი ბიბლიოთეკა გაქვს?

- კი, ბევრი წიგნი მაქვს. ხშირად, კაბა ან ფეხსაცმელი არ მიყიდია და წიგნი შემიძენია.

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებიდან განსაკუთრებულად, რომელი მოგწონს?

- მომწონს: "დათა თუთაშხია", "დიდოსტატის მარჯვენა", "მამაცი გული", "აპოკალიპტო"... არ მომწონს ფილმები: "სამი მუშკეტერი" და "უთავო მხედარი". ვფიქრობ, ამ ნაწარმოებების წაკითხვა ბევრად საინტერესოა.

- ოდესმე მწერლობაზე გიფიქრია?

GzaPress- 60 წლის მერე მემუარებს დავწერ ან მკითხველს სათავგადასავლო რომანს შევთავაზებ. საინტერესო ნაწარმოების დაწერა ახლაც შემიძლია: შეძენილი ცოდნითა და ჩემი უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით ლამაზ "ჰიბრიდს" გამოვიყვანდი (იცინის).

- ლექსი, ნოველა ჯერ არ დაგიწერია?

- ბევრი ლექსი მაქვს დაწერილი, რომელსაც "ვრეპავ" და ვმღერი (იცინის). მიყვარს ლექსის "ტექნიკა", როცა რითმებიც მუსიკასავით ჟღერს...

- ბიბლიოთეკას თუ სტუმრობ ხოლმე?

- სამწუხაროდ, საჯარო ბიბლიოთეკაში დასაჯდომად ვერ ვიცლი, საკუთარით ვსარგებლობ. თუ რომელიმე წიგნით დავინტერესდები, მაგრამ ვერ ვიშოვი, მაშინ შესაძლოა, ბიბლიოთეკაშიც მნახოთ და არ გაგიკვირდეთ (იცინის).

- შენთვის ბავშვობასთან რომელი ნაწარმოები ასოცირდება?

- "ბიძია თომას ქოხი", "შვლის ნუკრის ნაამბობი" და ბევრი სხვა.

- საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი დაგვისახელე.

- დათა თუთაშხია.

- რატომ მოგწონს?

- ამ პერსონაჟს ქართველი კაცისთვის დამახასიათებელი ყველა რაინდული ღირსება აქვს...

- მშობლიურის გარდა, ლიტერატურას რომელიმე სხვა ენაზე თუ კითხულობ?

- კი. პუშკინის, ტოლსტოის, დოსტოევსკის ნაწარმოებები "ორიგინალში" წამიკითხავს.

GzaPress

- თარგმანი და ორიგინალი შეგიდარებია?

- ბევრი ნაწარმოები ნამდვილად არ შემიდარებია. ერთ-ერთი, რაც მომეწონა, მურმან ლებანიძის ნათარგმნი პუშკინის ლექსები გახლავთ.

- ელექტრონული წიგნების მომხმარებელი თუ ხარ?

- მსოფლიო ლიტერატურულ სიახლეებს ვეცნობი, შემდეგ კი ვცდილობ, "ტრადიციული" წიგნი შევიძინო და წავიკითხო, რადგან კომპიუტერის ეკრანზე ვრცელი ნაწარმოების წაკითხვა ძალიან დამღლელი და ნაკლებად შთამბეჭდავია.

- თიკა, "გზის" მკითხველებს რომელი ნაწარმოების წაკითხვას ურჩევ?

- ვურჩევ ლევან სანიკიძის "უქარქაშო ხმლები" წაიკითხონ, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მოეწონებათ (თუ რა თქმა უნდა, ჯერ არ წაუკითხავთ). ასევე, კარგია ლევან გოთუას "გმირთა ვარამი"... უცხოური ლიტერატურიდან ყველას ვურჩევ ბალზაკის, ტოლსტოის, თომას მანის, მარკესის, ჯეკ ლონდონის ნაწარმოებებს... მოკლედ, რაც "გაუსწორდებათ", ის წაიკითხონ - გემოვნებაზე არ დავობენ... მთავარია, წიგნთან დამეგობრება შეძლონ და ის ბილიკი იპოვონ, რომელიც მათ აუცილებლად ფართო გზაზე გაიყვანს.

ეთო ყორღანაშვილი