ნუცა ბუზალაძე "გზის" მკითხველების წერილებს პასუხობს - გზაპრესი

ნუცა ბუზალაძე "გზის" მკითხველების წერილებს პასუხობს

ასეთი ტრადიცია ჰქონიათ: საჩუქრებს მხოლოდ მეორე დღეს ანუ 2 იანვარს ხსნიდნენ, ამ ცდუნებას კი, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, თურმე, პატარა ნუცაც უმკლავდებოდა... წელს განსხვავებულად შეხვდა დამდეგს - კონცერტზე მოუხდა გამოსვლა. ამბობს: "მიზანდასახული ვარ. ჩემი მიზანი მაბედნიერებს, სტიმულს მაძლევს, რომ წარმატებას მივაღწიო. თავისუფლად ვიქცევი ყველასთან, მაგრამ ზრდილობის ფარგლებში. ბავშვობიდან დღემდე, რასაც ვაკეთებდი და ვაკეთებ, ყველაფერს პასუხისმგებლობის გრძნობით ვეკიდები. ყველა დავალება, რასაც მომცემენ და რასაც ხელს მოვკიდებ, აუცილებლად უნდა შევასრულო "ათიანზე", სხვა შემთხვევაში, ამ რაღაცის გაკეთებისგან თავს შევიკავებ".

"შეეცადე, დედა შენს ყველაზე დიდ მეგობრად აქციო"

ნონა, 14 წლის:

GzaPress"მეც შენსავით ვფიქრობ. ბევრი ჩვენი თანატოლი უაზრო ფოტოებს იღებს, რომ მერე "ფეისბუკზე" ატვირთოს. ამით ვითომ, მარიაჟობენ და სინამდვილეში, თავს იბანძებენ. ნუცა, მაინტერესებს, რომელ სკოლაში სწავლობ? ოდესმე სიგარეტი თუ მოგიწევია და საერთოდაც, რაიმე მავნე ჩვევა თუ გაქვს?.. შენგან განსხვავებით, მე დედასთან ვერ ვმეგობრობ, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ რა ვქნა, ეს არ გამომდის. მირჩიე, როგორ დავაჯერო მშობლები იმაში, რომ შვილის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაკონტროლება არ შეიძლება? თავად როგორ დაიმსახურე დედის ნდობა? მართალია, ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ მათში ეჭვი "დამეთესა", მაგრამ მაინც კუდში დამდევენ, - ცუდი დროა. შეიძლება, ვიღაცამ ცუდის გაკეთებისკენ გიბიძგოსო. მეგობრის სახლში დასარჩენადაც არ მიშვებენ: ვინმეს თუ უნდა, თავად გვესტუმროსო. მოკლედ, ხომ იცი, რაც აკრძალულია, ის უფრო გემრიელი ხდება... მიყვარხარ, ნუცა. იმედია, რჩევას მომცემ (ან დედას მაინც სთხოვ, რაიმე მირჩიოს). მადლობა წინასწარ".

ნუცა ბუზალაძე:

- გირჩევ, მშობლებს დაუმეგობრდე. დედ-მამას ჯიბრში არ ჩაუდგე. როცა რაღაცას აგიკრძალავენ, ჭკვიანურად მოიქეცი და ჰკითხე მათ: რა არის ამაში ცუდი-თქო? შეეცადე, მათაც გაუგო და ვფიქრობ, ასეთი საქციელით ნელ-ნელა მოიპოვებ ნდობას... შეიძლება გენდობიან კიდეც, მაგრამ ფიქრობენ, რომ რაღაც-რაღაცებისთვის ჯერ ძალიან პატარა ხარ. ჰოდა, როცა გაიზრდები, უფრო მეტ თავისუფლებას მოგცემენ. შეეცადე, დედა შენს ყველაზე დიდი მეგობრად აქციო. მერწმუნე, მის მსგავსად არავინ გიცნობს, მასზე მეტად არავის უყვარხარ და ვერავინ გაგიგებს. წარმატებები!

"ყველა მომღერალი რაღაც დოზით, არტისტი უნდა იყოს"

ძერსკი:

"გენაცვალე, მაგარი ხარ. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შენ "გბალელშჩიკობდი" და გული დამწყდა, ფეხი რომ იღრძე. ძალიან საყვარელი ხარ. მჯერა, ქართველებს შენი სხვა ნიჭითაც გაგვაკვირვებ. ვფიქრობ, ბევრი რამის კარგად კეთება შეგიძლია... შენი მშობლები სად მუშაობენ? გარდა სიმღერისა, რაიმე სხვა პროფესიის დაუფლებაზე არ გიფიქრია?".

ნუცა ბუზალაძე:

- სურვილი მაქვს, ჩემს პროფესიას მსახიობობაც შევუთავსო და მგონი, ნელ-ნელა ვიწყებ კიდეც ამაზე ზრუნვას. ვფიქრობ, ყველა მომღერალი რაღაც დოზით, არტისტი უნდა იყოს, მე კი ამ პროფესიის საფუძვლიანად შესწავლა და დაუფლება მინდა. ასევე, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ჟურნალისტი ვიქნებოდი. რომ არა მომღერლის კარიერა, ამაზე ან ადვოკატობაზე დავფიქრდებოდი... დედა ადრე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, მაგრამ მას მერე, რაც მის ცხოვრებაში მე გავჩნდი, სამსახურს თავი დაანება. რაც შეეხება მამას: ის არაერთხელაა ნამყოფი ომში. მერე თავდაცვის სამინისტროშიც მუშაობდა, როგორც მახსოვს (იღიმის). ამჟამად ერთად არ ვცხოვრობთ...

"ბაბუაზე რომ ლაპარაკობდი, გული ამიჩუყდა"

ლეილა ბებო:

"ნუცა, წარმოშობით საიდან ხარ? ბაბუაზე რომ ლაპარაკობდი, გული ამიჩუყდა. იშვიათად, შვილიშვილები ასეთი მადლიერები იყვნენ ბებია-ბაბუის. მინდა, წარმატებები გისურვო! რასაც ხელს მოჰკიდებ, ყველაფერი გამოგსვლოდეს, შვილო. მამის მხრიდან ბებია-ბაბუაზე რას გვეტყვი? ასაკში კი ვარ, მაგრამ შენს გულშემატკივრებს შორის მიგულე. მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, რომ შენნაირი ქართველის წარმატებას შორიდან, მაგრამ მაინც, თვალი ვადევნო..."

ნუცა ბუზალაძე:

- მამის მხრიდან მარტო ბაბუას ვიცნობდი, რომელიც სამწუხაროდ, გარდაცვლილია. რაც შეეხებათ ბებიებს - არც დედის და არც მამის მხრიდან, მათ არ ვიცნობდი... დიდი მადლობა, რომ მგულშემატკივრობთ.

"ახალ წელს ბევრი საჩუქარი არ მიმიღია"

უცნობი:

"ნუცი, ძალიან საყვარელი ხარ. მაინტერესებს, თოვლის ბაბუმ ახალ წელს რა მოგიტანა? მის როლს შენ გამო ვინ ირგებს ხოლმე? ახალ წელს როგორ აღნიშნავ? ოდესმე მეგობრებისთვის თავად თუ გაგიკეთებია საჩუქრები? და კიდევ: წარმატებებს გისურვებ! მინდა, მეც შენნაირი წარმატებული ვიყო საკუთარ საქმეში. იმედია, ამას მოვახერხებ :)".

ნუცა ბუზალაძე:

- დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. სხვათა შორის, ჩემი თოვლის ბაბუას როლს ყოველთვის ან დეიდა ირგებდა, ან ბიძა. ძალიან მიყვარს მეგობრებისთვის საჩუქრების გაკეთება, მაგრამ განსაკუთრებულად - დედას გახარება მსიამოვნებს; როცა მას რაღაცას ვჩუქნი, ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს... რაც შეეხება კონკრეტულად 2015 წლის შემობრძანებას: წელს ჩემთან თოვლის ბაბუა არ მოსულა. ჰოდა, თავად შევიძინე ის, რაც მინდოდა. ბევრი საჩუქარი არ მიმიღია. ამ დღეს ძირითადად, ვმუშაობდი. ჰოდა, ამის გამო დამდეგს ვერც სახლში შევხვდი და ბევრ მეგობარსაც ვერ ვესტუმრე.

"ბერას სტუდიაში ისევ, დიდი სიამოვნებით ვივლიდი"

მომღერლობის მსურველი:

GzaPress"გამარჯობა. მაინტერესებს, ბერას სტუდიაში ისევ დადიხარ? მანდ მოხვედრა როგორ ხდება? მეც ვმღერი და ამიტომ მაინტერესებს. პასუხისთვის წინასწარ გიხდი მადლობას".

ნუცა ბუზალაძე:

- გამარჯობა. ბერას სტუდიაში აღარ დავდივარ. სამწუხაროდ, ეს სკოლა აღარ არსებობს, თორემ იქ ისევ, დიდი სიამოვნებით ვივლიდი.

"შენნაირი ახალგაზრდები გამოაცოცხლებენ ამ მკვდარ შოუბიზნესს"

მეგი:

"ნუცა, გამარჯობა. ძალიან მაგარი გოგო ხარ და შენი ფანების გვერდით მიგულე. იმედი მაქვს, შენნაირი ახალგაზრდები გამოაცოცხლებენ ამ მკვდარ შოუბიზნესს. საქართველოში თითქოს, მარილი არაფერს აქვს. თუ არ გაიხდი, პოპულარული ვერ გახდები. შენ ეს სხვაგვარად, შენი ნიჭის წყალობით მოახერხე და მინდა, წარმატებები გისურვო!"

ნუცა ბუზალაძე:

- დიდი მადლობა, მეგი, მეც წარმატებებს გისურვებ!

"თუ გგონია, რამეს მშობლების ფულით მივაღწიე, ძალიან ცდები"

მაკო, 16 წლის:

"დავიჯერო, თავად არასდროს გადაგიღია სელფი იმისთვის, რომ ბიჭებმა დაგიკომენტარონ? თავადაც ხომ ხშირად იკეთებ მაკიაჟს ბიჭებისთვის თავის მოსაწონებლად? იცი, რა, ჩვენგან განსხვავებით, შენ უბრალოდ, ძალიან გაგიმართლა. ეტყობა, მდიდარი მშობლები გყავს და მათგან განებივრებული ხარ. ნიჭი ბევრ ქართველ გოგოს აქვს, მაგრამ მშობლებისა და ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გამო, ამ ნიჭის განვითარებას ვერ ახერხებენ. შენმა მშობლებმა ეტყობა, ყველაფერში შეგიწყვეს ხელი და ახლა, როცა წარმატებას მიაღწიე, ვფიქრობ, პოპულარობა თავში აგივარდა. კარგად კი მღერი, მაგრამ ყველაზე კარგი რომ არ ხარ, ეს უნდა იცოდე..."

ნუცა ბუზალაძე:

- რაოდენ რთულად დასაჯერებელიც უნდა იყოს, ბიჭების გამო სელფი არასდროს გადამიღია და მით უმეტეს, მათთვის თავის მოსაწონებლად მაკიაჟი არ გამიკეთებია. ვიდრე ცნობილი გავხდებოდი, მაკიაჟს საერთოდ არ ვწყალობდი, მერე კი ეს საქმემ მოითხოვა, თორემ მერწმუნე, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას გავეპრანჭო, თვალებს არ შევიღებავ... რაც შეეხება ჩემი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას და მშობლების მხარდაჭერას: მერწმუნე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. დედა და მამა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ვცდილობ, დამოუკიდებლად გავიკვალო გზა, ვაკეთო საქმე და თუ გგონია, რამეს მშობლების ფულით მივაღწიე, ძალიან ცდები (იღიმის). თავში ავარდნას რაც შეეხება: ჩემს რამდენიმე ინტერვიუს მაინც გადახედე ცალი თვალი და მერე დამწამე ცილი. თავადაც ვერ ვიტან ისეთ ბავშვებს, ვინც ძალით, მშობლების ხარჯზე არიან "გაქაჩულები" და მათ მსგავსად არასდროს მოვიქცევი. თანაც, მე ამის ფუფუნება არც მქონია და არც მინდა, მქონდეს. ვფიქრობ, სულ სხვა გემო აქვს იმ წარმატებას, რომელიც შენი შრომითა და ნიჭით არის მოპოვებული... მაგრამ რა ვიცი, ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. რაც გინდა, ის იფიქრე, მე ამით არაფერი დამაკლდება.

"ეგოისტი ვარ..."

უცნობი 2:

"გამარჯობა. თქვენს რესპონდენტს მინდა ვკითხო: ამ მშვენიერ ინტერვიუში მამა არ გიხსენებია. საინტერესოა, ვინ არის ის, სად მუშაობს და რამდენად გაქვს მასთან ურთიერთობა? ახალ წელს მაინც თუ ნახე?.. და-ძმა არ გყავს? დედისერთები ეგოისტები არიანო, - ამბობენ და მგონი, ასეთი არ ხარ. ნუ, თუ ხარ, კარგად შეგინიღბია შენი ეს თვისება... წარმატებები, კარგი გოგო ხარ. წინსვლას გისურვებ!"

ნუცა ბუზალაძე:

- მამა თბილისში აღარ ცხოვრობს, დუშეთში გადავიდა საცხოვრებლად, უკვე დაახლოებით, 1 წელია. მამის მხრიდან 2 დედმამიშვილი მყავს, მაგრამ ერთად არ გავზრდილვართ... სხვათა შორის, ეგოისტი ნამდვილად ვარ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი ეს თვისება დავფარო, რადგან თავადაც არ მომწონს.

"მიხარია, მოზარდს ასეთი კარგი ინტერვიუს მიცემა რომ შეგიძლია"

კეთილისმსურველი:

"ეჰ, ჩემო ნუციკო, სამწუხაროდ, შენნაირად ბევრი არ ფიქრობს. მიხარია, მოზარდს ასეთი კარგი ინტერვიუს მიცემა რომ შეგიძლია. მომწონს უბრალო ადამიანები, რომლებსაც თავში არც წარმატება უვარდებათ და არც კარგი ცხოვრება. მინდა, მთელი ცხოვრება ასეთი უბრალო და თანაც, ისეთი ძვირფასი იყო თითოეული ქართველისთვის, როგორც მე მეძვირფასები. იხარე, ჩემო საყვარელო და იბედნიერე..."

ნუცა ბუზალაძე:

- დიდი მადლობა, ამ სიტყვებისთვის. ვეცდები, თქვენი იმედები გავამართლო (იღიმის).

როგორი ბიჭი მოეწონება ნუცას

ირაკლი:

"სუპერგოგო ხარ, რა! ძალიან მომწონს შენი აზროვნება, გაიხარე. მაინტერესებს, შეყვარებული მართლა არასდროს ყოფილხარ? როგორი ბიჭები მოგწონს? შენს რჩეულს აუცილებლად, კარგი ხმა და სმენა უნდა ჰქონდეს, ხმა რომ შეგიწყოს თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა?"

ნუცა ბუზალაძე:

- კი, სკოლაში ერთი ბიჭი მომწონდა, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა... რაც შეეხება ჩემს გემოვნებას: ალბათ, ათლეტური აღნაგობის, თანაც - იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი აუცილებლად მიიქცევს ჩემს ყურადღებას. ასევე, ძალიან მომწონს, როცა ბიჭს აქვს სმენა და კარგად მღერის.