ლაშა ჯუხარაშვილის ფლირტი, ქორწინება და ადგილი დიდ სცენაზე - გზაპრესი

ლაშა ჯუხარაშვილის ფლირტი, ქორწინება და ადგილი დიდ სცენაზე

დაოჯახდა და რუსთაველის თეატრის დასის წევრი გახდა. მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილი ამ სიახლეებზე თავად გვესაუბრება.

- ჩემი მეუღლე გახლავთ ქეთი ჩხეიძე. ის ჯანდაცვის სფეროში საქმიანობს, თან - საკმაოდ წარმატებულად. 3-წლიანი ურთიერთობა დაახლოებით 2 თვის წინ, ქორწინებით დავაგვირგვინეთ. ერთმანეთი საზღვარგარეთ ყოფნის დროს გავიცანით.

- ჯვარი დაიწერეთ?

GzaPress- არა, როცა ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, მარხვის პერიოდი იყო. ჯვარს აუცილებლად დავიწერთ, მაგრამ ქორწილს არ ვგეგმავთ. გრანდიოზული წვეულების მოწყობას გვირჩევნია, სამოგზაუროდ წავიდეთ. უფრო კარგი იქნება მუზეუმში შევიდე და ვნახო კარგი ტილო, ვიდრე მთვრალ მეგობრებს ვუყურო (იღიმის).

- ქეთის გულის მოგება გაგიჭირდა?

- კი. ჩვენ შორის ფლირტი მალე დაიწყო, მაგრამ აქ რომ ჩამოვედით, მეც და მასაც ცოტათი გაუცხოება დაგვეწყო. ძნელი იყო შეგუებოდა ჩემს პროფესიას, ცუდ ხასიათს, რომელიც თვითონვე გამომისწორა. ახლა ყველაფერი იდეალურადაა. ჩვეულებრივი კი არა, არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს.

- დაბადების თარიღი...

- ...1991 წლის 11 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ღრმა ბავშვობაში ექიმობაზეც ვოცნებობდი. მიმართულებაც არჩეული მქონდა - აუცილებლად ქირურგი უნდა გამოვსულიყავი. ჩემი პირველი როლი ექიმი იყო. რომ წამოვიზარდე, მსახიობობის სურვილმა გადასძლია. ჰოდა, ახლა შემიძლია ქირურგიც ვიყო, კოსმონავტიც და ა.შ.

- ჩემზე ამბობენ...

- ....ძალიან თბილი და უხეშიაო, - ამას მეგობრებიც ამბობენ და უბრალო ნაცნობებიც. ვეთანხმები თუ არა? ამ შეფასებაში სიმართლის მარცვალს ვხედავ. ვიძაბები, როცა თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, მაგრამ კონფლიქტური არ ვარ. წყენის დავიწყება მალე შემიძლია და მგონი, ეს ერთადერთი კარგი თვისება მაქვს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ოჯახს, მეგობრებს და ადამიანებს, ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს. წარმატება უფლის წყალობაა. თავად ცოტათი ზარმაცი ვარ, მაგრამ ვაცნობიერებ, ჩემს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...შეიძლება, იგივე შეცდომები არ დამეშვა, მაგრამ მაინც მგონია, რომ იგივენაირად ვიცხოვრებდი.

- შევცვლიდი...

- ...ჩემს დამოკიდებულებას განათლების მიმართ. სწავლას უფრო მეტ დროსა და ენერგიას დავუთმობდი. გვიანი არასდროს არ არის, მაგრამ... სწავლის სურვილი ახლა გამიმძაფრდა. ბევრ წიგნს წავიკითხავდი, ენებს ვისწავლიდი.

- ბედნიერი ვარ...

- ...ყველაფრით, რაც დღეს გამაჩნია. მყავს ქეთი, მეგობრები, ახლობლები და რაც მთავარია, ისინი ჯანმრთელები არიან.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

GzaPress- ...გულში წყენის ჩადება არ მჩვევია. შეიძლება, ვიჩხუბო, ყველაფერი დავლეწო, მაგრამ წყენა 5 წუთში გადამივლის.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ასეთი ძალიან ბევრია. პირველ რიგში, სიზარმაცეს გამოვასწორებდი. დილით ადრე ადგომა მეზარება, ძილი მიყვარს! უჰ, ძალიან მიყვარს!

- დათმობა შემიძლია თუ...

- ....ზუსტად ვიცი, რომ ღირს. ზოგადად, დამთმობი ვარ, მაგრამ ზოგჯერ ჩემი სიმართლის კბილებით გატანაც მჩვევია.

- ვიბნევი, როცა...

- ...უცხო ადამიანების გარემოცვაში ვარ; ვიბნევი სცენაზე გასვლისა და გადაღების დაწყების წინაც. მოკლედ, დაბნეული ბიჭი ვარ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ამ დროსაც ვიბნევი და რაღაც სისულელეს ვამბობ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჩემს მეუღლესთან ერთად, რომელიმე თბილ ქვეყანაში. ჯვრისწერის შემდეგ სავარაუდოდ, იტალიაში წავალთ. შესაძლოა, ესპანეთშიც ვიმოგზაუროთ. მუზეუმები მიყვარს და როცა უცხო ქვეყანაში ჩავდივარ, ყოველთვის ვცდილობ, ერთ მუზეუმში მაინც შევიდე. მე ხომ ერთი პერიოდი სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი - ფერწერისადმი და ქანდაკებებისადმი სიყვარული აკადემიიდან გამომყვა.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მსახიობი. ჯერ ასეა, ყველაფერი წინაა.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...მეგობრებით, მეუღლით, ჩემი პროფესიით, სიახლეების ძიებით... შეიძლება, ქუჩაში ვიღაცამ ბუშტი მაჩუქოს და ამის გამოც კი, ბედნიერ ადამიანად ვიგრძნო თავი. მგონი, ვბერდები. ყოველთვის სენტიმენტალური ვიყავი, მაგრამ ეს თვისება ბოლო დროს უფრო მეტად გამიმძაფრდა. სიურპრიზები და მოულოდნელობები მიყვარს. სიურპრიზი მეუღლისთვის არაერთხელ გამიკეთებია. უხარია საჩუქრები, რომლებსაც ჯიბეგაფხეკილი არტისტისგან არ ელოდება. როცა მას გახარებულს ვხედავ, ამით "ვკაიფობ".

- სიყვარული ეს...

- ...მყარი ოჯახია. ამ გრძნობამ საკუთარ თავში რა აღმომაჩენინა? მზრუნველობა შემძლებია. აქამდე ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებდი, თითქოს ბევრ რამეს ვაუბრალოებდი. ვფიქრობდი, რაც იქნება, იქნება-მეთქი... ახლა ვაცნობიერებ, რომ ბევრი რამის უფლება აღარ მაქვს და უფრო მეტად შრომისმოყვარე, დამთმობი და მოსიყვარულე გავხდი. იმაზე დავფიქრდი, რასაც მანამდე ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი. ადამიანისთვის, რომელიც ჩემ გვერდით დგას, მყარი საყრდენი უნდა ვიყო.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა მუსიკამ, ფილმმა, იუმორმა, რაშიც მე ცოტათი მოვიკოჭლებ, სამაგიეროდ - ქეთის აქვს კარგი იუმორი და ეს ძალიან მომწონს. ზოგჯერ იმდენს ვიცინი, ბოლოს ვამბობ: "ღმერთო, ნუ მიწყენ".

- მეშინია...

- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის, თან - ძალიან მეშინია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებო ხარო. მართლა ასეა თუ არა? ზოგჯერ ადამიანებს არ ესმით, რომ 24 საათი შეიძლება, თეატრში ვიყო, რეპეტიციაზე და ამ დროს ვიღაცის ზარს ვერ ვუპასუხო. ამის გამო მსაყვედურობენ და მერე იწყება, - "შენ რა, ჩემთან მეგობრობა აღარ გინდა?" ახლა ამ ინტერვიუს მსვლელობისას შესაძლოა, ჩემი რომელიმე მეგობარი გამახსენდეს, მომენატროს, მაგრამ მე და შენ ერთმანეთს რომ დავშორდებით, მასთან დარეკვა დამავიწყდეს.

- ვნანობ, რომ...

GzaPress- ...კარგად არ ვისწავლე რუსული და ინგლისური ენები, არ დავდიოდი სპორტზე. კიდევ, მართვის მოწმობა არ მაქვს და ძალიან მინდა, ვინმემ მაჩუქოს.

- ვერასდროს წარმოვიდგენდი...

- ...რუსთაველის თეატრში თუ მოვხვდებოდი. ერთ დღეს კასტინგზე მივედი და... ჯერ პირველი ტური, შემდეგ - მეორე გავიარე. თურმე, უნდა სცადო. ძალიან თბილი ადამიანები დამხვდნენ. ერთი დიდი ოჯახია და მათ "ჩემებს" ვუწოდებ. ამ თეატრში ეპოქა შეიქმნა. დღესაც ბევრი ნიჭიერი მსახიობი თამაშობს, უბრალოდ, ერთმანეთის დაფასება უნდა ვისწავლოთ.

- სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის...

- ...ვნერვიულობ, მაგრამ გავალ თუ არა, ყველაფერი მავიწყდება. გუშინ სიცხიანი შევედი და სცენიდან რომ გამოვედი, მაღალი ტემპერატურა აღარ მქონდა.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ფულის დაზოგვა და იქნებ მომავალში მაინც ვისწავლო. "ჟმოტი" ტიპები არ "მევასება".

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ. ადრენალინია, როცა არ იცი, რა მოჰყვება შენ მიერ გადადგმულ ამა თუ იმ ნაბიჯს.

- არ მჩვევია...

- ...აფერისტობა, მლიქვნელობა, ლაქუცი. ძალიან პირდაპირი ვარ. მაშინ როგორ ვიქცევი, როცა მეაფერისტებიან? ვიბნევი, მაგრამ ისე, რომ იმ ადამიანს სიცივეს ვაგრძნობინებ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბავშვებს, რომლებსაც მშობლების მზრუნველობა აკლიათ, ერთ დიდ სახლში ვაცხოვრებდი და არ ვაგრძნობინებდი, რომ მათზე დედ-მამა არ ზრუნავს. შესაძლოა იქ მეორე გალაკტიონი ან სკორსეზეც იყოს.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...საქმე თუ არ მიზიდავს, არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გავაკეთებ. ფულზე არ ვიყიდები.

- არ მიყვარს...

- ...ნაგავი ქუჩაში და ადამიანების სულებში. ვერ ვიტან, როცა პიროვნებას არ აფასებენ. წესრიგი "ზემოდან" უნდა დამყარდეს. არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც პარლამეტში ჩხუბობს, იგინება და მუშტებს იქნევს, ხვალ ტელევიზიით გამოვიდეს და მორალი წამიკითხოს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მამას და ბაბუას დარიგებები მახსოვს. ორივესგან მსმენია: კაცი ქალთან ურთიერთობისას, ფულთან მიმართებაში და კაცობაში არ უნდა ჩაიჭრასო.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...თქვენ მახალისებთ და ცხოვრების სტიმულს მაძლევთ. დიახ, თქვენ, ვინც ამ სტატიას კითხულობთ, ვინც სპექტაკლზე მოდიხართ და ბოლოს ტაშს უკრავთ. მიყვარხართ, ადამიანებო!

თამუნა კვინიკაძე