ცნობილების განტვირთვა, მარიაჟობა თუ აუცილებლობა - გზაპრესი

ცნობილების განტვირთვა, მარიაჟობა თუ აუცილებლობა

"ევროპაში შოპინგი ძალიან კომფოტულია"

ია სუხიტაშვილი: GzaPress- შოპინგი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან კარგი ტანსაცმელი და ნორმალურად ჩაცმა მიყვარს. ვშოპინგობ მაშინ, როცა ფული მაქვს. მაღაზიებში ტყუილად სიარული არ მიყვარს. შოპინგის დროს ცოტა ვიღლები, მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლაა.

- საყიდლებზე საზღვარგარეთ თუ ყოფილხარ?

- რა თქმა უნდა! ევროპაში შოპინგი ძალიან მომწონს. ეს პროცესი კომფორტულია...

- ონლაინმაღაზიებით თუ სარგებლობ?

- არა, "ონლაინ" არაფერს ვიწერ. ორჯერ ვცადე ბედი და რაღაცები გამოვიწერე, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. ჩამოსული პროდუქცია საშინელება იყო.

- შოპოჰოლიკი ხარ?

- არ მიმაჩნია, რომ შოპინგი მანიაკალურად მიყვარს. ზომიერებას ვიცავ.

- შვილისთვის და მეუღლისთვის თუ ყიდულობ სამოსს და რამდენად ემთხვევა თქვენი გემოვნება ერთმანეთს?

- კი, სამოსს ლუკასთვისაც ვყიდულობ და მიშასთვისაც. ყოველთვის ზუსტ ზომებს ვარჩევ და მათი გემოვნებაც კარგად ვიცი. ვყიდულობ იმას, რაც მოეწონებათ.

- ქართველი დიზაინერები თუ მოგწონს და მათი სამოსი თუ გაქვს?

- კი. ძალიან მომწონს ლაშა დევდარიანისა და გიორგი ქებურიას სამოსი.

"ორსულმა 12 წლის გოგონას კაბა შევიძინე"

ხატია სიჭინავა:

- მიმაჩნია, რომ შოპინგი განტვირთვის უებარი საშუალებაა. ეს ერთადერთი რამაა, რაც ძალიან დაღლილსაც კი არ მეზარება. შესაბამისად, საყიდლებზე საკმაოდ ხშირად დავდივარ. თუმცა, ადრე საკუთარი გარდერობის შესავსებად დავდიოდი, ახლა კი, უფრო ხშირად, საბავშვო მაღაზიებში შემხვდებით, რადგან ორი ჩემზე მეტად პრანჭია ქალიშვილი მყავს და მესამეს ველოდები...

- ალბათ საბავშვო მაღაზიებში სიარულის ბრალია, თავადაც ბავშვის კაბებს რომ ირგებ. როგორც ვიცი, ორსულმა 12 წლის გოგონას კაბა შეიძინე.

- ორსულობის დროს გაშვებულ, თავისუფალ კაბებს ვეძებდი, მაგრამ საბავშვო სექციაში აღმოვჩნდი. სწორედ იქ შევამჩნიე, რომ 12 წლის ბავშვის კაბა მშვენივრად მომერგებოდა და შევიძინე. ამ დროს უკვე 8 თვის ორსული ვიყავი.

- საბავშვო კაბა შენს გემოვნებაში ჩაჯდა?

- ბოლო დროს, სექსუალურზე მეტად, სპორტული და თავისუფალი სამოსი უფრო მომწონს. შესაბამისად, ის კაბაც მომეწონა. გემოვნება და მსოფლმხედველობა ერთდროულად შემეცვალა.

- როგორც ჩანს, შენთვის ბრენდსა და ტანსაცმლის ფასს მნიშვნელობა არ აქვს.

- რა თქმა უნდა, ბრენდული ტანსაცმელი ძალიან მიყვარს. თუმცა, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი უძვირფასეს ბრენდულ ტანსაცმელშია გამოწყობილი, მაგრამ ამას ვერც შეამჩნევ. ქართველებს ერთი კარგი გამოთქმა გვაქვს: ტომარა რომ ჩაიცვას, იმასაც მოიხდენსო. მთავარია, ადამიანს ამის ნიჭი ჰქონდეს.

- ყოფილა შემთხვევა, რომ შოპინგის დროს ფული ბოლო თეთრამდე დაგიხარჯავს?

- ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა საბავშვო მაღაზიაში ბოლო თეთრებსაც ვაკოწიწებ...

- სად უფრო ხშირად დადიხარ საყიდლებზე: საქართველოში თუ საზღვარგარეთ?

- ვერ ვიტყვი, რომ საზღვარგარეთ ყოველ სეზონზე მივფრინავ საშოპინგოდ. ჩემს ქმარს თავისი საქმეები აქვს, მე კი უკვე 3 წელია, ორსულად ვარ. ასე რომ, ტყუილის გარეშე გეტყვი: ძირითადად, საქართველოში ვყიდულობ სამოსს. თუმცა, რამდენჯერმე საზღვარგარეთაც მომიხდა რაღაცების შეძენა და აღმოვაჩინე, რომ ტანსაცმელი იქ ბევრად იაფია.

- მიგაჩნია, რომ შოპოჰოლიკი ხარ?

- ეს ერთადერთია, რაც სამწუხაროდ, ჩემი ძველი თვისებებიდან შემომრჩა.

- ამ თვისების გამოსწორებასაც ცდილობ?

- ამასაც სიამოვნებით გამოვასწორებდი. გავიზარდე, ცხოვრების სხვა ფაზაზე გადავედი და ამაში ცუდი არაფერია. ძველი ხატია აბსოლუტურად შეუთავსებელი იქნებოდა ჩემს ახლანდელ ცხოვრებასთან.

ვის ანებივრებს სამოსითა და აქსესუარებით გურამ ლომიძე

გურამ ლომიძე: GzaPress- ჩემთვის შოპინგი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ პროცესს დიდ დროს არასოდეს ვუთმობ. ზუსტად ვიცი, რის საყიდლადაც მივდივარ და შესაბამისად, მაღაზიებში ბევრ დროს არ ვხარჯავ.

- ყველაზე მეტად რისი ყიდვა გიყვარს?

- აქსესუარების. თუმცა, ახალი ტანსაცმელიც ძალიან მიყვარს.

- საყიდლებზე წასული სხვისთვისაც თუ იძენ სამოსს ან აქსესუარს? მაგალითად, შვილისთვის ან საყვარელი ქალისთვის?

- რასაკვირველია! საჩუქარი შვილისთვისაც მიყიდია და საყვარელი ქალბატონისთვისაც. ვიცი, ჩემს მიერ შერჩეული ნივთები ძალიან მოსწონთ და ხშირად იყენებენ კიდეც.

- სად უფრო ხშირად შოპინგობ, საქართველოში თუ საზღვარგართ?

- მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიმყოფები. მთავარია, რაიმე მომეწონოს და აუცილებლად ვიყიდი. უფრო ხშირად კი იტალიასა და ამერიკაში ვშოპინგობ.

- ონლაინშოპინგით სარგებლობ?

- კი, ოღონდ - იშვიათად. ინტერნეტის მეშვეობით შეძენილი ნივთები ჩემს მოლოდინს ნამდვილად ამართლებს.

- ალბათ, ბრენდული სამოსიც გიყვარს. საინტერესოა, რომელ ბრენდს ანიჭებ უპირატესობას?

- ყველაზე მეტადA"არმანი", "დოლჩე და გაბანა", "ვერსაჩე", "პრადა" და "ფერაგამო" მიყვარს. მოკლედ, ბრენდებსაც ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ უბრალო სამოსსაც ვყიდულობ ხოლმე.

- ლილოს ბაზრობაზე ყოფილხარ?

- ვყოფილვარ, მაგრამ საშოპინგოდ - არა. ადრე იქ პატარა ბიზნესი მქონდა.

- ქართველ დიზაინერებს თუ სტუმრობ? რომელი მათგანის სამოსი გაქვს?

- ავთანდილ ცქვიტინიძის რამდენიმე სამოსი მაქვს. გარდა ამისა, ის ჩემი უახლოესი მეგობარია. ასევე, მომწონს გიორგი შაღაშვილი, ზალიკო ბერგერის კოსტიუმიც მაქვს შემორჩენილი. თუმცა, როგორც ვიცი, ზალიკო მამაკაცებისთვის არ კერავს.

იძულებითი შოპინგი მანქანის ნაწილების შესაძენად

ნინა წკრიალაშვილი: GzaPress- შოპინგზე სიარული ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა და როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მხოლოდ ეს მშველის. შოპინგისას

დრო სწრაფად გადის. შემიძლია, დილიდან დაღამებამდე დაუსრულებლად ვიარო. ვიღლები კი არა, ასეთ დროს ყველა პრობლემა მავიწყდება და ვიდრე ბოლო თეთრებს არ დავხარჯავ, სახლში ვერ მოვდივარ. როცა ფული მაქვს, ყოველთვის საყიდლებზე გავრბივარ. რაიმე მჭირდება თუ არ მჭირდება, მაინც ვშოპინგობ.

- ყველაზე მეტად, რისი შეძენა გიყვარს?

- კაბებისა და ფეხსაცმლის. ძალიან მიყვარს საჩუქრების შერჩევაც. ყველაზე მეტად, პარიზში შოპინგი მიყვარს. თუმცა, თბილისის მაღაზიების ხშირი სტუმარიც გახლავართ (იღიმის).

- მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში ან ბაზრობაზე თუ შეგიძენია რაიმე?

- მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში არაფერი მიყიდია, მაგრამ ამბობენ, რომ იქ ძალიან კარგი არჩევანია. უბრალოდ,Kქექვა მეზარება. ბაზრობაზე კი ნამდვილად მიყიდია რაღაცები... ადრე ლილოს ბაზრობაზე ფარდები უნდა მეყიდა. მე და დედა წავედით და უკანა გზაზე საკმაოდ კარგი სამოსი შემხვდა. რასაკვირველია, ვიყიდე. ისე, კარგი გამახსენე, კიდევ უნდა წავიდე ლილოში.

- ანუ საოჯახო ნივთების შესაძენადაც დადიხარ?

- რა თქმა უნდა! კაფელს, ავეჯს, მანქანის ნაწილებს, - ყველაფერს თავად ვყიდულობ. მე და ჩემი შვილი მარტო ვცხოვრობთ და ყველაფრის ყიდვა მიწევს.

- არ თქვა, რომ მანქანის ნაწილების შესაძენად სიარულიც მოგწონს.

- არა, ეს ნამდვილად არ მიყვარს. ამას იძულებითი შოპინგი დავარქვათ. ელიავას ბაზრობაზეც კი დავდივარ. მოკლედ, ქალისა და კაცის საქმეს, ყველაფერს ვითავსებ.

- ტანსაცმლის შესაძენად ვალი აგიღია?

- ვალი არა, მაგრამ რაღაცები მაღაზიიდან "პოსლეზე" წამომიღია (იცინის).

- ვინ გენდობა ასე?

- და რატომ არ უნდა მენდონ? არის რამდენიმე მაღაზია, სადაც წლებია, საყიდლებზე დავდივარ. მათ იციან, რა დღესაც ვიტყვი, ფულს ზუსტად იმ დღეს მივიტან. ნდობას მოპოვება უნდა!

- გარდერობში ყველაზე ძვირად ღირებული რა გაქვს?

- ალბათ ქურქები და "შანელის" ჩანთები.

- ქართველი დიზაინერები თუ მოგწონს?

- ქართველი დიზაინერები ძალიან მომწონს. ნახევარი გარდერობი მათი სამოსით მაქვს სავსე. ავთანდილი, დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა, ბიჭოლა, ზენკა და მარი, ანუკა ქებურია, ჩუბიკა, ტატუნა ნიკოლეიშვილი, სალომე ტყაბლაძე და კიდევ ბევრი დიზაინერის სამოსი მომწონს. ნამდვილად ბევრი მაგარი დიზაინერი გვყავს.

შოპინგი საკრედიტო ბარათით

გიგა კუხიანიძე:

- შოპინგი ჩემი ერთ-ერთი სუსტი წერტილია. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, საყიდლებზე სიარული განსაკუთრებულად მიყვარს. ტანსაცმლის შერჩევა და შეძენა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სწორედ ამის გამო, საკმაოდ ხშირად ვშოპინგობ. ჰოდა, ამის გამო პრობლემაც კი შემექმნა: ჩემს კარადაში ტანსაცმელი აღარ ეტევა. ადრე სამოსის გაჩუქება არ მიყვარდა. მერე მივხვდი, ბევრი ისეთი სამოსი მაქვს, რომელიც ერთხელაც არ მცმია.

- ისეთ ტანსაცმელს, რომელიც არ მოგწონს, რატომ ყიდულობ?

- რა ვიცი, მაღაზიაში რომ შევდივარ, ბევრ რამეს ვყიდულობ, მერე ყველაფერს ვერ ვიხდენ. მაგალითად, ძალიან მომწონს სხვაზე ყავისფერი ფეხსაცმელი თუ ტანსაცმელი, მაგრამ ამ ფერის სამოსს თავად ვერ ვიცვამ. არადა, ბევრჯერ შევიძინე ამ ფერის ნივთი. ჰოდა, ვაგროვებდი კარადაში და სხვისთვის არ მემეტებოდა. "სიღორე" დამემართა. ახლა მივხვდი, რომ სისულელეა ასეთი ტანსაცმლის შენახვა. ავდექი და ყველაფერი გავაჩუქე. ერთი კარადა მთლიანად დავცალე.

- შენი ბიუჯეტი შენს მოთხოვნებს ყოველთვის ყოფნის?

- მთავარია, ნივთი მომეწონოს. თუ ჯიბეში საკმარისი თანხა არ მექნება, აუცილებლად ვიშოვი და რაც გულით მინდა, მაინც ვიყიდი.

- შოპინგის გამო ვალი აგიღია?

- რა თქმა უნდა! ამისთვის ძირითადად, საკრედიტო ბარათებს ვიყენებ. ძალიან არ მიყვარს მეგობრებისგან ფულის სესხება, მაგრამ ერთი-ორჯერ მათგანაც მისესხია და ვალი დათქმულ დროს გამისტუმრებია.

- შოპინგის დროს ბოლო თეთრები დაგიხარჯავს?

- კი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალზე ფუქსავატი ადამიანი ვარ, ხვალინდელ დღეზე არ ვფიქრობ.

- ბრენდული სამოსი გიყვარს?

- კი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომელი ბრენდის სამოსი მაცვია. მთავარია, ისეთი იყოს, როგორიც მე მომწონს და მიხდება. ერთხელ ფეხსაცმელი შევიძინე, რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადე. მერე შევიტყვე, რომ თურმე, ბრენდული ფეხსაცმელი შემიძენია. ნათია ჟივიძე, ჟურნალი "გზა"