"ქაჯეთის ციხესთან ვიბრძოლებდი" - გზაპრესი

"ქაჯეთის ციხესთან ვიბრძოლებდი"

ავტორი, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, ნიკო გომელაურია.

პრეამბულის მაგიერ

- ნიკო გომელაურის ლექსების დისკს ხშირად ვუსმენ. საერთოდ ვთვლი, რომ წიგნების აუდიოჩანაწერების გამოშვება ძალიან კარგია. მანქანაში შეგიძლია ჩართო და მოუსმინო. მით უმეტეს, როცა მგზავრობა დიდ გზაზე გიწევს.

- გომელაურის პოეზიიდან გამორჩეულად რომელიმე ლექსი თუ გიყვარს?

- "მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,/ გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...

- წიგნი მოგიპარავს?

- გამორიცხულია. მგონია, წიგნი რომ მოვიპარო, კითხვის უნარი დამიქვეითდება.

- წიგნების "სახელოვანი" ქურდები უმეტეს შემთხვევაში კარგი მკითხველები არიან.

- მართლა? ითხოვონ, იქნებ აჩუქონ. ქურდობა საშინლად არ მიყვარს.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ეს კითხვა ვინმეს ჩემთვის ბავშვობაში რომ დაესვა, აუცილებლად კომბლეს დავასახელებდი. ინტერესით ვკვდებოდი, როგორი იყო ეს ადამიანი, როგორ თლიდა კომბლებს და ყველაზე მეტად მისი სხვენის თუ ჭერის ნახვა მინდოდა. შემდეგ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დათა თუთაშხიამ მოახდინა. ქაჯეთის ციხესთან ნესტან-დარეჯანის დასახსნელად, ტარიელთან ერთად, დიდი სიამოვნებით ვიბრძოლებდი. ყველაზე მეტად ზღაპრები მიყვარს და ბებიასთან რომ ჩავდივარ, ისევ ვთხოვ, ის ზღაპრები მიამბოს, რომლითაც ბავშვობაში მართობდა. ზღაპრებს თავად თხზავდა (პაუზის შემდეგ). ერთი ქართული ფილმიც გამახსენდა. ხარებასთან და გოგიასთან დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი.

- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?

- თარიღები, მოვლენები მამახსოვრდება. მით უმეტეს ის ამბები, რომლებიც ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

- ამერიკის რომელი პრეზიდენტი იყო მსახიობი?

- რეიგანი.

- როგორც ვხვდები, პოეზია გიყვარს.

- რა თქმა უნდა, ლექსი თავადაც დამიწერია.

- "ქალია დილა,/ მიწა - ქალი,/ საღამო - ქალი.../ წვიმა ქალია.../ ყველაფერი ქალივით მიყვარს.../ და როცა ვინმე/ ჩემზე უფრო ადიდებს დილას, -/ ასე მგონია,/ მე რომ მიყვარს,/ მართმევენ იმ ქალს". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ვერ ვიხსენებ.

- მიგანიშნებ, ეს პოეტი ახლო წარსულში სცენაზე გარდაიცვალა.

- მუხრან მაჭავარიანზეა ლაპარაკი. გენიალურია ეს ლექსი.

- როგორ პიროვნებას უწოდებდნენ ხარჭას?

- პირს, რომელიც ვინმესთან ქორწინების გარეშე კავშირში იმყოფება.

- ვინ არის ფარდობითობის თეორიის ავტორი?

- აინშტაინი. ეს ხომ სკოლაში ვისწავლე.

- როცა აინშტაინი 72 წლის გახდა, ამ დღის აღსანიშნავად ფოტო გადაუღეს, რა გააკეთა მან, როცა კადრში მოხვდა?

- ენა გამოყო, თმა აწეწილი აქვს, ცნობილი ფოტოა.

- "სულ უბრალო სოფელს, მაშინ გაუვარდება სახელი, თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადა". რომელი ნაწარმოების ეპილოგში წერს ამ სიტყვებს მიხეილ ჯავახიშვილი?

- ვერ ვიხსენებ.

- "არსენა მარაბდელში". რომელი ცხოველის ჯიშია ჰუსარი?

- არ ვიცი.

- მაიმუნის. ეს ბერძენი პოეტი ფაონთან უიმედო სიყვარულის ნიადაგზე ლევკადიის კლდიდან აქაფებულ ზღვაში გადავარდა. დაასახელე იგი.

- პასუხი არ მაქვს.

- მიგანიშნებ, ის ტალღებმა კუნძულ ლესბოსისკენ გაიტაცეს.

- პოეტის სახელს ვერ ვიხსენებ.

- მას საფო ერქვა. მირიანი, ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, გიორგი ბრწყინვალე: ჩამოთვლილი მეფეებიდან, რომელი არ იყო ქრისტიანი?

- ქრისტიანობა მირიანის მეფობის დროს მივიღეთ.

- ეგ არ მიკითხავს.

- ფარნავაზი არ იყო ქრისტიანი.

- რომელი ზვის სანაპიროზე მდებარეობს ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი?

- ბალტიის ზღვის.

- თავდაპირველი მნიშვნელობით ეს ტერმინი ტყავის ტომარას ნიშნავდა. ინგლისის ხაზინის კანცლერი, ამ ქვეყნის პარლამენტის წინაშე მოსალოდნელი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ მოხსენების დროს, ტყავის ტომრით ხელში წარდგებოდა, მასში საფინანსო დოკუმენტაცია ეწყო. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და დამკვიდრდა, როგორც ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის აღმნიშვნელი ტერმინი. რა ტერმინია ეს?

- ვერ ვხვდები.

- ბიუჯეტი. ფილადელფია, სან-ფრანცისკო, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი - აშშ-ის ამ ქალაქებიდან, რომელი არ მდებარეობს ოკეანის სანაპიროზე?

- ამ კითხვას დაუფიქრებლად მიხეილ სააკაშვილი უპასუხებდა. ფილადელფია მგონია, მაგრამ სიზუსტეში დარწმუნებული არ ვარ.

- ვიდრე სახლს ამოირჩევდე, ვინ გაიცანიო, ერთი ანდაზის მიხედვით, რას გვირჩევენ ჩინელები?

- შესაძლოა მეზობელი. ვთვლი, რომ გონივრულია. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი მეზობელი გყავს.

- რომელი გამონათქვამი უფრო სწორია 14-ს მივუმატოთ 9 არის 22, თუ ტოლია 22-ის?

- ტოლია 22-ის, არა?

- დარწმუნებული ხარ?

- არასწორად გითხარი (ფიქრობს)? როგორ მომატყუე, ანგარიში არ მეშლება 14+9=23.

- ამ ტროპიკული ტყის ფართობი 5 მილიონი კვადრატული კილომეტრია. მისი 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% - პერუში. ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი კოლუმბიის, ვენესუელის, ეკვადორის შემადგენლობაში შედის. ამ ტყეს ხშირად "მსოფლიოს ფილტვებსაც" უწოდებენ. რომელ ტყეზეა ლაპარაკი?

- ვერ გეტყვი.

- ამაზონის ტყე. ალექსანდრე მაკედონელის მიერ მოწყობილ ამ შეჯიბრებას 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამარჯვებულ პრომაქოსს მეფემ გვირგვინი საკუთარი ხელით დაადგა, მაგრამ მან 3 დღეზე მეტი ვეღარ იცოცხლა. რაში გამართა შეჯიბრება ალექსანდრე მაკედონელმა?

- არ ვიცი.

- ღვინის სმაში.

- რატომ მოიკლეს ადამიანებმა თავი? ალკოჰოლთან ზომიერი დამოკიდებულება მაქვს. ისე არასდროს დავმთვრალვარ, მეორე დღეს არ მახსოვდეს, როგორ ვიქცეოდი ან ჩემი საქციელის გამო ბოდიში მომეხადოს. ადამიანი ღვინოს პატივს თუ სცემს, დალევას დროულად შეწყვეტს და არ გადათვრება. სუფრასთან 2 ჭიქაც დამილევია და მეტიც. განწყობას გააჩნია. 400-კაციან სუფრაზეც მითამადია.

- ღვინის დაყენების ტექნოლოგია იცი?

- ეს საქმე დამოუკიდებლად არ გამიკეთებია, მაგრამ ბიძაჩემის დამსახურებით ტექნოლოგიაში კარგად ვერკვევი. ქვევრიც გამირეცხავს. უპირატესობას ქვევრის ღვინოს ვანიჭებ.

- დაასახელე სპორტის სახეობა, რომლის წარმომადგენლებსაც ნომრები ქუდებზე აწერიათ.

- წყალბურთი.

- სიცოცხლის ბოლო წლებში, რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა ჩარლი ჩაპლინი?

- არ მახსოვს.

- შვეიცარიაში. რომელი ქართველი მწერალი მოღვაწეობდა გერმანიაში?

- გრიგოლ რობაქიძე.

- რა პროფესიის იყო ფრანგი მწერალი ანტუან დე სენტ ეგზიუპერი?

- არ ვიცი.

- მფრინავი იყო. II მსოფლიო ომის დროს სადაზვერვო ფრენის დროს დაიღუპა. რა სიტყვები წერია ქართულ გერბზე?

- "ძალა ერთობაშია". ასე მახსოვს. 2007 წლის 27 სექტემბერს გახსოვს, რა მოხდა?

- არა.

- ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. აი, ასეთი თარიღები მამახსოვრდება

- უახლოესი წარსულიდან კიდევ რომელი თარიღები გახსოვს?

- 2012 წლის 27 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი სანდრასთან ერთად მანქანით დაცვის გარეშე აეროპორტში წავიდა. 2011 წლის 1-ლი ნოემბერიც მახსოვს, ამ დღეს ბიძინა ივანიშვილი პირველად გამოჩნდა ფართო საზოგადოების წინაშე. 10 წუთი რომ მადროვო, 50-მდე თარიღს გავიხსენებ.

- ეს მთა ისრაელის დაბლობზე, ქვემო გალილეაში, ნაზარეთიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. მთის თავზე 2 მონასტერი არსებობს, მართლმადიდებლური და კათოლიკური. რომელ მთაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ, იქ მოხდა იესოს ფერიცვალება.

- თაბორის მთაზეა ლაპარაკი?

- დიახ. დაბოლოს დაასრულე სოლომონ დოდაშვილის გამონათქვამი: "ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ...

- ცოდვები.

- "...როგორც ცარიელი თავი".

თამუნა კვინიკაძე