რისი რცხვენია რატი გაჩეჩილაძეს - გზაპრესი

რისი რცხვენია რატი გაჩეჩილაძეს

- ბავშვობიდანვე მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი - ჩაცმულობით, ცეკვით... ხალხისგან არაერთხელ გამიგონია, რომ განსხვავებული და გემოვნებიანი ვარ. ერთფეროვნება არ მომწონს, სიახლე მიყვარს. ჯერჯერობით, ცოტათი გემოვნებიანი ვარ და იმედია, როცა გავიზრდები, კიდევ უფრო დავიხვეწები.

- განსხვავებული ჩაცმულობის გამო, მშობლებთან პრობლემები ხომ არ შეგქმნია?

- მშობლებთან - არა, მაგრამ სკოლის ბავშვებთან მიკამათია და მიჩხუბია. უთქვამთ, - ასე რატომ გაცვიაო? ვპასუხობდი, რომ ეს მათი საქმე არ იყო.

- საინტერესოა, როგორ იცვამდი?

- უბრალოდ მაისურსა და შარვალში გამოწყობილი არ დავდიოდი. ვცდილობდი, სამოსისთვის რაიმე დეტალი ან აქსესუარი შემეხამებინა, მაგალითად - ქუდი, სათვალე... რატომღაც, ბავშვობაში ჯვრისგამოსახულებიანი ბეჭდები ძალიან მომწონდა. მაგალითად, ამერიკაში რომ წავედი, ყურები გავიხვრიტე. საქართველოში დაბრუნებულს ხალხი მეკითხებოდა, - ყურები გახვრეტილი რატომ გაქვს? არ გიხდებაო... ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ, სხვების აზრი არ მაინტერესებს.

- საყურის გაკეთების სურვილი რატომ გაგიჩნდა: ეს უბრალოდ, მოგწონდა თუ გინდოდა, სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყავი?

- მომეწონა. ამერიკაში რომ ვიყავი, ჩემს სიძეს და დისშვილს ყური გახვრეტილი ჰქონდათ. ვიფიქრე, - მეც ვცდი-მეთქი. თუ არ მომეწონებოდა, საყურეს მოვიხსნიდი და ყური შემიხორცდებოდა, მაგრამ მომეწონა და დავიტოვე...

GzaPress- შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა ვინ ან რამ მოახდინა? - ბავშვობაში ინგლისურ ენას ვსწავლობდი და ძირითადად, უცხოურ ტელეარხებს ვუყურებდი, რადგან უცხო ენის ათვისება ასე უფრო მიიოლდებოდა. ვხედავდი, საზღვარგარეთ ხალხს როგორ ეცვა და ალბათ, გემოვნება ამან დამიხვეწა.

- განსაკუთრებულად პრეტენზიული გემოვნება რასთან დაკავშირებით გაქვს?

- ცეკვასთან. ძალიან პრეტენზიული ვარ, როცა საქმე მოცეკვავის ჩაცმულობას, ვარცხნილობას, ფეხსაცმელს ეხება... წვრილმანებს ვაკვირდები... ძალიან მომწონს, როცა მოცეკვავე წყვილები იმპროვიზაციას მთავაზობენ.

- ზოგჯერ სატელევიზიო შოუებში ფაქტობრივად, ტრუსისამარა ცეკვავენ. პროფესიონალური თვალსაზრისით, ეს მისაღებია?

- რადგან შოუა, ე.ი. საჭირო არ არის, ისე ჩაიცვა, როგორც - კონკურსზე. კონკურსს თავისი წესები აქვს, რომელიც მოცეკვავემ აუცილებლად უნდა დაიცვას. უბრალოდ, შოუში ადამიანი მოცეკვავეს უნდა ჰგავდეს. მაგალითად, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო სეზონზე საერთოდ ვერ წარმოვაჩინე ის, თუ როგორი მოცეკვავე ვარ. ჩემი აზრით, განსხვავებულობა მისაღებია, თუკი გარკვეულ ზღვარს არ გადავლენ და სცენაზე მართლა ტრუსითა და ლიფით არ გამოვლენ.

- საკუთარი თავი რატომ ვერ წარმოაჩინე - დრო არ გეყო თუ ქორეოგრაფებსა და დიზაინერებზე იყავი დამოკიდებული?

- ქორეოგრაფებზე შოუ იყო დამოკიდებული. დიზაინერებთან და ქორეოგრაფებთან პრობლემა არასოდეს მქონია, პროექტზე ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ. უბრალოდ, რაც მინდოდა, იმას ბოლომდე ვერ ვაკეთებდი. რაღაცებზე უარის თქმა, უკან დახევა მიწევდა. როცა ცეკვას სხვა გიდგამს, ეს სულ სხვა რამ არის... მე ყველაფრის გაკეთებას დამოუკიდებლად მიმაჩვიეს.

- მიუხედავად ამისა, "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ სეზონში მონაწილეობას აპირებ?

- ამაზე დავფიქრდები. 100%-იანი დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით.

- ქალის გაცნობისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას რას აქცევ?

- გარეგნობას. ათლეტური აღნაგობის, ქერა და წითელთმიანი, მწვანეთვალება გოგონები მომწონს. იმას არ ვგულისხმობ, რომ ჩემსავით კუნთები უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ნავარჯიშევი სხეული მომწონს. ქალი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს რომ ჩაიცვამს, ჩემზე მაღალი არ უნდა იყოს. რადგან მოცეკვავე ვარ, აქცენტს ფეხებზე ვაკეთებ - გრძელი ფეხები მხიბლავს.

- ქალის მოხიბვლის შენი მეთოდი გაქვს?

- არა. არასოდეს დამიგეგმავს, რომ ვინმე რაიმე მეთოდით მომეხიბლა. ყველა გოგონას თავისებური მოპყრობა სჭირდება. "გახსნილი" ხალხი მომწონს, რადგან თავად ძალიან მორცხვი ვარ. როცა ადამიანთან საუბარს ვიწყებ და ვგრძნობ, ის უკან იხევს, მერე მეც უკან ვიხევ, - არ მინდა, გული გავუწყალო, ტვინი "გავუბურღო"... მივდივარ და სხვა ადამიანს ვეძებ. სიტყვა "ძებნა" ისე არ გამიგოთ, თითქოს, აქეთ-იქით დავდიოდე და გოგონებს ვეძებდე. თუმცა, ასეთი რამ სკოლაში სწავლის პერიოდში კი იყო (იღიმის).

- ქართველ და ამერიკელ გოგონებთან ურთიერთობისას რაიმე განსხვავება არის?

- სხვათა შორის, დიდი სხვაობა არ არის. ქართველი გოგონები უფრო "შებოჭილები" არიან, რაღაცის მაინც ეშინიათ. ისეთი გოგონები არ მომწონს, რომლებსაც თავი მაგარი ჰგონიათ და ზედაც არ შემოგხედავენ. ასეთი ქალები საქართველოში ცოტათი უფრო მეტია, ვიდრე - ამერიკაში. მთავარია, გოგონას გაუგო, თორემ გინდ ამერიკელი იყოს, გინდ - ქართველი, ინგლისელი...

- რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ შენთვის ყოველთვის სასურველი იყოს?

- ყველაფერი თავიდანვე არ უნდა მოგცეს. ყოველთვის კარგია, როცა ურთიერთობა ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვითარდება.

- გოგონამ სიყვარული რომ აგიხსნას, მის მიმართ ინტერესს დაკარგავ?

- ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია (იღიმის).

- როგორ ლიტერატურას კითხულობ?

- ქართულს - ბევრს არა, უფრო - ინგლისურს ვკითხულობ.

- მაგალითად? GzaPress- ინგლისურ ენაში რომ ვემზადებოდი, მასწავლებელი სახლში წასაკითხად წიგნებს მატანდა ხოლმე. მახსოვს, "ჯურასიქ პარკი" რომ წავიკითხე, ძალიან მომეწონა. ამ წიგნზე "მაბოდებდა". მაშინ დაახლოებით, 11 წლის ვიყავი. სერ არტურ კონან დოილის "შერლოკ ჰოლმსიც" მომეწონა. კიდევ ბევრი, ფილმად გადაღებული წიგნი წამიკითხავს. ბერძნული მითოლოგიაც მომწონს. ამერიკაში ყოფნისას, კომიქსების წაკითხვა მიყვარდა. მაგალითად, კარგია "ავენჯერსის" კომიქსები.

- ჯერ წიგნის წაკითხვა, შემდეგ კი მისი მიხედვით გადაღებული ფილმის ნახვა გირჩევნია თუ - პირიქით?

- ჯერ წაკითხვა მირჩევნია. მაგალითად, ჩემს ბავშვობაში "ჰარი პოტერის" ფილმები გამოდიოდა. ფილმის ნახვამდე, წიგნი წაკითხული მქონდა. კითხვის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ეს პროცესი მომწონს. ახლა ლიტერატურას ნაკლებად ვკითხულობ და ვიცი, ეს ცუდია. რა ვქნა, წიგნისთვის ვეღარ ვიცლი. სახლში ისეთი დაღლილი ვბრუნდები, არაფრის თავი მაქვს: ან ეგრევე დასაძინებლად ვწვები, ან კომპიუტერთან ვჯდები და ცოტა ხანს, განტვირთვის მიზნით, რაიმეს ვთამაშობ.

- ახლახან "ვაჟაობის" დღესასწაულში მონაწილეობდი, არა?

- კი. მე, ოთარ ფოლადაშვილი და რეზიკო რობაქიძე მარიამ კუბლაშვილთან ერთად, ქართულ ცეკვას ვასრულებდით. არ ვიცი, სამეჯლისო ცეკვის ხალხი რატომ მიგვიწვიეს, მაგრამ მგონი, ყველაფერი ნორმალურად გამოგვივიდა. 2 დღეში რისი სწავლაც მოვასწარით, ვიცეკვეთ. მხოლოდ ის არ მომეწონა, რომ ძალიან ცხელოდა და წყალი არსად იყიდებოდა.Mმგონი, იმიტომ არ იყიდებოდა, რომ იქვე ცივი წყარო გახლდათ, მაგრამ იქ ძალიან დიდი რიგი იყო. "ვაჟაობის" დღესასწაული მომეწონა. შეიძლება, გაისადაც წავიდე.

- ვაჟა-ფშაველას ლიტერატურა თუ მოგწონს?

- არ მახსოვს და ამის გამო, თავი მაქვს მოსაკლავი. თინეიჯერობა ამერიკაში გავატარე, რის გამოც, ბევრი რამ დამავიწყდა. ვცდილობ, დავჯდე და წავიკითხო, მაგალითად - ვაჟას ნაწარმოებები, მაგრამ უბრალოდ, ვერ ვახერხებ.

- "შვლის ნუკრის ნაამბობიც" არ გახსოვს?

- აი, ახლა რომ მითხარი, გამახსენდა (იღიმის), მაგრამ მთელი შინაარსის გახსენება მაინც გამიჭირდება.

- სკოლა საქართველოში დაამთავრე?

- კი. ჯერ მეთვრამეტე სკოლაში ვსწავლობდი, მეცხრე კლასიდან კი - პირველ გიმნაზიაში გადავედი.

- ამერიკაში სად სწავლობდი?

- 4 წელი კოლეჯში, ბიზნესმენეჯმენტს ვსწავლობდი.

- სწავლის გაგრძელებას არ აპირებ?

- არა, რადგან ჩემი აზრით, რაც სასწავლი იყო, უკვე ვისწავლე. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლია, უფრო მეტი ცოდნა შეიძინო, მაგრამ საამისოდ დრო მართლა აღარ მრჩება. ხანდახან ინტერნეტით რაღაც ინფორმაციებს ვეძებ, რაღაცებს დამოუკიდებლად ვსწავლობ... ბიზნესმენეჯმენტი იმიტომ ვისწავლე, რომ როცა გავიზრდები, ეს საქმე საკუთარი სტუდიის სამართავად დამჭირდება. ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"