"მეზობელი ძლივს დავაჯერე, რომ ცუდად არ ვიყავი" - გზაპრესი

"მეზობელი ძლივს დავაჯერე, რომ ცუდად არ ვიყავი"

მაგალითად, იტყობინებიან, რომ რომელიმე მსახიობი გარდაიცვალა. ამ გზით ძირითადად, რომელიმე დაბალი რეიტინგის მქონე საიტი ყურადღების მიქცევას ცდილობს და გაუმართლებელი მეთოდით ბევრ "ნახვას" აგროვებს... ამჯერად, ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების ფანტაზია ინტერნეტსივრცეს გასცდა, მათი მიზანი კი გაურკვეველია: ნიკო ბერიძე "ფეისბუკის" აქტიური მომხმარებელი გახლავთ. მომღერალმა სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით შეგვატყობინა, რომ შინ დაბრუნებულს ფლაერი დახვდა, რომელშიც ეწერა - თითქოს ნიკოს ისრაელში გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა.

ნიკო ბერიძე:

- ეს ყველაფერი ვიღაცის უნიჭო "ხუმრობა" იყო: სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, როცა დავინახე, სადარბაზოში, ჩემი მეზობელი ქალი ამ ფლაერს კითხულობდა. მეც მაშინ წავიკითხე... ის ქალი ძლივს დავაჯერე, რომ არაფერი მჭირდა.

- თაღლითის ვინაობა გაარკვიე? ანგარიში სინამდვილეში, ვის სახელზეა გახსნილი?

GzaPress- საბედნიეროდ, ანგარიშის არასწორი ნომერი ეწერა, თორემ ამის ჩამდენს ცუდი დღე დაადგებოდა. შემთხვევით ვისარგებლებ და ყველას დიდ მადლობას გადავუხდი, ვინც ჩემი ამბით დაინტერესდა. სხვათა შორის, რამდენიმე ადამიანმა უცხოეთიდანაც დამირეკა.

- ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოჩნდი?

- სხვა ოდნავ მსგავსი შემთხვევაც კი არ მახსენდება. ცხადია, ჭორებს არ ვგულისხმობ (იცინის).

- ახლა გვითხარი, სინამდვილეში როგორ ხარ, შენი საქმეები როგორ მიდის?

- ყველაფერი კარგად არის: საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" აჭარის ტელევიზიის მუსიკალურ პროდიუსერად ვმუშაობ. რამდენიმე სიმღერა დავწერე. ალბათ, უახლოეს მომავალში კლიპს იხილავთ. ასევე, საავტორო მუსიკით ერთ-ერთი ტელეგადაცემა მუსიკალურად გავაფორმე.

- ნიკო, სოციალურ ქსელებში შენს სახელზე დარეგისტრირებული, ცრუ "პროფილები" თუ არსებობს?

- კი, თან - საკმაოდ ბევრი.

- ამის გამო პრობლემა არ შეგქმნია?

- პირადად მე - არა. ალბათ, ეს ფაქტი პრობლემას იმ ადამიანებს უქმნის, ვისაც სოციალურ ქსელში ჩემი დამეგობრება სურს, მაგრამ სინამდვილეში, სამეგობრო სიაში სხვას იმატებენ. ისე, ბევრი მეკითხება, - ეს ნამდვილად შენი "პროფილია" თუ არაო (იცინის)?

- გქონია შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში დაწყებული ნაცნობობა რომანში გადაზრდილა?

- კი, 2 შემთხვევა იყო, ოღონდ - ხანმოკლე და არც ისე სერიოზული.

- პირველად როდის და რომელ ქსელში დარეგისტრირდი, გახსოვს?

- თუ არ ვცდები, 2004 ან 2005 წელი იყო, როცა მეგობარმა "ვკონტაკტეში" დამარეგისტრირა. ისე, მანამდე "სკაიპში" დარეგისტრირებულიც გახლდით, მაგრამ არ ვიყენებდი და ახლაც "არ ვიკლავ თავს"... ძირითადად, "სკაიპს" მაშინ ვიყენებ, როცა მამა საზღვარგარეთ მიემგზავრება... მოკლედ, "ვკონტაკტეს" "ფეისბუკი" და "ტვიტერიც" "მოჰყვა"...

- ქსელში პირველად, რა მიზნით დარეგისტრირდი?

- არავითარი მიზანი არ მქონია, მაგრამ ამას ის ამბავი მოჰყვა, რომ "ვკონტაკტეს" მეშვეობით, კანადელი გოგო გავიცანი. მამით რუსი იყო, დედით - კვებეკელი. ის ზაფხულში ბათუმში ჩამოვიდა და ერთმანეთი ვნახეთ (იღიმის)...

- ნიკო, ინტერნეტს ძირითადად, რა მიზნით მოიხმარ?

- ბავშვობიდან ვიდეოთამაშების მოყვარული ვარ. სპეციალური პროგრამა - STEAM მაქვს, ასევე - ანალოგიური პროგრამები: ORIGIN, UPLAY... ახალ ღელეასეს-ებს თვალს ვადევნებ. ინტერნეტს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად და სოციალური ქსელებით სარგებლობისთვის, ვიდეო ან აუდიომონტაჟისთვის ვიყენებ.

- "ფეისბუკზე", შენს სამეგობრო სიაში მყოფ ყველა ადამიანს იცნობ?

- შეუძლებელია, 5001 ადამიანს იცნობდე (იცინის), პლუს - ჩემს "ფან ფეიჯს" 1200 მომხმარებელი ჰყავს. ვცდილობ, ყველასთან, ვინც მწერს, ნორმალური ურთიერთობა მქონდეს. ბევრს დავუმეგობრდი კიდეც, მაგრამ ტვინის "გამაუპატიურებელი" ადამიანებიც არსებობენ (იცინის)...

- უცნობები ძირითადად, რას გწერენ?

- იმას, რომ - მგულშემატკივრობენ და მათთვის Number one ვარ. ყველას მადლობას ვუხდი, რადგან ასეთი შეტყობინებების წაკითხვა მართლა სასიამოვნოა. კიდევ, იმას მეკითხებიან, ნამდვილად ნიკო ბერიძე ვარ თუ არა (იღიმის)?..

- რა სახის "პოსტები" გაღიზიანებს?

- ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი (იცინის). უპირველეს ყოვლისა, მაღიზიანებს, როცა ისეთ "პოსტებზე" მომნიშნავენ ხოლმე, რომელთანაც არაფერი მაკავშირებს ან "კედელზე" ჩემთვის უინტერესო რამეს მიქვეყნებენ. ასევე, "სმარტფონებს" რაღაც აპლიკაციები აქვს - რამდენიმეწამიან ვიდეოს იღებს და უნდა გაიპრანჭო. ჰოდა, მაღიზიანებს, ყველა რომ იპრანჭება, მიუხედავად იმისა, "პრანჭვა" გამოსდის თუ არა. კიდევ, ასეთი "სტატუსებიც" გამაღიზიანებელია: "მშია, წამიყვანეთ სადმე", "ასეთ ძაღლს მაჩუქებს ვინმე?" და ა.შ.

- თავად რა სახის ბმულებს აზიარებ?

- "იუთუბის" მუსიკალურ ლინკებს და იშვიათად - ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, ჩემს მოსაზრებას ვაფიქსირებ. ასევე, ფოტოებს, გამონათქვამებს, სახუმარო "სტატუსებსა" და ვიდეოებს (მათ შორის - ჩემ მიერ გადაღებულს) ვაქვეყნებ. სხვათა შორის, სამსახურში მე და ჩემი ბიძაშვილი ერთსა და იმავე კაბინეტში ვსხედვართ. როცა რომელიმე ჩვენგანი კაბინეტიდან გადის და "ფეისბუკი" ჩართული რჩება, კაბინეტში მყოფი "სტატუსებს" უწერს. ასე ჩასაფრებულები ვართ ხოლმე (იცინის), ოღონდ - ერთმანეთის წერილებს არ "ვხსნით".

- ვინმე "დაგიბლოკავს"?

- არასოდეს.

- სელფშოტებს ხშირად იღებ?

GzaPress- მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ ვიღებ, სულაც არ მიმაჩნია, რომ სელფის გადაღება დანაშაულია.

- სელფომანიას ზოგი ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნევს...

- ფსიქიკურად "აშლილებს" "სელფფოტოგრაფებთან" რატომ აიგივებენ? პარლამენტში შეიხედონ (იცინის)...

- "პოსტების" მიხედვით, ადამიანის ხასიათის გამოცნობა შეგიძლია?

- კი. ისედაც ერთი შეხედვით ვხვდები, ადამიანს როგორი ხასიათი აქვს, ხანდახან კი შეხედვაც არ არის საჭირო... ეს ზებუნებრივი ძალა არ არის, მერწმუნე.

- ვირტუალურ სამყაროში უფრო თავისუფლად გრძნობ თავს თუ რეალურ ცხოვრებაში?

- ერთნაირად. საერთოდ, ცვალებადი ხასიათი მაქვს და თუკი ვინმემ "ფეისბუკით" გამიცნო და მერე რეალურ ცხოვრებაში მნახა (ან პირიქით), შეიძლება იფიქროს, რომ "სხვადასხვა" ვარ, მაგრამ მერე ხვდებიან "ფაბულას" (იცინის).

- საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, "ფეისბუკზე" "ხმამაღალი" განცხადება გამოგიქვეყნებია?

- საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით არასოდეს არაფერი გამიკეთებია და არც გავაკეთებ. ვფიქრობ, ამას ისეთი ხალხი აკეთებს, ვისაც ეს უნდა ან ყურადღება აკლია. პირადად მე, ასეთი საქციელი სრულ მარაზმად მიმაჩნია... თუმცა, ჩემს გვერდზე რამდენიმე "ხმამაღალი" განაცხადი იყო, რომელიც საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით კი არ გამომიქვეყნებია, არამედ მინდოდა და გავაკეთე (იცინის).

- სოციალურ ქსელში პოლიტიკაზე ხშირად კამათობენ. ამ ან სხვა სახის კამათში თუ ჩაბმულხარ?

- არასოდეს ჩავრეულვარ. პოლიტიკაზე იშვიათად თუ ვილაპარაკებ და მაშინაც ცუდს ვამბობ (ცუდს რატომაც ვამბობ, ამის ახსნა საჭირო არ არის - ფაქტი სახეზეა). პოლიტიკაზე, რელიგიასა და მუსიკაზე არასოდეს ვკამათობ. ბევრ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები გამაჩნია და ვიცი, რომ ჩემ თავთან მართალი ვარ, ვიღაცასთან დასამტკიცებელი კი არაფერი მაქვს.

- უარყოფითი კომენტარების წაკითხვისას როგორი რეაქცია გაქვს?

- უარყოფითი კომენტარები "ჯეოსტარის" პერიოდში იყო, მაგრამ მათი ავტორებისთვის არასოდეს მიპასუხია. იმავეს გავიმეორებ: ვინმეს რაღაც რატომ ვუმტკიცო?

- ნიკო, ერთ დღეს სოციალური ქსელები რომ გაუქმდეს, შენი ცხოვრებაში რა შეიცვლება?

- ჩემი ცხოვრება ისეთივე საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, როგორიც - ახლა არის. ერთფეროვნებას ვერ ვეგუები.

ეთო ყორღანაშვილი