ონისე ონიანის 100%-იანი გულწრფელობა - გზაპრესი

ონისე ონიანის 100%-იანი გულწრფელობა

ამბობს, რომ მისი პროფესიული ბიოგრაფია მისსავე ცხოვრებას ჰგავს - აღმასვლებითა და დაღმასვლებით სავსეა. მასში რაჭული და სვანური ხასიათის უცნაური შერწყმა მოხდა. დღემდე ვერ გაუგია, "დინჯი სვანია" თუ "სწრაფი რაჭველი"? როდის კარგავს წონასწორობას, რა ეზარება ყველაზე მეტად, რისი ეშინია და რას გააკეთებდა ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1966 წლის 27 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

GzaPress- ...მსახიობი. 10 წლის ვიყავი, როცა ეს სურვილი გამიჩნდა. ბავშვობაში კარგად ვმღეროდი, სცენაზე ხშირად გამოვდიოდი, მერე კი ჩემში სცენისადმი სიყვარული თანდათან კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. ხშირად პიესებს ვწერდი და მერე უბნის ბავშვებთან ერთად წარმოდგენას ვდგამდი. ზაფხულობით სოფელში ჩავდიოდი, იქაც ვრეჟისორობდი, ვმსახიობობდი. ეს სიყვარული თანდათან გაიზარდა, გაიზარდა და ერთ დიდ გულად გადაიქცა. თეატრალურში ოდნავ მოგვიანებით, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ჩავაბარე. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცოდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ასეთი დიდი ინტერესით სხვა სფეროში ვერ ვიმუშავებდი.

- ჩემი პირველი როლი პროფესიულ სცენაზე...

- ...მედეა კუჭუხიძის სპექტაკლში ჯარისკაცს ვთამაშობდი. პატარა როლი მქონდა, მაგრამ მეგონა, მთავარ როლში ვიყავი, რადგან ყველა მე მიყურებდა... მას შემდეგ 22 წელი გავიდა და ისევ ამ თეატრის სცენაზე ვთამაშობ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ძალიან კარგი კულინარიაო. კუბდარსა და სოკოს საცივზე ვგიჟდები. როცა კუბდარს ვამზადებ, ყოველთვის ვიყენებ სუნელებს, რომელსაც სვანეთიდან მიგზავნიან. ტყიდან ჩამოტანილს სხვა არომატი და გემო აქვს. ერთ-ერთ სუნელს გიცრული ჰქვია, კერძს პიკანტურ გემოს აძლევს. სოკოს საცივი მე მოვიფიქრე. საერთოდ, საცივი ძალიან მიყვარს. ჰოდა, ვინაიდან მარხვაზე ვიყავი და ხორცს ვერ გეახლებოდით, ვიფიქრე, რით გავაკეთო-მეთქი? საცივის სოუსი მოვამზადე და დავასხი წინასწარ შემწვარ ხის სოკოს, წამოვადუღე - უგემრიელესი რამ გამოვიდა... საბედნიეროდ, ჩემზე ჭორები, ცუდი ამბები არ მსმენია. ამბობენ: ხალისიანი მხიარული და კეთილიო, რაც მახარებს. ვცდილობ, ადამიანური ვიყო. მხიარული ხასიათი ჩემი შინაგანი მდგომარეობაა და არც მინდა, ოდესმე შევიცვალო. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა ცუდი აურისა და შავი ფერის გასაფანტად.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ოჯახს და ადამიანებს, რომლებიც ამ თეატრში დამხვდნენ, რომლებმაც ჩემში შესაძლებლობები დაინახეს და განვითარებაში დამეხმარნენ. პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...მნიშვნელოვანს არაფერს შევცვლიდი. ჩემს წარსულში იყო მუქი ფერები, რომლის გახსენებაც კი არ მინდა, მაგრამ ბევრი ლამაზი და ბედნიერი დღეც მახსოვს. მომწონს სადაც ვარ, ვინც ვარ და ამიტომაც, არაფერს შევცვლიდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...კარგი მეუღლე, შვილები, დედა, ძმა და და მყავს - ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, კვირაში ერთი დღით მაინც ვახერხებთ შეკრებას და ერთად ვახშმობას. ერთად ყოფნა გვიხარია. იშვიათად ხდება, რომ ეს შეკრება ჩავაგდოთ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...დამთმობი ვარ. წყენას ვივიწყებ ან შეიძლება, ვერ დავივიწყო, მაგრამ შენ აღარ გაგრძნობინებ; აღარ გავიხსენებ იმ დროს, როცა შენზე ნაწყენი ვიყავი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ხანდახან მგონია, რომ სწორად არ ვცხოვრობ. ადამიანებს ჩემი გულის კარს ზედმეტად ვუხსნი, მათ ზედმეტად ვიხუტებ და მერე ხშირად, ეს სითბო უკან ცუდად მიბრუნდება.

- ვიბნევი, როცა...

- ...გარშემო ბევრი ხალხია. არადა, მსახიობებს სულ ადამიანებთან გვიწევს ურთიერთობა. ვიბნევი, როცა პანაშვიდზე მივდივარ. შესაძლოა, ამ დროს რომელიმე ნაცნობს ისე ჩავუარო, არც კი მივესალმო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...რაჭაში, ჩემს სოფელში. სხვათა შორის, იქ ზამთარში არასდროს ვყოფილვარ. ვისთან ერთად წავიდოდი? - მარტო წავიდოდი, იმ უმშვენიერეს ბუნებაში განვმარტოვდებოდი. გარეთ თოვლი იქნებოდა და ბევრს ვიფიქრებდი. მისტიურია ეს ყველაფერი, არა? იქაურობა მიყვარს. სოფელი სადმელი ჩემი დედულეთია, ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. ჩემს ხასიათში რაჭული თვისებები სჭარბობს თუ სვანური? ალბათ, დაბალანსებულია. "სწრაფი რაჭველი" თუ "დინჯი სვანი" - რაღაც ამდაგვარი გამოვედი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ტყუილსა და ცილისწამებას. როცა ჩემზე იმას ამბობენ, რაც არ გამიკეთებია, მშვიდი ვერ ვიქნები. ცილისწამება მაგიჟებს, მტანჯავს და მერე მდგომარეობიდან დიდხანს ვერ გამოვდივარ.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა. ყველაზე მეტად მეზარება ის, რისი გაკეთებაც არ მინდა და მაიძულებენ გავაკეთო.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...საყვარელი ადამიანებით, მეგობრებთან შეკრებებით, სიურპრიზებით... მელოდები, მაგრამ არ იცი, როგორ მოვალ ან შენგან როგორ წავალ. მაგალითად, ჩემი უახლოესი მეგობარია ნათია კუპატაძე. მისი სახლიდან რომ გამოვდივარ, არ არსებობს, ნათიას ქუდი არ დავიხურო ან პალტო არ შემოვიცვა. ასე გამოწყობილი ვემშვიდობები - "ნახვამდიიის!" დამინახავს თუ არა, აკივლდება: მოიცა, კაცო, ეგ რა გახურავს, სად მიდიხარ? დადე ადგილზეო. სულ ხელებში მიყურებს, რამე არ გამოვიყოლო (იცინის).

- მე ვარ შეუმდგარი...

GzaPress- ...ექიმი. ჩემს ქვეცნობიერში ექიმობის სურვილიც იყო. დღეს ისეთ სიტუაციაში თუ მოვხვდები, სადაც ადამიანისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაა საჭირო, თავისუფლად შემიძლია, ჭრილობა დავუმუშავო, გადავუხვიო და ა.შ.

- სიყვარული ეს...

- ...ეს გრძნობების თაიგულია. ჯერ გარეგნულად უნდა დაგატყვევოს, მერე უნდა აგანთოს, მერე მის გარეშე ვეღარ უნდა ძლებდე, მასზე უნდა გეფიქრებოდეს...

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ჩემი პირველი სიყვარული ჩემი მეუღლე არ იყო, მანამდე რამდენიმე გოგო მიყვარდა. არ მინდოდა, მაგრამ მათზე მაინც მეფიქრებოდა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ზურა ბერიკაშვილმა. როცა გასტროლზე მივდივართ, სასტუმროში ყოველთვის ერთ ნომერში ვცხოვრობთ. არ არსებობს, დღე ისე გათენდეს, კარგ ხასიათზე არ დამაყენოს. ისეთ რამეებს აკეთებს, ისეთი მოქმედებები აქვს, რომ... რაღაცნაირად იძინებს. რომელ მხარეზეც დაწვება, იმ მხარეზევე იღვიძებს. გაღვიძებაც უცნაური იცის: როგორც კი ირიჟრაჟებს, ეგრევე წამოიძახებს: "ოჰ!!! გათენდა!!! გაუმარჯოს აქაურობას!!!" მერე კიდევ რაღაცებს ყვირის ხოლმე და ამ ყველაფერს ისე მოულოდნელად აკეთებს, შეუძლებელია, კარგ განწყობაზე არ დაგაყენოს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მრცხვენია, ვწითლდები და თავს ვხრი. რომ გამოვბრუნდები, მერე ვაცნობიერებ - გული სიხარულით მაქვს სავსე და ბედნიერი ვარ.

- მეშინია...

- ...ადამიანების დაკარგვის. ამაზე სულ მეფიქრება, ვწუხვარ და განვიცდი.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რატომ არ დამირეკე და არ მომიკითხე? ყურადღებით რატომ არ ხარო? მეგობარი, მეუღლე, შვილი - ყველა ამას მსაყვედურობს. არ მიყვარს ხშირად რეკვა. დღეში ერთხელ დავრეკავ, მოვიკითხავ და დავამთავრებ. ჩემი დაძაბული დღის რეჟიმიდან გამომდინარე, მოკითხვის თავიც აღარ მაქვს ხოლმე.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ფორტეპიანოზე დაკვრა. საერთოდ, ვერც ერთ ინსტრუმენტზე დაკვრა ვერ ვისწავლე და ამას განვიცდი. არადა, სმენა მაქვს.

- რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზეც ვოცნებობ...

- ...ასეთი აღარ არის, რადგან ძალიან ბევრ რეჟისორთან მიმუშავია. აღარც საოცნებო როლი მაქვს; ყველა როლში შეიძლება, რაღაც საოცნებო დაინახო, თუ მთელი გულითა და სულით მიუდგები. სარდაფში "ათ ინტიმურ აქტში" მთავარი როლი მქონდა. ამ სპექტაკლში საკუთარი თავით უკმაყოფილო ვარ: სცენაზე რომ გავდიოდი, თითქოს შიგნიდან რაღაც მექაჩებოდა. როცა სხვა როლებზე ვმუშაობ, ყოველთვის ის როლი მახსენდება და ვცდილობ, მსგავსი რამ აღარ დამემართოს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...პირველ რიგში, ვალებს გავისტუმრებდი, მერე კი დავეხმარებოდი ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ; დიდ სახლს ავაშებდი და მეც მათთან ერთად, ბედნიერად ვიცხოვრებდი. კიდევ ერთ ეზოიან და ბაღიან სახლს შევიძენდი - ეს ჩემი ოცნებაა.

- ვნანობ...

- ...შეცდომებს, რომლებიც უნებურად დამიშვია, მაგრამ თუ არ დაეცემი, წამოდგომის სიხარულსაც ვერ გაიგებ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა: როცა რამის გაკეთებას დააპირებ, აუცილებლად, ათამდე დაითვალეო. ჰოდა, ყოველთვის ასე ვიქცევი.

- ამ ინტერვიუში ჩემი გულწრფელობის ხარისხი...

- 100%-ია. ვცდილობ, ჟურნალისტებთან ყოველთვის გულწრფელი ვიყო და - არა მხოლოდ თქვენთან.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ყველანი მიყვარხართ. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ! ძალიან მახარებენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, "იცი, შენი ინტერვიუ წავიკითხე და ძალიან მომეწონა". ასეთი შემთხვევები ხშირია და ეს მაბედნიერებს.

თამუნა კვინიკაძე