გოგა მესხის და მარიამ ივარდავას სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

გოგა მესხის და მარიამ ივარდავას სიყვარულის ამბავი

პროექტ "ერთი ერთში" მსოფლიო ვარსკვლავად გარდასახული გოგა მესხის მიერ საცოლისთვის მოწყობილმა სიურპრიზმა წყვილის ახლობლებიც ააღელვა. გოგა და მარიამი მალე ოფიციალურად დაქორწინდებიან, თუმცა, ინტერვიუს განმავლობაში გოგამ ცოლის შერთვა რამდენჯერმე "გადაიფიქრა"... შეყვარებულ წყვილთან საუბარმა მხიარულად ჩაიარა.

გოგა:

GzaPress- ერთმანეთი ტელეკომპანია "იმედში" გავიცანით. ძალიან უკონფლიქტო ადამიანი ვარ, მაგრამ მარიამი ჩემ მიმართ ცოტა სხვაგვარად განეწყო, რადგან "მარიაჟა" ადამიანი ვეგონე... მაშინ "ახალ ხმაში" ვმონაწილეობდი. სხვათა შორის, ზოგი მეუბნებოდა, - ამ პროექტში რა გინდოდა, რომელი "ახალი ხმა" შენ ხარო? მარიამიც ჩვეულებრივი კონკურსანტი გახლდათ. სამწუხაროდ, პირველივე ტურს "გამოეთიშა" - მწვრთნელები არ შემოუტრიალდნენ... ცოტა ხანში ყველას ვუჩვენებთ, რომ შეცდნენ (იცინის). მის ქება-დიდებას ვერ დავიწყებ, მალე ყველა ყველაფერს ისედაც ნახავს...

- მარიამ, თავდაპირველად თქვენი კამათის მიზეზი რა იყო?

- მომეჩვენა, რომ ზედმეტად თავისუფალი და ცოტა არ იყოს, "მარიაჟიც" გახლდათ, ასეთი ადამიანები კი ძალიან მაღიზიანებს, მით უმეტეს - ბიჭები. ამიტომ პირდაპირ "დავეჯახე".

გოგა:

- თან, ნახევრად მთიულია... სიმართლე გითხრა, მარიამი თავიდანვე ძალიან მომეწონა. გამორჩეული იყო: ჩემ მიმართ ყველა თბილად განწყობილი გახლდათ, ეს - არა. ისე, მართლაც, მე რა შესაყვარებელი ვარ, თბილად რატომ უნდა მომექცნენ (იცინის)?

მარიამი:

- მართალს ამბობს - აუტანელია.

- "აუტანელმა" შენი გული როგორ მოიგო?

- თავადაც აუტანელი ვარ და ერთმანეთს ვუძლებთ (იცინის).

- კამათით დაწყებული ურთიერთობა როგორ განვითარდა?

გოგა:

GzaPress- მისმა გარეგნობამ "შემაცდინა": რამდენიმე წლით მეტის მეგონა, სინამდვილეში, 18-ის ყოფილა. მის მიმართ სიმპათია გამიჩნდა... სამწუხაროდ, ისეთი თაობა "მოდის", რომ მათში ბევრი რაღაც არ მომწონს.

მარიამი:

- ზედმეტად თავისუფალი თაობაა, მაგრამ მათგან განსხვავებით, მგონი, ზომა-წონა ვიცი და მიუხედავად იმისა, რომ "პირდაპირი" ვარ, საკუთარი გრძნობების ზედმეტად გამომჟღავნებაც არ მიყვარს.

- გოგას მიმართ სიმპათიით როდის განეწყვე?

- გაცნობიდან რამდენიმე თვეში მითხრა, - მიყვარხარო. ვუპასუხე: ჩემთან შანსი არ გაქვს-მეთქი. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. ვიცოდი, ასაკით ჩემზე უფროსი იყო. ვიფიქრე, - გასართობად არ "შემომხედავს"-მეთქი. თან, მეორე უკიდურესობაც იყო: თუკიUადამიანს უყვარხარ, როგორ შეიძლება, ერთი "არას" გამო გაქრეს?! დაახლოებით 6 თვის მერე თავად დავეკონტაქტე...

გოგა:

- ამასობაში, მთელი ევროპა მოვიარე, მარიამ ივარდავა საერთოდ არ მახსოვდა...

მარიამი:

- ისე შენ რა გითხარი... "ფეისბუკით" მივწერე, ის კი საფრანგეთში აღმოჩნდა.

გოგა:

- არა, ესპანეთში ვიყავი.

მარიამი:

- ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ახლა აქ ხარ.

გოგა:

- ჩემი "წანწალი" დასრულდა: მარიამის გარეშე არსად წამსვლელი არ ვარ, მისი საზღვარგარეთ წაყვანა კი ჯერ არ შემიძლია.

მარიამი:

- ერთხელ ისე დაემთხვა, რომ ჩემს დაბადების დღეზე გოგა საქართველოში არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიურპრიზი გამიკეთა, მისი შორს ყოფნა მაინც განვიცადე...

გოგა:

- ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ნიჭიერმა მხატვარმა - ნინო ნაკვეთაურმა მარიამის პორტრეტი დახატა, რისთვისაც მას თქვენი ჟურნალის მეშვეობით, დიდ მადლობას გადავუხდი.

მარიამი:

- დაბადების დღეზე ამ სურათმა ძალიან გამახარა.

გოგა:

- უცხოეთში მყოფს სხვა აბა, რა უნდა მექნა? როცა დავბრუნდი, კი მივხედე ყველაფერს: ქათამიც დაიკლა, გოჭიც, ხიზილალაც იყო... "ბაჟეს" და ბადრიჯანს არა უშავდა (იცინიან).

- მარიამ, როდის მიხვდი, რომ გოგა გიყვარს?

- როცა მეორე გასტროლიდან დაბრუნდა. მანამდე გოგას არც ვხვდებოდი.

გოგა:

- მართლა არ ველოდი, რომ 6 თვის მერე დამეკონტაქტებოდა, მაგრამ რომ მომწერა, გამიხარდა. ძალიან მაგარი ვარ, რა...

მარიამი:

- ჰმ, შუა "ლაივზე" შენთვის ცოლობაზე უარი უნდა მეთქვა...

- მარიამ, როგორი გრძნობა იყო, როცა ხელს "ჯო კოკერი" გთხოვდა?

GzaPress- გოგამ კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე დამირეკა და მკითხა, - რა გაცვია? როგორი ვარცხნილობა გაქვსო? მერე დაამატა, - სცენის პირდაპირ შენთვის სკამი იქნება გამოყოფილი და იქ დაჯექიო. თანდათან ყველაფერს მივხვდი.

გოგა:

- აბა, დარბაზში მყოფი მარიამი სად მეძებნა?

- შენი იდეა იყო, რომ მარიამისთვის ხელი სცენიდან გეთხოვა?

- ჩემმა უახლოესმა მეგობარმა - ლერი რობაქიძემ მითხრა: ლამაზი ჟესტი იქნება, თუკი ხელს სცენიდან სთხოვო. მერე სხვა მეგობრებმაც "ამტეხეს". წარმოიდგინე, ლოყებზე უკვე სილიკონები მეკეთა, ხალათსა და "ჩუსტებში" გამოწყობილი დავდიოდი და ყვავილებისა თუ ბეჭდის შეძენაზე ვფიქრობდი. ბიძაჩემმა მითხრა, - კარგი, ყვავილებს შევარჩევთ და ვიყიდით, მაგრამ ბეჭდის ზომა მაინც გვითხარიო. ბეჭედი ჩემმა ბიძაშვილმა და მისმა საცოლემ ჩემი ნეკა თითის ზომის მიხედვით შეარჩიეს (იცინის).

- დარწმუნებული იყავი, რომ მარიამი ცოლობაზე დაგთანხმდებოდა?

- რა თქმა უნდა! დედამაც არ იცოდა, რომ მარიამისთვის ცოლობა უნდა მეთხოვა. შოუსთვის ჯო კოკერის My Father Son შევარჩიე. ეს სიმღერა ჩემთან უფრო "ახლოს" არის - მოგეხსენებათ, მამაჩემი აფხაზეთის ომს შეეწირა... ზედმეტად ემოციურადაც კი ვიმღერე. შემდეგ მარიამს ხელი ვთხოვე და ამის შემხედვარე დედა აღელვებისგან ცუდად გამხდარა.

- მარიამ, სადედამთილომ როგორ მიგიღო?

- ნანა დეიდა უზომოდ თბილი ადამიანი გახლავთ. თავი ძალიან შემაყვარა...

გოგა:

- მარიამი ჩემთან სტუმრად როცა მოდის, მე ვიღას ვახსოვარ?! საჭმელიც თავად უნდა გავიცხელო...

- მარიამის მშობლები როგორ შეგხვდნენ?

- ძალიან კარგად, თბილად, რამაც გამაკვირვა და გამახარა. ერთმანეთთან მაგარი ურთიერთობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ასე იქნება.

მარიამი:

- სხვა რა გზაა (იცინის)?!

გოგა:

- ოჰ, ეს მეგრელები, რა!.. კაცმა მეგრელი ცოლი არ უნდა მოიყვანო!

მარიამი:

- პირიქით: მეგრელ ცოლს თუ შეირთავ, სამოთხეში მოხვედრა გარანტირებული გექნება (იცინის).

- მარიამ, რას საქმიანობ?

- სკოლას წელს ვამთავრებ...

გოგა:

- მარიამზე 10 წლით უფროსი ვარ. ჩემი საცოლე ექიმი უნდა გახდეს - მოვხუცდი და მოვლა-პატრონობა მჭირდება.

მარიამი:

- ვმღერი კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით, ფართო აუდიტორიის წინაშე - ვერა...

გოგა:

- მაგრამ პროექტში - "ორი ვარსკვლავი" ბექ-ვოკალისტები ვართ და მიმაჩნია, რომ ეს მარიამისთვის დიდი გამოცდილება იქნება - გამოცდილ მუსიკოსებთან, მომღერლებთან იმუშავებს.

- ქორწილის გადახდას აპირებთ?

- არა. 500-კაციანი ქეიფი და ყანწები არ გვინდა. გვირჩევნია, ერთი თვით ევროპაში ვიმოგზაუროთ.

ეთო ყორღანაშვილი