ვერკა ჯაჯანიძე შეყვარებულია - გზაპრესი

ვერკა ჯაჯანიძე შეყვარებულია

მისი რჩეული 24 წლის ფეხბურთელი ირაკლი შალიკაშვილი გახლავთ. ცოტა ხნის წინ, როცა ვერკა რუბრიკა "საპატარძლოში" ჩავწერე, გულახდილად მითხრა, თუ როგორი ადამიანის გვერდით ყოფნაზე ოცნებობდა, ახლა კი გამომიტყდა: "ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ირაკლი გავიცანი. ის სწორედ ისეთი ადამიანია, როგორზეც ვოცნებობდი". შეყვარებული წყვილი დაქორწინებას არ ჩქარობს.

- ირაკლი 5 თვის წინ, საერთო მეგობართან გავიცანი. პირველი შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს იშვიათად ვნახულობდით... როცა პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ვმონაწილეობდი, ირაკლი ჩვენს რეპეტიციებზე დადიოდა. ვფიქრობდი, ეტყობა, მეგობრების სანახავად მოდის-მეთქი (პროექტში ბევრი მისი მეგობარი მონაწილეობდა). ხშირად რეპეტიციები გვიან ღამემდე გრძელდებოდა, ის კი არ გვშორდებოდა. მიკვირდა, როგორ არ ჰბეზრდება ჩვენი ვარჯიშის ყურება-მეთქი? მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე (იცინის).

- ვიდრე გაიგებდი, რომ ირაკლის მოსწონდი, მასზე რას ფიქრობდი?

GzaPress- სულ მინდოდა, სპორტსმენი შეყვარებული მყოლოდა. ირაკლი ფეხბურთელია. როგორც კი გავიცანი, მომეწონა. თუმცა, არ მეგონა, ჩვენ შორის ასეთი ურთიერთობა თუ ჩამოყალიბდებოდა. პირველ რიგში, მისი გარეგნობით მოვიხიბლე, შემდეგ - პიროვნებით. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია: ძალიან კარგი ადამიანია, თბილი, ყურადღებიანი, ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს.

- თავად რას გეუბნება, შენში რა მოეწონა?

- კონკრეტულად რა მოეწონა, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მან ჩემში ბევრი კარგი რამ დაინახა ისევე, როგორც მე - მასში. თავდაპირველად ირაკლი უფრო მეტად აქტიურობდა, მაგრამ მეც ძალიან მომწონდა და ჩემი გრძნობების დაფარვა გამიჭირდა.

- შენი პროფესიული საქმიანობა თუ მოსწონს?

- ოოო... ჩემს საქმიანობასთან შეგუება უჭირს, მაგრამ იცის, რომ ცეკვა ძალიან მიყვარს და ყველანაირად ცდილობს, გამიგოს. ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ კიდეც. სიყვარული ხომ ურთიერთგაგების გარეშე არ არსებობს. შეიძლება, რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ როცა იცი, რომ ეს რაღაც შენს საყვარელ ადამიანს აბედნიერებს, თვალებს ხუჭავ.

- პირველად სიყვარულში ირაკლი გამოგიტყდა?

- აუცილებელი არ არის, ადამიანმა დღეში ასჯერ გითხრას - "მიყვარხარ". მთავარია, საკუთარი ქცევებით დაგანახვოს, თუ რას გრძნობს შენ მიმართ. ირაკლი ხშირად მაგრძნობინებს, რომ ვუყვარვარ და პატივს მცემს. რა თქმა უნდა, პირველად თავად გამომიტყდა სიყვარულში.

- როგორი რეაქცია გქონდა, როცა გითხრა, რომ უყვარდი?

- განსაკუთრებული რეაქცია არ მქონია, რადგან მანამდეც ვხვდებოდი, თუ რას გრძნობდა ჩემ მიმართ: ძალიან თბილად მექცეოდა, ყურადღებას მაქცევდა. ამიტომ არც გამკირვებია, როცა გამომიტყდა, მიყვარხარო. მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე განსაკუთრებულია და ბედნიერი ვარ, გვერდით ასეთი ადამიანი რომ მყავს.

- ალბათ, შენმა ცეკვამაც მოხიბლა...

- ცეკვა მოსწონს, მაგრამ ჩემი დატვირთული დღის რეჟიმს ვერ ეგუება, პრეტენზიას გამოთქვამს. ისე, მართლაც, საშინელი "გრაფიკი" მაქვს: დღისით მოსწავლეები მყავს, შემდეგ თავად ვვარჯიშობ, საღამოს კი ვცეკვავ. ირაკლის აღიზიანებს ის ფაქტი, რომ მას ბევრ დროს ვერ ვუთმობ. ამას მეც განვიცდი, მაგრამ რა ვქნა, ცეკვაა ჩემი პროფესიაა. ჰოდა, სხვა გზა რომ არ არსებობს, ცდილობს ყველაფერს შეეგუოს. ხშირად მეუბნება, რომ საუკეთესო მოცეკვავე ვარ, საყვარელი ადამიანისგან ამის მოსმენა კი ბედნიერებას მანიჭებს...

- რომ გთხოვოს, ამ საქმეს შეეშვიო, როგორ მოიქცევი?

GzaPress- არა მგონია, ჩემგან ეს მოითხოვოს... მაგრამ არჩევანის წინაშე თუ დავდგები, ალბათ პროფესიას უფრო დავთმობ, ვიდრე - სიყვარულს. ჩემთვის პირადი ცხოვრება მეტად მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ყველაფერში შემიწყობს ხელს.

- ახლო მომავალში დაქორწინებას ხომ არ გეგმავთ?

- ამ თემაზე უკვე ვილაპარაკეთ და ოჯახის შექმნას ჯერ არ ვაპირებთ. არსად გვეჩქარება (იღიმის).

- ერთმანეთის მშობლებს თუ იცნობთ?

- მე ვიცნობ ირაკლის მშობლებს. ახლო მომავალში საყვარელ ადამიანს ჩემს მშობლებსაც გავაცნობ... ირაკლის ძალიან კარგი ოჯახი აქვს, არაჩვეულებრივი დედ-მამა ჰყავს. დედამისი საოცრად თბილი ადამიანია. ყოველთვის მინდოდა, ასეთი დედამთილი მყოლოდა.

- როგორც ვიცი, ირაკლის ტყუპისცალი ჰყავს...

- დიახ და ისიც ფეხბურთელია. არაჩვეულებრივი ადამიანია, მხიარული და თბილი. მის გვერდით არ მოიწყენ.

- ირაკლი რომელ გუნდში თამაშობს?

- ირაკლი რუსთავის გუნდში თამაშობს, თოკა - სამტრედიისაში. როგორც ვიცი, თებერვლის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატი იწყება და ვეცდები, ჩემს პრინცს ვუგულშემატკივრო.

- პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ორივეს ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებათ. ერთმანეთზე ხომ არ ეჭვიანობთ?

- თაყვანისმცემლების ნაკლებობას მართლაც, არც ერთი არ განვიცდით. ვერ გეტყვით, რომ ავადმყოფურად ეჭვიანი ვარ, მაგრამ ზოგჯერ ეჭვის ჭია მეც შემომიტევს ხოლმე, ისევე - როგორც ირაკლის. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სიყვარულის ბრალია.

- ერთმანეთს რით ანებივრებთ?

GzaPress- როგორც უკვე აღვნიშნე, ირაკლი ძალიან ყურადღებიანია და ცდილობს, ყოველდღე გამახაროს. სურს, რომ მასთან გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის განსხვავებული, განსაკუთრებული იყოს და სხვათა შორის, ესGგამოსდის კიდეც. მე კი, ჩემი დატვირთული დღის რეჟიმის გამო მის განებივრებას ვერ ვახერხებ.

- რის გამო შეიძლება, ერთმანეთს უსაყვედუროთ?

- ირაკლის აღიზიანებს უყურადღებობა. მე არ ვარ უყურადღებო ადამიანი,Mმაგრამ არის მომენტი, როცა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ვეხმიანები და მხოლოდ ამის გამო თუ მისაყვედურებს. ვცდილობ, არ ვაწყენინო. თავად არასდროს იმსახურებს ჩემს საყვედურს ან შენიშვნას. რა ვქნა, მართლა ყველაფერი მომწონს მასში.

- დაქორწინების შემდეგ ცალკე ცხოვრებას აპირებთ?

- ირაკლი ქუთაისელია და მისი მშობლები იქ ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე, ცალკე ცხოვრებას ვგეგმავთ... ძალიან მინდა პატარა, ლამაზი, ყველა მოწვეული სტუმრისთვის დასამახსოვრებელი ქორწილი გვქონდეს.

სოფო ჭონიშვილი