ცნობილი თურქი მსახიობების ქართველი პედაგოგი - გზაპრესი

ცნობილი თურქი მსახიობების ქართველი პედაგოგი

რეჟისორი ზურაბ სიხარულიძე 16 წელიწადი თურქეთში ცხოვრობდა და თურქებს სამსახიობო და სარეჟისორო ოსტატობას ასწავლიდა: 9 წელი ანკარაში და 7 - სტამბოლში. შესაბამისად, ბევრი თურქი მსახიობი, მათ შორის - ქართველებისთვის ცნობილი რამდენიმე არტისტი სწორედ მისი აღზრდილი და დაოსტატებულია.

ზურაბ სიხარულიძე:

- ონურ საილაქს ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალებით - "ასი" და "ბოშა ქალი". მას ანკარის ბილქენთის უნივერსიტეტში ვასწავლიდი და ძალიან კარგად ითამაშა სადიპლომო სპეტაკლში, ნაზიმ ჰიქმეთის პიესაში - "ყველაფრის მიუხედავად" (ქართულად სათაური ასე ვთარგმნე). ამ სპექტაკლში ონური მთავარ როლს ასრულებდა. მერე ეს ბიჭი კინოში წავიდა და კარგა ხანია, სერიალებსა და სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებში იღებენ. სხვათა შორის, ქართველი გოგონასა და თურქი ბიჭის ამბავზე გადაღებულ თურქულ ფილმშიც მთავარ როლს ასრულებდა. თეატრი საერთოდ მიატოვა და თურქეთში უკვე საკმაოდ ცნობილი კინომსახიობია.

- ნიჭიერი მსახიობია?

GzaPress- ნამდვილად, ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ თვითკრიტიკულიც - სულ ეჭვობს, რომ რაღაც სათანადოდ ვერ გააკეთა. რამდენჯერ მოსულა ჩემთან და ლამის მოსთქვამდა: არაფერი გამომდის, უნიჭო ვარ, რა მეშველებაო? არადა, ყველაფერი კარგად გამოსდიოდა და მართლა დამსახურებლად აძლევდნენ როლებს სერიალებსა და ფილმებში. კიდევ კარგი, ამ ბოლო პერიოდში უფრო მოემატა თავდაჯერებულობა და საკუთარი შესაძლებლობებიც ირწმუნა. სიმართლე გითხრათ, სერიალებისთვის ონურიც მენანება და სხვა ნიჭიერი მსახიობებიც, მაგრამ რას იზამ?!

- ამით ხდებიან ცნობილები, არა?

- ცნობილებიც ხდებიან და ფულსაც შოულობენ.

- თუ იცით, დიდ ჰონორარს უხდიან სერიალებში მონაწილეობისთვის?

- კი, უკვე ცნობილ მსახიობებს განსაკუთრებით დიდ თანხას უხდიან - დაახლოებით ასეულ ათას დოლარზეა ლაპარაკი...

მსახიობი სეზინ აქბაშოღულარი თურქეთში ძალიან ცნობილია. ბევრ სერიალსა და მხატვრულ ფილმშია გადაღებული და ყველგან მთავარ როლს ასრულებს. ერთ-ერთი - "ბამბის ველის პრინცესა" საქართველოშიც უჩვენეს. სეზინიც ბილქენთის უნივერსიტეტში სწავლობდა, ჩემს ჯგუფში. ძალიან გულჩათხრობილი, ჩუმი და მორიდებული გოგონა იყო და ასაკით ყველაზე პატარა - სამსახიობო ფაკულტეტის მუსიკისა და სცენის ხელოვნებათა განყოფილება 19 წლისამ დაამთავრა. იქ ჩემ მიერ დადგმულ ეჟენ იონესკოს "მაკბეტში" ძალიან კარგად ითამაშა. მახსოვს, როლები რომ გავანაწილე, სეზანი უროლოდ დამრჩა, ვინმეს დუბლიორად უნდა დამენიშნა. არადა, ნიჭიერი ბავშვი იყო და დამენანა. ჰოდა, ახალი პერსონაჟის შემოყვანაც მაშინ მომივიდა აზრად. პიესაში დიალოგებზე მეტი, საავტორო ტექსტია და სეზინისთვის მთხრობელის როლიც სწორედ ამ ტექსტებიდან შევქმენი. მუშაობისას ბავშვი საოცრად "გაიხსნა". პლასტიკა, ხმა, სიმღერა, ცეკვა, თხრობის მანერა - ყველაფრის ისეთი უნარი წარმოაჩინა, სხვა მსახიობები გადაფარა, მისგან კი ამდენს აშკარად არ ველოდი. ფაქტობრივად, "მაკბეტი" ამ პატარა გოგონას სპექტაკლად იქცა, ყველა მასზე ლაპარაკობდა. სამწუხაროა, რომ სეზინი თეატრს ჩამოშორდა. ძალიან კი უნდა სცენაზე თამაში, მაგრამ იმის გამო, რომ სერიალებში ძალიან დაკავებულია, თეატრში მუშაობის დაწყებას ვერ რისკავს; იცის, მოუცლელობის გამო, წარმოდგენებზე მთელი დატვირთვით მუშაობას ვერ მოახერხებს.

GzaPressთურქეთში სერიალებითა და ფილმებით ძალიან პოპულარულია ჩემი კიდევ ორი სტუდენტი - სერჰათ ქილიჩი და მაჰირ იფექი. სერჰათი ერთხანს ბევრ სპექტაკლში მონაწილეობდა და თურქეთის სახელმწიფო თეატრის წამყვანი მსახიობიც იყო. ახლა ძირითადად, ფილმებსა და ყოველდღიურ სერიალებში იღებენ. მაგალითად, ის თამაშობს თურქეთში ძალიან პოპულარულ სერიალში "ძველი სტამბოლი". მართალია, მისი მონაწილეობით სერიალი ჯერ არ უჩვენებიათ საქართველოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი მაყურებელი მასაც მალე გაიცნობს. სამაგიეროდ, რამდენიმე სერიალი უჩვენეს მაჰირის მონაწილეობით. სერჰათიც და მაჰირიც ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანები არიან. სხვათა შორის, დღეს მაჰირ იფექი თურქეთის ერთ-ერთი ძველი, ანკარის კერძო მხატვრული თეატრის (AST) თანამფლობელიც არის. შარშანწინ ამ თეატრშიც მიმიწვიეს სპექტაკლის დასადგმელად. თურქეთში ყველა მსახიობს თავისი მენეჯერი, აგენტი ჰყავს და კონკრეტული მსახიობების წარმოჩენა, თითოეულთან გაფორმებული კონტრაქტი სწორედ მათი დამსახურებაა...

მერთ იავუზჯანი საქართველოში სერიალ "უნუთმაზით" ანუ ქართულად - "დაუვიწყარით" გაიცნეს. სეზინის არ იყოს, ისიც ჩემი სტუდენტია ბილქენთის უნივერსიტეტიდან, იგივე განყოფილება დაამთავრა და დღემდე სტამბოლის ეგრეთ წოდებულ დიდ მუნიციპალურ თეატრში მუშაობს. მერთი, ფაქტობრივად, ჩემი და ჩემი მეუღლის შვილობილია. ასეთი "შვილობილი" სულ რამდენიმე გვყავს. მერთი დიპლომატის ოჯახიდანაა - მამამისი კარგა ხანს საბერძნეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში მუშაობდა. ეს ბიჭი საზღვარგარეთ გაიზარდა და თურქეთის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად დაბრუნდა სამშობლოში. რომ ჩამოვიდა, თურქული ხეირიანად არც იცოდა - ინგლისურად ლაპარაკობდა და მისაღებ გამოცდაზეც ერთ-ერთი ნაწყვეტი ინგლისურად წაიკითხა. ისიც საკმაოდ მორიდებული და გულჩათხრობილი იყო. ჯგუფში ძალიან დაუმეგობრდა ერთ ახალგაზრდა კაცს - არდა ფოვათს. მერთმა და არდამ ჩემი სარეჟისორო ჯგუფის ორი სტუდენტის მიერ დადგმულ სპექტაკლში, ჯონ ოსბორნის პიესაში - "მოიხედე მრისხანების ჟამს" ორივე მთავარი როლი ითამაშეს. საოცარი დუეტი გამოვიდა. სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ არდა სწავლის გასაგრძელებლად ინგლისში, ლონდონში წავიდა და ორწლიანი კურსის შემდეგ კვლავ თურქეთში დაბრუნდა. სხვათა შორის, რობერტ სტურუა ანკარაში "ჰამლეტს" რომ დგამდა, ჰამლეტის როლზე მასთან სწორედ არდას გავუწიე რეკომენდაცია. სტურუას მოეწონა და ათამაშა კიდეც. სამწუხაროდ, ეს ბიჭი მალევე, ერთ-ერთი გადაღების დროს ტრაგიკულად დაიღუპა, მისი მეწყვილე მერთი კი თითქოს ფრთამოტეხილი დარჩა. ამის შემდეგ მერთი სტამბოლში გადავიდა და თეატრში დაიწყო მუშაობა. ჯარში წაიყვანეს და ჯარისკაცის ამპლუამ ისე დააბნია, იქიდან რომ მირეკავდა, მახსოვს, "ლექტორის" ნაცვლად, "ქომუთანს" ანუ მეთაუროო, - მეძახდა. ვგიჟდებოდი: ბიჭო, რა "ქომუთან", მე ვარ-მეთქი (იცინის). დღეს მერთი თურქეთის ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ მსახიობად მიიჩნევა. გასულ ზაფხულს სტამბოლში ჩემ მიერ დადგმულ უილიამ შექსპირის "რიჩარდ მესამეში" ერთდროულად სამი როლი შეასრულა - კლარენსის, მომაკვდავი ედუარდ მეფისა და პატარა პრინც ედუარდის. ვერ წარმოიდგენთ, რა განსხვავებულად, ოსტატურად და საინტერესოდ განასახიერა თითოეული მათგანი. ეგ კი არა, მთავარი - რიჩარდ მესამის როლის შემსრულებელზე, საკმაოდ ნიჭიერ მსახიობზე არ ულაპარაკიათ იმდენი, რამდენიც მერთზე თქვეს.

- საქართველოში გამორჩეულად პოპულარულია მსახიობი მურათ ილდიმირი. მას იცნობთ?

- ჩემი სტუდენტი არ ყოფილა, ისე კი სტამბოლში შევხვედრივარ. როგორც მახსოვს (ყოველ შემთხვევაში, ასე შევიცანი), ჩემთან იყო მოსული, ორწლიან მაგისტრატურაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ თვითონვე გადაიფიქრა, რადგან სერიალებში გადაღებით ისეთი დაკავებული იყო, ხოლო ჩვენი სასწავლო პროგრამა - მეტისმეტად დატვირთული, რომ მიხვდა, ვერაფრით შეუთავსებდა ერთმანეთს...

GzaPressამ ინტერვიუში აუცილებლად მინდა, ერთი რამ აღვნიშნო: სამწუხაროდ, ჩვენთან ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ თურქული სიტყვების წერისას და წარმოთქმისას, რადგან რუსულიდან თარგმნიან. რაკი ვახსენეთ, მაგალითადაც მოვიყვან - თუნდაც, "მურატს" რომ წერენ და ამბობენ, თურქულ ენაში არ არის ასო-ბგერები "კ", "პ" და "ტ", სამაგიეროდ არის: "ქ", "ფ", "თ", რომელიც ქართულშიცაა და რუსული Ô-ც, რომელიც ქართულში არ გვაქვს. ჰოდა, "მურატი" კი არ უნდა იყოს, არამედ - "მურათი", "კილიჩი" კი არა - "ქილიჩი", "მერტი" კი არა - "მერთი" და ა.შ. ერთხანს ჩემს მეუღლეს - თამრიკო ხორავას ათარგმნინებდნენ თურქულ სერიალებს, მაგრამ მერე შეწყვიტეს, რუსული ვებ-გვერდებიდან დაიწყეს გადმოწერა და შესაბამისად, რუსულიდან თარგმნეს. თვითონ თურქული არ იციან და ამიტომაცაა შეცდომით ნათარგმნი. თუ აკეთებ, ისე უნდა გააკეთო, როგორც ეკადრება ნორმალური, განათლებული და ჭკვიანი ერის წარმომადგნელს.

ირმა ხარშილაძე