"ბავშვობაში პეპის მამსგავსებდნენ" - გზაპრესი

"ბავშვობაში პეპის მამსგავსებდნენ"

"ბაბუა ისტორიკოსია, ძალიან დიდი და მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს. ნაწარმოებებს ასაკის მიხედვით მირჩევდნენ. ზოგიერთი წიგნი ჩემი სურვილით ნაადრევ ასაკშიც კი წავიკითხე. მაგალითად, "ათას ერთი ღამე" და დღემდე მახსოვს ის ემოცია, რომელიც ამ ნაწარმოებებს მოჰქონდა", - ამბობს მოდელი და ტელეწამყვანი, მანიკა ასათიანი.

პრეამბულის მაგიერ

- დღეს ისეთი აქტიური მკითხველი ვეღარ ვარ, როგორც ბავშვობაში ვიყავი. სამსახურიდან შინ რომ ვბრუნდები, შვილის მოვლით ვარ დაკავებული და კითხვას ვეღარ ვახერხებ. ბავშვობაში კი კითხვა ძალიან მიყვარდა. მით უმეტეს - ზაფხულის პერიოდში.

- ნაწარმოები, რომელმაც შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომელია?

- დიმფნა კიუსაკის "შენ უნდა სძლიო სიკვდილს". დღემდე გამორჩეულად მიყვარს. ეს ნაწარმოები პირველად 15 წლის ასაკში წავიკითხე და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მივუბრუნდი.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ამაზე არასდრს მიფიქრია, ბავშვობაში პეპის მამსგავსებდნენ. ზეიმებზე პეპის როლს მაძლევდნენ და მეც დიდი ინტერესით ვთამაშობდი. იმ წლებში ძალიან მინდოდა, პეპისნაირი მხიარული და საინტერესო მეგობარი მყოლოდა, რომელთანაც ერთი წუთითაც კი არ მოვიწყენდი.

- ინტელექტალური თამაშების მოყვარული ხარ?

- საერთოდ, აზარტული ადამიანი ვარ. ასეთი თამაშები მხიბლავს.

- გერმანული ანდაზის მიხედვით: "ოქროს ცეცხლი გამოცდის, ქალს - ოქრო, მამაკაცს?

- ცეცხლი?

- "...მამაკაცს - ქალი".

- მართალია, ეს ანდაზა არ ვიცოდი, მაგრამ ლოგიკურად უნდა გამომეცნო.

- მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი დიზაინერის ბიოგრაფი, ლორას ბენაიმი წერდა: "ის ხატავდა ემოციებს, თავის ტანსაცმელში ჩააქსოვა სიხარული, სიყვარული, სიგიჟე... შექმნა თავისი კოლექციები, როგორც საიდუმლო წიგნის თავები. ის ხატავდა ანგელოზებსა და დემონებს. ის იყო პირველი კუტიურიე, რომელმაც განადიდა სული, დაამკვიდრა რეტროს სიფაქიზე თანამედროვე გემოვნებაში და დარჩა ერთადერთი სინანული, რომ მან არ გამოიგონა ჯინსი"... დაასახელე ეს დიზაინერი.

- ვერ ვხვდები, რომელ პერიოდში საქმიანობდა?

- მინიშნებას გეტყვი: მას "მაღალი მოდის პატარა პრინცს ეძახდნენ". ამბობენ, რომ ეზიზღებოდა მოდა. საკუთარ თავს არა კუტიურიეს, არამედ - ხელოსანს უწოდებდა. 1962 წელს შექმნა სმოკინგი. 21 წლის ასაკში "დიორის სახლის" ხელმძღვანელი გახდა. "არაფერია შიშველ სხეულზე მშვენიერი და ყველაზე ლამაზი ტანსაცმელი, რომელმაც შეიძლება შეამკოს ქალი, საყვარელი კაცის მკლავებია. ვისაც არ ერგო ეს ბედნიერება, მე აქ ვარ". ვკითხულობთ მის ჩანაწერებში.

- ივ სენ ლორანი, ხომ?

- გამოიცანი. რომელ მდინარეზეა გაშენებული ავსტრიის დედაქალაქი - ვენა?

- (ფიქრობს).

- მიგანიშნებ, იმ მდინარეზე კიდევ ბევრი სხვა ქალაქია გაშენებული, ევროპის ერთ-ერთი დიდი მდინარეა. ტურისტულ მარშუტებში ხშირად ამ მდინარეზე გემით გასეირნებაც შედის.

- დუნაი.

- ადამიანის რომელ გრძნობას უწოდა შექსპირმა "მწვანეთვალება ურჩხული"?

- არ ვიცი.

- სავარაუდო პასუხებს გეტყვი: შურს, მრისხანებას, სიყვარულს თუ ეჭვიანობას?

- ალბათ მრისხანებას უწოდა, ასე არ არის?

- სწორი პასუხია - ეჭვიანობა.

- შექსპირს ვერ დავეთანხმები. ეჭვიანობა ურჩხული რატომ არის? მე მიყვარს ეჭვიანობა. როცა ადამიანი გიყვარს, თავისთავად ეჭვიანობ.

- როცა ადამიანი გიყვარს, ენდობი...

- ეგ თავისთავად, მომეწონა ეს რუბრიკა. უკვე რამდენი რამ გავიგე.

- რამდენი "ცხრიანია" 100 000 000-1 სხვაობის ჩანაწერში?

- 8 იქნება.

- რომელი ქვა იცვლის ფერს განათების ან დღე-ღამის მონაკვეთის მიხედვით?

- კითხვა ვერ გავიგე.

- ეს ძვირფასი ქვაა, დილას სხვა ფერია, შუადღეს - სხვა, საღამოს განსხვავებულ შეფერილობას იღებს.

- ვერ გიპასუხებ.

- ალექსანდრიტი. 1824 წელს, პარიზში გამოვიდა ფრანგი დედოფლის, მარია ანტუანეტას მოდელიორი ქალის, მადმუაზელ ბეხტეინის მემუარები. რომელი ფრთიანი გამონათქვამის ავტორი გახდა მას შემდეგ, რაც დედოფლის ძველი კაბა განაახლა?

- ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

- ისინი ძმები იყვნენ: ადოლფი და რუდოლფი. სავაჭრო ბაზარზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში გადაიზარდა, ერთმანეთი არ უყვარდათ. ორი ცნობილი ფირმის დამაარსებლები იყვნენ. დაასახელე ეს ფირმები.

- სპორტული ხაზით მუშაობდნენ?

- დიახ.

- "ადიდასი" და "პუმა".

- როგორ ადამიანს უწოდებენ დილეტანტს?

- როცა სიღრმისეულად ვერ ერკვევა. საქმის კარგად არმცოდნეს უწოდებენ.

- ვეფხისტყაოსნის რომელ გმირთან არის შედარებული ვეფხვი ამ სტრიქონში: "ხრმალი გავსტყორცნე, გარდვიჭერ, ვეფხვი შევიპყარ ხელითა, მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა"?

- ტარიელთან.

- დარწმუნებული ხარ?

- არა, არა, შემეშალა, ნესტან-დარეჯანი უნდა მეთქვა.

- შუა საუკუნეების იტალიასა და ესპანეთში შეყვარებული ბიჭები სატრფოებს სარკმლის წინ სიმღერებს გიტარის ან სხვა სიმებიანი საკრავის აკომპანემენტით უმღეროდნენ. რა ერქვა ამ სიმღერებს?

- სერენადა.

- "ველური მზერით გიყვარს თამაში,/ ჩემს წინ ამაყად ნებივრად დგომა,/ ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში/ შენ გაზაფხული და შემოდგომა./ ჯანსაღი ფერით მდიდარი ტანით/ მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,/ ჩემს წასალეკად და გასატანად/ და არსაიდან არ სჩანს საშველი"... ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- შოთა ნიშნიანიძე.

- ვინ არის ფილმ "უძინართა მზის" რაჟისორი?

- თემურ ბაბლუანი.

- რომელ ფილმში შედგა ლეილა აბაშიძის დებიუტი?

- "ქაჯანაში".

- მას უწოდებენ ყველაზე დიდ სახელმწიფოს ჯუჯათა შორის და ყველაზე ჯუჯას - დიდ სახელმწიფოებს შორის. რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი?

- ეს ქვეყანა აზიაშია?

- ევროპაში.

- ვერ ვხვდები, რომელია?

- ლუქსემბურგი. რომელი ღვთაების პატივსაცემად ეწყობოდა ძველ საბერძნეთში ოლიმპიური თამაშები?

- ზევსის.

- ვინ იყო საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III - ნაპოლეონ ბონაპარტის?

- არ ვიცი.

- ძმისშვილი. რა ჰქვია ჯანი როდარის ცნობილი ზღაპრის გმირს?

- ჩიპოლინოზე მეკითხები?

- რა თქმა უნდა. მან სიჭაბუკე საგურამოში გაატარა, იმ პერიოდში ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო ირანისა და ოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი იყო. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. მისი ოჯახი ქსნის ხეობაში სოფელ ლამისყანაში გაიხიზნა.

- დავით გურამიშვილზეა ლაპარაკი.

- რას ნიშნავს "მიცუბიში" იაპონურად?

- არ ვიცი.

- "მიცუბიშის" ლოგო გაიხსენე.

- ლოგო კი მახსოვს, მაგრამ...

- სამ ბრილიანტს. დაასახელე ერთადერთი ფრინველი დედამიწაზე, რომელიც ვერ დაფრინავს, მაგრამ ცურვა შეუძლია.

- პინგვინი.

- "წელს გადავწყვიტე, მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი. გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიშით და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლივ თან სდევს. რასაკვირველია, პირველი ჩემი ნაბიჯი, განურჩევლად ყველამ, მასხარად აიგდო, რადგანაც ამბობდნენ, რომ მებატონეს და მასთან სახელიანი კაცის შვილს მეცხვარეობა არ ეკადრება". ალექსანდრე ყაზბეგის რომელ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- "ნამწყემსარის მოგონებანი".

- "აიდა", "ოტელო", "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ბალ-მასკარადი" - ვინ არის ამ ცნობილი ოპერების ავტორი?

- ჯუზეპე ვერდი.

- რომელი ქართული ფილმის გმირები არიან "ბოლოკა" და "ბეთჰოვენა"?

- "ღიმილის ბიჭები".

- დაბოლოს, დაასრულე ლევ ტოლსტოის ცნობილი გამონათქვამი: "მშიშარა მეგობარი მტერზე უარესია, მტერს ერიდები, მეგობარს...

- "...მეგობარს კი ენდობი".

თამუნა კვინიკაძე