ნაცემი ნინო ძოწენიძე, პირველი სირცხვილი და თავში მოხვედრილი ტროლეიბუსის "შტანგა" - გზაპრესი

ნაცემი ნინო ძოწენიძე, პირველი სირცხვილი და თავში მოხვედრილი ტროლეიბუსის "შტანგა"

ახლახან შოუში წარმატებას სალომე ბაკურაძემ მიაღწია, წინა სეზონზე კი მთავარი პრიზი - ბინა ნინო ძოწენიძემ მიიღო. "პირველი ამბების" გახსენებამდე ნინომ აგვიხსნა, თუ რატომ არ ცხოვრობს იმ ბინაში, რომელიც პროექტში მოიგო.

- საცხოვრებლად ახალ სახლში გადმოვედით, ოღონდ - ეს ის სახლი არ არის, რომელიც მოვიგე. "ერთი ერთში" რთული და შრომატევადი პროექტია, მაგრამ - აზარტული და ძალიან კარგი. პროექტში გამარჯვების შემდეგ წესით, უნდა გავაქტიურებულიყავი, მაგრამ პირიქით მოხდა - ცოტათი მოვდუნდი. ცხადია, შემოქმედებითი თვალსაზრისით ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებ, მაგრამ ვერ გავიგე, რითი დავიწყო, რა გავაკეთო. იმედია, ყველაფერი გამოსწორდება და ქვეყანაშიც ისეთი მდგომარეობა იქნება, რომ ყველას თავისი საქმის კეთების სურვილი გაუჩნდეს.

- იმ სახლში რატომ არ ცხოვრობთ, რომელიც პროექტში გამარჯვებულს პრიზად გერგოთ?

GzaPress- გავყიდე. ბინა ერთ-ერთმა კომპანიამ იყიდა და იმ შენობაში დიდ სამედიცინო ცენტრს აკეთებენ...

- გაიხსენეთ თქვენი პირველი შთამბეჭდავი გარდასახვა "ერთი ერთში"...

- პრინციპში, ყველა ასეთი იყო. პირველ "ლაივზე" თითქოს, ვერ მივხვდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. პირველად შაკირა განვასახიერე. ეს მომღერალი ძალიან მაგარი გოგოა და მაგრადაც ცეკვავს, მაგრამ მის შემოქმედებას თვალ-ყურს არ ვადევნებ... ალეგროვას განსახიერების მერე კი შთამბეჭდავი გარდასახვები დავიწყე, მათ შორის, ლაიზა მინელის გამოვარჩევ: მისი როლის მორგებისას, გარეგნულადაც ძალიან შეცვლილი ვიყავი, კაბარე კი ყოველთვის მიყვარდა. პროექტში მონაწილეობისას ბევრი ისეთი სიმღერა შევასრულე, რომელიც ჩემთან "ახლოს იყო", მაგრამ ლაიზას სიმღერა მათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა. ასე რომ, საკუთარ თავში ახალი, მიუზიკლის შესრულების ნიჭი აღმოვაჩინე. ჩემთვის ის დღე შთამბეჭდავი იყო...

- პროექტის ბოლო სეზონზე ვის გულშემატკივრობდით?

- მასში ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელი მონაწილეობდა. სალომე ბაკურაძე ქუთაისელი გახლავთ - ერთი და იგივე დედულეთი გვაქვს. მისმა გამარჯვებამ ძალიან გამახარა.

- ჟიურის წევრი პირველად როდის იყავით?

- პროექტში - "ერთი ერთში", ბოლო სეზონის პირველ კონცერტზე. ვაიმე, ეს საშინელება ყოფილა! თან, როცა კოლეგებს აფასებ და პროექტის მონაწილის ამპლუაში ყოფნაც გამოცდილი გაქვს!..

- გაიხსენეთ გიგასთან პირველი შეხვედრა.

- 9 წლიდან ერთად მოვდივართ, ქუთაისის მუსიკალურ საბავშვო თეატრში ერთად ვიყავით (მახსოვს, სპექტაკლში თამაშისას ის ორფეოსი იყო, მე - ბულბული). ქალბატონი მარინა ტყაბლაძისა და და ბატონი ჯემალ ჩხეიძის დამსახურებაა, რომ თეატრთან "შეხება მაქვს". ქალბატონმა მარინამ "აღმომაჩინა" და ბევრი რამ შემძინა, რომ უნივერსალური ვყოფილიყავი - სხვადასხვა სტილის სიმღერა შემესრულებინა და მხოლოდ ერთ "განშტოებას" არ "გავყოლოდი".

- პირველად ბიჭმა სიყვარული როდის აგიხსნათ?

- ბაღშიც მიყვარდა ერთი ბიჭი, სკოლაშიც... სიყვარულის ახსნას რაც შეეხება, ეს სკოლის კიბეზე მოხდა: მახსოვს, იმ ბიჭმა ხელოვნური ვარდი მაჩუქა. მაშინ მეექვსე-მეშვიდე კლასის მოსწავლე ვიყავი.

- რა უპასუხეთ?

GzaPress- მე არ მიყვარდა, ვმეგობრობდი. იმ ამბავმა ბავშვურად, სიცილ-კისკისით ჩაიარა. მგონი, ის ადამიანი სკოლის დამთავრების მერე არც მინახავს.

- მეექვსე-მეშვიდე კლასში თქვენს ცხოვრებაში გიგა უკვე იყო?

- მაშინ ვმეგობრობდით. თბილისში გიგამ წამომიყვანა, მე კი ეს დიდად არ მინდოდა, რადგან ქუთაისში საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა: 10 წელი გოგონათა კვარტეტში - "ტეტრაქორდში" ვმღეროდი, თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარეთ... ჯგუფის გარეშე სცენაზე გასვლა ვერ წარმომედგინა. თბილისში წამოსვლის მერე, გიგას ცოლად გავყევი და ჩემი სოლო კარიერაც მაშინ დაიწყო.

- პირველი მარცხი...

- ეს იყო "ჯეოსტარში"... სიმღერის მხრივ მანამდე მარცხი არასოდეს განმიცდია. ბავშვობიდან წარმატებული ვიყავი. "ჯეოსტარის" სცენაზე, პირველსავე "ლაივზე" კონკურსიდან გამომიშვეს... ვფიქრობდი, - ნეტავ, ახლა სცენა ჩავარდეს, თან ჩამიტანოს-მეთქი. ეს მარაზმი გახლდათ... პროექტიდან მართლა არაობიექტურად გამომიშვეს და ამასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმაც იყო... არა უშავს. მაშინ 23 წლის გახლდით, სხვა შემართება, ენთუზიაზმი მქონდა და უფრო მეტად ვცდილობდი, ამ დიდ ქალაქში ჩემი ნიჭიერება დამემტკიცებინა. ყოველთვის ვშრომობდი, ვიბრძოდი, არ ვჩერდებოდი. მარცხი არ მაშინებს.

- დედაქალაქში პირველი ვიზიტი...

- მახსოვს, გიგამ რომ მითხრა, - უნდა ჩამოხვიდეო, ვუთხარი, - იმ ცივ ქალაქში რა გამაჩერებს? ჩემი უბნის, მეგობრების გარეშე ვერ გავძლებ-მეთქი... თბილისში ჩამოსულს "ქავთარაძეზე" გიგას (ახლა უკვე - ჩემიც) მეგობარი - ქალბატონი მზია ღამბაშიძე და როკერი - ირა მაისურაძე დამხვდნენ. ქალბატონი მზია ახლა ბაქოშია. ვოკალის საკმაოდ ძლიერი პედაგოგი გახლავთ. ქეთი მელუამ, ნინო სურგულაძემ და ბევრმა სხვა ნიჭიერმა ადამიანმა სწორედ "მის ხელში" გაიარა. მზია წარმოშობით ქუთაისელია. უნივერსიტეტთან არსებული ჯგუფი - "დიამიქსი" მზიასი იყო და ვინაიდან გიგა მასთან მაქებდა, მითხრა: წამოდი, უნდა მოგისმინოო. მაღალი ნოტები "ამაღებინა" და მაშინვე ჯგუფში "ჩამსვა". "პირველი ხმა" ვიყავი... საკმაოდ ბევრი კონცერტი გვქონდა. ჯგუფში კარგი გოგონები მუშაობდნენ.

GzaPress- საზოგადოებრივი ტრანსპორტით დამოუკიდებლად პირველად როდის იმგზავრეთ?

- პირველად როდის ვიმგზავრე - არა, მაგრამ ერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ტროლეიბუსის "შტანგა" დამეცა: სპეციალობით მევიოლინე ვარ - 11 წელი ვუკრავდი. 12 წლის ვიყავი, როცა გაჩერებაზე ვიოლინოგადაკიდებული ვიდექი. მახსოვს, "შტანგა" როგორ ავარდა, გადატყდა და ჩამომკრა... ძალიან შემეშინდა. მადლობა ღმერთს, სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ ვიღაც ქალბატონს დაეცა და საავადმყოფოში "სასწრაფოთი" გააქანეს. ხალხი ამბობდა, - ბავშვს დაეცა, ბავშვს დაეცაო... თეთრი როლინგი მეცვა და ვგრძნობდი, სისხლი მომდიოდა... სასწრაფოდ, სახლში წამიყვანეს. მამაჩემი ეზოში ფეხბურთს თამაშობდა - სპორტის ამ სახეობის ფანი იყო და ასეთ დღეში რომ დამინახა, ლამის გაგიჟდა.

- პირველი საჩუქარი, რომელიც შვილმა მოგიძღვნათ...

- შარშანწინ, "დედის დღესთან" დაკავშირებით, ყვავილები მაჩუქა. ძალიან გამიხარდა. უნდოდა, სიურპრიზი მოეწყო. რაღაცებს მანამდეც მჩუქნიდა, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მახსოვს.

- პირველი ფილმი, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა...

- "ბაბაჯანა" ძალიან მიყვარდა და ცოტათი მეშინოდა კიდეც... კიდევ, ერთი მულტფილმი მომწონდა, რომელშიც მხოლოდ ძაღლის ფეხები ჩანდა: ოთახში დადიოდა და ამბობდა: დამტოვეს, არ წამიყვანესო. მეცოდებოდა... "ცისფერ მთებზე" ბავშვობიდან ვგიჟდები. ინდური ფილმებიც მიყვარდა: მე და მამაჩემი კულტურის სახლში დავდიოდით და ვუყურებდით. მითხუნ ჩაკრაპორტზე ვგიჟდებოდი (იცინის).

- შვილმა პირველად რით გაგაოცათ?

- შვილის ნიჭიერებაზე "დაფეთებული" დედა ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ახლახან სანდრომ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ისე იმღერა, რომ მივხვდი: ძალიან ნიჭიერია, ოღონდ - ყველაფერს ჩვენი დახმარების გარეშე აკეთებს, სწავლობს... ძალიან ამაყი ვიყავი. იმედია, მისი ნიჭიერება პროგრესირებადი იქნება.

- პირველი მაკიაჟი...

- სხვათა შორის, ტუჩზე ფანქარს ბავშვობიდან ვისვამდი. ამის გაკეთება სარკის გარეშეც შემეძლო.

- გადაწყვეტილება, რომელმაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა...

- როცა გიგაზე გათხოვება გადავწყვიტე, მას შემდეგ ჩემი ცხოვრება მართლა ძალიან შეიცვალა. პრინციპში, ადამიანის და მით უმეტეს, ქალის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილება შვილის დაბადებაა. საერთოდ, თავისუფლება ძალიან მიყვარს, ვფიქრობ, შემოქმედი ადამიანი ამის გარეშე ღირებულს ვერაფერს შექმნის, მაგრამ შვილი შენი ნაწილია და მის გამო თავისუფლებასაც გარკვეულწილად თმობ. არ მინდა, სანდრო ზედმეტად გავათამამო, მაგრამ ალბათ, უკვე გათამამებულია: შეძლებისდაგვარად, ყველა სურვილს ვუსრულებთ. ბავშვობაში რაც მე მაკლდა, არ მინდა, ის ჩემს შვილსაც დააკლდეს, გული დასწყდეს...

- თქვენ რა დაგაკლდათ, გული რაზე გწყდებათ?

GzaPress- 90-იანი წლები საქართველოსთვის გაჭირვების პერიოდი იყო. 2-3 საათი ფეხით დავდიოდი, რომ სარეპეტიციო დარბაზამდე მივსულიყავი და მემღერა. ახლანდელი თაობა ასეთ სირთულეებს ხომ არ აწყდება? მიუხედავად ამისა, რაღაცები მაინც ეზარებათ... მახსოვს, ტრანსპორტი არ იყო და თოვლში დასველებული ფეხით დავდიოდით, ვშრომობდით, უშუქობაშიც კი ვმეცადინეობდით. იყო შემთხვევები, როცა რაღაცის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა...

- პირველი სირცხვილი...

- ერთხელ მე და ჩემი მეგობარი - ეკა კიკნაველიძე მასწავლებელმა (ჟორესი ერქვა) ძალიან სასაცილოდ გვცემა: ყველა ბავშვი "შატალოზე" წავიდა, ეზოში მე და ეკა დავრჩით. მასწავლებელმა დაგვიძახა, - ამოდითო! რომ ავედით, თმა "მოგვწიწკნა" - გაგვიმეტა (იცინის)... თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, რადგან მთელმა სკოლამ გაიგო, რომ გვცემეს.

ეთო ყორღანაშვილი