ჩერქეზეთში გატარებული ბავშვობა და სოფლიდან გამოყოლილი განცდები - გზაპრესი

ჩერქეზეთში გატარებული ბავშვობა და სოფლიდან გამოყოლილი განცდები

ბავშვობაში მსახიობობაზე ოცნებობდა, იყო ტელეწამყვანიც, მაგრამ პოპულარობა ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო კლიპმა მოუტანა. ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს და ბევრისგან განსხვავებით, ამას არც მალავს. ახლა "ორ ვარსკვლავში" ნუცა ბუზალაძესთან ერთად ამღერდება. როგორც ველოდი, საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. ამ ინტერვიუთი უფრო ახლოს გაიცნობთ კაცს, რომელიც სულ ლაპარაკობს.

- დაბადების თარიღი..

- ...1981 წლის 29 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ფეხბურთელი, მსახიობი.

- ჩემზე ამბობენ...

GzaPress- ...ბევრს ლაპარაკობსო. იმდენს არ ვლაპარაკობ, როგორი იმიჯიც შემექმნა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩუმი ვარ. არის პერიოდები, როცა სახლში პასიურად გახლავართ. მთავარი ის ხომ არ არის, რამდენს ლაპარაკობ, მთავარია, რას ლაპარაკობ. ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, ყურადღების ცენტრში ყოფნაც მსიამოვნებს. ხშირად უთქვამთ, შენთან უერთიერთობა საინტერესოაო. ისე, ამდენი მეგობარი არ მეყოლებოდა, მხოლოდ ლაპარაკი რომ ვიცოდე და მოსმენა არ შემეძლოს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...რეჟისორ ზაზა რუსაძეს. ის კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია. ფილმ "ჩემი საბნის ნაკეცის" დემო ვერსიაში ვითამაშე, შემდეგ ფილმში ეს როლი თორნიკე ბზიავამ შეასრულა, რადგან იმ პერიოდში ძალიან დაკავებული ვიყავი. თან, არ მგონია, თორნიკეზე უკეთესად მეთამაშა. ზაზას დამსახურებით აღმოვჩნდი "ჯეოსელის" სატელევიზიო რეკლამაში. კასტინგზე რომ მიმიწვიეს, წასვლა სამჯერ გადავიფიქრე, მერე მეუღლემ მითხრა, - მიდი, შეძლებო! ჰოდა, მეც მივედი და კლიპში ჩემი გადაღების საკითხი გადაწყდა. მალე გაკეთდა ინტერნეტსაიტიც, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზაზას რომ არ დაერეკა, არაფერი მოხდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ მანამდე ჩემი ცხოვრებით უკმაყოფილო ვიყავი. კავკასიოლოგი ვარ და "კავკასიის სახლში" ვმუშაობდი. არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე ძველ სამსახურს დავუბრუნდე, მაგრამ ახლა შინაგანად ბევრად უკეთესად ვარ, რადგან ჩემ წინაშე ახალი გამოწვევებია, ყურადღების ცენტრში ყოფნაც მსიამოვნებს. დღევანდელი მდგომარეობა და საქმე ჩემთვის ძალიან ორგანულია... თვითნასწავლი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია, მაგრამ კლიპის გადაღების დღეს, კამერის წინ რომ დავჯექი, სცენარის გარეშე, 15 წუთი შეუჩერებლად ვილაპარაკე. არადა, მოფიქრებულიც არც მქონდა, რაზე უნდა მელაპარაკა. ეს იყო სრული იმპროვიზაცია. ძალიან ბევრ ადამიანს ეგონა, რომ ამერიკაში ვცხოვრობდი, ჩანაწერებს იქ ვაკეთებდი და ვაგზავნიდი. მეკითხებოდნენ, - ია ფარულავას რობერტ დე ნირო მართლა შენ გააცანიო?

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ის, რაც მომწონს და არ მომწონს, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. არ მომწონს, რომ "ფეთქებადი" ხასიათი მაქვს, მაგრამ ნეგატიურ სივრცეში ცუდი განწყობით ყოფნა არ შემიძლია და გაბრაზება მალე გადამდის. გულში ბოღმა არ მრჩება. სულ ვცდილობ, შეცდომები საკუთარ თავში აღმოვაჩინო და სხვას არაფერი დავაბრალო. აფექტურ მდგომარეობაში ყოფნისას, შესაძლოა, ისეთი რამ ვთქვა, რასაც მერე ვინანებ. კონფლიქტოლოგიასთან შეხება მქონია, ამ სფეროში ერთი დაუწერელი კანონი არსებობს: არასდროს უნდა თქვა ისეთი რამ, რაც შემდეგ ურთიერთობას გაგირთულებს. შენი თავი უნდა მართო.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ვგრძნობ, რომ იმ ადამიანს ვუყვარვარ; თუ ვიცი, რომ უბოროტო პიროვნებაა; თუ ვგრძნობ, რომ დათმობას აზრი ექნება და შემდგომში ეს ნაბიჯი მისთვისაც და ჩემთვისაც პოზიტიურ შედეგს მოიტანს. მაშინაც ვთმობ, როცა თავად ვარ დამნაშავე.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...პერმანენტულად მითითებებს მაძლევენ ან როცა რაღაცას მიკრძალავენ და მეუბნებიან, - ამას ვერ შეძლებო. ამ დროს მთელ ჩემს რესურსს ვხარჯავ, რათა დავამტკიცო, რომ შემიძლია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ხან პესიმისტური ვხდები, ხანაც - ოპტიმიზმი მერევა. თუ საქმე ჩემს პირად ცხოვრებას, კარიერას ეხება, ვფიქრობ: როგორ განვითარდება ჩემი მომავალი, საკუთარ შესაძლებლობებს მალე ხომ არ ამოვწურავ? მოვახერხებ თუ არა საკუთარი თავის სხვა კუთხითაც რეალიზებას? მხოლოდ ყურადღების ცენტრში ვიქნები თუ რაიმე ღირებულის შექმნასაც მოვახერხებ? ბავშვები როგორები იქნებიან, შევძლებ კი მათ კარგი მამობა გავუწიო? სტაბილურობა იქნება თუ არა ქვეყანაში? როცა სხვა ქვეყნებში დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას, ომს და კონფლიქტებს ვუყურებ, ვფიქრობ: შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ არ მოგვწონდეს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა უნდა დავაფასოთ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ვინმე ძალიან მომწონს. ვიბნევი, როცა ვერ ვამტკიცებ, რომ იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ, მაგარი ვარ. ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს დაბნეულობას ვერ ამჩნევს, რადგან ასეთ დროს ეგრევე, რაღაც როლს ვირგებ და "იქ ცხოვრებას" ვიწყებ. თუმცა, ასეთ დროს შინაგანად მაინც ვღელავ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...დასასვენებლად რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

- სიყვარული ეს...

- ...მრავალმხრივი გრძნობაა. სიყვარული მშობლების, მეუღლის, მეგობრების, შვილების... ეს გრძნობა მთელი სიმძაფრით მაშინ აღვიქი, როცა პირველი შვილი შემეძინა. მაშინ დავფიქრდი, ადამიანები აქამდეც ხომ მიყვარდნენ, მაგრამ არავიზე გონება არ დამიკარგავს, სიგიჟეები არ დამმართნია. ეს რაღაც ყველაფრისგან განსხვავებული და ამაღლებული განცდა იყო. სიყვარულს ძალიან უნდა გაუფრთხილდე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ არ ჩაკლა. რაც შეიძლება ბევრი სითბო უნდა გასცე, რომ მერე თავადაც იგივე მიიღო.

- ჩემი მეუღლე არის...

- ...ნელი აგირბა, "კურიერის" წამყვანი. 2 შვილი გვყავს - სესილია და ევა. მე და ნელიკომ ერთმანეთი პირველ არხზე მუშაობის პერიოდში გავიცანით. მაშინ დილის გადაცემის წამყვანი ვიყავი. ერთმანეთი შეგვიყვარდა და დავქორწინდით.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...იმ მეორე ადამიანის ბედნიერება იგივენაირად მნიშვნელოვანია, როგორც პირადი ბედნიერება. ხვდები, რომ ეს ცხოვრება მართლა ერთი წამია და ამ ერთ წამში ერთად ყოფნა ყველაფერია. შიში გიჩნდება: მომავალში რამე ისე რომ არ მოხდეს, როგორც შენ გინდა, რა უნდა ქნა?

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ეს შვილებს შეუძლიათ. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებენ: იცინიან, სძინავთ, თამაშობენ... არ არსებობს, მათი დანახვისას უკეთ არ გავხდე. როგორი მამა ვარ? ვისურვებდი, მომავალში უკეთესი ვიყო, ვიდრე დღეს ვარ. ბევრი საქმიდან გამომდინარე, ურთიერთობის დეფიციტი გვაქვს. ვისურვებ, რაც უნდა დაღლილი ვიყო, მეტად პროდუქტიულად გამოვიყენო ყოველი წუთი, რომელსაც მათთან ვატარებ. ზოგადად კი მგონია, რომ კარგი მამა ვარ. ნელიკო მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ რომ იყო, ექიმმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნა. ბავშვს პამპერსს ვუცვლიდი, ვაჭმევდი, ვუვლიდი. ეს იყო საქმე, რომელსაც ყველაზე დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ზოგჯერ მგონია, რომ მადლიერების გრძნობა სათანადოდ არ მაქვს. განა, დასაფასებელი არ არის, რომ ჯანმრთელი შვილები მყავს, ახლობლები კარგად არიან? განა, ეს არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის?

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...იშვიათი გამონაკლისის გარდა, შექება ყოველთვის სასიამოვნოა, მით უმეტეს, თუ გულწრფელად გაქებენ და არაფერს გადამატებულს არ გეუბნებიან.

- მეშინია...

GzaPress- ...ზოგჯერ სიკვდილის, ადამიანების დაკარგვის მეშინია. "დაკარგვაში" მხოლოდ გარდაცვალებას არ ვგულისხმობ. არანაკლებ მტკივნეულია, როცა ის შენ გვერდით არ არის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებობის გამო. ზოგჯერ შეიძლება, ისე ჩავფიქრდე, რაღაც გაუაზრებლად გავაკეთო. გუშინ სახლიდან გამოვედი, ტაქსიში ჩავჯექი და მისამართს ვეუბნები, - წამიყვანე-მეთქი. ვერც შევამჩნიე, რომ მანქანაში სხვა მგზავრი იჯდა, მე კი შუქნიშანთან ვიდექი, გაჩერებული ტაქსი რომ დავინახე, გამოვაღე კარი და დავჯექი. სიცილი რომ დაიწყეს, მერე გამოვერკვიე და მეც გამეცინა. სულ მეჩხუბებიან: სად დაფრინავო? შენობიდან რომ გამოვდივარ, ხან რა მრჩება, ხან - რა. მინიმუმ, ორჯერ მაინც მიწევს მიბრუნება.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ის, რომ ყველაფერი არ უნდა ვილაპარაკო.

- არ მჩვევია...

- ...სხვების ფიზიკურ ნაკლზე ხუმრობა, ადამიანების განკითხვა. ჩემთვის ეს ამაზრზენი საქციელია.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრს ვიმოგზაურებდი. სოფელში ერთ ძალიან კარგ სახლს ავიშენები და ცხოველები მეყოლებოდა. სოფელი ძალიან მიყვარს. ბავშვობაში კახეთშიც ვიზრდებოდი და ჩერქეზეთშიც. 2 წელი კახეთში ვსწავლობდი, 2 - ჩერქეზეთში. სოფელში ცხოვრება გარდატეხის ასაკში მომიხდა და ხალხის სილაღე, რომელიც იქ მინახავს, დღემდე მაკლია... დედა ჩერქეზია. ქალაქი მაიკოპი - ადიღეის დედაქალაქი სამწუხაროდ, ახლა რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის. მე სოფელ ჯეჯეხაბლიში ვიზრდებოდი და ფეხბურთსაც იქ ვთამაშობდი. ჩერქეზეთთან დიდი სიყვარული მაკავშირებს. ბებია, ჩემი ბიძაშვილები, დეიდაჩემი იქ არიან. ჩვენ ვერ მივდივართ მათთან, ისინი კი უფრო ადვილად ჩამოდიან.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...ვაკეთო ის, რაც ჩემთვის მიუღებელია. ამიტომაა, ასე ხშირად რომ ვიცვლი სამსახურს: ფეხბურთელიც ვიყავი, ტელეწამყვანიც, მიმტანიც, შოუმენიც, "კავკასიურ სახლშიც" ვმუშაობდი, ახლა "იმედში" ვარ.

- ვნანობ...

- ...თუ ვინმეს სიყვარული დავაკელი, გრძნობა სათანადოდ ვერ გამოვხატე; თუ ვინმეს ისეთი რამ ვუთხარი, რომ გული ვატკინე. საერთოდ, ჩადენილს იშვიათად ვნანობ. არც შეცდომების დაშვების მეშინია. ადამიანმა შეცდომა თუ არ დაუშვა, გამოცდილება თუ არ მიიღო, ვერ გაიზრდება.

- ცრუმორწმუნე...

- ...ნაკლებად ვარ, მაგრამ თასმის შეკვრისას ზოგჯერ გავიფიქრებ, - ჯერ მარცხენა ფეხზე შევიკრავ-მეთქი. ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, გუნდში იყო ერთი ბიჭი, რომელიც გოლს თუ გაიტანდა, 2 კვირა აღარ ბანაობდა, წარმატება არ "ჩამომერეცხოსო". არ მომწონდა ის დღე, როცა მას გოლი გაჰქონდა, რადგან ვიცოდი, იმ დღეს არ იბანავებდა.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...ის რაც ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია, ჩემთვის უნდა დავიტოვო, მაგრამ არის თემები, რომლებზეც იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ ამაზე საუბარს აზრიც არ აქვს. ძალიან ძნელია ახსნა, როგორ გიყვარს შენი შვილი, ილაპარაკო რელიგიურ განცდებზე და ა.შ.

- დაბოლოს...

- ...პირველ რიგში მშვიდობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ! დავაფასოთ ის, რაც გვაქვს. ვიყოთ მადლიერები, გვქონდეს ბედნიერების შეგრძნება - ასე უფრო ადვილია წარმატებას მიაღწიო. მჯერა, ადამიანში კეთილის საწყისი ძალიან ძლიერია. წამოვწიოთ ეს წინ და ბედნიერები ვიქნებით.

თამუნა კვინიკაძე