"სამწუხაროდ, საზოგადოებაში "განთქმულები" ვართ, როგორც მოწყალების "მთხოვნელები" - გზაპრესი

"სამწუხაროდ, საზოგადოებაში "განთქმულები" ვართ, როგორც მოწყალების "მთხოვნელები"

32 წლის მერაბ დუკაშვილი "სხვა შუადღის" ახალი თანაწამყვანი გახლავთ... ტელეწამყვანობის გარდა, მერაბს სამსახიობო სფეროშიც მოუსინჯავს ძალები. მან სპექტაკლებში: "ოფროუდი" და "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" ითამაშა; სპორტშიც გარკვეულ წარმატებას მიაღწია, რეპსაც "კითხულობდა"... მერაბი თითოეულ დღეს ღვთისგან ბოძებულ, არაჩვეულებრივ საჩუქრად მიიჩნევს.

- ტელეწამყვანად მუშაობის იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა. უბრალოდ, ისეთ ადამიანს ვეძებდი, ვინც ამ ინფორმაციას სასურველ "ყურამდე" მიიტანდა. ამ საქმეში თიკა რუხაძე დამეხმარა. "რუსთავი 2"-ს დიდ მადლობას ვუხდი, რომ საკითხს გულისხმიერად მოეკიდა და რაც მთავარია, სწორად გაიგო. ჩემი მთავარი მიზანი შშმ პირთა მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გახლავთ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რეიტინგული ტელევიზიით შშმ პირი რაც უფრო ხშირად გამოჩნდება, ჩვენ მიმართ ხალხს სწორი შეხედულება ჩამოუყალიბდება. სამწუხაროდ, საზოგადოებაში "განთქმულები" ვართ, როგორც მოწყალების "მთხოვნელები". ამის გამო, ბევრჯერ "კურიოზულ" სიტუაციაშიც აღმოვჩენილვარ. მაგალითად, ქუჩაში ტაქსის ველოდებოდი, გამვლელმა კი ხურდა ფული მომაწოდა. ვუთხარი: - რას კადრულობთ? არ მჭირდება-მეთქი. ბოდიში მომიხადა. ადამიანები შეცდომას უშვებენ, როცა არ უკვირდებიან, რას აკეთებენ. როცა ტელევიზიით აქტიურებს, ხალისიანებს დაგვინახავენ, შშმ პირთა მიმართ სხვანაირი ცნობიერება ჩამოუყალიბდებათ... მიხარია, რომ ეთერი დამითმეს. იმედია, ამას არც ნანობენ (იღიმის)...

- წამყვანის ამპლუაში თავს როგორ გრძნობ?

GzaPress- მშვენივრად, რადგან კარგი გუნდი მყავს. ვერავითარ წინაღობას, დაძაბულობას ვერ ვგრძნობ, პირიქით - ყველანი ძალიან ხალისიანები, ჭკვიანები არიან და მხარში მიდგანან. ყველანი თანასწორნი ვართ. უხარიათ, რომ კვირაში ერთ დღეს მათთან ერთად ვატარებ. სხვა თანაწამყვანები (რომლებიც იმ დღეს არ მუშაობენ, როცა მე ეთერში ვარ) სინანულსაც კი გამოთქვამენ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი საეთერო დღე მაქვს. სურთ, მათთან ერთადაც ვიყო.

- პროფესიით ვინ ხარ?

- პროფესია არ გამაჩნია. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სპორტულ განყოფილებაში კოორდინატორი გახლდით - სხვადასხვა ღონისძიებას ვატარებდით. ახლაც იმავე შენობაში ვმუშაობ, უბრალოდ - სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტში გადამიყვანეს. გამაჯანსაღებელი (და არა - რეაბილიტაციის), სპორტული დარბაზი გვაქვს, სადაც შშმ პირთა დღის ცენტრებიდან ბავშვები და მოზარდები მოჰყავთ. ჩვენი ინსტრუქტორი - ქალბატონი ირინა ბავშვებს ავარჯიშებს. თუ დავჭირდი, მეც იქ ვარ ხოლმე. ასევე, ჩემს მეწყვილესთან - იურისტ მარიკო კობახიძესთან (რომელიც ეტლით მოსარგებე გახლავთ) ერთადაც ვმუშაობ. მარიკო ჭკვიანი და სანდო ადამიანია. სხვადასხვა სკოლაში, მოზარდებისთვის სემინარებს ვკითხულობთ, რაც შშმ პირების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება: ადამიანები ჩვენ მიმართ დამოკიდებუებას მცირე ასაკიდანვე რომ ისწავლიან, იმავე შეცდომებს აღარ გაიმეორებენ, რასაც უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად უშვებენ. მარიკო სხვადასხვა დოგმაზე საუბრობს. მოზარდებს უხსნის, რომ "ინვალიდი" და მსგავსი სიტყვები არ უნდა გამოიყენონ (იღიმის). სიტყვა "ინვალიდის" მოშორებას ბევრი დრო მოვანდომეთ. ახლა ეს სიტყვა "შეზღუდული შესაძლებლობების მქონემ" ჩაანაცვლა... მოკლედ, როცა მარიკო მათთან საუბარს დაასრულებს, ლაპარაკს სპორტის თემით, მე ვაგრძელებ: ბავშვებს ვუჩვენებ, რომ ჩვენ მხოლოდ მაგიდასთან ჯდომა და მუშაობა კი არ შეგვიძლია, არამედ სპორტშიც დიდი მიღწევები გვაქვს. ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ფოტომასალა გაგვაჩნია. პარაოლიმპიადაზე საუბრისას სტიმულის მიმცემი ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია... თავდაპირველად, ბავშვები მოღუშულები არიან ხოლმე, სემინარის ბოლოს კი - "გახსნილები", ღიმილიანები. მერე სურათებსაც ვიღებთ... სულ გვთხოვენ, მათთან კიდევ მივიდეთ. ჯერჯერობით, სემინარებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით ვატარებთ. იმედია, ქალაქგარეთ გასვლის შესაძლებლობაც მალე გვექნება.

- მერაბ, თავად სპორტის რომელი სახეობით ხარ დაკავებული?

- პარაოლიმპიური სახეობის სპორტსმენი ვარ, კერძოდ - წოლმჭიმელი. ათლეტის წოდებაც მაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემს ქვეჯგუფში მეოთხე ადგილი დავიკავე.

- დიდი ხანია, რაც ეტლით სარგებლობ?

- მეთვრამეტე წელიწადია. 15 წლის ვიყავი, როცა ხერხემალზე სიმსივნე აღმომაჩნდა. ოპერაცია გამიკეთეს. რაღაცებს თავის დროზე ვერ მივხედეთ და... მოგეხსენებათ, 90-იან წლებში რა განუკითხაობა იყო: "ვიღაც" თუ არ გყავდა, ვერაფერს გააკეთებდი. მე და ჩემმა მშობლებმა ურთულესი პერიოდი გამოვიარეთ. ყოველთვის ვამბობ: სამედიცინო სფეროში მამაჩემმა ლამის, დისერტაცია დაიცვას-მეთქი. ექიმის, ექთნის მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირდა. ამიტომ მამა ყველაფერს თავად მიკეთებდა. დედამაც უამრავი ტკივილი და განსაცდელი გადაიტანა, რაც საბოლოო ჯამში, ჩემს მშობლებს დაუფასდათ...

- დედმამიშვილები გყავს?

- 5 წლით უმცროსი ძმა და 8 წლით უმცროსი დაიკო მყავს. დაოჯახებულები არიან, 2-2 შვილიც ჰყავთ. ჩემი ძმა "გაჩერებას" არ აპირებს (იცინის)... მე მშობლებთან ერთად ვიცხოვრებ მანამდე, ვიდრე ოჯახს არ შევქმნი.

- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ...

- კი, მას ნატაშა ჰქვია, მოფერებით - ნატალუჩკას ვეძახი (იღიმის), უკრაინელი გახლავთ. საქართველოდან ახლახან გავაცილე. წელს ოჯახის შექმნას ვაპირებ. ჩემს რჩეულს პირველი მეუღლისგან 8 წლის ბიჭი ჰყავს. მინდა, საქართველოში ჩამოვიყვანო.

- ნატაშა როგორ გაიცანი?

- სოციალურ ქსელში გავიცანი. ეს უფრო, მისი ინიციატივა იყო... ამ ადამიანმა ნამდვილი სიყვარული მაგრძნობინა, რომელიც აქ ვერ ვიპოვე. იმის თქმა არ მინდა, რომ ვინც ჩემ გვერდით ყოფილა, მათ არ ვუყვარდი. არ ვიცი, თავმდაბლურად როგორ ვთქვა: გარს ყოველთვის ღირსეული მანდილოსნები მეხვია. უბრალოდ, ასე აეწყო, რომ დღესდღეობით ამ ადამიანთან ვარ და არა - ქართველთან... წელიწადზე მეტია, შეყვარებულები ვართ.

- პირველად სად შეხვდით?

- შეჯიბრებაზე... მერე საქართველოში ჩამოვიყვანე. ახლა მესამედ შევხვდით, მშობლებსაც გავაცანი და მათაც ძალიან მოეწონათ. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. ამ ეტაპზე ერთი დიდი საზრუნავი მაქვს - ჩემი კერა არ გამაჩნია. მინდა, სახლი მქონდეს, სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიცხოვრებ. ღვთის წყალობით, ალბათ, ამ საკითხსაც მოვაგვარებ.

- მერაბ, შენი ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია?

GzaPress- ჩემთვის ყოველი დღე არაჩვეულებრივია, რადგან უპირველეს ყოვლისა, უფალი კიდევ 1 დღეს გვაძლევს, რომ ვიცხოვროთ. ამისთვის მადლობა უნდა ვთქვათ... დღეს საყიდლებზე ვიყავი გასული. მოხუცი მამაკაცი ბურბუშელას ჰყიდდა. საყვარელი, სათნო სახე ჰქონდა. ბურბუშელა არავინ იყიდა. ვფიქრობდი, მე ხომ არ ამეღო? მოხუცისთვის ფული ხომ არ მიმეწოდებინა? მაგრამ არ მინდოდა, ისე მოვქცეულიყავი, როგორც მე მექცევიან ხოლმე. ამას მერჩია, მთელი შეკვრა მეყიდა და ასე უფრო დავეხმარებოდი. ახლა ვნანობ, რომ არაფერი მოვიმოქმედე. მოხუცს სციოდა, რთულ სიტუაციაში იყო. წარმოვიდგინე, რომ ერთი შეკვრა ბურბუშელის გასაყიდად მთელი ქალაქი უნდა მოევლო... იმის თქმა მინდა, რომ იმ დროს მე უფრო მეტი მქონდა, ვიდრე - იმ მამაკაცს და ამის დაფასება უნდა ვისწავლოთ. ზოგი ამბობს, - ხელფასი 5. 000 ლარი მაქვს და არ მყოფნისო. ეს სირცხვილია. ადამიანებს 250-ლარიანი ხელფასი აქვთ და ცდილობენ, როგორმე იმყოფინონ, ცოლ-შვილს უვლიან და შეიძლება, მშივრებიც კი არიან. სხვებს მათზე ათჯერ მეტი შემოსავალი აქვთ, მაგრამ არ უფრთხილდებიან. ამ დაკვირვების საფუძველზე, ჩემთვის ყოველი დღე არაჩვეულებრივი და ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. ვცდილობ, გავუფრთხილდე, ყოველი დღე ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყოს. შეიძლება, ეს ბევრჯერ არც გამომდის, მაგრამ ცდას არ ვაკლებ.

- როგორ ერთობი ხოლმე?

- სამსახურში ყველას ნერვებს ვუშლი. მარიკო დატანჯული მყავს. სულ წივის და კივის, - ეს ბიჭი ოთახიდან გაათრიეთო (იცინის). დანარჩენ თანამშრომლებსაც ვაწვალებ, ვჩქმეტ... იმედი, მაქვს, მათ მაინც ვუყვარვარ. კინოსეანსებს იმ ერთადერთ კინოთეატრში ვესწრები, სადაც ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებული გარემოა. დიდი მადლობა ამ კინოთეატრს, რადგან შემიძლია, ფილმიც ვნახო, საკუთარ თავსაც მოვემსახურო... სამეგობრო წრე მყავს. სამწუხაროდ, თითქმის სულ ერთსა და იმავე ადგილას გვიწევს სიარული, რადგან ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებული გარემო ბევრგან არ არის.

- შენი მეტსახელის - სონის შესახებაც მოგვიყევი...

- ერთი პერიოდი, რეპით გატაცებული გახლდით. ვცდილობდი, ჩემი დაწერილი ტექსტები "წამეკითხა", ჩამეწერა... ამ საქმეში ნიჭიერი ძმები - დათო და ზურა შარაბიძეები მეხმარებოდნენ. ისინი მისაბაძი ადამიანები არიან. მეტსახელიც მაშინ "გამიჩნდა" და დღემდე შემომრჩა (იღიმის).

ეთო ყორღანაშვილი