"ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ დეპრესიისთვის დრო არ უნდა დავხარჯოთ" - გზაპრესი

"ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ დეპრესიისთვის დრო არ უნდა დავხარჯოთ"

იმ ვიდეოების წყალობით, რომელსაც დამოუკიდებლად იღებს, დაახლოებით ერთი წლის წინ, იგი სერიალში - "კოქტეილი" სათამაშოდაც კი მიიწვიეს... და მაინცდამაინც ახლა რატომ გადავწყვიტეთ მისი ჩაწერა? იმიტომ, რომ ეკამ "ვეფხსიტყაოსნიდან" გარკვეული მონაკვეთი გარეპა და ცხადია, საზოგადოების არერთგვაროვანი შეფასებაც დაიმსახურა.

- უკვე აბიტურიენტი ვარ და ვიდეობის გადასაღებად იშვიათად ვიცლი. თავიდან ხუმრობით, ჩემი დაწერილი ტექსტები გავრეპე და მერე ვიდეოც გადავიღე, სოციალურ ქსელში ავტვირთე. მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ჩემს ხუმრობას ასე თუ აიტაცებდნენ... მუსიკის შექმნის ფუფუნება ცხადია, არ მაქვს. "იუთუბის" წყალობით, ცნობილ უცხოელ რეპერებს "ვპარავ" მუსიკას და მათ ჩემს ტექსტს ვადებ. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში ვრეპავ წონაში დაკლებაზე. ალბათ ხვდებით, ეს იუმორია და ამ საქმით უბრალოდ, ვერთობოდი, მაგრამ ვიღაცებს მოეწონათ და ჩათვალეს, რომ ბლოგერი ვარ. ჰოდა, ახლა მოუთმენლად ელოდებიან, როდის ავტვირთავ ახალ ნამუშევარს.

- ანუ რაღაც პერიოდი თუ არაფერს დადებ, შეიძლება მოგწერონ, სად დაიკარგეო?

- კი, ასეთი შემთხვევა არაერთხელ მქონია (იღიმის).

- "ვეფსხისტყაოსნის" გარეპვა რამ გაფიქრებინა?

- ქართულში "ვეფხისტყაოსნის" "ანდერძს" გავდიოდით. კითხვისას ტექსტი გონებაში "შემომერეპა", მერე ჩავწერე და ინტერნეტში ავტვირთე კიდეც. მალე უამრავი გამოხმაურება მომივიდა: ზოგმა სასიამოვნო კომენტარი მიაწერა ვიდეოს, ზოგმა პირიქით, გამლანძღა. ამბობდნენ: ვინ ხარ, ეს პოემა, ჩვენი სიწმინდე რომ შეურაცხყავიო? არა მგონია, ჩემი საქციელით რაიმე გამეფუჭებინოს. თუ სხვა ნებისმიერი ტექსტის გარეპვა შეიძლება, რატომ არ უნდა შევეხოთ "ვეფხისტყაოსნის" ფრაგმენტს? რეპერები ხომ იმას ირჩევენ და ამბობენ, რაც მოსწონთ, რაც მათ გულს უხარია...

- უკვე ფან-გვერდებიც გაქვს.

- (იცინის) კი, მაგრამ არ ვიცი, რატომ გახსნეს ეს გვერდები. თან მიკვირს, ამ ვიდეოებს თაყვანისმცემლები რომ გაუჩნდა და თან - მიხარია. მეუბნებიან, შენი ყველა ვიდეო გვამხიარულებსო. თუკი ჩემი საქციელით ვიღაცას წუთით მაინც ავუმაღლებ განწყობას, თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ.

- ოჯახის წევრები როგორ აფასებენ შენს ნამუშევრებს?

- თავიდან იცინოდნენ, - ეს რა ჩაგიწერიაო, მერე შეეჩვივნენ ამ ყველაფერს და ახლა მგონი, მოსწონთ კიდეც.

- რატომ მაინცდამაინც რეპი - რეპ-მუსიკაზე ტექსტის "დადება" უფრო იოლია თუ ეს სტილი მოგწონს?

- რეპი მართლა ჩემი სტილია, ძალიან მომწონს. ისე, პოპმუსიკასაც ვუსმენ. ვგიჟდები ბიონსესა და ემინემზე.

- მუსიკალური განათლება გაქვს?

- პატარაობისას დავდიოდი პიანინოზე და გუნდშიც ვმღეროდი, მაგრამ ვოკალის პედაგოგთან არასდროს მივლია. "იუთუბია" ჩემი მასწავლებელი.

- რა ხდება რუსთავში, თანატოლებთან ერთად როგორ ერთობი ხოლმე?

GzaPress- რუსთაველ მოზარდებს გასართობი ადგილები ნაკლებად გვაქვს, რაც ძალიან სამწუხაროა. მეგობრები სადმე თუ შევიკრიბებით, ერთმანეთს ვეკითხებით: "სად წავიდეთ?" მაგრამ არჩევანის საშუალება არც გვაქვს. კინოთეატრი დახურეს, არც სხვა ისეთი დაწესებულებაა, სადაც განტვირთვას მოვახერხებდით. თეატრი არის, მაგრამ ახალ-ახალი წარმოდგენებით განებივრებულები არ ვართ. ერთი კარაოკე-ბარი გვაქვს და ეს არის ჩემი უსაყვარლესი ადგილი, იქ ხშირად მივდივარ და ვმღერი.

- როგორც ვხვდები, ოჯახში გენდობიან და წასვლა-წამოსვლის პრობლემა არასდროს გაქვს...

- კი, ასეა! მენდობიან იმიტომ, რომ ეს დავიმსახურე.

- შეგიძლია გვირჩიო, როგორ დავიმსახუროთ ახლობელი ადამიანების ნდობა?

- რჩვევის რა მოგახსენოთ, მაგრამ პირადად მე, არასდროს არაფერს ვაკეთებდი ისეთს, რომ მშობლებს ჩემში ეჭვი შეჰპარვოდათ. ხომ იცით, როცა რაღაც ცუდს აკეთებ, ეს ამბავი, როგორც უნდა მალო, მაინც გამჟღავნდება, ჩემზე კი ცუდი არაფერი გაუგონიათ და შესაბამისად, იციან, რომ კარგად ვიქცევი.

- ჭორიც არასდროს გავრცელებულა შენზე?

- ფოტოშოპის წყალობით ვიღაცები მაიმუნობენ, მაგრამ ეს ალბათ, არ ითვლება. მაგალითად, ამას წინათ ვიღაცებმა ასეთი რამ გააკეთეს: დადეს სურათი, სადაც თითქოს, ვიღაცას ვაგინებდი, ვბილწსიტყვაობდი... მშობლებმა იციან, რომ ეს ჩემი სტილი არ არის. ასე რომ, ამ ფოტოს გამო არაფრის მტკიცება არ დამჭირვებია.

- რეპერები, როგორც წესი, ხშირად იგინებიან.

- კი, მაგრამ არა - ქართულად (იცინის). ინგლისური "მოსული" პონტია.

- როგორი მოსწავლე ხარ?

- მეცხრე კლასამდე "ათოსანი" ვიყავი, მერე ცოტა არ იყოს, გავზარმაცდი, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ ვსწავლობ.

- რაიმე წრეზე თუ დადიხარ?

- ამჟამად არა, მაგრამ ადრე დავდიოდი კალათბურთზე, დაახლოებით 3 წელი ვვარჯიშობდი.

- ესეც სიმბოლურია რეპერისთვის...

- კი, ასეა და მგონი, კარგადაც ვთამაშობდი, მაგრამ ვინაიდან სპორტს ბევრ დროს ვუთმობდი და სწავლისთვის ენერგია აღარ მყოფნიდა, ჩემს ამ გატაცებაზე უარის თქმა მომიხდა.

- რა გზას აირჩევ სამომალოდ?

- ჯერ კიდევ არ ვიცი... მუსიკა მინდოდა ამერჩია და ვოკალის პედაგოგთან მევლო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს საქმე საქართველოში არაპერსპექტიულია. ალბათ, ჟურნალისტიკას ან იურიდიულს ავირჩევ.

- როგორ ფიქრობ, შენს თაობას რა პრობლემები აქვს?

- უმეტესობა ძალიან დეპრესიულია ანუ ჩემი თაობის პრობლემა მათსავე ხასიათშია. ვფიქრობ ხოლმე, 17 წლის გოგოს ან ბიჭს ისეთი რა სადარდებელი უნდა ჰქონდეს, მხრებზე ტვირთად რა უნდა აწვეს, რომ "დაიგრუზოს", 24 საათი ცუდ ხასიათზე იყოს-მეთქი?.. კიდევ ერთი პრობლემა გვაქს: მე ხომ აქტიური ვარ "ფეისბუკზე", მაგრამ ამით არ ვცხოვრობ, ძალიან ბევრი ჩემი თანატოლი კი იმ ყველაფერს "პოსტავს", რასაც დღის განმავლობაში აკეთებს და შესაბამისად, თუ დაინტერესდები, გეცოდინება კიდეც, ვინ სად არის და ვისთან ერთად, რას აკეთებს ან რას ჭამს და ა.შ. ეს არ მომწონს! და კიდევ ერთი, ბევრი მოზარდი თავისი ასაკის შესაფერისად არ იქცევა, რაც ბევრს აღიზიანებს. მაგალითად, არაერთი 13 წლის გოგონა მინახავს საოცრად ვულგრულად ჩაცმული, მკერდმოშიშვლებული და ა.შ. ეს არა მგონია, სწორი საქციელი იყოს.

- ოდესმე, დეპრესიის მსგავსი რამე გიგრძნია?

- ცუდ ხასიათზე იშვიათად ვარ, დეპრესიას კი არ ვაღიარებ. თინეიჯერების დეპრესია იცით, რა მგონია? ცუდ ხასითზე მყოფი კიდევ უფრო მეტად რომ "იგრუზავ" თავს ცუდი ამბებით, რათა გარშემო მყოფების ყურადღება მიიქციო, თორემ იმაზე არ ვლაპარაკობ, ხალხი ფიზიკურად რომ ხდება ცუდად. პირადად მე, ნამდვილად არ მხიბლავს ცუდი განწყობით ყურადღების მიქცევის პერსპექტივა. ამიტომაც, როცა თავს ცუდად ვიგრძნობ, საკუთარ თავს შევუძახებ ხოლმე: შანსი არ არის, ეკა, შენ უნდა გაიღიმო-მეთქი! ისედაც, ყოველთვის ვცდილობ, გარშემო მყოფებს კარგი განწობა შევუქმნა. თუმცა, ეს რამდენად გამომდის, არ ვიცი (იღიმის).

- რომელი ქართველი მომრერალი მოგწონს ყველაზე მეტად?

- ადრე ხშირად ვუსმენდი "33ა"-ს და ნინო ქათამაძეს, ახლა ძირითადად, უცხოურ სიმღერებს ვუსმენ.

- ახლა რას უწუნებ ქართველ შემსრულებლებს?

- არაფერს ვუწუნებ. პირიქით, მათ ვაფასებ: ქართველები ძალიან ბევრს შრომობენ, რაღაცის გაკეთებას ცდილობენ, მაგრამ ყველაფერი მაინც არ არის ისე, როგორც უნდა იყოს. საზღვარგარეთ კი იციან მომღერლების ფასი და მათ მუშაობაში ხელსაც უწყობენ.

- რას აკეთებ საიმისოდ, რომ მომავალში ბრწყინვალე მუსიკალური კარიერა აიწყო?

- როცა უნივერსიტეტში ჩავაბარებ, პარალელურად მოვახერხებ ვოკალის პედაგოგთან სიარულს, მანამდე კი საკუთარ გარეგნობაზე უნდა ვიზრუნო და წონაში დავიკლო (იღიმის)... სხვათა შორის, უკვე დავიწყე ვარჯიში და მეგობართან ერთად პარკში დავრბივარ. პატარაობიდანვე პუტკუნა ვარ, ამით დავიღალე. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ უნდა ვიყო გამხდარი, რომ ვიცოდე, რას ნიშნავს იყო "მსუბუქი"?

- მსახიობობაზე არასდროს გიფიქრია?

- სხვათა შორის, ადრე სერიალში - "კოქტეილი" გადასაღებად მიმიწვიეს. დამირეკეს და მითხრეს, - შენი ვიდეოები ვნახეთ და მოგვეწონა. სერიალისთვის ისეთი ტიპაჟი გვჭირდება, როგორიც შენ ხარო. ცხადია, შემოთავაზებას დავთანხმდი, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ იმ სერიალს, საკუთარი თავით და ნამუშევარით კმაყოფილი არ ვარ. რაღაცნაირად, შებოჭილი, დაძაბული გახლდით. კამერების წინ დგომის გამოცდილება არ მქონდა და ვნერვიულობდი. წარმოიდგინეთ, რეპეტიციაც არ გამივლია: ტექსტი მომცეს და აბა, შენ იციო... ეს იყო შარშან ზაფხულში. რამდენიმე ეპიზოდში გადამიღეს.

- ეკა, რომელი ქართველი მომღერლის ან მსახიობის გაცნობაზე ოცნებობ?

- სიამოვნებით გავიცნობდი ილო ბეროშვილს - ადამიანს, რომელიც სულ ლაპარაკობს. საინტერესო იქნებოდა მასთან შეხვედრა, რადგან ინტელექტუალურ, კარგი იუმორის მქონე პიროვნებად მივიჩნევ.

- როგორ ფიქრობ, მას აჯობებ ლაპარაკში?

- არა, ვერა (იცინის)...

- რა არის შენი დოპინგი საიმისოდ, რომ სულ კარგ ხასიათზე იყო?

- როგორც უკვე გითხარით, საკუთარ თავს ხშირად მოვუწოდებ, გაიღიმე-მეთქი, დოპინგი კი ალბათ, ჩემი ოჯახია, სადაც ურთიერთობები ყოველთვის დალაგებულია, სრული სიმშვიდეა, არასდროს ისმის ჩხუბის ხმა. მიხარია, რომ მშობლებთან ვმეგობრობ, ბებია-ბაბუაც არჩვეულებრივი ადამიანები არიან.

- ალბათ, გყავს მეგობრები, რომლებსაც მშობლებთან კონფლიქტი აქვთ.

- კი და ვერ ვიტყვი, რომ ეს ყოველთვის ბავშვების ბრალია. ზოგჯერ მშობლებსაც ავიწყდებათ, რომ შვილის ყოლა სხვა პასუხისმგებლობაა, მათ სხვანაირი მიდგომა სჭირდებათ და შინ საჭმლის მოტანა ან რაღაც ახლის ყიდვა მოფერებაზე, შვილებთან საუბარზე მნიშვნელოვანი სულაც არ არის... ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ დეპრესიისთვის დრო არ უნდა დავხარჯოთ. ხალხს ავიწყდება, რომ უნდა იცხოვრონ და არა უბრალოდ - იარსებონ. სიბერეში ერთსა და იმავე ადგილას ჯდომა რომ მოგვიწევს და დავფიქრდებით განვლილ ცხოვრებაზე, წარსული ტკბილად ხომ უნდა გაგვახსენდეს? ჩემი მიზანია, სიბერეში ბევრი კარგი გასახსენებელი მქონდეს და სიკვდილის მერეც რაღაც კვალი დავტოვო. იმედია, მომავალში წარმატებას აუცილებლად მივაღწევ, თორემ რასაც ახლა ვაკეთებ, ამან არა მგონია, სახელი მომიტანოს, ასეთი ილუზიებით ნამდვილად არ ვცხოვრობ.

ლიკა ქაჯაია