ოლეგ ბასილაშვილის ორი სამშობლო და დუმილი, რომელიც დანაშაულის ტოლფასია - გზაპრესი

ოლეგ ბასილაშვილის ორი სამშობლო და დუმილი, რომელიც დანაშაულის ტოლფასია

"ხშირად მეკითხებიან: არსებობს კი მეორე სამშობლოო? დიახ, ბატონებო, როდესაც შენს ძარღვებში ორი ნაციის სისხლი ჩქეფს, ე.ი. არსებობს!" - ამბობს ქართული წარმოშობის რუსი მსახიობი, პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის დასის წევრი ოლეგ ბასილაშვილი. ის რუსული და ქართველი მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, რადგან კოლეგებთან ერთად, უკრაინაში რუსეთის ხელისუფლების ქმედებები გააპროტესტა.

- "ჩვენმა ადეკვატურმა რუსმა კოლეგებმა იმ არაჩვეულებრივი და ნამდვილი ადამიანების სია შეადგინეს, ვინც უკრაინას მხარი დაუჭირა. სია განსაცვიფრებლად დიდია!" - ამ სიტყვებით შედგენილ წერილში თქვენი გვარიც არის ნახსენები...

- დიახ, ასეა და არ მეგონა, ეს ფაქტი ვინმეს, მით უფრო - ქართველების გაოცებას თუ გამოიწვევდა... მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც ექსპერტობის ამბიცია მაქვს. უბრალოდ, როგორც ერთმა რიგითმა ხელოვანმა და ქართული ფესვების მქონე რუსეთის მოქალაქემ, ასე მივიჩნიე საჭიროდ. უკრაინის მოვლენების ღრმა შეფასებას ნუ მომთხოვთ, რადგან ამ ამბის გარშემო უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება. ძნელია, არაპოლიტიკოსმა გაარკვიოს, რა ხდება სინამდვილეში... ვინმეს მიმართ მხარდაჭერა, ვინმეს პოზიციის დაცვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც სრულ ინფორმაციას ფლობ რაიმე მოვლენის მიმართ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ სურათი არაზუსტია, ვითარება ყოველ წუთას იცვლება, ასეთ დროს ზომიერება და სიფრთხილე ყველაფერზე მნიშვნელოვანია. შენი ნებისმიერი სიტყვა შეიძლება, სხვანაირად იქნას აღქმული და ამას ცუდი შედეგი მოჰყვეს... უკრაინისთვის ყირიმის წართმევა ჩემთვის მიუღებელია. ბოლოს და ბოლოს, მე ვარ ის ადამიანი, რომლის ისტორიულ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს. ხელოვნებას ვემსახურები და მინდა, მშვიდობა იყოს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის. როდესაც უსამართლობა ხდება, არ შემიძლია, ამას გულგრილად ვუცქირო და ვთქვა, - ეს მე არ მეხება-მეთქი. კულტურის მოღვაწეებიც უნდა ვეცადოთ, რომ სულელური სამხედრო დაპირისპირებები და უსამართლობა არ დავუშვათ. საკუთარი პოზიციის გამოხატვა ჩემი ადამიანური ვალდებულებაა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამას რუსი საზოგადოების მხრიდან აგრესია მოჰყვება?

GzaPress- ყველა პუტინი და ჟირინოვსკი არ არის. რუსი საზოგადოების ის ნაწილი, ვინც პროგრესულად აზროვნებს, მხარს დამიჭერს...

- ბატონო ოლეგ, ყირიმის ოკუპაციის გამო, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ ხელოვანებს შორის ქართველებიც იყვნენ: ზურაბ წერეთელი, ნიკოლოზ ცისკარიძე, დიანა ღურწკაია, რაც ბევრმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებადაც მიიჩნია...

- ვინმეს პოზიციის გაკრიტიკების უფლება არ მაქვს, მაგრამ გამოგიტყდებით, მათი საქციელით გაკვირვებული დავრჩი. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს: ყირიმის აღიარება ჯაჭვურ რეაქციაშია აფხაზეთთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, დნესტრისპირეთთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან... ისე კი, როდესაც ამ ტერიტორიებზე რაიმეს მეკითხებიან, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს: საქართველო ხომ ჩემი მეორე სამშობლოა და ამ ქვეყანას, ისევე როგორც რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, წლებია, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აწუხებს. ამ ქვეყნებში არსებული პრობლემების სათავეში კი ჩემი სამშობლო, რუსეთი დგას, რის გამოც ორმაგად განვიცდი ამ ყველაფერს. თქვენთან ბოლომდე გულწრფელი ვიქნები და ჩემს გულისნადებს გაგანდობთ, რაც წინასწარ ვიცი, რომ ძალიან არაპოპულარული იქნება, - ჩემი სურვილია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ისევ რუსეთს შეურთდეს...

- ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- ახლავე აგიხსნით. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ეს უფრო, ოცნებაა: პირველ რიგში, გავანადგურებდი ამ სულელურ სამხედრო შეიარაღებას და მაქსიმალურად შევამცირებდი არმიას. აქცენტს რუსეთის ფედერაციის სამართლიან მოწყობაზე გავაკეთებდი, რათა რუსეთი კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა კი არ იყოს, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი და ეკონომიკა კლანური ბიზნესით იმართება, არამედ იყოს განვითარებული სახელმწიფო; დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ცხოვრების ხარისხი მაღალი იქნება. ქვეყანაში პრიორიტეტული შოუბიზნესი კი არა, ნამდვილი ხელოვნების განვითარება იქნება. ასეთ შემთხვევაში, ყაზახეთის, უზბეკეთის, დნესტრისპირეთის, ბალტიისპირეთის, საქართველოს, უკრაინისა და დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეები თავად გამოიჩენდნენ უკან დაბრუნების ინიციატივას (მაგრამ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ: ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საბჭოთა კავშირი), ისევე როგორც ახლა ევროპის ქვეყნების შემთხვევაში ხდება, როდესაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე ევროპისკენ მიისწრაფვის. აი, ამ შემთხვევაში რუსებს გვექნებოდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნითა და ხელისუფლებით გვეამაყა. მაგრამ ახლა სათქმელი არაფერი მაქვს და მხარს ვუჭერ იმ ქვეყნების მოლაქეებს, რომლებიც განვითარებასა და წინსვლას ცდილობენ.

- საზოგადოების გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ თქვენს ქვეყანაში არსებული ასეთი მძიმე ვითარების მიუხედავად, რუსების დიდი ნაწილი მაინც აღტაცებულია ხელისუფლების აგრესიული ქმედებებით. რას იტყვით ამაზე?

- ეს არც არის გასაკვირი. რუსეთი ახლა ჩამყაყებული, რამდენიმე ადამიანის ამბიციას მორგებული სახელმწიფოა. მისი ასეთი ფორმით არსებობას საზოგადოების ერთი ნაწილი უკვე შეეგუა, მეორე ნაწილი კი ღირსებას ინარჩუნებს... ასეთ უმძიმეს, კატასტროფულ მდგომარეობაში დუმილი დანაშაულის ტოლფასია... "პუტინის რუსეთის" ხელისუფლება საშინაო პრობლემების მოგვარებაზე თავგადაკლული არასდროს ყოფილა, მაგრამ ამ ბოლო დროს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიული ხელყოფის ხარჯზე ცდილობს რეიტინგის ამაღლებას.

- და ეს გამოსდის კიდეც, არა?

GzaPress- უნდა ვაღიაროთ, რომ ასეა, მაგრამ ამაში საამაყო არაფერია. ვიდრე ეს რეალობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო და რუსეთი სხვადასხვა მხარეს იქნებიან. მე მესმის ქართველების, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის განვითარება სურთ და არავის აქვს უფლება, მათ ეს დაუშალოს. საქართველო პატარა, მაგრამ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა და ბედნიერი ვიქნებოდი, როგორც კავკასიაში, ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე განვითარებული ქვეყანა რომ იყოს... ქართველ და რუს ხალხებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს და კვლავ ერთად უნდა იყვნენ (ცხადია, ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას არ ვგულისხმობ); ისტორიული, კულტურული კავშირები გვაქვს. იცით, რომ რუსი პოეტები თბილისში ჩამოდიოდნენ და არა - მინსკსა და კიევში, სლავური სახელმწიფოების დედაქალაქებში. ასეთი ფაქტები მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. მაგრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგებას ალბათ ვერ მოვესწრები...

- თქვენს ბაბუაზე თქვეს: სტალინი დაპატიმრებული ჰყავდა მაშინ, როდესაც ის საბჭოთა ხელისუფლების სათავეში ჯერ კიდევ არ იყოო...

- (იცინის) არა, ასე არ იყო! უბრალოდ, მამაჩემს ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა და ეს ზღაპარიც მოიგონა, მერე კი ვიღაცებმა დაიჯერეს. მამა იმასაც ამბობდა, ქალაქი მოსკოვი ქართველის დაარსებულიაო...

- საქართველოში ბოლოს როდის იყავით?

- არც ისე დიდი ხნის წინ. იქაურობა შეცვლილი, გალამაზებული დამხვდა... კიდევ ერთი გულისნადები მინდა გაგიმხილოთ: დრო რაც უფრო გადის და ასაკში შევდივარ, მით უფრო მეტად ვგრძნობ, რომ საქართველო, თბილისი თავისკენ მექაჩება. ბედნიერი ვარ, რომ ქართული ფესვები მაქვს და ამით ხშირად ვამაყობ... ცხოვრების ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პერიოდი დედასთან ერთად, თბილისში გავატარე. ხომ იცით, პატარაობისას იქ ვცხოვრობდი და ძალიან ტკბილად მახსოვს "მზიურის" პარკი, სადაც ბავშვობის რამდენიმე წელი დავსეირნობდი. ძალიან მიყვარს საქართველო. ქართული გენი ხომ ძლიერია და ალბათ ფესვები მიხმობს, წინაპრების სამშობლოში დაბრუნება მინდა... ახლახან ვიყავი სოფელ კარბში, საიდანაც ბასილაშვილები ვართ წარმოშობით. სხვათა შორის, მამაჩემი და ჩემი ძმა რუსეთისა და საქართველოს საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თავიანთ მიწა-წყალს იცავდნენ. ძალიან მინდა, ჩემმა შვილიშვილებმა, მომავალმა თაობებმა იცოდნენ, სად არის მათი ფესვები და რომ ორი სამშობლოს ქონაც შესაძლებელია...

- დასასრულ, თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაზეც გკითხავთ - ნიჭს ხომ ასაკი ვერაფერს აკლებს!..

- გმადლობთ თბილი სიტყვებისთვის. ხელოვანები მძაფრად განვიცდით ყველაფერს, ემოციურები ვართ, განსაკუთრებით - ჩემს ასაკში: მალე 80 წელი შემისრულდება და მაინც, ვმუშაობ ტოვსტონოგოვის სახელობის დრამატულ თეატრში და რამდენიმე სპექტაკლში ვთამაშობ ანუ ჯერ კიდევ ვახერხებ, საყვარელ საქმეში ბოლომდე დავიხარჯო... მსახიობობა ძალიან ძნელი პროფესიაა. ახალგაზრდობის წლებში ხშირად მიფიქრია, რომ ესა თუ ის როლი ცუდად კი არა, უბრალოდ, ვერ ვითამაშე და ეს ისე მთრგუნავდა, თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდი. შემოქმედება ხომ ყველაფერს გართმევს და შემდეგ, ხალხის სიყვარულის სახელით, ყველაფერი მოაქვს. ხშირად მეკითხებიან: რომელ როლს გამოარჩევდითო? დიდი ხანია, სცენაზე ვდგავარ და ძალიან ბევრი როლი მითამაშია, მაგრამ ზუსტად ვიცი - ვერასდროს ვითამაშებდი რომეოს. სამაგიეროდ, სიამოვნებით ვასახიერებდი მიხაილ ბულგაკოვის პერსონაჟებს.

- ოჯახზე თითქმის არასდროს საუბრობთ. რატომ?

- ამ თემაზე ლაპარაკი მაინცდამაინც არ მიყვარს. უბრალოდ, გეტყვით, რომ ჩემი პირველი მეუღლე მსახიობი ტატიანა დორონინა იყო, მეორე - ჟურნალისტი გალინა მშანსკაია. ორი ქალიშვილი მყავს: ოლგა პეტერბურგის ტელევიზიაში მუშაობს, ქსენია - რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" რედაქციაში.

ლალი პაპასკირი