გიორგი გაგლოევის პირველი სიყვარული და შეხვედრა სოფიკო ჭიაურელთან - გზაპრესი

გიორგი გაგლოევის პირველი სიყვარული და შეხვედრა სოფიკო ჭიაურელთან

ამ ასაკში შეგიძლია აკეთო ყველაფერი, რაც გინდა; შეგიძლია, თამამად გადადგა ნაბიჯები, თან ისე, რომ ბევრ რამეს არც დაუფიქრდე", - ამბობს მსახიობი გიორგი გაგლოევი, რომელიც სილაღეს არც ახლა, ზრდასრულ ასაკში უჩივის. შეუძლებელია, მას დაელაპარაკო და როგორ ცუდ განწყობაზეც უნდა იყო, ხასიათი ცოტათი მაინც არ გამოგიკეთდეს.

- დაუფიქრებლად გადადგმული ნაბიჯები არასდროს გინანია?

- არის რაღაცები, რასაც გააკეთებ და მერე ნანობ, - ასე რატომ მოვიქეციო და არის ისეთი რაღაცებიც, რასაც არ აკეთებ და წლების შემდეგ ამას უფრო მეტად განიცდი. თინეიჯერულ ასაკში, სხვების მსგავსად, ყველანაირი პრობლემა მეც ადვილად გადასალახი მეგონა და შეცდომებსაც ვუშვებდი, ახლა კი გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ვფიქრობ.

- ამბობენ, ზედმეტი თავისუფლება შესაძლოა, უზრდელობაში გადაიზარდოსო...

GzaPress- სხვათა შორის, ახალი თაობა ბევრად თავისუფალი და უკომპლექსოა, ვიდრე ჩვენ ვიყავით. მე 90-იანი წლებში ვცხოვრობდი და სხვების მსგავსად, ეზოში გავიზარდე. ჩვენთვის შუქის მოსვლა იყო დიდი ზეიმი, ახლა კი მობილურები და კომპიუტერები აქვთ. მორიდებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არც ისეთი თამამი გახლდით, როგორიც ახლანდელი თინეიჯერების უმეტესობაა.

- ალბათ შენი მშობლების თაობაც ამბობდა, რომ ზედმეტად უკომპლექსოები იყავით...

- რა თქმა უნდა, ყველა უფროსს ახალგაზრდა თავხედი ჰგონია, მაგრამ ახლა მართლა ძალიან სხვანაირი, ჩვენი თაობისგან რადიკალურად განსხვავებული ახალგაზრდები არიან.

- და განათლების მისაღებად უფრო მეტი შესაძლებლობაც აქვთ, არა?

- თუ ტექნიკასთან ურთიერთობას გულისხმობ, გეტყვი, რომ 12-13 წლის ბავშვმა შეიძლება, ისეთი რამ იცოდეს, რაც მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, წიგნს ცოტა კითხულობს და ზოგადი განათლებაც ბევრად ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ ასაკში ჩვენ გვქონდა. ახლა ადვილად ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია, მაგრამ ამას უარყოფითი მხარეც აქვს: ადვილად მიღებული ცოდნა მალევე გავიწყდება. მხედველობითი მახსოვრობა უფრო მეტად აქვთ განვითარებული. წიგნიც ავითარებს ვიზუალურ მახსოვრობას, მაგრამ წაკითხულიც გონებაში რჩება.

- 90-იანებშიც, როგორც ვიცი, წიგნის კითხვით ბევრი არ იკლავდა თავს. ლამფის შუქზე სწავლის სურვილი არ ჰქონდათ. ბოლოს და ბოლოს, სკოლაშიც ხომ ყველაფერი ისევე იყო არეული, როგორც ქვეყანაში...

- დაახლოებით 5 წელი იყო ასე, მაგრამ მერე სიტუაცია ხომ გამოსწორდა? იმის მტკიცებას ვერ დავიწყებ, რომ გამუდმებით წიგნს "ვურტყამდი" თავს და 24 საათის განმავლობაში ვკითხულობდი, გონებს ვავარჯიშებდი, მაგრამ თავში წაკითხული წიგნების დიდი მარაგი მაქვს (იღიმის).

- ეტყობა, კარგი მოსწავლე იყავი...

- მესამე კლასამდე "სამოსანი" ვიყავი, მეოთხედან მეცხრემდე - "ხუთოსანი", მეათე კლასიდან კი მიზნობრივ განათლებაზე გავამახვილე ყურადღება და ზოგიერთ საგანში ისევ "სამიანები" გამომერია. ალგებრა-გეომეტრიას და ისეთ საგნებს, რომლის ცოდნაც მომავალში დიდად არ გამომადგებოდა, იმდენ დროს აღარ ვუთმობდი, რამდენიც საჭირო იყო. სამაგიეროდ, ჰუმანიტარულ საგნებს გაძლიერებულად ვსწავლობდი.

- არადა, პირიქით ხდება ხოლმე: დაწყებით კლასში კარგად სწავლობენ, შემდეგ ზარმაცდებიან...

- ეტყობა, მე გვიან განვვითარდი. ჰოდა, დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ ფრიადოსანი გავმხდარიყავი (იცინის)... როცა მოვინდომე, სწავლა გამიადვილდა და "ირმის ნახტომი" გავაკეთე.

- სკოლის პერიოდიდანვე გქონდა მიზნად დასახული, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყავი?

- სკოლაში კი არა, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში სწავლისას ვიცოდი, მომავალში რა პროფესიას ავირჩევდი. მას მერე, რაც ზეიმებში მომიხდა მონაწილეობა, გადავწყვიტე, რომ მსახიობობა მსურდა.

- შეგიძლია, შენი პირველი როლი გაიხსენო?

- მაშინ, ცოტა უფრო სერიოზულ როლს გავიხსენებ: სკოლაში ფრანგულ ენას გვასწავლიდნენ. ერთხელაც, საფრანგეთის საელჩომ სპექტაკლების ფესტივალის მოწყობა გადაწყვიტა, რომელშიც დაახლოებით, 40 სკოლას უნდა მიეღო მონაწილეობა. ჩვენც წარვადგინეთ ფრანგულენოვანი სპექტაკლი და ამ ფესტივალში მეორე ადგილზე გავედით. მაშინ მე მეფის შიკრიკი განვასახიერე.

- მშობლებმა შენი ნამუშევარი როგორ შეაფასეს?

- მითხრეს: კარგი იყოო. ოჯახის წევრები ზედმეტად არც მაკრიტიკებენ და არც კომპლიმენტებით მავსებენ. თუ რაიმე მოეწონებათ, მეუბნებიან, - "კარგია".

- თეატრალურ უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების პერიოდი როგორ დაგამახსოვრდა?

- მაშინ რუსთაველის პროსპექტზე ტროლეიბუსები და ავტობუსები დადიოდა. იყო ცხელი ივნისის თვე. ჯერ კონსულტაციები გავიარეთ, მერე ტურები, ამის შემდეგ კი ინსტიტუტში შედეგების გასაგებად მივედით. მახსოვს, იმ დღეს ერთი კაცი გამოვიდა და გამოაცხადა იმ აბიტურიენტების გვარები, ვინც ინისტიტუტში ჩააბარა. გამიმართლა, მეც დამასახელა. თეატრალურში მოხვედრა სულ რაღაც, 2 ლარი დამიჯდა (გზის ფული). მადლობა ღმერთს, რომ მოვხვდი ერთ-ერთ საუკეთესო პედაგოგთან - გია სარჩიმელიასთან.

- როგორ ფიქრობ, პედაგოგისადმი სიმპათია განაპირობებს თუ არა იმ საგნის სიყვარულს, რომელსაც გასწავლის?

- ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა: არ მიყვარდა მათემატიკა, მაგრამ პედაგოგთან საოცრად კარგი ურთიერთობა მქონდა... სხვათა შორის, ძალიან კარგად ვსწავლობდი გეოგრაფიას, ისტორიას და ქართულ ენა-ლიტერატურას, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საგნები მიყვარდა. არასდროს მითქვამს: აუ, ახლა გეოგრაფიის გაკვეთილს რა მოამზადებს-მეთქი. ძალიან პატარა ასაკიდან ვიცოდი, სად რომელი მდინარე იყო.

- "შატალოებზე" რას გვეტყვი?

- სადმე "შატალოების დეპარტამენტი" რომ ყოფილიყო, მე აუცილებლად, მინისტრად დამნიშნავდნენ. ძალიან ცელქი ვიყავი, მაგრამ როგორც კარგ მოსწავლეს, ყველაფერს მპატიობდნენ. "შატალო" ჩემი ჰობი გახლდათ.

- "მაგარ ბიჭობად" რას მიიჩნევდით?

- ხომ იცი, "გაჭირვებული თაობა" ვიყავით და პატარა ბიჭები სიგარეტის კოლოფის მარკებს ვაგროვებდით. რაც უფრო მეტი გქონდა, მით უფრო "მაგარი ბიჭი" იყავი... ცოტა რომ წამოვიზარდეთ, "მაგარი" იყავი, დანით თუ შემოხვიდოდი სკოლაში. ერთი-ორჯერ მოხდა ისეთი შემთხვევა, როცა ბავშვებმა ერთმანეთი გაკაწრეს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, რომ ჭრიან ან კლავენ ერთურთს, ასეთი რამ არ ხდებდა. უბრალოდ, დანის ტარება იყო მაგარი პონტი. თუმცა, მე არასდროს მიტარებია.

- ანუ "მაგარ ბიჭობას" არ "აწვებოდი"?

- ამ შემთხვევაში, არა. მე უბრალოდ,Mმხიარული, ლაღი ბიჭი ვიყავი და ყველასთან - "მაგრებთანაც" და "სუსტებთანაც" კარგი ურთიერთობა მქონდა...

- ცემა-ტყეპაში ჩართვა ხშირად გიწევდა?

- არა, კონფლიქტური არ ვარ. ნუ, პატარა-პატარა, უმნიშვნელო ჩხუბი თუ კინკლაობები ყოფილა, მაგრამ სერიოზული - არაფერი.

- რის გამო შეიძლება, იჩხუბო?

- ქუჩაში ვიღაც შემთხვევით მხარს თუ გამკრავს, ცხადია, არ გამოვეკიდები; თუ ამას შეგნებულად გააკეთებს, რაღაცას მწარედ ვეტყვი. მაგრამ თუ მიღალატებენ ან მომატყუებენ, მაშინ ჩხუბიც შემიძლია და ადამიანის დაკარგვაც. როცა ადამიანი "კარგ" ტყუილს რამდენჯერმე "გაჭმევს", მომავალში უფრო მეტს "შეგაჭმევს", ოღონდ - უფრო ლამაზად შეფუთულს მოგაწვდის. ტყუილის გამო რამდენიმე ადამიანი დამიკარგავს, ღალატს კი ვერავის დავწამებ.

- თავად არასდროს არავინ მოგიტყუებია?

- ადამიანები ვართ და ზოგჯერ ტყუილის თქმა შეიძლება, მოგვიხდეს, მაგრამ არ არსებობს, მე ეს ვიკადრო.

- მშობლებიც არასდროს მოგიტყუებია?

GzaPress- თამამი და ცელქი ვიყავი, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვსაჭიროებდი და არც არაფერს მიკრაძალავდნენ, რაღაცის გასაკეთებლად ტყუილის თქმა რომ დამჭირვებოდა. მშობლებმა ყოველთვის იცოდნენ, სად და ვისთან ერთად ვიყავი. "შატალოდან" შინ დაბრუნებული ვყვებოდი, რაც გავაკეთე და ამის გამო არ მსჯიდნენ. ეტყობა, ჩემს მშობლებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ აკრძალული ხილი ბევრად გემრიელია.

- სიგარეტს არ ეწევი, არა?

- ზუსტად 8 წელი ვეწეოდი. მეათე კლასში ვიყავი, პირველად რომ გავსინჯე, მაგრამ ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ ვინმესთვის მიმებაძა ან სხვის თვალში "მაგარი ბიჭი" გამოვჩენილიყავი. უბრალოდ, მომინდა მომეწია. ჰოდა, ჯერ ერთი ღერიGგავსინჯე, მერე - მეორე. პირველად "ვაისროი" მოვწიე, შემდეგ - "ვინსტონი" და 8 წლის თავზე, მოწევა მივატოვე წვრილი, შავი "კენტით". მშობლებმა იცოდნენ, სიგარეტს რომ მივეპარე, მაგრამ მათ თვალწინ არ ვაბოლებდი და ისინიც არაფერს იმჩნევდნენ.

- პირველად რამდენი წლისა დათვერი?

- ეს ის თემაა, რომელზეც შემიძლია, დისერტაცია დავიცვა. ყველამ იცის, რომ დალევა ძალიან მიყვარს. პირველი სიმთვრალე, იცი, როგორ მახსოვს? სახლიდაც ჩემი ფეხით წავედი, მაგრამ უკან მომიტანეს. დაახლოებით მეშვიდე კლასში ვიყავი. კლასელთან დაბადების დღეზე, მის სახლში შევიკრიბეთ... სამაგიეროდ, მერე ისე გამოვიწვრთენი, რომ ახლა ძალიან ბევრს ვსვამ. თანაც, შემიძლია ქეიფი დავიწყო ღვინით (3 ლიტრას თავისუფლად ვსვამ) და გავაგრძელო არაყით, კონიაკით, ლუდით... მიხარია, რომ არ ვიცი, რა არის პახმელია. ერთადერთი, რასაც ვერ ვსვამ, ეს ლიქიორია. ხანდახან თამადობაც მიწევს, მაგრამ მირჩევნია, სუფრას სხვა გაუძღვეს.

- მასწავლებელს არასდროს დაუსჯიხარ?

- რომ გითხრა, - არა-მეთქი, დამიჯერებ? რა თქმა უნდა, დავუსჯივარ. ერთ ამბავს მოგიყვებით: როცა შუქი არ იყო, სკოლში ზარს ხელით რეკავდნენ. ერთხელ მასწავლებელს ვუთხარი, - საჭირო ოთახში გავალ-მეთქი, სინამდვილეში კი გავიპარე და ზარი დავრეკე.

- ზარი სამასწავლებლოში არ იყო?

- არა, ჩვენს სკოლაში ზარი ნულ სართულზე ეკიდა. ჩაქუჩი უნდა წაგეღო და დაგერტყა, რათა მისი ხმა ყველა კლასში გაეგოთ. მე ხელში რკინა მეჭირა და ის ჩამოვკარი. შედეგად, 45-წუთიანი გაკვეთილი 25 წუთში დასრულდა. გაუკვირდათ, დრო რა სწრაფად გავიდაო. ამ ამბავს ვერავინ გაიგებდა, რომ არა ერთი მოსწავლე, რომელმაც დამინახა და მასწავლებლებს მიუბენინა ამბავი... იყო შემთხვევა, როცა მთელი კლასი ავიყოლიე და გავიპარეთ, მხოლოდ ერთი გოგონა არ წამოვიდა. თანაც, ის სამასწავლებლოში შესულა: ჩემი კლასელები "შატალოზე" წავიდნენ. ბუნტისთავი გიორგი იყოო. ცხადია, მეორე დღეს მასწავლებლებმა საყვედურით აგვავსეს, ჩვენ კი ის გოგო "დავმოძღვრეთ". კლასში გამოვაცხადე: დღეიდან, ეს "ჩამშვებია" და შესაბამისად, უნდა მოვიკვეთოთ-მეთქი (იღიმის). რამდენიმე დღე ყველა ვებუტებოდით. მიუხედავად ამისა, ჭკუა ბოლომდე ვერ ისწავლა: მართალია, ამის შემდეგ ჩვენი "ჩაშვება" არც უფიქრია, მაგრამ თავად არასდროს მოგვყვებოდა.

- თინეიჯერი თანატოლებისგან რაიმეთი თუ გამოირჩეოდი?

- სხვებისგან ალბათ, არაფრით გამოვირჩეოდი. უბრალოდ, ზედმეტად ლაღი, თავისუფალი ვიყავი. სკოლაში არა მარტო კლასელები, არამედ უფროსებიც და უმცროსებიც მიცნობდნენ როგორც, უკომპლექსოს, კარგი იუმორის მქონეს. გულახდილი ვიყავი ყველასთან და ვლაპარაკობდი იმასა, რასაც ვფიქრობდი.

- გარდა ცელქობისა, კიდევ რით იყავი დაკავებული?

- ყოველთვის რაღაცის წრეზე დავდიოდი. მაინტერესებდა მხატვრული კითხვა, მაგრამ არ მაინტერესებდა ფეხბურთი და მაინც მიმიყვანეს. დაახლოებით 6 თვე "გავქაჩე". მერე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, შემიყვანეს კალათბურთზე. საოცარი არის, აბა, რა არის ის ფაქტი, რომ ჩემი მეგობარი, მსახიობი ნინო მუმლაძე ბავშვობაში ბალეტზე დადიოდა, მე კი - კალათბურთზე (იცინის). მერე ცხადია, მიხვდნენ, რომ ჩემგან კალათბურთელი არ გამოვიდოდა და გამომიყვანეს. კიდევ, დავდიოდი სპორტულ ტანვარჯიშზე, ცეკვაზე - ეს მიანტერესებდა იმიტომ, რომ ვუიცოდი, მომავალში, როგორც მსახიობს, დამჭირდებოდა. მოკლედ,Yყველაფერს მიზანმიმართულად ვაკეთებდი. სამეჯლისო ცეკვებზე დაახლოებით, 6 წელი ვიარე და ვფიქრობ, ეს საქმე კარგად გამომდიოდა.

- საინტერესოა, რას დაარქმევ შენი თაობის წარმომადგენლებს?

- 90-იანელებს ან კიდევ, უშუქო, უგაზო, ცივი, მაგრამ მაინც, ყველაზე თბილი, ყველაზე ნათელი პერიოდის შვილებს.

- ნარკოტიკის გასინჯვის სურვილი არასდროს გაგჩენია?

- არასდროს ამიღია ხელში იარაღი და არასდროს გამიკეთებია "წამალი". ეს ყველაფერი არც მაინტერესებდა და არც არავის მოუწოდებია, - ნახე, იქნებ მოგეწონოსო. იმდენად დაკავებული ვიყავი თუნდაც, წრეებზე სიარულით, რომ ასეთ რაღაცებზე საფიქრალად არც მეცალა. ერთადერთი, "პლანი" მაქვს გასინჯული და აქვე გეტყვით: ამქვეყნად არ მეგულება ბიჭი, რომელსაც ის არასდროს გაუსინჯავს.

- მოზარდი ვისი ფანი იყავი?

- რობერტ დენირო და ჯულია რობერტსი იყვნენ ჩემი "კუმირები". ქართველებიდან კი ძალიან მიყვარდა რამაზ ჩხიკვაძე და სოფიკო ჭიაურელი. უფრო ახალგაზრდა მსახიობებიდან ძალიან მომწონს ზაზა პაუპუაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი... რაში გამოიხატებოდა ჩემი სიყვარული მათ მიმართ? - ერთი და იგივე ინტერვიუ შეიძლება, ასჯერ წამეკითხა, ერთსა და იმავე ვიდეოს უამრავჯერ ვახვევდი. ამ მსახიობებს რომელ ფილმშიც მოვკრავდი თვალს, დავჯდებოდი და გასუსული ვუყურებდი. მქონდა იმის ბედნიერება, რომ ჩემთვის საყვარელი მსახიობები სცენაზე მენახა. რამაზი - "კავკასიური ცარცის წრიდან" დამამახსოვრდა, სოფიკო კი ბევრ სპექტაკლში მყავს ნანახი, მაგრამ გამოვყოფ - "საპოვნელას".

- მათ პირადად არასდროს შეხვედრიხარ?

- ერთ ამბავს გავიხსენებ: ჯგუფელებთან ერთად თეატრალურიდან გამოვედი. მაშინPპირველ კურსზე ვიყავი. დავინახე, რუსთაველის გამზირზე მანქანა გაჩერდა, იქიდან კი შავ, თეთრზოლიან კაბასა და დიდ შლიაპაში გამოწყობილი სოფიკო გადმოვიდა. ადგილზე გავშეშდი, თვალი ვერ მოვაცილე. ის მაღაზიაში შევიდა. ვაკვირდებოდი, როგორ ათვალიერებდა და არჩევდა სასურველ ნივთს, მერე როგორ შეიძინა რაღაც, ქუჩაში გამოვიდა, მრგვალფარებიან "მერსედესთან" მივიდა, ჩანთა სალონში შეაგდო, მერე საჭეს მიუჯდა და მანქანა გააქროლა, მე კი დავრჩი გაღიმებული. გული მწყდება, რომ მაშინ მასთან ვერ მივედი, ვერ გავიცანი. სამწუხაროდ, მას მერე ვეღარ შევხვდი, არადა, ამის დიდი სურვილი მქონდა.

- დაასახელე პირველი წიგნი, რომელმაც შენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

- ასეთი პირველი წიგნი "დიდოსტატის მარჯვენა" იყო, პირველი პიესა კი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, "გაყრა" გახლდათ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ჩემს გონებაში დავხატე კიდეც, როგორი იქნებოდა სცენა. ამ პიესიდან სიამოვნებით შევასრულებდი მიკირტუმას როლს... როდესაც "დიდოსტატის მარჯვენას" ვკითხულობდი, ილუზიებში წარმოვიდგინე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო შორენა, გმირი ქალი, როგორი იქნებოდა იმ ტაძრის აგება; "გაყრის" კითხვისას კი გონებაში მაგიდის გადაფარებლის ფერიც დავხატე.

- სარეჟისოროზე სწავლის სურვილი არასდროს გქონია?

- არა, მაგრამ ახლა, ამ ამპლუაშიც მოვსინჯავ საკუთარ ძალებს. სხვათა შორის, ქართულ-ბრიტანულ საბავშვო ბაღში, პატარებთან ერთად, სპექტაკლზე უკვე ვმუშაობ.

- როგორია ბავშვებთან ურთიერთობა?

- ძალიან კარგი და ამავე დროს, რთული. მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და მიხარია, რრომ პატარებთან საერთო ენა გამოვნახე.

- პირველად სიყვარული რა ასაკში გეწვია?

- პირველად ბაღში შემიყვარდა, მერე სკოლაში, მესამე კლასში ყოფნისას. ის გოგო 3-4 წელი მიყვარდა, მას კი მგონი, ჩემთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდა (იღიმის). ახლა იმ გოგოსთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ... ადრე გოგონები "მეგობრობის დღიურებს" აკეთებდნენ, სადაც მეათე თუ მეცხრე კითხვა უეჭველად, ასეთი იყო: "გყავთ თუ არა შეყვარებული?" ჰოდა, მახსოვს, კლასში ყველას ვეხვეწებოდი, ეს დღიური გაეკეთებინა, რათა მერე ჩემს რჩეულს შეევსო და გამეგო, შეყვარებული ჰყავდა თუ არა. ის კი გულს მიკლავდა, რადგან ამ კითხვასთან ხაზს ავლებდა ანუ არც "კის" ამბობდა და არც - "არას". ამ ხაზის დანახვა ძალიან მღლიდა (იღიმის).

- დაბოლოს, რას ურჩევ მოზარდებს?

- მათ ვურჩევ, კომპლექსებისა და ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე იმოქმედონ. იყონ ლაღები და აკეთონ ის, რაც სურთ, მაგრამ ნორმის ფარგლებში. ვუსურვებ, რაც შეიძლება დიდხანს ჰქონდეთ თინეიჯერული პერიოდი.

ლიკა ქაჯაია