ანი ჯაჯანიძის პირადი ცხოვრება - გზაპრესი

ანი ჯაჯანიძის პირადი ცხოვრება

ამ პროექტში მოცეკვავე - ანი ჯაჯანიძეც მონაწილეობდა, რომლის მიმართ საზოგადოება პირველსავე სეზონში სიმპათიით განეწყო. ამბობდნენ, რომ მას შესანიშნავი მეუღლე ჰყავდა, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, მაგრამ მოგვიანებით, ისინი დაშორდნენ. ანიმ საკუთარ პირად ცხოვრებასა და სალომე ჭაჭუასთან თანამშრომლობაზე სასაუბროდ სტუდიაში მიმიწვია.

GzaPress- ცეკვა 5 წლის ასაკიდან დავიწყე. დედაჩემი - ინგა ზაქაიძე ქორეოგრაფია და ცეკვისადმი ასეთი სიყვარული სწორედ მან ჩამინერგა. ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის მოცეკვავეების გარემოცვაში მიწევდა ყოფნა, ოღონდ - ჩემგან განსხვავებით, დედა ქართულ ცეკვებს ასრულებდა. მოგვიანებით კი ჩემთან ერთად დაიწყო ლათინურამერიკული ცეკვების შესწავლა.

- მამაზე რას გვეტყვი?

- მამა ინჟინერ-არქიტექტორია.

- დედმამიშვილები გყავს?

- საწუხაროდ, დედისერთა ვარ. მინდა, და ან ძმა მყავდეს. გული მწყდება, მარტო რომ ვარ.

- გარდა იმისა, რომ ცეკვავ, კიდევ რა პროფესია გაქვს?

- სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლა წელს დავამთავრე. მოკლედ, არც დედას დავწყვიტე გული და არც - მამას. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მამის სურვილი ნამდვილად არ ყოფილა, არქიტექტორი გავმხდარიყავი. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი და როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე დავდექი, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. ძალიან საინტერესო პროფესიაა და არ ვნანობ, ამ საქმის შესწავლა რომ გადავწყვიტე.

- ანუ მომავალში შესაძლოა, არქიტექტორის ამპლუაში გიხილოთ?

GzaPress- ჯერ არც გეგმები მაქვს და არც რაიმე შემოთავაზება, მაგრამ გამორიცხული არაფერია (იღიმის).

- სალომე ჭაჭუას სტუდიაში მუშაობ...

- ასეა. როცა სალომემ შემომთავაზა, მის სტუდიაში ქორეოგრაფად მემუშავა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. სულ რაღაც 3 თვეა, რაც სტუდია "პრაიმ დენსი" არსებობს და უკვე ძალიან ბევრი მოსწავლე გვყავს. სამი ქორეოგრაფი ვართ: თავად სალომე, მე და როსტომ აროშვილი, რომელიც პროფესიონალია. სამივე ვცდილობთ, თითოეული მოსწავლე პროფესიონალ მოცეკვავედ ჩამოვაყალიბოთ.

- აქ კომფორტული გარემოა. ეს ყველაფერი სალომეს გემოვნებით არის მოწყობილი?

- აქ მართალაც, შესანიშნავი გარემოა. სავარჯოშო დარბაზი, გასახდელი, საშხაპე - ყველაფერი გემოვნებით არის მოწყობილი, რაც ნამდვილად, სალომეს დამსახურებაა. ვცდილობთ, მოსწავლეებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ.

- როგორც ვხედავ, მოსწავლეების ნაკლებობას მართლაც არ უჩივით... როგორ ფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ლათინურამერიკული ცეკვების პოპულარობას რამ შეუწყო ხელი?

- რაღაც დოზით, ეს ცეკვები ყოველთვის პოპულარული იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მოსწონთ. ვფიქრობ, ამ ცეკვების პოპულარიზაციას პროექტმა - "ცეკვავენ ვარსკვლავები" შეუწყო ხელი.

- ,,ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონშიც მიიღებ მონაწილეობას?

- თავდაპირველად ახალ სეზონში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მერე დავთანხმდი... ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტე, როგორ მოვიქცე.

- რამდენი წლის ხარ?

- 22-ის გახლავართ.

- ამბობენ, რომ მეუღლეს დაშორდი.

GzaPress- ეს სიმართლეა: 2013 წლის ზაფხულში დავშორდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მტკივნეული იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ყოფილი მეორე ნახევრისთვისაც, მაგრამ ორივემ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენთვის დაშორება ჯობდა.

- იმასაც ამბობენ, რომ თქვენს ოჯახს საძირკველი მას მერე შეერყა, რაც პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვალავები" გამოჩნდი...

- არა, "ცეკვავენ ვარკვალავები" არაფერ შუაშია. იმ პერიოდში, როცა დავშორდით, ამ პროექტის მეორე სეზონი დაწყებულიც არ იყო, პირველი კი დიდი ხნის დამთავრებული გახლდათ... ამ თემაზე ნუღარაფერს მკითხავთ, ამაზე ლაპარაკი არ მსურს.

- წყვილების დაშორების მიზეზი ძირითადად, ხასიათების შეუთავსებლობაა...

- მაინც ცდილობ, რაიმე დამაცდენინო, არა (იცინის)? კარგი, მაშინ გეტყვი, რომ სწორედ ხასიათების შეუთავსებლობა იყო ჩვენი დაშორების მიზეზი; იყო ისეთი რაღაცები, რაც მას არ მოსწონდა, მე კი პირიქით, ძალიან მიზიდავდა... მოკლედ, რაღაც იწყება და მერე აუცილებლად მთავრდება.

- შვილი არ გყავს, არა?

- არა, შვილი არ მყავს. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბავშვის გაჩენისგან თავს ვიკავებდი. ვიცოდი, ასეთ შემთხვევაში რამდენიმეწლიანი პაუზის გაკეთება მომიწევდა, ვეღარ ვიცეკვებდი...

- ამ ეტაპზე მარტო ცხოვრობ თუ მშობლებთან ერთად?

GzaPress- მშობლებთან ერთად ვცხოვრობ, რადგან მარტოობა არ მიყვარს.

- შენი პროფესიული საქმიანობა ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. გრჩება თუ არა დრო საიმისოდ, რომ მაგალითად, შინ მისულმა კერძი მოამზადო?

- სამზარეულოში საფუსფუსოდ დრო მართლაც, იშვიათად მრჩება. როცა თავისუფალი ვარ, ტკბილეულს სიამოვნებით ვამზადებ ხოლმე; ნამცხვრებსა და ტორტებს დიდი მონდომებით ვაცხობ. სხვათა შორის, ახლობლები ხშირად მაქებენ: ყველაფერი გემრიელი გამოგდისო... რაც შეეხება სხვა საოჯახო საქმეებს, გეტყვით, რომ ყველაფერის გაკეთება შემიძლია. თუ ადამიანს საკუთარი თავის მოვლა უყვარს, არ შეიძლება, სახლის დალაგება და საკუთარი ნივთების მოწესრიგება არ სიამოვნებდეს.

- როგორ ზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე?

- ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდე. მომწონს, როცა ფორმაში ვარ და არც ვარჯიში მეზარება. ისეთი ადამიანები მხიბლავენ, რომლებსაც გამუდმებით წინსვლის სურვილი აქვთ. ვაფასებ მათ, ვინც მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და მეც გამუდმებით იმას ვცდილობ, სულ წინ ვიარო.

- დიეტაზე ხშირად ხარ?

- დიეტაზე არასდროს ვარ, მაგრამ ვცდილობ, სწორად ვიკვებო, ჯანსაღი პროდუქტების მივირთვა. როცა ვარჯიშობ და თან, სწორად იკვებები, არანაირი შლაკები არ გროვდება სხეულში, კუნთები კი მკვრივდება.

- დაასახელე ქორეოგრაფი, რომელმაც ცეკვაში დაგახელოვნა...

GzaPress- ერთი სტუდიიდან მეორეში გადავდიოდი, მაგრამ ყველაზე დიდხანს ალექსანდრე ვართანიანთან ვსწავლობდი. ბატონი ალექსანდრე, იგივე - საშა საკუთარი საქმის პროფესიონალია. მან თავის დროზე განათლება უკრაინაში მიიღო და დღემდე ასწავლის ცეკვას. ის შესანიშანვი ქორეოგრაფია.

- საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ ყოფილხარ კონკურსებზე?

- რა თქმა უნდა, ვყოფილვარ და ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო. მოცეკვავისთვის აუცილებელია, საერთაშორისო კონკურსებზე იაროს, პროფესიონალიზმი აიმაღლოს. პირადად მე, მოსკოვში ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი სკოლა აქვთ.

- შენი პროფესია გაძლევს იმის საშუალებას, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი იყო?

- მატერიალურად დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, მაგრამ ამ საქმით ვერასოდეს გავმდიდრდები.

სოფო ჭონიშვილი