ზურა ხაჩიძე პოპულარობის მოყვარულ ავანტიურისტებზე - გზაპრესი

ზურა ხაჩიძე პოპულარობის მოყვარულ ავანტიურისტებზე

ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ბევრი რამ არ მოსწონდა და ამის შესახებ დაუფარავად წერდა; თუკი რაიმე არ მოეწონება, ამას არც ახლა დამალავს. მიიჩნევს, რომ ასეთი საქციელი ხელისუფლებას სწორ გზაზე დააყენებს.

- ბოლო დროს სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებელი ვარ: ჩემთვის საინტერესო ბევრ ინფორმაციას ვნახულობ, უამრავ ადამიანთან ვურთიერთობ.

- ინტერნეტით მოძიებულ ყველა ინფორმაციას ენდობი?

GzaPress- ისეთი საინფორმაციო პორტალებიც არსებობს, რომლებიც ინფორმაციას არაფერზე "დაყრდნობით" ავრცელებენ და ბევრ სისულელეს წერენ. მათ წავშლი ხოლმე და ჩემთვის სანდო საინფორმაციო წყაროს ვიტოვებ.

- მცდარი ინფორმაციის დაჯერების გამო, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- კი და განცხადებაც გამიკეთებია... ახლა ჭკუა ვისწავლე: ინფორმაცია ჯერ კარგად უნდა გადავამოწმო და განცხადება მერე გავაკეთო.

- პირველად რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდი?

- ფაქტობრივად, კომპიუტერის საფუძვლიანი შესწავლა "იუთუბის" მოხმარებით დავიწყე. სოციალურ ქსელებს რაც შეეხება: თავდაპირველად, "ოდნოში" დავრეგისტრირდი, შემდეგ - "ფეისბუკზე". "ოდნოთი" აღარ ვსარგებლობ - აღარც მახსოვს, მასთან "ურთიერთობა" როდის დავასრულე, რადგან არ მომწონდა... "ფეისბუკის" სტილი შედარებით მომწონს და 7-8 წელია, მისი მომხმარებელი ვარ.

- შენს ყურადღებას რა სახის ინფორმაცია იპყრობს, შენს "კედელზე" რას "აზიარებ"?

- რელიგიურ, პოლიტიკურ, სოციალური სიდუხჭირის ამსახველ ინფორმაციას და რა თქმა უნდა, მუსიკას. "ფეისბუკს" "ხმამაღალი" ნათქვამისთვის ვიყენებ. ამას ერთ გვერდზე რომ ვერ ვატევდი, "ლაიქის" გვერდიც გავხსენი. უამრავი მეგობარი მყავს. როცა რაღაც პრობლემა არსებობს, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვდებ, რათა აღმოიფხვრას. ასევე, პოლიტიკურ, რელიგიურ მოსაზრებებს ვწერ, მეგობრებს დღესასწაულებს ვულოცავ... სოციალურ ქსელსAახალი ნაცნობობის წამოსაწყებად არ ვიყენებ: ადამიანთან მიმოწერა მისი პირადად გაცნობის შემდეგ მაქვს ხოლმე. თუ "თბილი" მესიჯი დამხვდება, მის ავტორს პასუხს გავცემ, მაგრამ ურთიერთობას არ გავაბამ.

- უცნობ ადამიანებს სამეგობრო სიაში იმატებ?

- კი, ლამაზ გოგონებს ვიმატებ. მგონი, ჩემი 5000 მეგობრიდან 4999 - გოგონა გახლავთ. თუ შევნიშნე, რომ ჩემი "ფეისბუკელი" მეგობარი ზედმეტად ნეგატიური ინფორმაციის მატარებელია, სამეგობროდან ისე წავშლი, თავადაც ვერ ხვდება. ამ შემთხვევაში, გინდა, გოგონა იყოს და გინდა - "მოწყვეტილი ვარსკვლავი", სულერთია.

- მეუღლე არ ეჭვიანობს?

- მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთის "ფეისბუკ"-გვერდებში არ "დავძვრებით". ერთმანეთს ვენდობით!

- ახერხებ, რომ ყველა გულშემატკივარის შეტყობინებას უპასუხო?

- მიმაჩნია, როცა საჯარო პირი ხარ და ადამიანებს შენ შესახებ რაღაცები აინტერესებთ, მათ დრო უნდა დაუთმო. იმ ადამაინების კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც "იკეტება" და პასუხს არავის სცემს. ეს იგივეა, რომ ადამიანმა ღამით კარზე მოგიკაკუნოს და გითხრას: ძალიან მიჭირს, დასარჩენი არსად მაქვს და ღამე გამათენებინეო, შენ კი უარი უთხრა. მოუცლელობის გამო, ზოგჯერ მესიჯსაც არ ვპასუხობ, ამიტომ თქვენი ჟურნალის მეშვეობით, ყველას ბოდიშს ვუხდი, ვისაც ყურადღება ვერ მივაქციე. თუმცა, მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ადამიანების 99%-ს ვპასუხობ (თუკი შეტყობინება "სხვა მიზნებს" არ ემსახურება).

- ძირითადად, რა სახის მესიჯები ჭარბობს?

- მწერენ, - თქვენი თაყვანისმცემელი ვარ, ჯგუფის მუსიკა მომწონს, სიმღერა დავწერე და ხომ არ იმღერებთო?.. სოციალური ქსელი საჯარო პირისთვის მისწრებაა: სათქმელს ძალიან მალე ამბობ. მაგალითად, ახალ წელს რუსთავში კონცერტი გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ჩვენი "ჩაჩოჩება" მოხდა: ჯერ მოგველაპარაკნენ, მერე კი "პირი გვიშალეს". ამის შესახებ "ფეისბუკზე" სტატუსი დავწერე. ზუსტად 15 წუთში კულტურის სამინისტროდანაც დამირეკეს და მერიიდანაც. ჰოდა, დავადგინე, თუ ვინ იყო ამაში დამნაშავე... ამა თუ იმ ადამიანის დასახმარებლად ბევრი საქველმოქმედო კონცერტი ტარდება, მე კი ამის "გასახმაურებლად" "ფეისბუკს" ვიყენებ. თავადაც ბევრ ინფორმაციას ვეცნობი, მაგრამ სამწუხაროდ, 90% ნეგატიურია. დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში თუ დიდი ხანი დავყავი, ღამით ლოგინში რომ ვწვები, თვალებში სიტყვები, სტატუსები "დარბის".

- "ფეისბუკზე" დამოკიდებული ხარ?

GzaPress- ძალიან - არა, მაგრამ ხანდახან, როცა ადამიანი შინიდან არ გადიხარ, ლოგინში შეწოლილი ხარ და იქვე კომპიუტერი გიდევს, "შეყვები"... მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი "დავიჭირე", რომ შეიძლებოდა, სოციალურ ქსელს "ჩავეთრიე", ვცდილობ, "ფეისბუკზე" ბევრი დრო არ გავატარო. სოციალური ქსელი გარკვეული ტიპის "ნარკოტიკია". ეს გახლავთ საინფორმაციო "ვეშაპი": თავს თუ არ გაუფრთხილდი, შესაძლოა, "გადაგყლაპოს", ბუნებრიობა დაგაკარგვინოს...

- სოციალური ქსელით სარგებლობის გამო ასეთ რთულ სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- კი, ასეთი პერიოდები მქონია და ამის გამო ტელეფონი გამიტეხია... "ინსტაგრამის" მომხმარებელიც ვარ. ის გაცილებით მარტივი და კარგია: ადამიანის ცხოვრების სტილის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გაწვდის. "ინსტაგრამი" ადამიანის მოკლე ბიოგრაფიაა.

- ინტერნეტში შენ შესახებ გამოქვეყნებულ უარყოფით კომენტარებს თუ გადასწყდომიხარ?

- რა თქმა უნდა! ზოგადად, წარმოდგენა არ მაქვს, იმ კომენტარების ავტორები ამ ქვეყანაში, ოჯახებში გაიზარდნენ?! შეიძლება, ჟურნალისტმა ინტერვიუ სწორად დაწერა, მაგრამ სათაურის გამო ისეთ ლანძღვა-გინებას ატეხენ ხოლმე, რომ გამოთქმისთვის უკაცრავად, მაგრამ - გულისამრევია. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ჟურნალისტი ზუსტად 3 თვე მირეკავდა და ჩემს გოგონასთან - ანასტასიასთან ინტერვიუს ჩაწერას მთხოვდა... ინტერვიუს ინტერნეტში განთავსების მერე, ისეთი ღვარძლით, ბოღმით აღსავსე კომენტარები ვნახე, რომ მიკვირს - ასეთი ადამიანები სად ჩნდებიან? ყველას ღმერთმა შეუნდოს. ცუდ რაღაცებს ბავშვის შესახებ მაინც ნუ წერენ... ანასტასიას ინტერვიუსგან თავს იმიტომაც ვიკავებდი, რომ ვიცოდი, ამას რაც მოჰყვებოდა. ზოგადად, კომენტარები კი არ მანერვიულებს, მაგრამ ბავშვის მიმართ აგრესია ჩემში განაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს.

- უარყოფითი კომენტარები ანასტასიამაც ხომ არ ნახა?

- არა, ანასტასიას კომპიუტერთან "ურთიერთობა" მულტფილმების, გაკვეთილების ნახვით შემოიფარგლება. ფრანგულ სიმღერებს უსმენს, რადგან სკოლაში ფრანგულს სწავლობს და ხანდახან ზეიმისთვის "იუთუბზე" სიმღერის ნახვას ავალებენ.

- ანასტასიას "ფეისბუკზე" პირადი გვერდიც აქვს...

- ვიღაც გოგონამ გახსნა. სხვათა შორის, ბევრჯერ ვთხოვე, - იქნებ გააუქმო-მეთქი. შეცდომა თავდაპირველად დავუშვი, რადგან მითხრა: - შენი შვილი ძალიან მიყვარს და მინდოდა, მისთვის "ფეისბუკზე" გვერდი გამეხსნაო. მერე ვინანე, რომ ამის გაკეთების უფლება მივეცი. ახლა აღარც აუქმებს და აღარც კონტაქტზე გამოდის.

- განსხვავებული აზრის გამო ვინმეს თუ "დაუბლოკიხარ"?

- "დაბლოკვა" არ მახსოვს, მაგრამ "ფრენდი" თავად წამიშლია. როცა ვიღაც დაუზუსტებელი ინფორმაციის საფუძველზე, რელიგიურ თემებზე მკაფიო განცხადებებს აკეთებს და ირწმუნება, რომ ზუსტი ინფორმაცია აქვს, ამაზე "მეკეტება" და სამეგობროდან ვშლი... ადამიანების ყოველდღიური სტატუსებიც მაღიზიანებს და "ფრენდი" ამის გამოც წამიშლია: სოციალურ ქსელში სისტემატურად რაღაცების წერა ჩემთვის მიუღებელია - მგონი, ყოველდღიურად სხვებისთვის შენი აზრების თავს მოხვევა საჭირო არ არის.

- რელიგიური თემა ახსენე. ამიტომ გკითხავ: შენი აზრით, ბოლო დროს სოციალურ ქსელში სარწმუნოების ლანძღვა "მოდური" რატომ გახდა?

GzaPress- ასეთ ადამიანებს "ავანტიურისტებს" ვუწოდებ, რადგან ცხოვრებაში ღირებული ვერაფერი შექმნეს, გაკაპასებას იწყებენ და ქართველებისთვის ყველაზე სათუთ თემებზეც საწინააღმდეგოს ლაპარაკობენ. ამას პოპულარობისთვის აკეთებენ. იციან, რომ მერე რომელიმე ტელევიზიაში დაუძახებენ. თუ ავანტიურისტები, ხელმოცარულები არ არიან, რელიგიურ თემებთან შეხება რა საჭიროა? თუკი საპატრიარქოსთან, სამღვდელოებასთან, დედა ეკლესიასთან პრეტენზია აქვთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების კარი ყველასთვის ღიაა. რელიგიური თემით რატომ მანიპულირებენ? შესაძლოა, ბევრი ჩემი მეგობრისთვის "არაპოპულარულ აზრს" ვამბობ, მაგრამ როგორ შეიძლება, გამოხვიდე და ქრისტეზე იძახო, - კაი ტიპიაო?! ეს ჩემთვის მიუღებელია, თორემ ყველა ადამიანი თავისუფალია, ღმერთმა შეუნდოს... როცა მუსიკას ვწერდით, საზოგადოების ყურადღების მისაქცევად, გამომწვევი და "გაშიშვლებული" კლიპების გადაღება არ გვჭირდებოდა, მთელ აქცენტს მუსიკაზე ვაკეთებდით. კლიპის ხარისხი ცალკე თემაა: როგორ პირობებშიც ვცხოვრობდით და რისი საშუალებაც გვქონდა, იმას ვიღებდით. "ქუჩის ბიჭებს" პოპულარობის ბინძური ხერხისთვის არ მიგვიმართავს. უცხოური კლიპების 70%-ში გახდა-ჩახდა არ არის გადაღებული, თუმცა ზოგადად, ასეთი სარეკლამო მანიპულაცია ეფექტის მომხდენია. მაგალითად, ლედი გაგა გამომწვევია, სკანდალურია და მას ეს უხდება, მაგრამ საქართველოში მუსიკით, ვოკალური მონაცემებით უნდა გახდე პოპულარული და არა - ჩახდა-გახდით.

- დაბოლოს, "ქუჩის ბიჭების" გეგმების შესახებაც გვითხარი.

- ახალ სიმღერას ვწერთ, რომელიც მალე გამოვა და კლიპსაც აუცილებლად გადავიღებთ... ჯგუფის თითოეული წევრი კერძო ბიზნესითაც ვართ დაკავებული, რათა ოჯახები შევინახოთ. ამჟამად, გურამი ამერიკაშია, მაგრამ მალე დაბრუნდება... მოკლედ, ცხოვრებას ვაგრძელებთ.

ეთო ყორღანაშვილი