ნანა ნებიერიძის სუსტი წერტილი და ბებიას დარიგება - გზაპრესი

ნანა ნებიერიძის სუსტი წერტილი და ბებიას დარიგება

როგორც ამბობს, იმ დროისთვის მისი შემოსავალი მშობლების ხელფასზე ბევრად მეტი იყო და შესაბამისად, ფულის ფასიც ბავშვობიდან გაიგო. თუმცა, აღიარებს, რომ თანხის ეკონომიურად ხარჯვა და შეგროვება ვერ ისწავლა.

- ფული მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანისთვის. გვინდა თუ არა, ყველანი თანხის საშოვნელად ვიბრძვით, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა. ის აუცილებელია ცხოვრება რომ გვიხაროდეს.

- ფულს შენთვის როგორი გემო აქვს?

GzaPress- ფულს ძალიან "კარგი გემო" აქვს. ის ტკბილია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მწვანე ფერისაა (იცინის).

- ფულის შეგროვება თუ გიყვარს?

- ეს რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ჰოდა, რაც ერთხელ არ გამომდის, იმას მეორედ აღარ ვაკეთებ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ერთი დღით ცხოვრობს და წინ არასოდეს იყურება. მირჩევნია, რაც მაქვს, ერთ დღეში დავხარჯო, ვიდრე "შავი დღისთვის" შევინახო. არ ვამბობ, რომ ეს კარგი თვისებაა, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ და ვეღარ გამოვსწორდები.

- ოდესმე ბევრი ფული თუ გქონია?

- ყოველთვის იმდენი ფული მქონდა და მაქვს, რამდენიც მჭირდება. მილიონებზე არასდროს ვოცნებობ. საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის ფასი 11 წლიდან ვიცი. ისიც ვიცი, რომ ფულის საშოვნელად ბევრი უნდა იშრომო და თანაც, შენი შრომა სხვებისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს.

- თუ გახსოვს, პირველი ხელფასით რა შეიძინე?

- საცურაო კოსტიუმი შევიძინე და მახსოვს, ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვამაყობდი, საკუთარი ფულით რომ ვიყიდე... შემდეგ უკვე ფულს მშობლებს ვაბარებდი.

- ახლა შენი შემოსავლის დიდ ნაწილს რაში ხარჯავ?

- შვილის სწავლა-განათლებაში. ასევე, ბევრ ფულს ვხარჯავ მეგობრებისთვის სასიამოვნო საჩუქრების გაკეთებაში. ფულის დახარჯვა არასოდეს მენანება. ვერ ვიტან წუწურაქ ადამიანებს...

- აუცილებელია, ბრენდული და ძვირად ღირებული სამოსი გეცვას იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნო თუ იაფფასიანსაც ყიდულობ?

- ხარისხიანი და გემოვნებით შერჩეული სამოსი ძალიან მიყვარს. თუ მომეწონება, შეიძლება, ძალიან იაფფასიანი ტანსაცმელიც ვიყიდო. ჩემთვის მთავარია, სამოსი იყოს კომფორტული და ბრენდს მნიშვნელობა არ აქვს... ფულს სიამოვნებით ვხარჯავ მოგზაურობაში, დასვენებაში, საკუთარი თავის მოვლაში. ძალიან ხშირად ვყიდულობ ხარისხიან კოსმეტიკას, ეს ჩემი სუსტი წერტილია.

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა არ შეგიძლია?

- ერთადერთი რამ, რაც არასდროს გამომდის, ფულის ეკონომიურად ხარჯვაა. თუ რაიმე მომეწონება, უკან არ დავიხევ.

- რამდენად მნიშვნელოვანი აქსესუარია შენთვის საფულე?

- ზოგადად, აქსესუარები მიყვარს, მაგრამ საფულე - განსაკუთრებულად. ძალიან მიყვარს საფულე, რომელიც 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე ყოფნისას შევიძინე და რომელშიც 600 დოლარი გადავიხადე. ეს საფულე იმიტომ მიყვარს, რომ ის ჩემთვის იმ დროსთან ასოცირდება, როდესაც სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ვიყავი ჩართული.

- ოდესმე ფული თუ გისესხებია?

- ფულის სესხება არასდროს დამჭირვებია.

- არც გაგისესხებია?

GzaPress- ბებიაჩემი ბრძენი და განათლებული ქალი იყო. ის ყოველთვის მაძლევდა რჩევა-დარიგებას, ცხოვრებისეულ რაღაცებს მასწავლიდა. იმასაც მეუბნებოდა, რომ ახლობელ ადამიანს ან მეგობარს ფული არ უნდა ასესხო. თუ საშუალება გაქვს, აჩუქეო. მისი ეს სიტყვები დღემდე მახსოვს და ვფიქრობ, ბებია მართალი იყო.

- განვადებით თუ შეგიძენია რაიმე ნივთი?

- მანქანა სწორედ განვადებით შევიძინე.

- საგზაო წესებს ხშირად არღვევ?

- კანონმორჩილი მძღოლი ვარ, მოძრაობის წესებს იშვიათად ვარღვევ.

- გამოდის, რომ ჯარიმებში ბევრ ფულს არ იხდი...

- 10-ლარიან ჯარიმას თუ გამომიწერს პატრული, თორემ სერიოზული თანხით არასდროს დავუჯარიმებივართ. ვცდილობ, მოწესრიგებული მძღოლი ვიყო და მეგობრები მეუბნებიან, რომ ეს გამომდის კიდეც.

- მაღაზიაში, ბაზარში პროდუქტების შესაძენად თავად დადიხარ?

- კი და ეს პროცესი ძალიან მომწონს. როგორც ყველა ქართველი დიასახლისი, მეც იმას ვყიდულობ, რაც გემრიელი სადილების მოსამზადებლად მჭირდება.

- ხელფასის თვიდან თვემდე განაწილებას თუ ახერხებ?

- სტაბილური შემოსავალი არ მაქვს: ხან მეტი მაქვს, ხან - ნაკლები. ნათქვამია: ხელფასს უნდა ეყოს ადამიანი და არა - ხელფასი კაცსო. ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. ვფიქრობ, ფული იმისთვის არსებობს, რომ უნდა დახარჯო, ყოველგვარი სინანულის გარეშე.

- საკუთარი შემოსავლით ყველაზე ძვირად ღირებული რა გაქვს შეძენილი?

- ეს არის აგარაკი, მარტყოფში.

- რა არის შენთვის ყველაზე სასიამოვნო საჩუქარი: ფული თუ რაიმე ნივთი?

- მირჩევნია, თუ რაიმეს ჩუქება უნდათ, ფული მაჩუქონ (იცინის), მე კი ამ თანხით იმას შევიძენ, რაც მჭირდება. ხშირად, ახლობლებს თავადაც ფულს ვჩუქნი ხოლმე. შეიძლება, ადამიანს შენი საჩუქარი არ მოეწონოს, თანხას კი აუცილებლად გამოიყენებს.

- ოდესმე ფული დაგიკარგავს?

GzaPress- დამიკარგავს, ოღონდ - მიზერული თანხა. თუმცა, ამის გამო გული მაინც დამწყდა. სხვათა შორის, ფული ქუჩაში თავადაც მიპოვია.

- ბავშვობაში ყულაბა გქონდა?

- არა, ბავშვობიდანვე არ მიყვარდა ფულის შეგროვება (იცინის). სულ მიკვირდა იმ ადამიანების, რომლებსაც ყულაბა ჰქონდათ და ელოდებოდნენ, როდის გაივსებოდა ის ხურდა ფულით.

- დაბოლოს, შესაძლებელია თუ არა, რომ ღარიბი მამაკაცი შეგიყვარდეს?

- ეს ნამდვილად შესაძლებელია! სიყვარული შეუფასებელი რამ არის, ამ გრძნობას ფულით ვერ იყიდი.

სოფო ჭონიშვილი