რეალური თუ ილუზიური "ლავ სთორი" და მისი მთავარი გმირები - გზაპრესი

რეალური თუ ილუზიური "ლავ სთორი" და მისი მთავარი გმირები

ტრფობის ობიექტისგან - რადიოწამყვან გიგა ბატკუაშვილისგან უარყოფილი ნატა გოდერძიშვილი მეტოქეს - ტელეწამყვან მერსი სულხანიშვილს შეურაცხმყოფელი შეტყობინებებით "ებრძოდა", მერსიმ კი ნატას შეტყობინებები "ფეისბუკზე" განათავსა. ტელეწამყვანი და სოციალური ქსელის მომხმარებლები მესიჯების შინაარსმა გაამხიარულა კიდეც... გადავწყვიტე, ინტერნეტში პოპულარული "სასიყვარულო სამკუთხედის" გმირებს გავსაუბრებოდი.

მერსი:

- ნატა გიგას ჩვეულებრივი ფანი, რადიომსმენელი გახლავთ.Uუბრალოდ, მისი აღმატებულება - ბატკუაშვილი მგონი, ხმით შეუყვარდა.

- ნატას პირადად იცნობ?

GzaPress- მე და გიგა ერთსა და იმავე ჰოლდინგში ვმუშაობთ. ერთ საღამოს ნატამ გიგას მოაკითხა, მაგრამ მაშინ გიგას იმ ქალბატონის დანახვა არ ესიამოვნა (უკვე 4-5 წელია, იცნობს). ჯერ კიდევ პირველი შეხვედრისას მივხვდი, რომ ნატა, ცოტა არ იყოს, შეურაცხადი გახლდათ: ისეთ რაღაცებს ამბობდა, რომ გავოცდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას ისევ შევხვდი. ჰოლდინგის თანამშრომლებს ეკითხებოდა: - გიგა ძალიან მიყვარს, უნდა მოვიტაცოო და ა.შ. ვუთხარი: - გიგასთან რა ხელი გაქვს ან როგორ უნდა მოიტაცო-მეთქი? მან ის საღამო ჩემთან ერთად დერეფანში გაატარა (სტუდიაში უცხო პირები ვერ შედიან). სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა და დაჟინებით იმეორებდა, - გიგა უნდა მოვიტაცოო. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ქალბატონი შემებრალა და ახსნა დავუწყე: - ფაქტია, რომ გიგას არ აინტერესებ. 5 წელია, მოგწონს, ის კი გრძნობაზე არ გპასუხობს-მეთქი. ეს არ ესიამოვნა...

- შენ და გიგას როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ერთმანეთს პატივს ვცემთ, ერთმანეთი მოგვწონს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ უხამსი, "შემტევი" მესიჯების ავტორს ბოხი ხმა და საუბრის აგრესიული ტონი ექნებოდა, მაგრამ შევცდი; ნატა ინტერვიუზე ზრდილობიანად დამთანხმდა და ასევე ზრდილობიანად მესაუბრა, რამაც ბუნებრივია, გამაოცა. რესპონდენტმა ამიხსნა: გაბრაზებული ვიყავი და მერსის უხამს შეტყობინებებს ამიტომაც ვწერდიო.

- გიგა "ოდნოს" წყალობით გავიცანი, შემდეგ მასთან რადიოში მივედი.

- საკუთარი ინიციატივით?

- მივწერე, - შენი ნახვა მინდა, ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცნოთ-მეთქი... თავიდან ვმეგობრობდით, რადიოში მასთან ხშირად მივდიოდი. უსაყვარლესი ბიჭი იყო, მართლა კარგი ურთიერთობა გვქონდა.

- უბრალოდ მეგობრობდით თუ რომანტიკული ურთიერთობა გქონდათ?

GzaPress- მართლა მომწონდა და მასაც მოვწონდი. ხან რას ვჩუქნიდი, ხან - რას. ერთმანეთს კარგად ვუგებდით.

- საჩუქრებს თავადაც გიძღვნიდა?

- სიმღერებს "მჩუქნიდა". როცა რადიოში მივდიოდი, უხაროდა და თვალებიც უბრწყინავდა. სხვათა შორის, იმ პერიოდში ბევრი რამე ვისწავლე: რეკლამის ჩაწერა, ხმის "დადება" და ა.შ. ამისთვის მადლობას ვუხდი. 2011 წელს ერთ-ერთ კლუბში, ახალი წლის დღესასწაულს ერთად შევხვდით. იქ იყვნენ ჯგუფის - "მგზავრები" წევრებიც.

- არ გიფიქრია, რომ უბრალოდ, ისე გექცეოდა, როგორც ფანს, გულშემატკივარს?

- არა მგონია, ასე ყოფილიყო... მაგრამ ბოლო პერიოდში გიგა აშკარად შეიცვალა, ჩემ მიმართ "გაცივდა". სხვათა შორის, თავდაპირველად მომწონდა, გადაცემა მერსისთან ერთად რომ მიჰყავდა და მახსოვს, მერსის კომპლიმენტიც ვუთხარი.

- შენ და გიგა "ოფიციალურად" იყავით შეყვარებულები?

- კი, ასეა. მისმა თანამშრომლებმაც იცოდნენ, რომ შეყვარებულები ვიყავით მანამ, ვიდრე ეს გოგო არ გამოჩნდა და ყველაფერი არ გააფუჭა. მახინჯი და კიდევ ვინ იცის, რა არ მიწოდა!

- რატომ?

- ვერ მიტანს. მაია ასათიანის "პროფილში" პირველად რომ ვნახე, მივხვდი, ვინც იყო და რაც იყო.

- შენი და გიგას შეყვარებულობამ რამდენ ხანს გასტანა?

- დაახლოებით 4 წელი. გიგა 2009 წელს გავიცანი და ერთმანეთს ამ დრომდე ვხვდებოდით. "დაჟე", 23 ნოემბერს კოკერსპანიელის ჯიშის ძაღლი ვაჩუქე, შემდეგ - ნაგაზი.

- სიყვარულში როდის გამოგიტყდა?

- კლუბში, "მგზავრების" კონცერტზე. ნასვამი იყო, როცა მიკროფონი აიღო ხელში და მითხრა, - მიყვარხარ, შენთან ძალიან კარგად ვარო.

- მას შემდეგ, შენთვის ფხიზელს თუ უთქვამს, რომ უყვარდი, როგორც ქალი და არა - როგორც მეგობარი?

- კი, უთქვამს.

- ანუ ფიქრობ, რომ მერსის გამო მიგატოვა?

- ასე გამოვიდა. გუშინდელის მერე, მათი დანახვაც აღარ მინდა: მერსიმ და გიგამ მამაჩემის ტელეფონის ნომერი გაიგეს, დაურეკეს და უთხრეს, - თითქოს მათ "მჟავას" შესხმას ვუპირებდი. მერწმუნეთ, ეს მოიგონეს. მამა შინ გაბრაზებული დაბრუნდა, მაგრამ ყველაფერი ავუხსენი. არ ვიცი, გიგამ ასე რატომ გამწირა.

- მერსის გალანძღვის ნაცვლად, თქვენს ურთიერთობაზე თავიდანვე გიგას რომ დალაპარაკებოდი, არ აჯობებდა?

- ისეთი გაბრაზებული იყო, აზრიც არ ჰქონდა. მისი დანახვაც არ მინდა! ეგ ვინ ყოფილა? ჰყავდეს სულხანიშვილი, მეტს არც იმსახურებს. მათზეა ნათქვამი, - ფერი ფერსა, მადლი ღმერთასაო. ბედნიერი ვარ, მშობლები, ძმა, ნათესავები და უსაყვარლესი ძაღლი - ჯეკი რომ მყავს.

- ნატა, რას საქმიანობ?

- საზოგადოებრივ რადიოში სტაჟირება გავიარე, შემდეგ პიარისა და პიარ-მენეჯმენტის კურსებზე დავდიოდი, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში ივენთ-მენეჯერად დიდხანს ვმუშაობდი...

- ახლა რას აპირებ?

- ცხოვრებას გავაგრძელებ, მათ კი ბედნიერებას ვუსურვებ! ნამდვილად არ მეგონა, გიგა ასეთი დაუნდობელი თუ იყო. სხვათა შორის, მერსი ნარკოტიკების გასაღების გამო ნასამართლევია და ციხეში ორწელიწად-ნახევარი გაატარა. ეს ამბავი ახლობლისგან შევიტყვე. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, ტელევიზიიდან მიბრძანებულ სულხანიშვილს ცილისწამების გამო, გისოსებს მიღმა დაბრუნება მოუწევს. ძალიან საწყენია, რომ მაია ასათიანი მის მსგავს ადამიანებს შოუში იწვევს და "აპიარებს", ეს სირცხვილია.

GzaPress

გიგა ბატკუაშვილი:

- ნატას მამას მართლაც დავურეკე და ავუხსენი, რომ შვილისთვის აუცილებლად უნდა მიეხედა. სხვათა შორის, მამამისი არაჩვეულებრივი, ძალიან შეგნებული ადამიანია. ნატას ზედმეტი მოუვიდა. 2 დღე სოციალურ ქსელში არ შევსულვარ და მომხდარი ამბების გამო, შოკირებული ვარ.

- ნატა როგორ გაიცანი?

- წლების წინ გავიცანი. რადიოს ჩვეულებრივი მსმენელია. როგორც სხვა მსმენელები მოდიოდნენ თავიანთი ფავორიტი წამყვანების გასაცნობად, ისიც ასე მოდიოდა.

- რომანტიკული ურთიერთობა არ გქონიათ?

- რა სისულელეა?! ეგ შეკითხვა საერთოდ არ უნდა დაგესვა. რომანტიკა არა, ის (იცინის)...

- საჩუქრებს მართლა გიძღვნიდა?

- საჩუქრებს ყველა გულშემატკივარი, მსმენელი მჩუქნის, ასევე - სხვა ადამიანებიც. ეს უბრალოდ საჩუქარია.

- ძაღლები გაჩუქა?

- არა (იცინის). ძაღლები და ცხოველთა სამყარო ჩემთვის არავის უჩუქებია... ზოგადად, ყველა მსმენელთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მათ დიდ პატივს ვცემ, მიყვარს. ბუნებრივია, ყველას ფსიქიკას ვერ ჩავწვდები, ზოგი ილუზიაში ცხოვრობს. უბრალოდ, ვისაც ილუზიური სამყარო გააჩნია, მთელი გულითა და სულით თანავუგრძნობ. ყოველთვის მსურდა, ამ ადამიანს გვერდში დავდგომოდი და ამეხსნა, რომ ცხოვრება სხვაგვარად არის მოწყობილი. მერსიც ანალოგიურად ცდილობდა გონს მოეყვანა (როცა ნატა ჩვენთან, რადიოში იყო მოსული), მეგობრულ რჩევებს აძლევდა... ნატასგან ასეთ მესიჯებს არ ველოდი. არც ერთი ჩემი თანამშრომლის შეურაცხყოფა არ მიღირს არავისთან ურთიერთობად. ყოველთვის ვცდილობ, მსმენელთან სტაბილური ურთიერთობა მქონდეს. ნატას შემთხვევაში, ცოტა სხვაგვარად მოხდა, რაზეც გული მწყდება... როცა მამამისს ვესაუბრე, რამდენიმე წუთის შემდეგ ნატამ მომწერა, - მაპატიე, არასოდეს შეგაწუხებთო...

P.S. ასე თუ ისე, ილუზიური თუ რეალური "ლავ სთორი" მშვიდობიანად დასრულდა. მერსიმ ნარკოტიკებთან კავშირი უარყო და ამ ბრალდებაზე იხალისა, ნატა კი უცხოეთში გამგზავრებასა და კარიერის აწყობას აპირებს, როგორც თავად თქვა, - მერსის და გიგას ჯიბრზე.

ეთო ყორღანაშვილი