პირველი ვიზიტი ფსიქოლოგთან და თინეიჯერობიდან გამოყოლილი მავნე ჩვევა - გზაპრესი

პირველი ვიზიტი ფსიქოლოგთან და თინეიჯერობიდან გამოყოლილი მავნე ჩვევა

მოგეხსენებათ, "ყველაზე უფლებადამცველი" დაქალი მეგობრებს ეჩხუბა და მათთან ერთად დასვენებაც გადაიფიქრა... მსახიობ მაკა ძაგანიას ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ თინას არაფრით ჰგავს...

- საერთოდ, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ, ურთიერთობას არასოდეს ვძაბავ. მეგობრებთან ერთად დასასვენებლად რამდენჯერაც წავსულვარ, კონფლიქტი არასოდეს გვქონია, მით უმეტეს - ბავშვების გამო. რამდენიმე სხვადასხვა ხასიათის მქონე ადამიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება რთულია. შესაძლოა, დედა-შვილმაც ვერ გაუგონ ერთმანეთს და განუწყვეტლივ კონფლიქტი ჰქონდეთ...

- პირველი დასვენება მეგობრებთან ერთად...

- აუფ, ეს ალბათ, შორეულ ბავშვობაში იყო. ჩვენს აგარაკზე ვიყავით თუ მეგობართან, არ მახსოვს. 16 წლიდან მე და ჩემი დაქალი უკვე ერთად ვისვენებდით, ოღონდ - ან მის მშობლებთან ერთად მივდიოდით, ან ჩემს დედ-მამასთან ერთად. რამდენიმე წელია, მეგობრებთან ერთად არ დამისვენია... მე და ჩემს მეგობარს საოცარი ამბავი შეგვემთხვა: რამდენჯერაც ბაკურიანში ერთად გამგზავრება გადავწყვიტეთ, იმდენჯერ ან ჩემი შვილი გახდა ავად, ან - მისი. ბოლოს, ბაკურიანში ერთად დასვენების იდეაზე უარი ვთქვით... დაქალთან ერთად ბოლოს ურეკში დავისვენე. ეს პერიოდი საკმაოდ მძიმედ მახსენდება, რადგან ცუდ პირობებში ვიყავით. რაღაცნაირი სასტუმრო იყო, სადაც პირველ სართულზე უნარშეზღუდული ბავშვები ჰყავდათ. ამან ჩემს ფსიქიკაზე იმოქმედა; ისე დამთრგუნა, რომ მაშინდელი შთაბეჭდილება დღემდე მომყვება. ძალიან ემოციური ვარ და ყველაფერს განვიცდი...

- პირველი ავტოგრაფი...

- ზუსტად არ მახსოვს. ძირითადად, ავტოგრაფებს პატარები მთხოვენ ხოლმე.

- მას შემდეგ, რაც ეკრანზე გამოჩნდით თუ მანამდეც გთხოვდნენ?

- რა თქმა უნდა, ეკრანზე გამოჩენის მერე. თეატრი ისე ცნობილს ვერასოდეს გაგხდის, როგორც - ეკრანი.

- პირველი როლი... GzaPress- 3 წლის რომ ვიყავი, "ჩიორაში" გადამიღეს - ერთ-ერთ კადრში კიბეზე ჩავდივარ. ამას "როლიც" არ ჰქვია... ხელოვნების სკოლაში სწავლისას სპექტაკლში - "სიმღერა ტყეში" ბულბულის როლი მომცეს და ვცეკვავდი... სადიპლომო-საკურსო ნამუშევრები არ ითვლება... მოკლედ, პირველი როლი ოთარ ეგაძის სპექტაკლში - "ხმაური სცენის მიღმა" შევასრულე და ვიკი ბრუკი განვასახიერე. ეს როლი ძალიან მიყვარდა. ახლა ამ სპექტაკლში აღარ ვთამაშობ.

- პირველი სიგარეტი...

- ვაიმე, პირველი სიგარეტი კლასელთან ერთად მოვწიე. ელიას მთაზე კერძო სახლი ჰქონდა. იქ ქვემოთ, ეზოში ჩავედით. სიგარეტის ღერი ხელში პირველად მაშინ დავიჭირე და ნერვიულობისგან დამივარდა.

- მოწევის სურვილი რატომ გაგიჩნდათ ან სიგარეტი სად იშოვეთ?

- დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ ეს ერთგვარი "მაიმუნობა" იყო. სიგარეტი კლასელის მამას მოვპარეთ და გავსინჯეთ. რა თქმა უნდა, ვერ მოვწიეთ, ლამის დავიხრჩვეთ.

- ეს ამბავი უფროსებმა შეიტყვეს?

- არა, მშვენივრად გამოვძვერით.

- მაშინ რამდენი წლის იყავით?

- ალბათ 15-ის, რადგან 16 წლიდან უკვე მოწევა დავიწყე.

- ჩუმად ეწეოდით?

- თავდაპირველად - კი: 16 წლის ასაკში მოწევას რომ დაიწყებ, ამის შესახებ ვერ იტყვი, რადგან ამ ფაქტს აღფრთოვანებით არავინ შეხვდება. ისე კი, დედას მალე გავუმხილე. როგორ შეიძლება, ვინმე (მით უმეტეს - საკუთარი შვილი) სიგარეტს ეწეოდეს და გაგიხარდეს? ეს საშინელებაა, მაგრამ რას იზამ? ქუჩა-ქუჩა, სადარბაზოებში დამალვას ალბათ ჯობია, შვილს სიგარეტის მოწევის ნება დართო. თავად უნდა მიხვდეს, რომ ეს ცუდია და "გადაუაროს". მაგრამ მე არ "გადამიარა". ვიცი, რომ მოწევა ორგანიზმს ძალიან ვნებს. თან, ხმაც "დამიჯდა", მიბოხდება და მიბოხდება... ალბათ ოდესმე მეც შევძლებ, სიგარეტს შეველიო.

- პირველი საიდუმლო, რომელიც შვილმა გაგანდოთ...

- კონკრეტულს ვერაფერს გავიხსენებ. მე და ნუცი ხშირად ვსაუბრობთ, ახლო ურთიერთობა გვაქვს.

- პირველი ვიზიტი ფსიქოლოგთან...

- თინეიჯერობისას შეყვარებული გახლდით (მაშინ ასე მეგონა). ხომ იცი, ასეთ ასაკში სულ ნერვიულობ, ცუდ ხასიათზე ხარ... ჩემმა დაქალმა გადაწყვიტა, - ფსიქოლოგი გჭირდებაო. სინამდვილეში, არ მჭირდებოდა, მაგრამ მაინც წავედით და გავესაუბრე.

- "კონსულტაციამ" შედეგი გამოიღო?

- ძალიან სულელური და აბსურდული მიზეზით მივედი (იცინის). ვიღაც ბავშვურად მომწონდა და განვიცდიდი. უბრალოდ, ფსიქოლოგმა მითხრა, - პირიქით, კარგია, რომ მოგწონს, დატკბი ამითო. აბა, სხვა რა უნდა ეთქვა?

- მერე, ტკბებოდით?

- (იცინის) ალბათ, ტკბობა დავიწყე, ეგ აღარ მახსოვს.

- პირველი იმედგაცრუება...

- ალბათ ოჯახის დანგრევა, რადგან ყველაზე დიდი და გლობალური ტრავმა ეს არის.

- პირველი ვიზიტი თეატრში... GzaPress- თეატრში ბავშვობიდან დავდიოდი, ძირითადად - ოპერაში, ბალეტზე.Pალბათ პირველად "ჟიზელს" დავესწარი. იმ დროს ყველაზე ხშირად ეს წარმოდგენა გადიოდა...

- პირველი დეპრესია ან სტრესი...

- დეპრესია საკმაოდ რთული დაავადებაა. "დეპრესიაში ვარ" - ეს ფრაზა საქართველოში ძალზე მოდურია. სინამდვილეში, დეპრესია ცხოვრების ძალზე რთული ეტაპია და არასოდეს მქონია. სტრესს რაც შეეხება, ჯერ - მამის, შემდეგ კი ბებიის გარდაცვალება ისე განვიცადე, რომ მივხვდი, ამან ჩემს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა. მდგომარეობიდან გამოსასვლელად საკმაოდ ბევრი დრო დამჭირდა. ჩემში ახლობელი ადამიანის გარდაცვალება ძლიერ სტრესს იწვევს; ამის ძალიან მეშინია...

- პირველი ინტერვიუ...

- საერთოდ, ინტერვიუების მიცემა არ მიყვარს, მით უმეტეს - ტელევიზიებისთვის. სპექტაკლების პრემიერების წინ, ტელეჟურნალისტები მოდიან და ჩვენთან ინტერვიუებს წერენ ხოლმე. ყოველთვის ვცდილობდი, ამისთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ ხანდახან არ გამომდიოდა. პირველად რომელ სპექტაკლზე რა ინტერვიუ ჩავწერე, ვერ ვიხსენებ.

- ინტერვიუები რატომ არ გიყვართ?

- მგონია, რომ სათქმელს ბოლომდე ვერც ვამბობ. თან, ეტყობა, წერისას თუ მონტაჟისას ისეთი რაღაცები იჭრება, რომ წინადადების გადაკეთება-გადმოკეთებით შესაძლოა, სულ სხვა აზრი გამოვიდეს, რაც რეალურად, არ მითქვამს.Aამიტომ ცოტათი ვღიზიანდები. ამას წინათ, ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტიც მომივიდა. ძალიან ნაწყენი ვიყავი...

- პირველი თაყვანისმცემელი...

- პირველი თაყვანისმცემელი უბანში მყავდა. მაშინ 16 წლის ვიყავი. ერთხელ სახლის კარზე ზარი გაისმა. კარი რომ გავხსენი, დავინახე - ზღურბლთან დიდი, თეთრი დათუჩა "იჯდა" (იღიმის)...

- დამოუკიდებლობის პირველი შეგრძნება...

- ალბათ, როდესაც თავად გადავწყვიტე, რომ ქორეოგრაფიული სასწავლებლისთვის თავი დამენებებინა და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. 11 წელი ბალეტს ვცეკვავდი, უცებ კი გადაწყვეტილება შევცვალე. ამის შესახებ მშობლებს დაველაპარაკე. ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი, სერიოზული გადაწყვეტილება იყო... თავის დროზე, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადასვლაც თავად გადავწყვიტე - არავის დაუძალებია, მაგრამ მაშინ მაინც, სხვების გავლენის ქვეშ ვიყავი. ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"