ადამიანები, რომლებიც "და-ძმებს" მეგობრებში ეძებენ - გზაპრესი

ადამიანები, რომლებიც "და-ძმებს" მეგობრებში ეძებენ

ფსიქოლოგების აზრი რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ორად იყოფა და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. რა თვისებებით გამოირჩევიან დედისერთები? მართალია თუ არა, რომ ისინი "და-ძმებს" მეგობრებში ეძებენ და არიან თუ არა ეგოისტები? - ამ ყველაფერზე ჩემი რესპონდენტები გულახდილად ლაპარაკობენ.

გიორგი ვარდოსანიძე, მსახიობი:

GzaPress- ის, რომ დედისერთა ვიყავი, 3-4 წლის ასაკში გავაცნობიერე, მაგრამ კარგა ხანს არც დის ყოლა მინდოდა, არც - ძმის, თავს მარტოც მშვენივრად ვგრძნობდი. 10 წლის რომ გავხდი, რატომღაც ძალიან მომინდა, პატარა დაიკო მყოლოდა. მითხრეს, - "გვეზარებაო" და მაშინ მშობლებისგან მიღებულმა ამ პასუხმა ძალიან გამანაწყენა. ყველაზე მეტად ტყუპისცალი ძმა მინდოდა. იმედი მაქვს, ტყუპი შვილი მე მეყოლება, რადგან მამისა და დედის მხრიდან გენეტიკა ხელს მიწყობს - ტყუპი ბიძაშვილი მყავს.

- ეგოისტი ხარ?

- არა, ეგოიზმის ხარისხი ჩემში 0%-ია. ვინც კარგად მიცნობს, ყველა მეუბნება, - დედისერთას არ ჰგავხარო.

- მიზანდასახულობით გამოირჩევი?

- არ ვიცი, ეს დედისერთობის ბრალია თუ არა, მაგრამ ძალიან მიზანდასახული ვარ. ვერ მოვისვენებ, შუბლით გავიტან ყველა კედელს, ვიდრე იმას არ მივაღწევ, რაც მინდა.

- დედისერთები "და-ძმებს" მეგობრებში ეძებენო. შენს ცხოვრებაში ყოფილა მსგავსი შემთხვევა?

- კი, მთელი ცხოვრება მეგობრებთან კომუნიკაციის დიდი მოთხოვნილება მაქვს. თან, ბევრი ბიძაშვილი მყავს, მართლა ძმებივით ვართ გაზრდილები და დანაკლისი მათ შემივსეს. მიმაჩნია, რომ ისინი ჩემი და-ძმები არიან.

- განმარტოების მოთხოვნილება ხშირად გაქვს?

- განმარტოება მიყვარს, მაგრამ არა - დიდი ხნით. ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად 5 წუთიც საკმარისია. ამ დროს მოვლენებს გარედან, სხვა თვალით ვხედავ, რაღაცებს ვაანალიზებ.

- რამდენი შვილი გინდა, რომ გყავდეს?

- არ მინდა, ჩემი შვილი დედისერთა იყოს. მინიმუმ, 2 შვილი მაინც მეყოლება, ერთმანეთის იმედი რომ ჰქონდეთ. კარგი ვარიანტია, თუ ბიჭი და გოგო გაჩნდება. თუმცა, ყველაფერი უფლის ნებაა. ჩემს დედისერთობაზე ერთი ამბავი გამახსენდა: ჯარიდან მოწვევა მომივიდა. წასვლა ძალიან მინდოდა და მეორე დღესვე კომისარიატში გამოვცხადდი. ჩემი საბუთები გადმოალაგეს და, - დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვერ იმსახურებთ, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ხართო.

- რას ურჩევ მშობლებს, რომლებიც დედისერთებს ზრდიან?

- უფლის საჩუქარი ერთიც რომ იყოს, მაინც დიდი საჩუქარია. მთავარია, ის ერთი ისე გაიზარდოს, რომ თავი მარტო არ იგრძნოს. დედისერთებსაც მივმართავ: ნუ ჰგონიათ, რომ მარტო არიან. მესმის, სისხლით ნათესავის არსებობა კარგია, მაგრამ და და ძმა შეიძლება, მეგობრებშიც იპოვო.

ხატია შამუგია, პიარ-მენეჯერი:

- ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, ტიპური დედისერთა ხარო.

- როგორ ფიქრობ, ამას რა თვისებებით ავლენ?

GzaPress- ეგოიზმი არ მახასიათებს. ზოგიერთს ეს თვისება მოჭარბებულად აქვს და ყველაფერში საკუთარ ეგოს ამჟღავნებენ... მე არ გახლავართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავზე წინ სხვა დააყენოს. ურთიერთობაში დღეს თუ არ მაქვს კომფორტი, თუ არ მიყვარს, ჩემი ეგო არ მაძლევს უფლებას, ურთიერთობა დავიწყო და სამომავლო გეგმები დავსახო. არანაირი პრაგმატული გათვლები არ მაქვს. რომ ვაკვირდები, დედისერთობა არც ისე კარგია. როცა იზრდები და ოჯახი შენზე დამოკიდებული ხდება, და-ძმის ყოლის აუცილებლობას უფრო მეტად გრძნობ... მამინაცვლის გაზრდილი ვარ. მამასთან ყოველ შაბათ-კვირას მივდიოდი და ის ცალკე მათამამებდა. გარდა ამისა, ჩემს მამინაცვალს არც დედასგან ჰყავდა შვილი, არც - მანამდე და შეიძლება ითქვას, რომ ყველასთვის ერთადერთი ვიყავი. ამ ფარულ ჭიდილში ძალიან მათამამებდნენ. მშობლების გარდა, ორივე მხრიდან ბებიებისა და ბაბუების ერთადერთი საზრუნავი ვიყავი.

- დედისთვის არასდროს გითხოვია, და ან ძმა გამიჩინეო?

- მე არ მახსოვს, მაგრამ როგორც დედა მიყვება, ეგოიზმის პირველი გამოვლინება ჩემში 4-5 წლის ასაკში შეუმჩნევია. აზრი უკითხავს: დაიკო ან ძამიკო რომ გყავდეს, არ გინდაო? - არა, არ მინდა! თუ თქვენ შვილი გეყოლებათ, მე საცხოვრებლად მამასთან, ბებიასთან და ბაბუასთან გადავალ-მეთქი. დედასთვის საყვედური მას მერე არ მითქვამს, რაც წამოვიზარდე: რასაც აღარ ეშველება, იმაზე საყვედურს რა აზრი აქვს? დადებითი და უარყოფითი მხარე ყველაფერს აქვს. სამაგიეროდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ. ჩემს მეგობრებზე ვგიჟდები! მგონია, რომ დედმამიშვილების სითბოს მათგან ვიღებ. როდესაც ოჯახი შევქმენი, გურამიკო მეუბნებოდა: დედისერთობას ძალიან ამჟღავნებ, მაგრამ ეს გამაღიზიანებელი არ არისო. მეგობრებთან ურთიერთობაში ეგოისტი არ ვარ. რაღაცები მაქვს ისეთი, რაც მგონია, ჩემს ღირსებას უსვამს ხაზს. საკუთარი თავის პატივისცემა ცუდი არ არის.

- შენც დედისერთა შვილს ზრდი...

- არ მინდოდა, მხოლოდ ერთი შვილი მყოლოდა, მაგრამ ცხოვრებამ ასე მოიტანა: მეუღლეს დავშორდი და მეორედ აღარ გავთხოვილვარ. არ ვიცი, დედისერთობა რამდენად ეტყობა, მაგრამ ნიკუშა გათამამებული ნამდვილად არის.

- რას გეუბნება, არ აქვს სურვილი და-ძმა ჰყავდეს?

- ამას დიდად არ განიცდის. ერთხელ მითხრა, - დას ან ძმას თუ გამიჩენ, აუცილებლად მამიკოსგან უნდა გააჩინოო.

- მიზანდასახული ხარ?

- პედანტი ვარ. რასაც ხელს მოვკიდებ, აუცილებლად კარგად გავაკეთებ. თუ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი შემეპარება, ამას თავიდანვე ვიტყვი და იმ საქმეს ხელს არ მოვკიდებ. უპასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი თავის უპატივცემულობა, სხვა ადამიანის წინაშე ჩადენილი დანაშაულიცაა.

- დედისერთა მეგობრები გყავს?

- მყავს და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. მყავს მეგობარი, რომელიც ზუსტად ჩემნაირია: ისიც დედისერთაა, ისიც გველია და ლომია. ერთმანეთთან ნათელ-მირონი გვაკავშირებს. დედისერთები საუკეთესო მეგობრები არიან. ვფიქრობ, აღზრდას აქვს მნიშვნელობა და არა იმას, მარტო იზრდები თუ არა. მყავს რამდენიმე ნაცნობი, რომლებსაც და-ძმები ჰყავთ, მაგრამ შემაწუხებლად ეგოისტები არიან.

- ხალხმრავლობა გიყვარს?

- სახლში ბევრი ხალხი არ მიყვარს. მთელი კვირა ვმუშაობ, დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს და მინდა, ერთი დღე საკუთარ თავს დავუთმო, სახლიდან არ გავდივარ, ვისვენებ, სიმშვიდე მსიამოვნებს. ჩემს სახლში მისვლა-მოსვლა, ქეიფები, დიდი სუფრები არ ყოფილა. არეულობა არ მიყვარს და დიდად არც დიასახლისობით გამოვირჩევი... არც ის მიყვარს, როცა დასასვენებლად 15-20 ადამიანი ერთად მიდის, მთელი ღამეები არ იძინებენ, ხმაურია.

ჯაბა კილაძე, მსახიობი:

GzaPress- ჩემს დედისერთობაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი. ბევრი მეგობარი მყავდა. ეზოში, სადაც ვიზრდებოდი, უამრავი ბავშვი ცხოვრობდა, მათთან ვერთობოდი. თუმცა, წარმომიდგენია, რა კარგი იქნებოდა, და-ძმა რომ მყოლოდა.

- ამის გამო მშობლებისთვის საყვედური გითქვამს?

- არა. გაცნობიერებული მაქვს, რომ ეს მხოლოდ ცოლ-ქმრის სურვილზე არ არის დამოკიდებული.

- ვინმეს უთქვამს, - დედისერთა რომ ხარ, გემჩნევაო?

- არა. ეგოიზმი ყველა ადამიანს აქვს, რა მნიშვნელობა აქვს, დედისერთა ხარ თუ არა?!

- მესაკუთრე ხარ?

- ყველა ადამიანი მესაკუთრეა, მაგრამ ამას ვიღაც აღიარებს, ვიღაც - არა. შენი რაც არის, შენ უნდა გეკუთვნოდეს და მაქსიმალურად უნდა დაიცვა.

- მიზანდასახული ხარ?

- ესეც დედისერთობის ბრალიაო? არა მგონია, მიზნის გარეშე ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.

- ზოგიერთს მიზნის მისაღწევად მთების გადაბრუნება შეუძლია, ზოგიერთი კი პირველი წინააღმდეგობისთანავე უკან იხევს. შენს შემთხვევაში როგორაა საქმე?

- მიზანი რამდენად სასურველიც უნდა იყოს, უღირს საქციელს არასდროს ჩავიდენ. მორალი და ღირსება ამ შემთხვევაშიც უნდა შეინარჩუნო.

- განმარტოება გჩვევია?

- პერიოდულად განმარტოება ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ბევრ რამეს სხვაგვარად აღიქვამ, აანალიზებ.

- შენი შვილიც დედისერთაა.

- მართალია, ჯერ ერთი შვილი მყავს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში სხვა შვილებიც მეყოლება. შვილი ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი ბედნიერებაა და უფლის ნება თუ იქნება, მათზე უარი რატომ უნდა ვთქვათ?

ანა კოშაძე, მოდელი:

GzaPress- ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში დედისერთობის გამო დისკომფორტი მქონდა. მგონი, ამ დანაკლისს ახლა უფრო ვგრძნობ. მეორე შვილი მალე იმიტომ გავაჩინე, რომ ჩემი შვილიც დედისერთა არ ყოფილიყო; მსურდა, დედმამიშვილის სახით გვერდით დიდი მეგობარი ჰყოლოდა. ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ: არ გეტყობა, დედისერთა რომ ხარო, მაგრამ საკუთარი თავი რამდენჯერმე, თავად გამოვიჭირე - ეგოიზმის პერიოდული შემოტევები მაქვს. სულ სხვაა, როცა გვერდით გყავს ადამიანი, ვისაც მშობლების მზრუნველობას, მათ სითბოს, ბოლოს და ბოლოს, ტკბილეულსა და სათამაშოებს უნაწილებ. მე ორივე მხრიდან პირველი შვილიშვილი ვიყავი, ძალიან მათამამებდნენ. 15-17 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ სამყარო ჩემ გარშემო არ ტრიალებდა.

- ამბობენ, დედისერთები მიზადასახულობით გამოირჩევიანო. შენს შემთხვევაშიც ასეა?

- ვცდილობ, მიზანდასახული ვიყო. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდანვე დიდი შემართებით გამოვირჩეოდი, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, მიზნისთვის ბევრიც მიშრომია. მგონი, არატიპური დედისერთა გამოვდექი (იღიმის).

- ეგოიზმის შემოტევები დღესაც გაქვს ხოლმე?

- იშვიათად, მაგრამ როგორც კი შევამჩნევ, ეგოისტურად ვიქცევი, ვცდილობ, შევჩერდე. ბუნებით მესაკუთრე ვარ.

- განამარტოება გჩვევია?

- არ ვიცოდი, ეს დედისერთობის ერთგვარი გამოვლინება თუ იყო. განმარტოება მსიამოვნებს, ერთგვარი თერაპიაა, მაგრამ არც ხალხმრავლობა მღლის. ასეთ დროსაც ვახერხებ, 10 წუთი საკუთარ თავს დავუთმო. მყავს მეგობრები, რომლებსაც აქვთ სურვილი, როცა რამეს აკეთებენ, მათ გვერდით აუცილებლად ვინმე იყოს, მე კი ეს არ შემიძლია.

- რას ურჩევ დედებს, რომლებიც მხოლოდ ერთ შვილს ზრდიან?

- ეცადონ, შვილს სხვაზე ზრუნვა, მისი წილის სხვისთვის გაყოფა ასწავლონ და რაც მთავარია, იმეგობრონ მასთან. დედასთან ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავი და ვარ. მასთან ისევე ვმეგობრობდი, როგორც შეიძლებოდა, საკუთარ დასთან მემეგობრა. ალბათ, ესეც ერთგვარი კომპენსაცია გახლდათ ჩემთვის.

სალომე მაჩიტიძე, ფსიქოლოგი:

- დედისერთა და მრავალშვილიან ოჯახებში აღზრდილ ბავშვებს შორის საგრძნობი განსხვავება არ არსებობს. უბრალოდ, არის თვისებები, რომლებიც დედისერთების უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი.

- რომელ თვისებებს გულისხმობთ?

- დედისერთები მიზანდასახულები არიან. რადგან ის ოჯახში ერთადერთია, მშობლების, ბებია-ბაბუის მზრუნველობა, იმედი, მოლოდინი მიმართულია ამ ერთადერთისკენ. ბავშვები პასუხისმგებლობას გრძნობენ და ცდილობენ, ახლობლებს იმედი არ გაუცრუონ. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, დედისერთები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითაც გამოირჩევიან. ამასთანავე, მეტად მიდრეკილნი არიან ინტროვენტობისკენ, არ უჭირთ მარტო ყოფნა. ხშირად, ზოგიერთს ხალხისგან განმარტოების მოთხოვნილება აქვს. შესაძლოა, ეს განმარტოება სულ რაღაც 5 წუთით გაგრძელდეს, მაგრამ მათთვის აუცილებელია.

- გავრცელებულ მოსაზრებას, რომ დედისერთები ეგოისტები არიან, არ ეთანხმებით?

- ეს სტერეოტიპია. დედისერთების უმრავლესობაში ეს თვისება მკვეთრად გამოკვეთილი არ არის. უბრალოდ, დედისერთები გარემოსგან, გარშემო მყოფი ადამიანებისგან მეტ ყურადღებასა და სითბოს მოითხოვენ, ვიდრე - სხვა ბავშვები.

- წინააღმდეგობების დაძლევის უნარი რამდენად აქვთ განვითარებული?

- რადგან მიზანდასახულები არიან, ეს თვისებაც აქვთ.

- საინტერესოა, დედისერთა ადამიანი როგორი მეუღლე და მშობელია?

- როცა მზრუნველ გარემოში აღზრდილი დედისერთა ბიჭი მეუღლე ხდება, ის ცოლისგანაც იგივე მზრუნველობასა და კომფორტს მოითხოვს, როგორსაც დედა უქმნიდა. გარდა ამისა, დედისერთებს სჭირდებათ "საკუთარი დრო", განმარტოებისთვის.

- როგორი მშობელები არიან? მსმენია, არც ერთ დედისერთას არ უნდა, მისი შვილიც დედისერთა იყოს.

- თავადაც დედისერთა ვარ და ნამდვილად არ მინდა, ჩემი შვილიც დედისერთა იყოს. ეს რთულია.

- სირთულეში რას გულისხმობთ?

- იმის გაცნობიერება, რომ დედისერთა ხარ, მაშინ იწყება, როცა ხედავ, სხვა ბავშვები როგორ ეთამაშებიან თავიანთ დებს, ძმებს, ერთმანეთს ეხმარებიან, ამეცადინებენ, აზრებს უზიარებენ და ამ დროს შენ მარტო ხარ. მრავალშვილიან ოჯახებში დადებითი აურა ტრიალებს, დიდი კომუნიკაციაა, დედისერთა ბავშვის ოჯახში კი ეს არ ხდება. მე მარტო ვთამაშობდი. დედისერთებს დროის დიდი ნაწილის გატარება უფროს ადამიანებთან, მშობლებთან, მშობლების მეგობრებთან და ა.შ. უწევთ. რამაც შემდეგ შესაძლოა, თანატოლებთან ურთიერთობის სირთულე გამოიწვიოს. დიდი ალბათობაა, მომავალში ის დიდი ყურადღებაც ვერ მიიღონ, რასაც ოჯახებში არიან მიჩვეულები. დედისერთა ბავშვები თავიანთ "და-ძმებს" მეზობლებში, კლასელებში ეძებენ. მათთვის მეგობარი იმდენად ფასეულია, დედმამიშვილის ფუნქციასაც კი ასრულებს. დედისერთები კარგი მსმენელებიც არიან და სიხარულის თუ დარდის კარგი გამზიარებლებიც. მშობლებისგან ყოველთვის მოვითხოვდი, ჩემთვის პატარა ძმა ან და გაეჩინათ, მაგრამ დედისერთად დავრჩი...

- რას ურჩევთ მშობლებს, რომლებიც ერთ შვილს ზრდიან და ჯანმრთელობის ან სხვა პრობლემის გამო, მეორე ბავშვს ვერ აჩენენ?

- სასურველია, შვილები უფრო ხშირად გაიყვანონ ადგილებში, სადაც თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება ექნებათ და სხვადასხვა სიტუაციაში საკუთარი თავის გამოცდის საშუალება მისცენ.

თამუნა კვინიკაძე